ძებნის რეზულტატი:

ჩინეთმა Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჩინეთის „ეროვნული სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის დაამტკიცა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაქცინა ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „სინოფარმის“ შვილობილმა კომპანიამ „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფმა“ შექმნა. ვაქცინის დეტალური ეფექტურობის მონაცემები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ვაქცინის შემქმნელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან დაინფიცირებისგან 79.34%-ით იცავს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ვაქცინების საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების პროგრამა ივლისში დაიწყო, რომლის მიზანიც მედიკოსებისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების დაინფიცირებისგან დაცვა იყო. 15 დეკემბრის მონაცემებით, ჩინეთში მინიმუმ სამი ტიპის ვაქცინის 4.5 მილიონი დოზა უკვე გამოიყენეს. ორი მათგანი „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფის“, ერთი კი - Sinovac Biotech-ის მიერ არის შექმნილი.

კელი დეგნანი: ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ შეგვიძლია ერთად დგომა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საახალწლო ვიდეომიმართვას ავრცელებს. კელი დეგნანი მიმართავს მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ ის ძალისხმევა, რომელიც მოქალაქეებმა გაიღეს, ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად, სამაგალითო იყო და რომ ამ გზით ძალიან ბევრი სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. „ეს წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით შესრულება შეგვიძლია ერთად მუშაობით. კოვიდი ვერ შეგვიშლის ხელს! პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ჩვენი გუნდი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გაერთიანდა. თქვენმა საქმემ, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე. ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა. სხვათა შორის, ამ კარგმა საქმემ მათი ყურადღებაც მიიპყრო, ვინც საქართველოში ადრე მსახურობდა. მომწერეს ელექტრონული ფოსტით, დამიტოვეს შეტყობინებები და გამომიგზავნეს ვიდეოები,რათა გაეზიარებინათ მოგონებები მათი არაჩვეულებრივ მეგობრებისა და საქართველოს შესახებ, თუ რა ენატრებათ ყველაზე მეტად და როგორ გისურვებენ უსაფრთხო და წარმატებულ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით“, - ამბობს კელი დეგნანი მიმართვაში. მიმართვა ელჩმა ქართული სიტყვებით დაასრულა და ყველას ქართულად მიულოცა ახალი წელი: „მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა.ჩემი თბილისში ყოფნის 11 თვის თავზე, მეც არაჩვეულებრივი მოგონებები დამიგროვდა, ამ მშვენიერი ქვეყნის აღმოჩენით, ახალი მეგობრების შეძენითა და საქართველოს მდიდარი ისტორიის გაცნობით. ახალ წელს მეტის გაკეთების მოუთმენელი სურვილით ველი. საქართველოში აშშ-ის მისიის წევრებისა და სანტას სახელით მინდა ყველას მოგილოცოთ სადღესასწაულო სეზონი და ჯანმრთელი და ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ. გაუმარჯოს! გილოცავთ ახალ წელს!“.

ბორის ჯონსონი: ვირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელება ჩვენგან ზომების მეტად გამკაცრებას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, მთავრობა იძულებული გახდა ინგლისის ზოგიერთ ნაწილში COVID-19-ის საწინააღმდეგო უფრო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბორის ჯონსონმა მოსახლეობას ასევე მოუწოდა, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ახალ წელს სახლში შეხვდნენ. „რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. ვირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელება ჩვენგან ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, 26 დეკემბრიდან დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების მოქმედება გაფართოვდა. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

გალაკონცერტი 23:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 23:00 საათიდან თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართება. წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული დაწესებული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩაერთვებიან. კონცერტი პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემა. საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან. მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილია. კონცერტს გაუძღვებიან ია სუხიტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიორგი ბახუტაშვილი და ნინო ნოდია წაიყვანენ.

იან კელი: საქართველოში მენატრება თქვენი კულტურით სიამაყისა და მტკიცე დამოუკიდებლობის შესანიშნავი შეგრძნება

საქართველოს მოქმედ ელჩს საახალწლო მილოცვაში შეუერთდნენ აშშ-ის ყოფილი ეჩლებიც. იან კელიმ ჩიკაგოდან მიმართა ქართველ ხალხს, "სალამი ჩიკაგოდან! ყველაზე მეტად რაც საქართველოში მენატრება, არის ხალხი, თქვენი კულტურის სიამაყისა დამტკიცე დამოუკიდებლობის შესანიშნავი შეგრძნება.მეც ხალხი მენატრება, მენატრებიან ჩემი მეგობრები და მენატრება ხაჭაპური.გილოცავთ ახალ წელს! "- ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი მილოცვაში, რომელიც მან საკუთარ მეუღლესთან, ფრანჩესკა კელისთან ერთად ჩაწერა.

რიჩარდ ნორლანდი: ჩვენ გვენატრება საქართველოს სულიერება და ხშირად ვიხსენებთ მონასტრებსა და ეკლესიებში ვიზიტებს

საქართველოს მოქმედ ელჩს საახალწლო მილოცვაში შეუერთდა რიჩარდ ნორლანდი, რომელიც საქართველოში აშშ-ს 2012-დან 2015 წლამდე წარმოადგენდა. "გამარჯობა! მე და მერის ყველაზე მეტად გვენატრება ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა დამეგობრობა,ხშირად გიხსენებთ.ამ საშობაო ღამეს კიდევ ერთხელ მოვუსმენთ "ავე მარიას" ულამაზეს შესრულებას,რომელიც მისმა უწმინდესობამ, საქართველოს პატრიარქმა დაწერა. ჩვენ გვენატრება საქართველოს სულიერება და ხშირად ვიხსენებთ მონასტრებსა და ეკლესიებშივიზიტებს ქვეყნისგარშემო, განსაკუთრებით კაცხის სვეტისა და ხევსურეთის სოფელ შატილის მონახულებას.გილოცავთ ახალ წელს!"- თქვა თავის მიმართვაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.

ჯონ ბასი: დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. ყველაზე მეტად კი ჩემი ჩიჩილაკი მენატრება

კელი დეგნანის დაწყებულ საახალწლო მილოცვას შეუერთდნენ აშშ-ის სხვა ელჩებიც, მათ შორის ჯონ ბასიც და მისი მეუღლე. "გამარჯობა! მიხარია ჩვენი მეგობრების ნახვა საქართველოში. დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. რაც ყველაზე მეტად მენატრება დღესასწაულზე საქართველოში არის ჩემი ჩიჩილაკი. მე მენატრება სადღესასწაულო სუფრა ჩვენს მეგობრებთან ერთად. მენატრება ჩემი ქართული ენის გაკვეთილები.უნდა ვთქვა, რომ ყოველდღე მენატრება ლობიო და პური“, - თქვა ჯონ ბასმა.

სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში კომისიაში გამართულ საჯარო სხდომებზე განხილული საკითხების 85% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. „მომხმარებელთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. ამასთანავე, სემეკის „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დარღვევის გამო, კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა კომპენსაციები, ჯამში 200 ათას ლარამდე. სემეკში არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიების მიერ კომერციული მომსახურების ხარისხი გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, შესაბამისად, შემცირებულია სემეკის წესების დარღვევის შემთხვევები და კომპენსაციების ოდენობა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216 და სემეკის Facebook გვერდზე

ელიზაბეთ რუდი: ყველაზე მეტად მენატრება კავკასიის მთები, ჩემი საყვარელი ხარაგაული და ჩემი ქართველი მეგობრები

ახალი წელი მოულოცა მოსახლეობის ელიზაბეთ რუდმაც. "რა მენატრება საქართველოში? ყველაზე მეტად მენატრება კავკასიის მთები, ჩემი საყვარელი ხარაგაული და რა თქმა უნდა, ჩემი ქართველი მეგობრები და ყველა ის ქართველი, ვინც საქართველოს ასეთ შესანიშნავ ქვეყნად აქცევს. გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ 2021 წელს!"- თქვა ამერიკის ყოფილმა ელჩმა მიმართვაში. კელი დეგნანი: ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ შეგვიძლია ერთად დგომა

კენეტ იალოვიცი: ვაქცინები გზაშია და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ქარიშხალს

ახალი წლის დადგომა მოულოცა ქართველ ხალხს კენეტ იალოვიტსმა, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. "ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო აშშ-ის საელჩოში, გისურვებთ მხიარულ,უსაფრთხო და ჯანმრთელ სადღესასწაულო სეზონს. ჩვენ დიდი სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოში გატარებულ წლებს. ვისურვებდით, რომ საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა მოგვეცეს.კოვიდის პანდემიითა და სადავო არჩევნებით ეს ძალიან მძიმე წელი იყო ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ვაქცინები გზაშია და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ქარიშხალს. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და იმედი გვაქვს, რომ უკეთეს პერიოდში გნახავთ მომავალწელს."-ამბობს იალოვიტსი, საკუთარ მიმართვაში. ახალი წლის დადგომა მოულოცა ქართველ ხალხს ამერიკის მოქმედდმა ელჩმა.

შაქარაშვილის საქმეზე სამ ბრალდებულს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და საბა ჩხარტიშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განუცხადა. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ადვოკატები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან, თუ მხარეებისთვის ყველა პირობა მისაღები იქნება. ბრალდებულების მტკიცებით, შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს მცხეთის გზატკეცილზე არ ყოფილან. გოგშელიძე და წაქაძე მცხეთის აგარაკზე, დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. თუმცა მათი თქმით, მაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონიათ და არც ინფორმაციას ფლობენ. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო იყო განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ასევე ე.წ. აგარაკის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობა. „ჩიქოვანმა აღნიშნული თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა და დოკუმენტს ხელი მოაწერა. თანახმაა, რომ დაკავებულებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება. ტექნიკურად თუ მოესწრო, დღესაც არის თეორიულად შესაძლებელი პროცესის ჩანიშვნა, თუმცა ზუსტად არ ვიცი. რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ სამივე დაკავებული – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე აღიარებენ მათთვის წარდგენილ ბრალს. დღის განმავლობაში გვეცოდინება, მოესწრება თუ არა დღეს სასამართლო სხდომის ჩანიშვნა. თუკი მხარეებისთვის ყველა პირობა იქნება მისაღები, მაშინ საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება შედგება“, – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ. 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი მას შემდეგ იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.

ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენს ყველა მეგობარს გისურვებთ საუკეთესოს 2021 წლისთვის და ვგულშემატკივრობთ თქვენს წარმატებას

ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენს ყველა მეგობარს გისურვებთ საუკეთესოს 2021 წლისთვის და ვგულშემატკივრობთ თქვენს წარმატებას. ბრინკი კელი დეგნანის მილოცვას უერთდება. "გამარჯობა საქართველო! რაც ყველაზე მეტად მენატრება საქართველოში არის ლამაზი ბუნება,გემრიელი საჭმელი და მშვენიერი ხალხი, ჩემი ოჯახი და მე გილოცავთ ახალ წელს! ჩვენს ყველა მეგობარს გისურვებთ საუკეთესოს 2021 წლისთვის და ვგულშემატკივრობთ თქვენს წარმატებას."- ამბობს ბრინკი, საკუთარ მილოცვაში.

საქსტატი: ბოლო 11 თვეში ეკონომიკის 5,9%-იანი ვარდნა დაფიქსირდა

ბოლო 11 თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის 5,9%-იანი კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ მედიას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, რაც შეეხება ნოემბრის თვეს, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზეა საქართველოს ეკონომიკის 7,7%-იანი ვარდნა. მისივე თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. დანარჩენ სექტორებში კი გამოვლინდა კლების ტენდენცია. „განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გართობის, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირებული კლების ტენდენცია. 2020 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი შემცირებულია 13,4 %-ით, ხოლო იმპორტი12,1%-ით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 11 თვის ჯამურ მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, დაახლოებით, 16%-ით არის შემცირებული. 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 3450 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 11,4 %-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 4,2%-ით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს სექტორულ ჭრილში, დავიწყებ დარგებით, სადაც კლების ტენდენცია გამოვლინდა. მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით, როგორიც არის, მაგალითად, ელექტრო- ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდინცირების მონტაჟი. შემცირდა, ასევე, შემუშავებული სამშენებლო პროექტების მოცულობაც. აღსანიშნავია, რომ 15%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. მისივე განმარტებით, ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა აღნიშნულ დარგში კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირებაც.„სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლება, ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან, დაახლოებით, 92%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც, რასაკვირველია, გავლენა მოახდინა ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების შემოსავლებზე. ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამოვლენის მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული დაწესებულებების შემოსავლების შემცირება. ვაჭრობის დარგში კლება, ძირითადად, დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან, დაახლოებით, 62%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. გარკვეულწილად შემცირებულია, ასევე, საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებითა და ალკოჰლური სასმელებით, ასევე, საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. იმ სექტორებს შორის, სადაც ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, აღსანიშნავია საფინანსო საქმიანობის სექტორი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნულ სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან. „ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ, ხოლო, რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

იაპონია: ტოკიოში ახალი წლის დღეს ვირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის 1 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის. იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იოშიჰიდე სუგა ქვეყნის მოსახლეობას ახალი წლის მშვიდად შეხვედრისკენ მოუწოდებს. ამასთან, იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დაწესების წინადადებით მიმართა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში ვირუსის 233 ათასზე მეტი შემთხევაა დადასტურებული, მათ შორის სამი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. იაპონია კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას შეზღუდავს.

საქსტატი: ნოემბერში საბანკო სექტორის ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის ნოემბრის თვეში საფინანსო საქმიანობის სექტორში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, ფინანსურ სექტორში ზრდის გამომწვევი მიზეზი კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა გახდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან. „ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ, ხოლო, რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

Instagram -მა 2020 წლის ყველაზე მეტად მოწონებული პოსტები გამოაქვეყნა

სოციალურმა ქსელმა Instagram-მა წლის ყველაზე მეტად მოწონებული პოსტები გამოაქვეყნა. წლის ყველაზე პოპულარი პოსტი კრიშტიანუ რონალდოს ფოტოა. აღსანიშნავია,რომ კაილი ჯენერის პოსტები 10 ყველაზე მოწონებად ფოტოთა შორის რამდენჯერმე მოხვდა. 1. კრიშტიანუ რონალდო (19,7 მილიონი მოწონება)2. ჩედვიკ ბოუზმანი (19,1 მილიონი)3. ლიონელ მესი (16,4 მილიონი)4. კაილი ჯენერი (16 მილიონი)5. ლებრონ ჯეიმსი (15,5 მილიონი)6. არიანა გრანდე (15,4 მილიონი)7. კაილი ჯენერი (15,3 მილიონი)8. კაილი ჯენერი (14.5 მილიონი)9. კრიშტიანუ რონალდო (14,3 მილიონი)10. კაილი ჯენერი (14,2 მილიონი)

ახალი წელი წყნარ ოკეანეში მდებარე სამოასა და კირიბატის კუნძულებზე უკვე დადგა

ახალი წელი წყნარ ოკეანეში მდებარე სამოასა და კირიბატის კუნძულებზე უკვე დადგა. სამოასა და კირიბატის შემდეგ, თბილისის დროით 14:15 საათზე ახალ წელს უკვე ახალ ზელანდიაში შემავალ კუნძულ ჩატემის მოსახლეობაც იზეიმებს. ყველაზე გვიან 2021 წელი ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე დადგება, რაც თბილისის დროით 1-ლი იანვრის 16:00 საათზე მოხდება.

ბორის ჯონსონის მამა ევროკავშირთან კავშირების შენარჩუნების მიზნით, საფრანგეთის მოქალაქეობას ითხოვს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მამა საფრანგეთის პასპორტს ითხოვს, Brexit– ის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით. სტენლი ჯონსონმა, ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რომელმაც ხმა მისცა ბრიტანეთის დარჩენას ევროკავშირში, RTL რადიოს განუცხადა, რომ სურს გახდეს საფრანგეთის მოქალაქე საფრანგეთთან ოჯახური კავშირის გამო. „მე ყოველთვის ევროპელი ვიქნები, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ინგლისელებს ვერ გეტყვით: თქვენ არ ხართ ევროპელები. კავშირი ევროკავშირთან მნიშვნელოვანია ”, - აღნიშნა სტენლი ჯონსონმა. ბორის ჯონსონმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ეროვნული ბანკი: რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა იკლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 169.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.1 პროცენტით 21.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. „საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (208.1 პროცენტით) და უკრაინიდან (124.4 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.5 და 3.5 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (23.4 პროცენტით), რაც იტალიიდან (27.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (15.4 პროცენტით) და გერმანიიდან (65.0 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა კანადიდან (41.3 პროცენტით) და აშშ-დან (35.6 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.7 პროცენტი) და რუსეთი (19.4 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკი: ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით, ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით, ყველის გაძვირებამ იმოქმედა. მნიშვნელოვანი იყო პომიდვრის, ბენზინის და ზეთის გაძვირებაც. „თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია მანდარინის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში სურსათი 6.0 პროცენტით არის გაძვირებული. ნოემბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე და ზეთზე – 0.6 პპ. სხვა პროდუქტებიდან ათი პროცენტით სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.3 პპ) და, მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 41 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი. ნოემბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიფება მოქმედებდა, ჯამში 0.8 პპ-ით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.8 პროცენტამდე შემცირდა. ასევე ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 3.0 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.1 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონ¬ლის ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.