ძებნის რეზულტატი:
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩემი ცხოვრების მანძილზე, წარსულიდან მოყოლებული, დღემდე, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ყოველთვის ვმოქმედებდი ჩემი მოქალაქეობრივი მრწამსისა და ქვეყნის საჭიროების შესაბამისად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მხარს ვუჭერდი ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმდინარეობას. კერძოდ, 2004 წელს, ქვეყნის განახლებასა და აღმშენებლობას; 2012-ში, კაცთმოძულე ტირანიის გადაგდებას; ხოლო შემდგომ, პატრიოტიზმსა და სამართლიანობის აღდგენას. ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, ქვეყანაში მომხდარი თითქმის ყველა კატაკლიზმის მსხვერპლი გავხდი, ისე, როგორც ეს იყო აფხაზეთის მოვლენებში ჩემი მონაწილეობისას; „ბასილისტების“ შავი ინკვიზიციის პერიოდში, რომლებმაც წიგნების დაწვითა და დარბევით (მათ შორის, ჩემი კომპანიის) დატოვეს კვალი; ასევე, 2012 წელს, დამოუკიდებელი ტელევიზიების სიგნალის გავრცელების შესაწყვეტად, იმდროინდელი რეჟიმის მიერ, ისევ ჩემი კომპანიის სრული დარბევით დასრულდა. მიუხედავად ყველაფრისა, მესამედ მომიწია კომპანიის აშენება და კვლავაც იგივე საქმიანობას ვახორციელებ, როგორც ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი. პოლიტიკა არასოდეს მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე ჩემი სამეცნიერო, აკადემიური, მედია და ტექნიკური მიმართულებანი, რომელთაც დავუთმე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში, ვარ რა, უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“ - ნათქვამია დავით ზილფიმიანის ღია წერილში. მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის პარალელურად, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე მსჯელობას იწყებს. 4 იანვარს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების გაუქმების საკითხზე იმსჯელებს.
ნორვეგია კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს
ნორვეგია კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა, მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ნორვეგიაში სრულად იკრძალება ალკოჰოლის მიღება რესტორნებსა და ბარებში, ასევე იკრძალება სტუმრების სახლში მიღებაც. „ჩვენ ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის ნიშნებს ვხედავთ, ნორვეგიელებმა უნდა შეაჩერონ თავიანთი სოციალური ცხოვრება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რათა ვირუსის გაკონტროლება შესაძლებელი გახდეს, ”- განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინიტრმა. .
კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა
აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. აღნიშნულ ინფორმაციას Usatoday ავრცელებს. „ყველამ მოუსმინა ამ საუბარს? ეს ნამდვილად სასოწარკვეთილების ხმა იყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუფარავი და თავხედი ფაქტი“, - აღნიშნა კამილა ჰარისმა. მანამდე დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა. სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა, რათა შტატში მისი გამარჯვება დამტკიცდეს. „ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს შემდეგია: მინდა 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში.
საბერძნეთში Covid-19-ის ახალი შტამი დაფიქსირდა
საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი, საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვირუსის ახალი შტამი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა და მათ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. „ეს ოთხი ადამიანი საბერძნეთში დიდი ბრიტანეთიდან ახლახან დაბრუნდა. ამჟამად, ისინი კარანტინში იმყოფებიან“, - განაცხადეს საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროში.
გაერთიანებულ სამეფოშო Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინით აცრა დღეიდან დაიწყება
გაერთიანებულ სამეფოში Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში Oxford-AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას იწყებენ. BBC-ის ინფორმაციით, ვაქცინის 530 000 დოზა მზად არის და მოქალაქეებს ოქსფორდის, ლონდონის, სასექსის, ლანკაშირისა და უორუიკშირის საავადმყოფოებში დღეიდან აცრიან. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა ვაქცინაციის პროგრამაში კიდევ ერთი ვაქცინის ჩართვას „გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა. უელსის მთავრობის განცხადებით, მინიმუმ 40,000 დოზა ხელმისაწვდომი იქნება პირველი ორი კვირის განმავლობაში. უელსში 35000-ზე მეტ ადამიანს უკვე მიღებული აქვს პირველი ვაქცინის ერთი დოზა Pfizer-BioNTech- ისგან. ”ეს გადამწყვეტი მომენტია ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აღნიშნა ჰენკოკმა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს ვაქცინის პირველ და მეორე დოზას 12 კვირის და არა დაგეგმილი 21 დღის შუალედით გაუკეთებენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმით ხსნიან, რომ „ბევრად უფრო სასურველია“, ვაქცინის პირველი დოზა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს. დიდ ბრიტანეთში მოქალაქეების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 8 დეკემბერს, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.
მაიკ პომპეოს თქმით, 2017 წლიდან აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის 365 სტრუქტურისა და სუბიექტის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა
2017 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი მუშაობის განმავლობაში სანქციები შემოიღო რუსეთის ფედერაციის 365-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 3 იანვარს Twitter-ში დაწერა. „ 2017 წლიდან, ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო რუსეთის 365 ობიექტის წინააღმდეგ უკრაინასა და მთელ ევროპაში რუსეთის აგრესიული და მადესტაბილიზებელი ქმედებების პასუხად“, - წერს მაიკ პომპეო ტვიტერში. მან ასევე გაიმეორა თეთრი სახლის პოზიცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ატარებდა უფრო მკაცრ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ყველა წინამორბედ ადმინისტრაციასთან შედარებით. „სხვა არც ერთი ადმინისტრაცია არ ყოფილა უფრო მკაცრი რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ჩვენი. წერტილი. შეხედეთ ფაქტებს“, - წერს მაიკ პომპეო.
დღეს და ხვალ პარლამენტში რიგგარეშე სხდომები გაიმართება
საქართველოს პარლამენტში 4 და 5 იანვარს რიგგარეშე სესია გაიმართება. რიგგარეშე სხდომების ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. ასევე განიხილება ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. კერძოდ პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის პირველი სამი ნომრის, მანდატების გაუქმების მოთხოვნის მიმართვას. „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, მათ შორის ირმა ინაშვილის და გიორგი ლომიას მანდატების გაუქმების საკითხზე, დღესვე სესიამდე იმსჯელებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. დაგეგმილია „საგადასახდო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვაც, რომელიც პანდემიის პირობებში შეღავათების დაწესებას გულისხმობს. დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე შესაძლოა, დელეგაციების დაკომპლექტების საკითხზეც იმსჯელონ.
კორონავირუსი კიდევ 594 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 1 963
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 1 963 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.
ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ეს რიცხვი 2 628-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 1 963 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 226 გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა. აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 1 963 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.
პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ჯანმო: მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, 2021 წელი მაინც რთული წელი იქნება
ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, 2021 წელი მაინც რთული წელი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ვფიქრობ, წინ რთული წელი გველოდება და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, განაცხადა მარია ვან კერკხოვემ. ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, წლის პირველი ნახევარი რთული იქნება, რადგან ბევრ ქვეყანაში ხალხმა დღესასწაულებზე სახლში დარჩენასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ დაიცვა. „ჩვენ 2021 წლის რთული დასაწყისი გვექნება. საშობაო და ახალი წლის პერიოდში ხალხის ქცევა 2021 წლის პირველ სამ თვეს საკმაოდ რთულს გახდის ვირუსის გადაცემის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გაზრდის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.
მიხეილ სარჯველაძე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე - იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მიღებულია გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი გარკვეულ დანაშაულებებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქებას მოიცავს. სარჯველაძის თქმით, სასჯელის შემსუბუქებაში მისი განახევრება და მეოთხედით შემცირება იგულისხმება. „შემოვიდა კანონპროექტში გარკეული ახალი ნაწილები სისხლის სამართლის კოდექსის, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები, რომლთა დაკავშირებითაც არჩეულია პოზიცია, რომ მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ - ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში, ორი ფორმაა გამოყენებული, ეს არის განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება. თუმცა ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომლის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული პირველი მოსმენის დროს კანონპრექტი, ეს ძირითადი მიდგომები კვლავაც შენარჩუნებულია. ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, ძალადობრივ დანაშაულებს, ოჯახურ დანაშაულებს, სადაც კვლავ პრინციპულია მიდგომა. იქ, სადაც შესაძლებლობა ვნახეთ, რომ გარკვეული გაფართოება მოგვეხდინა, ასეთ შემთხვევაში ეს გამოყენებული იქნა. იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მისი გავრცელების ინტენსივობა, ამის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით“, - განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ კანონრპოექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.
კვიპროსში Covid-19-ის ახალი შტამის 12 შემთხვევა დაფიქსირდა
კვიპროსში Covid-19-ის ახალი შტამის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული კვიპროსზე ბრიტანეთიდან ჩავიდა. ცნობისთვის, ბოლოს სამი კვირის განმავლობაში კვიპროსზე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. ყოველდღიურად კუნძულზე „კოვიდ-19“-ის 600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. სულ კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე კვიპროსზე კორონავირუსით 23 445 ადამიანი დაინფიცირდა. 129 პაციენტი გარდაიცვალა.
საქსტატი: წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, სამედიცინო სექტორში ფასები მომატებულია 9.6 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.0-პროცენტიანი კლება, რაც -1.89 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. „ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ამასთან, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.5 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი)“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, როგორც უწყებაში აცხადებენ, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.5 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.2 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (8.2 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (6.7 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (5.9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.6 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.4 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.7 პროცენტიანი კლება, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1 პროცენტი)“, – განმარტავენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა
„2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა. სტატიაში მოხსენიებულ ტოპ-12 მიმართულებას შორისაა საქართველო. „ჩემი სურვილია, საქართველოში კვლავ ვიმოგზაურო, სადაც კვლავ აღტაცებული დავრჩები ყაზბეგის რეგიონის მონახულებით. იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება, მინდა, სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გავხედო“, - წერს მოგზაური ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სტატიაში მოხსენიებულია ინგლისი, შოტლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მავრიტანია და ფარერის კუნძულები.
საქსტატი: სამედიცინო პროდუქციის ფასმა 13.6 %ით მოიმატა, ამბულატორიულმა მომსახურებამ - 11.9 %-ით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სექტორში ფასებმა 9.6 პროცენტით მოიმატა. უწყების განმარტებით აღნიშნული მაჩვენებელი 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის ინდექსზე. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე ფასებმა 13.6 პროცენტით მოიმატა, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი 11.9 პროცენტით გაძვირდა.
გერმანიაში, რეგულაციების დარღვევის გამო, პოლიციამ ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები დააჯარიმა
რეგულაციების დარღვევის გამო, გერმანიაში პოლიციამ ეკლესიაში შეკრებილი 100-ზე მეტი მორწმუნე დააჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფორმაციას Deutsch Welle ავრცელებს. შემთხვევა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ ჰერფორდში მოხდა. პოლიციის ცნობით, 100-ზე მეტ ადამიანს ჯარიმა მასობრივი შეკრების აკრძალვის შესახებ წესის დარღვევისა და სოციალური დისტანციის უგულვებელყოფის გამო გამოუწერეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ტაძარში მყოფ პირებს პირბადე არ ეკეთათ და საგალობელს ასრულებდნენ, რაც ასევე აკრძალულია, რადგან ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. პოლიციაში აცხადებენ, რომ შეკრების ორგანიზატორებს უფრო მკაცრი სანქციები დაეკისრებათ. გერმანიაში მოქმედი კანონით, ეკლესიაში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს ის ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შევიდა. „კანონპროექტში უკვე შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული ახალი ნაწილები, ახალი ფრაგმენტები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები და მათთან დაკავშირებით არჩეულია პოზიცია, რომლითაც მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ მოხდება ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში ორი ფორმაა გამოყენებული, ეს გახლავთ: განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება და ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც მიღებული იქნა კანონპროექტი პირველი მოსმენის დროს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა კანონპროექტის ცალკეულ მუხლებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელთა საბოლოო ვერსიები პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი. „პირველი ვერსიისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ მუხლებს შეეხება ეს პროექტი და თუ პირველ ვერსიაში იყო მხოლოდ გათავისუფლება ან განახევრება, ახლა უკვე გარკვეული ვადით შემცირებაზეც არის საუბარი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაბალანსებულ მოდელს მივიღებთ“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხნაშვილმა. კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
განისაზღვრა იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებზეც უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება
ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება. ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნული სუბიექტების უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ეს სუბიექტებია: 1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები; 2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ „კოვიდ-19“-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად. 3. ფარმაცევტული საქმიანობა; 4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია; 5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება; 6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები; 7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები; 9. სამაშველო საქმიანობა; 10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები; 11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება); 12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად. როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძის განცხადებით, უქმე დღეების გამოცხადება არ ითვალისწინებს სანქცირებას იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც აღნიშნული დადგენილების ჩამონათვალში არ არიან, თუმცა დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, მუშაობას გააგრძელებენ. საუბარია იმ ობიექტებზე, რომელთა საქმიანობაზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები არ ვრცელდება. ამ შემთხვევაში, ფერაძის განცხადებით, დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გადახდა მოუწევთ. ბექა ფერაძის განცხადებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საბანკო და საფინანსო სექტორი, ამასთან, სამინისტროების ხელმძღვანელები დღეს იმ თანამშრომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავენ, რომელთა მუშაობაც აღნიშნულ პერიოდში აუცილებელია და, გამონაკლისის წესით, სამუშაო ადგილებზე გამოცხადდებიან.