ძებნის რეზულტატი:
საქართველოს გავლით ევროკავშირში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდება დაიწყო
შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთ კორიდორის პროექტის ამოქმედებით, საქართველო ენერგოუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო დონის სტრატეგიულ მოთამაშედ იქცა. სამხრეთ კავკასიის გაზსადენიდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით, აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის 7 ქვეყანას და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის განვითარებას მოჰყვა. „თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა – ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში – ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. 692 კმ. სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის დაპროექტდა. სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროცესის დაწყებას აფასებს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით მას დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად აცხადებს: საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს. პროცესის დაწყებას, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა ეკონომიკის მინისტრმა. „ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს - ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანსადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ, გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. ამ მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმავე დერეფანში გადის, რომელშიც BTC მილსადენი, 2006 წელს დასრულდა. BTC მილსადენის მსგავსად, ისიც მიწაშია ჩაფლული. SCP მილსადენის საშუალებით კასპიის ზღვის შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მომხმარებელს მიეწოდება.
ისრაელში მილიონ მოსახლეზე მეტი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით
ისრაელი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში, კორონავირუსის ვაქცინით აცრის მაჩვენებლით. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 12%-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა. სტატისტიკის თანახმად ისრაელში ყოველ 100 კაცზე 11,55 დოზაა გაკეთებული, მეორე ადგილზეა ბაჰრეინი 3,49 დოზით, ხოლო მესამეზე- 1,47 აცრილი ადამიანით, დიდი ბრიტანეთი არის. ვაქცინაცია ისრაელში 19 დეკემბერს დაიწყო და დღეში 150,000-ზე მეტ მოსახლეს უტარდება, ვაქცინაციისას 60 წელს გადაცილებულ პირებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და პირებს თანმხლები დაავადებებით, უპირატესობა ენიჭებათ. ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ქვეყანამ შესაძლოა პანდემია უკვე თებერვლისთვის დაძლიოს. ამ ეტაპზე, ქვეყანა უკვე მესამედ არის კარანტინის ქვეშ. კოვიდვაქცინით აცრილი ისრაელის მოქალაქეები, მწვანე პასპორტს მიიღებენ.
დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები ცხადდება. ქვეყნის მასშტაბით აღდგება ის შეზღუდვები, რომელიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა. არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა სტრატეგიული ობიექტებისა და სერვისებისა. არ იმოძრავებს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილი რჩება ღია ბაზრობები. საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების გამოცხადების გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. შედეგად, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე. სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. "ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ბლოკი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა ჩაკეტილ დღეებში არ იყოს და გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. გიორგი გახარია: არანაირი სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება.
სოფელ სქურში ხანძრის ერთი კერა ლოკალიზებულია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ხანძრის ერთი კერა ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 15 კაციანი ჯგუფი და მიმდინარეობს ცეცხლის მეორე კერის ქრობის სამუშაოები. მაშველები გადაადგილდებიან ფეხით, რადგან რთული გეოგრაფიული რელიეფი გამო შემთხვევის ადგილი მიუვალია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაუსახლებელ პუნქტშია და მოსახლეობაში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძარი სქურის ტყეში გუშინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოები ნახევარი ჰა ფართობი. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 417 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2469 ადამიანი
ბოლო 24 საათში 1868 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა,ხოლო 927 PCR ტესტით. საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229,169 -ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2469 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 220,442-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 603 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 469 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა- 220 442-მდე.
ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ქვეყანამ შესაძლოა პანდემია უკვე თებერვლისთვის დაძლიოს
ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ქვეყანამ შესაძლოა პანდემია უკვე თებერვლისთვის დაძლიოს. ბენიამინ ნათანიაჰუ, ქვეყანაში ვაქცინაციის პარალელურად, წინასაარჩევნო კამპანიას მართავს, მისი ვარაუდით ისრაელმა შესაძლოა ვირუსი მომავალ თვემდე დაძლიოს. ვაქცინაცია ისრაელში 19 დეკემბერს დაიწყო და დღეში 150,000-ზე მეტ მოსახლეს უტარდება, ვაქცინაციისას 60 წელს გადაცილებულ პირებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და პირებს თანმხლები დაავადებებით, უპირატესობა ენიჭებათ. ისრაელში მილიონ მოსახლეზე მეტი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
რა წესები უნდა დავიცვათ ბინის პირობებში ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას?
რა წესები უნდა დავიცვათ ბინის პირობებში ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას ამის შესახებ რჩევებს Facebook-დან აძლევს. პულს ოქსიმეტრი კორონავირუსის პანდემიის დროს ძალიან აქტიურად გამოყენებადი ხელსაწყო გახდა და მისი მნიშვნელობა მართლაც დიდია, რადგან სახლში მყოფი პაციენტის სუნთქვის უკმარისობის შეფასების ერთ-ერთი რეალური საშუალებაა. ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ამით განისაზღვრება ხოლმე, რადგან სატურაციის დაბალი ციფრები ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას გვიჩვენებს. ხშირად პაციენტებს აქვთ „ჰაერის უკმარისობის“ შეგრძნება, თუმცა რეალურად სატურაცა ნორმაში აქვთ. ასევე პირიქით, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სატურაცია მკვეთრად ჰქონდეს შემცირებული, მაგრამ ამას საერთოდ ვერ გრძნობდეს. რადგან სატურაციის მაჩვენებელი ასეთ მნიშვნელობას იძენს (კიდევ ვიმეორებ, ხშირად ჰოსპიტალიზაციის საკითხი ამით წყდება ხოლმე), მნიშვნელოვანია, გაზომვა სწორად მოხდეს. კვლევებმა გამოავლინა ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სატურაციის გაზომვის სიზუსტეზე: გაზომვა უნდა მოხდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტი მშვიდად უნდა სუნთქავდეს გაზომვამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში და გაზომვისას არ მოძრაობდეს. ნუ დავეყრდნობით პირველივე ციფრს, რომელიც გამოისახება მონიტორზე. ზოგჯერ ეს ციფრი იცვლება, ამიტომ შედეგის წაკითხვამდე დავიცადოთ 30-60 წამი და ეს ციფრი მივიღოთ მაჩვენებლად. ერთჯერადად გაზომილ სატურაციის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გაზომვა უნდა მოხდეს დღეში რამდენჯერზე და ყურადღება გამახვილდეს კლებად დინამიკაზე. ამიტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ერთჯერადად გაზომილი მაჩვენებლით არ უნდა წყდებოდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი. სატურაციის გაზომვისას ფრჩხილის ლაკი მოცილებული უნდა იყოს, რადგან ლაკი სინათლის შთანქავს და შეიძლება არასწორი მაჩვენებელი მივიღოთ. ხელსაწყოს მოთავსება შეიძლება საჩვენებელ, შუა და არათითებზე, ასევე ფეხის ცერა თითზე და ყურის ბიბილოზე, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ზუსტ მაჩვენებელს იძლევა. გაზომვისას თითი უნდა იყოს თბილი. კანის მომატებული პიგმენტაციის დროს მაჩვენებელი შეიძლება იყოს არაზუსტი“, - წერს მაია ბუწაშვილი.
კურტ ვოლკერი: ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი, თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი
ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს, ამბობს კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. "ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელს რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება."- ვოლკერის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა და ის გამოთქვამს იმედს რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება. "უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი. კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება კომპრომისზე წავა.
ბიტკოინმა $30 ათასიანი ზღვარი პირველად გადალახა
ვირტუალური ვალუტა Bitcoin-ი აგრძელებს რეკორდულ სვლას, მისი ღირებულება ბოლო 24 საათის განმავლობაში 14,07%-თ გაიზარდა და 33,995.51 დოლარს მიაღწია. Bitcoin-ი ერთი წლის წინ ანალოგიურ პერიოდში- 7,300 დოლარად ივაჭრებოდა, წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ფასის მატებისა და კლების ფონზე, ის ისტორიულ მაქსიმუმზეა. Bitcoin-ი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაძვირდა. 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა.
61 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე
ქუთაისში კორონავირუსით გარდაიცვალა საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე. ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით 9 დეკემბერს დაინფიცირდა. ის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტარიელ ფუტკარაძე იყო სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადაქტორო პროგრამების ("ქართული ფილოლოგია", "ქართველური ენათმეცნიერება") ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო"; ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ასევე იყო ქ. ბათუმის პრეფექტი (1991) და 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.
გიორგი მამარდაშვილი UEFA-ს 50 რჩეულ ახალგაზრდას შორის დასახელდა
გიორგი მამარდაშვილი UEFA-ს 50 რჩეულ ახალგაზრდათა შორის დასახელდა. "გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც უკვე არის 21 წლამდე საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე, კარგი რეპუტაცია მოიპოვა უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში შთამბეჭდავი თამაშით"- ნათქვამია UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 19 წლის გიორგი მამარდაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეა. საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, მამარდაშვილი, წლის საუკეთესო მეკარედ 2020 წლის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.
კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი ძვირდება
დღეიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი ძვირდება არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის (გარდა პურის საწარმოებისა). „თბილისი ენერჯი“- ის თანახმად, 1 კუბური მეტრის ფასი 1.10 ლარი იქნება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. დღეისთვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 86 თეთრია. „თბილისი ენერჯი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკ-ის მიერ. „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით."- არის ის მიზეზი, რომელსაც ასახელებს კომპანია, ტარიფის მომატებისთვის. თბილისსა და რეგიონებში დენი გაძვირდა.
საფრანგეთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის წვეუელების მონაწილეები დააკავეს
ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში საახალწლო უკანონო წვეულება პოლიციამ მისი დაწყებიდან დაახლოებით 36 საათში დაარბია. 1 200 ადამიანზე მეტი დაჯარიმდა, წვეულებაზე დასწრების, პიბადის არგაკეთებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის,ხოლო ხუთი ადამიანი დააკავა პოლიციამ, წინააღმდეგობის გაწევისთვის. ადგილობრივი ჟანდარმერიის თქმით, მათ წვეულების რამდენიმე მონაწილე დაუპირისპირდათ, პოლიციის ერთი მანქანაც კი დაწვეს და სამართალდამცველების მიმართულებით ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ, რის შედეგად რამენიმე პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. საფრანგეთში მეორე კვირაა რაც ვაქცინაცია დაიწყო.
წალენჯიხის სოფლებში სქურსა და მედანში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
წალენჯიხის სოფლებში სქურსა და მედანში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. რჩება ერთი კერა სოფელ სქურის ტყეში. ადგილზე მობილიზებულია 15 კაციანი მაშველთა ცოცხალი ძალა, რადგან ტერიტორია სადაც ხანძარი გაჩნდა რთული რელიეფური მდებარეობის გამო ტექნიკისთვის არის მიუვალი. ხანძარი დაუსახლებელ პუნქტშია და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძარი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ხანძრის შედეგად მედანში დამწვარია დაახლოები 2 ჰექტარის ფართობი , ხოლო სოფელ სქურში დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ფართობი. ცეცხლი ძირითაად ტყის ფოთლოვან ნაწილს და ეკალ-ბარდებს ეკიდა. წალენჯიხის სოფლებში სქურსა და მედანში მდებარე ტყეებში ცეცხლი გუშინ საღამოს საათებში გაჩნდა, თუმცა ცეცხლის კონკრეტული ადგილები ერთმანეთისგან არის საკმაოდ დაშორებული, თუ რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა სახელდება.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა პრეზიდენტის წარმომადგენელს დაავალა
დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ქვეყნებთან რუსეთის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, მიხაილ პეტრაკოვი დანიშნა. პეტრაკოვი ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. "დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატი, მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას, ასევე, დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან" – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანიამ შესაძლოა კარანტინის პერიოდი გაახანგრძლივოს
გერმანია, სავარაუდოდ, გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით კარანტინს 10 იანვარს მიღმა, რათა შეამციროს კორონავირუსული ინფექციის მაჩვენებლები, რაც კვლავ მაღალია და დიდ დატვირთვას უქმნის საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ”რიცხვები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, ამიტომ შეზღუდვების გახანგრძლივება მოგვიწევს,” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა. გერმანიამ მკაცრი სოციალური შეზღუდვები დააწესა შობამდე, მათ შორის იყო უმეტესობა რესტორნებისა და მაღაზიების დახურვა. თუმცა, ინფექციებმა კვლავ მოიმატა და ზოგიერთ დღეს დაღუპულთა რიცხვი 1000-ზე მეტსაც აღწევდა. ქვეყანაში, ამ ეტაპზე, 140,000 კაცზე 140 ინფიცირებულია, რაც გერმანიის 50 კაციან მიზნულს ბევრად აღემატება. კანცლერი ანგელა მერკელი და რეგიონული ლიდერები, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან, რომ სამშაბათს შეზღუდვები გაგრძელდეს. ჯერ გაუგებარია, რამდენ ხანს გაგრძელდება მოსალოდნელი რეგულაციები. გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
პაატა იმნაძე: სამი საეჭვო შტამიდან ორი უარყოფითია, მესამეზე ხვალ გაირკვევა არის თუ არა ის ახალი შტამი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით საქართველოში დაფიქსირებული სამი საეჭვო შტამიდან ორი უარყოფითია. იმნაძის ცნობით, ამ ეტაპზე მესამე შტამზე მიმდინარეობს კვლევა და ხვალ გაირკვევა, არის თუ არა ის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირებული Covid 19-ის ახალი შტამი. „ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი. ახალი შტამი ყველგან არის, არა მხოლოდ თურქეთში, სხვადასხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ახალი შტამები ბევრ ქვეყანაშია უკვე აღმოჩენილი. საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. - ამის შესახებ ინფორმაციას New York times-ი ავრცელებს. ბრიტანეთის გარდა, ვირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: შეერთებული შტატები, თურქეთი, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ჩინეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია , ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, იორდანია, ლიბანი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაკისტანი, პორტუგალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და არაბთა გაერთიანებული საემიროები, აგრეთვეა ტაივანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შტამი დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაშიც. ვირუსის ახალი შტამის გავრცელება, ძირითადად, ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის. გავარცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთმა ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ განცხადება 8 დეკემბერს გააკეთა. ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა, თუმცა, ევროკავშირმა ქვეყნებს მოუწოდა, შეზღუდვები გაემარტივებინათ.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის ქალს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
დღეს, 3 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის ქალს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. „არ მჯერა რომ ეს ყველაფერი მოხდა, თითქოს სიზმარში ვარ და ველი რომ ამ სიზმრიდან გამოვალ. ციხეში თუ არ ვიქნები და გამათავისუფლებენ მონასტერში წავალ და აღვიკვეთები“- განაცხადა შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა. პროცესზე პროკურატურა ეჭვმიტანილის მხოლოდ პატიმრობას მოითხოვდა. მათი თქმით, 2021 წლის პირველ იანვარს ღამის საათებში, ბრალდებულმა თ.ა-მ შვილს ი.ა-ს გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით მიაყენა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებულის მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება არსებობდა. შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საზღვრის რამდენჯერმე კვეთა უფიქსირდება. ასევე აქვს საზღვარგარეთ ბინადრობის უფლება. „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს დანა, ასევე აღმოჩენილია სისხლის ლაქები, მოკლულის ტანისამოსი რომელზეც ასევე სისხლის ლაქებია და დაზიანებულია,“- აღნიშნა ბრალდების მხარემ. მათივე განმარტებით არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაჭერის და ჩხრეკის ოქმები. გარდა ამისა ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო პროცედურები. დაკავებულის ადვოკატის, ეკა აბაშიძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია საქმე ეხება თავდაცვას. ადვოკატის ინფორმაციით, 61 წლის ქალს მისი შვილი ადრეც დაესხა თავს, რომელსაც ფსიქო-ემოციური პრობლემები ჰქონდა. ადვოკატმა გარდაცვლილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, სასამართლოს დოკუმენტები წარუდგინა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო დაზარალებული და ამას მოწმობს, გასულ წელს მომხდარი ფაქტი, რომელშიც გარდაცვლილს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა და სადაც დაზარალებული მისივე დედა იყო, მიუხედავად ამისა დედამ შვილს 5000 ლარი გირაო გადაუხადა. მოკლულს რიგი დაავადებები ჰქონდა, ასევე იყო ფსიქო-ემოციურად გაუწონასწორებელი. საზღვარგარეთიდან კი დედა სწორედ, შვილის მისახედად და სამკურნალოდ ჩამოვიდა“, - აღნიშნა ადვოკატმა. ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოთქმულ აზრს, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენები, რადგან აბაშიძის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს სახლში, იმ კონკრეტულ ოთახში მხოლოდ დედა და შვილი იმყოფებოდნენ. ეკა აბაშიძე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მიმალვის საშიშროება არ არსებობს. აბაშიძემ სასამართლოს შესთავაზა საქმის მიმდინარეობის პერიოდში ბრალდებულს საერთაშორისო პასპორტი ჩამოერთვას და საზღვარგარეთ ბინადრობის უფლების დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. „დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო თვლის რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება,“- განმარტა მოსამართლემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: შეთანხმება,ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი გამოეხმაურა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა. „ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად არ შესრულდება. რუსეთის ფედერაციას, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეს შეფასებული იქნება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მცდელობა. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოახდინოს აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია“ - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა. ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა პრეზიდენტის წარმომადგენელს დაავალა. დავალების შესრულებაზე, პასუხისმგებელი მიხაილ პეტრაკოვი იქნება.