ძებნის რეზულტატი:

დღეიდან 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა ისევ აკრძალულია

დღეს, 21:00 საათიდან კვლავ ძალაში შედის ქვეყნის მაშტაბით გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებული შეზღუდვები. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით დაჯარიმდება, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საშვებით, რომლის მიღებაც ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვით არის შესაძლებელი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით მოხსნილი იყო 31 დეკემბრის ღამეს. გამონაკლისი იქნება 6 იანვრის ღამე, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.

საქართველოში 2021 წელს პირველი ახალშობილი 00:06-ზე დაიბადა

საქართველოში 2021 წელს პირველი ახალშობილი 00:06-ზე დაიბადა მშობიარე ახალგაზრდა ქალი კლინიკა „ბაიებში“ 11 საათზე შეიყვანეს და მან ვაჟი გააჩინა. ახალშობილს სანდრო დაარქვეს. ამ დროისათვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

კომპიუტერულ სისტემებში მასშტაბური შეღწევისას, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი მოიპოვეს

ტექნოლოგიის გიგანტმა კომპანია მაიკროსოფტმა 31 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა, რომლებმაც, როგორც ვარაუდობენ, სამთავრობო უწყებების და კერძო კომპანიების ქსელებში შეაღწიეს, შეძლეს მაიკროსოფტის წყაროს კოდის მოპოვება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია სოფტვერის და საოპერაციო სისტემების ასაგებად. მანამდე, მაიკროსოფტმა აღიარა, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებების და სხვა ფირმების მსგავსად, მან ჩამოტვირთა მავნებელი SolarWinds-ის სოფტვერის განახლება, რამაც ჰაკერებს მის ქსელებში შეღწევის საშუალება მისცა. მაგრამ ბლოგპოსტში გამოთქმული ახალი ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი ჩაიგდეს ხელში, ახალია და შეშფოთებას აღძრავს ჯაშუშთა მიზნების შესახებ. კომპანიას არ დაუზუსტებია კოდის რომელი ნაწილი მოიპოვეს ჰაკერებმა. მაიკროსოფტის თქმით, ჰაკერებმა რამდენიმე შიდა ანგარიშში შეაღწიეს, თუმცა რომელიმე კოდის ან საინჟინრო სისტემის შეცვლის ნებართვა არ ჰქონდათ. არაფერი შეცვლილა მანამ, სანამ "ამ ანგარიშებს გამოიძიებდნენ და გამოასწორებდნენ" - აცხადებს კომპანია. "ამ აქტივობას საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია ჩვენი სერვისების, ან მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება, მაგრამ გვსურს გამჭვირვალე ვიყოთ.და გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ, ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ, ძალიან დახვეწილ აქტორთან ბრძოლაში" - აცხადებს მაიკროსოფტი. აშშ-ის მთავრობა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები კვლავ ცდილობენ ჩასწვდნენ სრულ მასშტაბს ჰაკერული თავდასხმისა, რომელიც მარტში დაიწყო.

ახალი წლის ღამეს დიდუბეში, რბილი ავეჯის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა

ახალი წლის ღამეს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, დიდუბეში, რბილი ავეჯის საწარმო "ბუბა ჯორჯიაში" ცეცხლი გაჩნდა. საამქროს დამფუძნბლის თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკა გახდა. მისივე ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ახალი წლის ღამეს თბილისის მთავარი ნაძვის ხე პიროტექნიკით დაზიანდა

ახალი წლის ღამეს, პარლამენტის წინ, თბილისის მთავარი ნაძვის ხის ნათურები დაზიანდა. ნაძვის ხის ნაწილი მთლიანად ჩამქრალი იყო. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურმა აღნიშნა, ეს, სავარაუდოდ, დაუდევრობით მოხდა და დაზიანებული ნათურების აღდგენის პროცესი უკვე დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, ნაძვის ხე პირვანდელ სახეს დღეს, პირველი იანვრის საღამოს დაუბრუნდება.

ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა

2021 წლის დადგომასთან ერთად ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. . პირველ იანვარს როტაციით, პორტუგალიამ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა კი შვედეთი გახდა. ლისაბონის უფლებამოსილების ვადა 6 თვეს გაგრძელდება. „ეს პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა პორტუგალიისთვის მიიღოს ესტაფეტა გერმანიისგან და კანცლერ ანგელა მერკელისგან“, - ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ Twitter-ზე დაწერა.

დიდმა ბრიტანეტმა ევროკავშირის შიდა ბაზარი და საბაჟო კავშირი დატოვა

პირველ იანვარს დიდმა ბრიტანეტმა ევროკავშირის შიდა ბაზარი და საბაჟო კავშირი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ამასთან, დროებით ძალაში შევიდა ლონდონსა და ბრიუსელს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. გარდა ამისა, 1-ელ იანვარს დიდმა ბრიტანეთმა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში აშშ-სგან თავმჯდომარეობა გადაიბარა.

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვირუსის ახალი შტამი 23 წლის სტუდენტს დაუფიქსირდა, რომელიც ბრიტანეთიდან დაბრუნდა ჩინეთში. მას 14 დეკემბერს შანხაიში ჩაუტარდა კორონავირსუზე ტესტირება.

რომის პაპი: დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს

„დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს." - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი წლის მილოცვისას. რომის პაპს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქრონიკული რადიკულიტი დაუდგინეს, საახალწლო ღონისძიებას მაინც დაესწრო და საზოგადოებასაც მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პაპმა ხუთშაბათი საღამოსა და პარასკევი დილის წირვაზე დასწრება ვერ შეძლო. ვატიკანის ცნობით, მას ზურგისა და ფეხების ძლიერი ტკივილი აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მან დღეს ვატიკანის აპოსტოლური სასახლის ბიბლიოთეკიდან საზოგადოებას მიმართა. „დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს. გასული წლის მტკივნეულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით პანდემიამ, გვასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვების პრობლემებით დაინტერესება და მათი გაზიარება“ - განაცხადა პაპმა.

ინდოეთმა Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა

ინდოეთში, მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანიზაციამ, გადაუდებელი მოხმარებისთვის, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა პირველად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურ დელის სურს, ვაქცინაციის პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს - აცხადებს სააგენტოს წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამის შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ და ამ დრომდე, ოფიციალური განცხადებაც არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს, Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმაც დაამტკიცა.

3 იანვრიდან ფილიპინები აშშ-დან ჩამსვლელებისთვის საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, 3 იანვრიდან ფილიპინები აშშ-დან ჩამსვლელებისთვის საზღვრებს კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს. ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 15 იანვრამდე იმოქმედებს და შეეხება ყველას, ვისაც ფილიპინებში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე, შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ექნება. იქამდე, 29 დეკემბერს, ოფიციალურმა მანილამ ქვეყანაში შესვლა 20 ქვეყნიდან აკრძალა. ეს ქვეყნებია იაპონია, ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლიბანი, ნიდერლანდები, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. ფილიპინების ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ გამოვლენილა და აღნიშნული აკრძალვით სურთ, მისი გავრცელების რისკი შეამცირონ.

საფრანგეთის 15 დეპარტამენტში 2 იანვრიდან კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, 2 იანვრიდან საფრანგეთის 15 დეპარტამენტში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. - ინფორმაცის lefigaro.fr ავრცელებს. კომენდანტის საათი 18:00 საათიდან 06:00 საათამდე შემდეგ დეპარტამენტებში იმოქმედებს: ზემო ალპები, ზღვისპირა ალპები, დუ, არდენი, ვოგეზი, მარნა, ზემო მარნა, მიორტი და მოზელი, მიოზი, ზემო სავოია, იურა, ბელფორის ტერიტორია, მოზელი, ნიევრი და სონა და ლუარა. „ვირუსი გავრცელებას განაგრძობს. ის ნაკლებად სწრაფად, ნაკლებად მძაფრად ცირკულირებს, ვიდრე ჩვენს მეზობელთა უმეტეს ნაწილში, მაგრამ ის მაინც ვრცელდება“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გარდა ამისა, გაბრიელ ატალის განცხადებით, 7 იანვრისთვის კულტურული დაწესებულებები არ გაიხსნება.

BBC: გაერთიანებული სამეფოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ოფიციალურად დასრულდა

პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს ახლა აქვს შესაძლებლობა, იმოქმედოს განსხვავებულად და უკეთესად - "Brexit-ის ხანგრძლივი პროცესი დასრულებულია". დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გუშინ მოაწერა. ​მანამდე შეთანხმებას მხარი ბრიტანელმა დეპუტატებმა დაუჭირეს. „ამ შეთანხმების ხელმოწერით ბრიტანელი ხალხის სუვერენულ სურვილს ვასრულებთ, იცხოვრონ თავიანთი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Brexit-ის გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა, რის შემდეგაც გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.

შოტლანდიაში 2020 წელი მასშატაბური დრონების შოუთი გააცილეს

შოტლანდიაში, ედინბურგში, 2020 წელი მასშატაბური დრონების შოუთი გააცილეს. ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ზე Edinburgh's Hogmanay-ს გვერდზე გამოქვეყნდა. შოუ 29 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა. ჰაერში ერთდროულად 150 დრონი გადაადგილდებოდა.

დონალდ ტრამპი 6 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 6 იანვარს ვაშინგტონში მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს. „6 იანვარს, 11:00 საათზე ვაშინგტონში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება. შევაჩეროთ არჩევნების მოპარვა!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა. როგორც ცნობილია, 6 იანვარს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს. მოქმედი პროცედურის თანახმად, კონგრესის წევრები უფლებამოსილნი არიან ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტონ. წარმომადგენელთა პალატის ერთმა წევრმა და ერთმა სენატორმა პროტესტი წერილობითი ფორმით უნდა დააფიქსირონ. ამგვარი პროტესტის შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი სხდომა შეჩერდება და კონგრესის ორივე პალატა აღნიშნულ საკითხს ცალკე განიხილავს და მას კენჭს უყრის. თუ აშშ-ის კონგრესის ერთი პალატა მაინც არ დაეთანხმება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, პროტესტი უარყოფილი იქნება. 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა. რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს. ტრამპის მიერ გამოცემული განკარგულებით, СOVID19-თან ბრძოლის ფარგლებში, სამუშაო ვიზებზე შეზღუდვა 2021 წლის მარტამდე იქნება ძალაში. თეთრი სახლის განცხადებით, ეს შეზღუდვა აშშ-ის მოსახლეობისთვის, პანდემიის დროს სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე დასაქმების ახალ შესაძლებლობას გააჩენს. აშშ-ში სამუშაო ვიზების შეზღუდვების შესახებ ბრძანებას დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში მოაწერა ხელი. კერძოდ, საუბარია H1-B, L-1, H-2B და ასევე J კატეგორიის ვიზებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ასევე სეზონურად დასაქმებულებისთვის და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის.

კორონავირუსის კიდევ 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 981 ადამიანი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე.

კოვიდინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 7, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 085, აჭარაში - 369, იმერეთში - 800. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 2 338, იმერეთში - 3 173.

300 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე, საქართველოში 912 კოვიდინფიცირებული პირი მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 91, იმერეთში - 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 24, იმერეთში - 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 56, ხოლო იმერეთში - 68. სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 142 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 2 338, იმერეთში - 3 173.

ბოლო 24 საათში საქართველოში 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ეს რიცხვი 2 572-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე.