ძებნის რეზულტატი:
ნორვეგიელი მაშველები მეწყერის შედეგად დაკარგულებს ეძებენ
ნორვეგიელი მაშველები მეწყერის შედეგად 10 დაკარგულს ეძებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნორვეგიელი მაშველები, დრონებისა და ძაღლების დახმარებით,ზვავში მოყოლილ ათ ადამიანს ეძებს. დედაქალაქის ჩრდილოეთით, ზვავის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ ღამით ჩამოწოლილმა ზვავმა, ოსლოს ჩრდილოეთით რამდენიმე სახლი თოვლით დაფარა.
პრემიერი: შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო, ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით წინგადადგმული დიდი ნაბიჯია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც პრემიერი აღნიშნავს შაჰ-დენიზის პროექტის ამოქმედება ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის. გიორგი გახარის თქმით, , სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას. „გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის შვიდი ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის განვითარებას მოყვა. „თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა – ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში – ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ფატმა ჯერენ იაზგანი: 2021 წელს, ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავთ ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში
„ვფიქრობ, 2021 წელს, ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავთ ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი საახალწლო მილოცვაში საუბრობს. „მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ჯანმრთელობა, ბედნიერება, კეთილდღეობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ჩვენი რეგიონისთვის, ქართველი და თურქი ხალხისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წელს, ჩვენ ვაჩვენეთ ერთად დგომის მაგალითი კოვიდპანდემიასთან და სხვა სირთულეებთან ბრძოლის კუთხით. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი უფრო უკეთესი იქნება და ვფიქრობ, გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში. ყველაზე მეტად გაგვაძლიერებს ნდობა, თანადგომა, საერთო ღირებულებები, ჩვენი ძლიერი მეგობრობა და პარტნიორობა“, - აცხადებს თურქეთის ელჩი.
როგორი იყო 2020 წელი სპორტისთვის. წლის მიმოხილვა
წელი დაიწყო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებით, მილიონობით მგლოვიარე გულშემატკივრის წუხილს, კიდევ ერთი ლეგენდის გარდაცვალება დაემატა წლის ბოლოს, როდესაც მსოფლიომ ფეხბურთის ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავი - დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ შეიტყო. 2020 წელი მსოფლიო სპორტისთვის მოყვარულთათვის გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, წელი დატვირთული უნდა ყოფილიყო ტოკიოს ოლიმპიადის და ევროპის საფეხბურთო ტურნირის შეჯიბრებით. რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, ყველასთვის სასურველი სპორტული წელი კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა, ახალგაზრდული ტურნირებთან დაწყებული, ოლიმპიადის შეჯიბრების ჩათვლით ფაქტობრივად ყველა სპორტული შეჯიბრი გადაიდო ან გაუქმდა. სპორტულ ღონისძიებებს მოწყურებული გულშემატკივრები, იძულებულნი გახდნენ, ან გამეორებით ეყურებინათ, ან ბელარუსული სპორტული ლიგა შეეყვარებინათ, რადგან ბელარუსი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც არ აკრძალა სპორტული ღონისძიებები, პანდემიის მიუხედავად. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ოლიმპიური კომიტეტი იძულებული გახდა, იაპონიის ოლიმპიური შეჯიბრი მომავალი წლისთვის გადაედო. იაპონიის ყოფილი მინისტრის სინძო აბეს თქმით „ მომავალი წელი იქნება კაცობრიობის, ახალი ვირუსის დამარცხების დასტური“. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო UEFA, ასევე იძულებული გახდა EURO 2020 12 თვით გადაედო. სხვა ღონისძიებები, მათ შორის უიმბლდონის ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა. როლან გაროსის შეჯიბრის სარისკო გადაწყვეტილება საბოლოოდ ჭკვიანური აღმოჩნდა, ტურნირი, ზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე დაიწყო. უამინდომაბ ესპანელ ჩემპიონს ხელი ვერ შეუშალა და საფრანგათის ღია პირველობის მეცამეტე ტიტული დამაჯერებლად მოიგო. ქალთა ტურნირში უფრო მეტი დაძაბულობა იყო, როდესაც 19 წლის იგა სვიატეკი გახდა პირველი პოლონელი მოთამაშე, რომელმაც მოიგო დიდი სლემის სინგლის ტიტული. ფრანგული სპორტის არანაკლებ მნიშვნელოვანმა შეჯიბრმა, ტურ დე ფრანსმა ასევე გვიანი დაწყება არჩია. ადგილობრივი გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ჯულიან ალაფილიპსა და თიბოლტო პინოს შორის საშინაო დუელი გაიმართებოდა, მაგრამ სლოვენიელების ბრძოლას დასჯერდნენ, რომელშიც პრიმოზ როგლიჩი შეუდარებელი ტადეი პოგაქარის პირისპირ აღმოჩნდა. შეჯიბრი საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა, გამარჯვებული კი 21 წლის პოგაქარი გახდა, რომელმაც თავისი ყვითელი მაისურით ფინიშის ხაზი გადაკვეთა. ფეხბურთის ვარსკლავებიც მალევე დაუბრუნდნენ მოედნებს, თუმცა დაფინანსებას მოკლებული გუნდები მოედნებზე მაყურებლების გარეშე თამაშობდნენ. გერმანიის ბუნდესლიგა იყო პირველი მნიშვნელოვანი საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელმაც მაისში მატჩები განაახლა, მათ მაგალითს მალევე სხვა ლიგებიც მიჰყვნენ. საფრანგეთის "ლიგა 1" მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სეზონის ვადაზე ადრე დასრულება გადაწყვიტა, რითაც „ამიენსა“ და „ტულუზა“ საგონებელში ჩააგდეს, რადგან მათ ტურნირის დასრულებამდე 10 თამაში ჰქონდათ დარჩენილი. ძლიერმა გუნდებმა მოულოდნელობა შემოიტანეს ტურნირებში: პარი „სენ-ჟერმენმა“, „იუვენტუსმა“ და მიუნხენის „ბაიერნმა“ შეინარჩუნეს ტიტულები, ხოლო მადრიდის „რეალმა“ ესპანეთში დაამარცხა ბარსელონა. ინგლისში, „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა, მათ 38 მატჩიდან, 32 მოიგეს. იმავდროულად, UEFA-მ გადაწყვიტა დაემთავრებინა თავისი ფლაგმანური კლუბური შეჯიბრი, (ჩემპიონთა ლიგა) აგვისტოში ლისაბონში ჩატარებული Final Eight მინი ტურნირით. ბოლო წლების განმავლობაში სირთულეების გადატანის შემდეგ, PSG- მ საბოლოოდ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ადგილი, რითაც დაასრულა ატალანტას ზღაპრული ასპარეზობა. თუმცა პარიზელები ვერ გაუმკლავდნენ ბაიერნს, რომელმაც ლიონელ მესის ბარსელონა 8:2 დაამარცხა. საფრანგეთის ჩემპიონები კიდევ უფრო შორს წავიდნენ ქალთა შეჯიბრში: ლიონ ვენდი რენარმა ზედიზედ მეხუთე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო, რაც მხოლოდ მადრიდის რეალის ალფრედო დი სტეფანომ 1956–1960 წლებში მოახერხა. უეფას “Final Eight”-ის ახალი ფორმატი, მცირედით თუ განსხვავდებოდა NBA-ის მიერ შექმნილი იზოლაციისგან, რომელსაც საკალათბურთო ასოციაცი Bubble-ს უწოდებდა. NBA სრულიად ახალ ფორმატზე გადავიდა, მათ ფლეი ოფის შანსის მქონე გუნდები Walt Disney-ს ფლორიდის კურორტზე შეკრიბეს, რათა მსოფლიოს ტოპ კალათბურთელები კორონავირუსისგან დაეცვათ. 190 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, ფლორიდის შტატში იზოლირებული ზონა შექმნა დისნეის კურორტზე, ამ ნაბიჯით მათ შეზღუდეს მოთამაშეები გარე სამყაროსთან კონტაქტისგან და მოახერხეს, რომ ასოციაციის 22 გუნდიდან არც ერთში, კორონავირუსის ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა. „ბაბლის“ შექმნიდან სამ თვეში, ლებრონ ჯეიმსის „Los Angeles Lakers”-მა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალები მოიგო და “Miami Heat”-ი ფინალში დაამარცხა. კლინვლენდელმა ჩემპიონმა, ლებრონ ჯეიმსმა თავის კარიერაში მეოთხე ჩემპიონის და “MVP”-ის ტიტული მოიგო. NBA Bubble-ის კალათბურთელების დადებითი ზეგავლენა არ შემოიფარგლა მხოლოდ სპორტით, ჯანდაცვითა და ფინანსებით, სპორტულმა ღონისძიებამ, უფრო დიდი გავლენა იქონია ქვეყანაში დამკვიდრებული რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ. ბრიონა ტეილორისა და ჯორჯ ფლოიდის მხარდაჭერა, ისევე როგორც რასობრივ უსამართლობასთან დაპირისპირება, მოთამაშეების მხრიდან, სხვადასხვა გზით, აქტიურად გამოიხატა. მოთამაშეები მუხლს იდრეკდნენ ჰიმნის დროს და მაისურებზე ეწერათ წარწერა, "Black Lives Matter". NBA– ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კორტებზე დააწერეს "Black Lives Matter" და დაუშვეს არაერთი შეტყობინება გუნდის მაისურებზე, როგორიცაა "Vote" და "I can't breathe". WNBA- ს, ქალთა ლიგის ერთ მატჩზე, მოთამაშეებს ერთ მატჩზე ეცვათ თეთრი მაისურები, რომლებსაც უკანა მხარეს შვიდი ტყვია ჰქონდა გამოსახული, პოლიციის მიერ სხვა მკვლელობის გასაპროტესტებლად. წლის რასიზმის წინააღმდეგ გამოჩენილ საპროტესტო მხარდამჭერებს შორის იყო ფორმულა 1-ის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, რომელიც პოლბორზე ზეიმობდა შავი ძალის სიმბოლიკით სილვერსტონში ბრიტანეთის გრან პრის გამარჯვების შემდეგ. ჰამილტონი, ფორმულა 1-ის ერთადერთი შავკანიანი მძღოლი, მუხლებზე დაჩოქილი იყო ყველა რბოლამდე და ატარებდა Black Lives Matter- ის რამდენიმე მაისურს. მან გააკრიტიკა ყოფილი ჩემპიონები, რომლებიც მას „პოლიტიკოსობაშ“ ადანაშაულებდნენ და თქვა, რომ ანტირასისტული პროტესტი არ ეხება პოლიტიკას, არამედ ადამიანთა უფლებებს. ნოემბერში ბრიტანეთის გამარჯვებამ თურქეთის გრან პრიზზე, ჰემილტონს მეშვიდე ტიტული მოუპოვა,რითაც მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა - ეს ოდესღაც შეუძლებლად ითვლებოდა. 26 იანვარს მსოფლიო შოკირებული იყო, როდესაც 41 წლის კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა თავის თინეიჯერ ქალიშვილთან, ჯიანასთან და შვიდი სხვა მგზავრთან ერთად. ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ოცი ათასმა ადამიანმა შეავსო ლეიკერსის სახლის არენა- სტეიპლსის ცენტრი, ლოს-ანჯელესში, რათა ენახა ეროვნული ტელევიზიით ტრანსლირებული მემორიალი, რომელიც გაიხსნა ბიონსეს სიმღერით, რასაც მოჰყვა აცრემლებული მილოცვა მაიკლ ჯორდანისგან. ნოემბრის ბოლოს მწუხარებამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო, როდესაც 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა. მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოსტატურად გაიტანა გოლი, სახელწოდებით „ღმერთის ხელი“. არგენტინამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა საყვარელი ფეხბურთელისთვის. მარადონას გარდაცვალების წინა დღეს გავრცელებულმა ცნობამ, რომ ყოფილი თავდამსხმელი კრისტოფ დომინიჩი გარდაიცვალა 48 წლის ასაკში, რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო. ელეგანტური მოთამაშე, დომინიჩი ხალხს ახსოვს თავისი შესანიშნავი თამაშით, საფრანგეთის ცნობილ გამარჯვებაში ახალი ზელანდიის „All Blacks“-თან 1999 წლის მსოფლიო თასზე. რამდენიმე კვირის შემდეგ საფრანგეთის სპორტი დაემშვიდობა სხვა საყვარელ მოღვაწეს - ვეტერანი ფეხბურთის მწვრთნელ ჟერარ ჰულიეს, რომელიც ასევე საფრანგეთის საერთაშორისო გუნდის მენეჯერი იყო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო საფრანგეთის გამორჩეული პარტნიორია
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს. წერილში, რომელსაც ფრანგი კოლეგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უგზავნის აღნიშნულია, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ პარტნიორად მიიჩნევს და მზადყოფნას გამოთქვას დაეხმაროს ქვეყანას ნატოსთან და ევროკავშირთან კავშირების განმტკიცებაში. „მოხარული ვარ დაგიდასტუროთ რომ საფრანგეთი საქართველოს მის ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და მობილიზებული ვართ დაგეხმაროთ ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში, მითუმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“- ნათქვამია ლე დრიანის წერილში. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიმართ. ამ კონტექსტში ჟან-ივ ლე დრიანი იხსენებს გასულ წელს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილს დავით ზალკალიანისადმი, სადაც მინისტრები ხაზს უსვამენ საქართველოში ამბიციური დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას „ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უკლებლივ გამოვხატავთ ამ პოზიციას ყველა ფორუმზე, სადაც კი ამ შეხსენებას მოვლენების მსვლელობაზე ზეგავლენა შეუძლია“-აღნიშნავს ლე დრიანი. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლე დრიანი ასევე მზადყოფნას გამოთქვას რომ 2021 წელს გაიმართოს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის“ მეორე სხდომა.
ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ მომავლ წელს საქართველოს NATO-ს რიგებში იხილავს
ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს ახალ წელს Europetime-ის გვერდიდან ულოცავს და იმედოვნებს, რომ მომავლ წელს საქართველოს NATO-ს რიგებში იხილავს: „საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს. ყოველთვის მომწონდა ახალი წელი, რადგან ის რაღაც ახლის საწყისია. იმედი მაქვს, მომავალი წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების და საქართველოში ამერიკის სტრატეგიული ინტერესის აღორძინების წელი იქნება. ძალიან ვამაყობ ჩვენი ელჩით, მაგრამ მას სჭირდება დახმარება, როგორც მთავრობისგან, ასევე კონგრესისგან. ასე რომ, ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი სურვილები 2021 წლისთვის. მეორე - ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებმა ისევ ირწმუნონ საკუთარი მომავლის ძლიერი მედიის, პოლიტიკოსების მიერ ნდობის მოპოვების, ეკონომიკური კეთილდღეობის შედეგად. მესამე სურვილია, წელს საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს. არ ვიცი, ეს რამდენად მოხდება, მაგრამ ვიცი, რომ ახალი ადმინისტრაცია ამას ძალიან ეცდება. საქართველოს მამაცი ჯარისკაცები იმსახურებენ მხარდაჭერას, რომელიც NATO-ს წევრობას თან ახლავს.საქართველოს მოსახლეობამ უკვე ძალიან ბევრი გააკეთა, რათა ეს დაემსახურებინა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოთმინება და შეუპოვრობა NATO-ში წევრობით დაჯილდოვდება“.
მეთიუ ბრაიზა: 2021 იქნება წელი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველ მეგობრებთან ერთად იმუშავებს ალიანსში ინტეგრაციისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა 2021 წლისთვის საქართველოს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას უსურვებს. მეთიუ ბრაიზა ამის შესახენ Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს: „საქართველოს პირველ რიგში ვუსურვებ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას - ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიას და კავკასუს ონლაინს - ისინი შექმნიან ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასევე, 2021 იქნება წელი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველ მეგობრებთან ერთად იმუშავებს ალიანსში ინტეგრაციისთვის. ამასთან, ქართველ ხალხს განსაკუთრებით ვუსურვებ პოლიტიკურ სტაბილურობას, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ როგორღაც ახალი გზა გამოძებნონ თანამშრომლობისთვის. ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს ეს მხოლოდ წაადგება. და ბოლოს, ქართელებს რა თქმა უნდა ვუსურვებ ჯანმრთელობას, პანდემიის დასრულებას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას“.
ლინკოლნ მიტჩელი: ვიმედოვნებ, 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წაიწევს წინ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით
„ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ“, - ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიტჩელი Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს: „ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ახალი წელი მივულოცო ჩემს ქართველ მეგობრებს და ბედნიერი, ჯანმრთელი 2021 ვუსურვო. 2020 წელი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნებისთვის და იმედი მაქვს, მომავალი წელი უკეთესი იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ; ასევე - ორივე ქვეყანა შეძლებს, დაძლიოს შიდა კონფლიქტები და დავები, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათლწლეულს ახასიათებდა“.
ემანუელ მაკრონი: 2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, 2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება. ეს განაცხადება სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა. „2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება. 2021 წელს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შევძლებთ ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სოციალურ, ტერორისტულ და კლიმატურ კრიზისებთან გამკლავებას. წლის პირველი თვეები რთული იქნება და სულ მცირე, გაზაფხულამდე მაინც ეპიდემია ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მძიმე ტვირთი იქნება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
კახა კალაძე: ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ, საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა
ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა - ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო მილოცვაში განაცხადა. დედაქალაქის მერმა თბილისელებს, მთელ საქართველოს ახალი წლის დადგომა მიულოცა და აღნიშნა, რომ „უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, მძიმე პერიოდი გადაგვეტანა“. კალაძის თქმით, დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს. „მიილია 2020 წელი - წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპები. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24-საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით და დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს. ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ და ყველა ერთად, ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა - ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია. მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლებისა და გაძლიერების წელი! მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას, მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით! ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, ახალ წელს შევეგებოთ იმედით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით. გილოცავ, საქართველოვ! გილოცავ, ჩემო თბილისო! გილოცავთ, ჩემო უსაყვარლესო ხალხო! მრავალჟამიერ!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილი: ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით
„ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე - ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს"! - ამის შესახებ პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა. „2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი. პანდემიამ შეცვალა მსოფლიო - შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა - შიში ჩაგვინერგა. უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველფერ ცუდს კარგი მოსდევს. პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს. მისი წარმომადგენლები - ეპიდემიოლოგიები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები - ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი. მათ შორისაც დიდია მსხვერპლი. თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის პროფსიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს.ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება, რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა. პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ - იმით, თუ როგორი თავდადებითა და რა ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს. მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ - ყველამ ერთად - მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს. განათლების სფეროში - ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედვად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა - გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ამ ფონზე ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები. პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეატები და ერთად მივულოცოთ მათ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს. ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს, დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში - ალექსანდრე შენგელია. ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა! მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსი. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. შედგა პარლამენტი. პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა - ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა, თუმცა დაგვანახა, თუ რამდენად აუცილებელია, სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზები - ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად. მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება. ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე - ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს! ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯამრთელობას, მხნეობას, წარმატებებს და ერთსულოვნებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვისას.
ილია მეორე: ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი
ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში. პატრიარქმა ახალი წელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსა და ყოველ ადამიანს მიულოცა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჩვენ მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ. „ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდეთ და ჰპოვოთ. ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ“. ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს. ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი. ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი. „ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. გილოცავთ, ახალ წელს და ქრისტეშობის დღესასწაულს! იმედი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!“, - განაცხადა ილია მეორემ.
გიორგი გახარია: დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში
„დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი". - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საახალწლო მილოცვისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები, პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები და თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა. „გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები. დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ. უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები - ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, - მინდა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველანი განსაკუთრებულად მადლიერები ვართ მათი. ეს გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა, უბრალოდ დახმარებოდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს - არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე. დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი. ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ საახალწლო მილოცვისას.
ჯანმომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Comirnaty-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველი ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ავტორიზაცია მიიღო“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დასკვნამ ცხადყო, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სავალდებულო კრიტერიუმებს შეესაბამება. 21 დეკემბერს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა.
არჩილ თალაკვაძე: მომავალი წელი მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულსა და მომავლის რწმენას
გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობითა და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საახალწლო მილოცვისას განაცხადა. მან ახალი წელი სრულიად საქართველოს, საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებთ მიულოცა. „ძვირფასო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ, 2021 წელს! ეს წელი მშვიდობის, კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს - ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვინც პირდაპირ იყო ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში - მათ ყველაფერი გააკეთეს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად! ახალ წელს ვულოცავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს! ერთიანი, ძლიერი საქართველო და ძლიერი საზოგადოება ჩვენი საერთო მიზანია! გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობით და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, დემოკრატიის გაძლიერებასა და უსაფრთხოების განმტკიცებას! მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულსა და მომავლის რწმენას! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართა. წლევანდელი გალაკონცერტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფორმატის იყო - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იდგნენ, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენდა. თბილისის მერიიც ინფორმაციით, გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იყო პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყო დაცული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები ასრულებდნენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ერთვებოდნენ. კონცერტი პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა. გალაკონცერტის მიმდინარეობისას, ახალი წელი მიულოცა მოსახლეობას დედაქალაქის მერმა. „მიილია 2020 წელი - წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპები. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24-საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით და დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს. ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება.ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ და ყველა ერთად, ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა - ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია. მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი. მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას, მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით!ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, ახალ წელს შევეგებოთ იმედით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით.გილოცავ საქართველო! გილოცავ ჩემო თბილისო!გილოცავთ ჩემო უსაყვარლესო ხალხო!მრავალჟამიერ“, - განაცხადა კახა კალაძემ. საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი იყვნენ, მუსიკალური ხელმძღვანელი - დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილი. კონცერტში მონაწილეობდნენ დათო ევგენიძე და მისი ბენდი, გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, New one, ნოდარიკო ხუციშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, Salio, ლიკა ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე, კახაბერი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, NON STOP, ზუკა ხუციშვილი, LOUDspeakers, კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, სტეფანე, Young Georgian Lolitas, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, The Quintessence, ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.
კორონავირუსის კიდევ 990 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 265
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე.
ბოლო 24 საათში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 528 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე
დღეს კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 426 გამოვლინდა
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 167, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 83, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევაა 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 236, აჭარაში - 397, იმერეთში - 931. მძიმეა 921 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 91, იმერეთში - 232. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 322 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 25, იმერეთში - 47. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 5 342 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 72, ხოლო იმერეთში - 68. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 136 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 946, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 382.
უხანში სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა
უხანში ეპიდაფეთქების დაწყების შესახებ პირველი ინფორმაციის ჯანმოსთვის მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა. - აღნიშნულ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ი ჩინეთის ქალაქს სტატიას უძღვნის და წერს, როგორ აღნიშნა ახალი წელი უხანმა. „პარასკევს შუაღამისას ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანში ბევრი ხალხი გამოვიდა და 2021 წლის დადგომას ზეიმობდა მას შემდეგ, რაც პანდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ტრადიციის თანახმად, ასობით ადამიანი შეიკრიბა ჰანკოვის საბაჟო სახლის ძველი შენობის წინ, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო ადგილია. უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა და რეგულაციების დამრღვევებს მიუთითებდა, რომ მათ ნიღაბი უნდა ეტარებინათ“, - წერს ბრიტანული მედია. უხანში ვირუსი უკვე თვეებია ფართოდ არ არის გავრცელებული და აქ კონკრეტული ჯგუფების ვაქცინაციაც მიმდინარეობს. თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების მცირე ზრდა შეინიშნება ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პეკინში, რაც შეახსენებს უხანის მოსახლეობას, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.