ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

საქართველო, მთელი ევროპა და მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. „რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ავსტრიის კანცლერი: რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი NATO

რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი NATO, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს, ფინეთსა და შვედეთზეა ლაპარაკი, ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უდნა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, რომ სამი ქვეყანა ნეიტრალურია: ავსტრია, ირლანდია, მალტა და კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები შეცვლილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იცვლება NATO და სინამდვილეში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი NATO და NATO, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დიდი გლობალური, სტრატეგიული მიზნები ამ ყველაფრით, ამის შედეგად ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კანცლერმა.  

ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რატომ მიენიჭა სტატუსი უკრაინას, ასევე მოლდოვას. „შეხვედრა მქონდა გეოსტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეს დიდი გამოწვევაა. საქართველო წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის პარტნორობაზე. უკეთ რომ გავიგოთ ეს რეგიონი, ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი. ევროპულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სწარაფად ამ პროცესის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავსტრიის პოზოციებზე დეტალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენი მიდგომა, რატომ გაიწერა მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რატომ დაფიქსირდა ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცოგოვინის მომენტიც გასათვალისწინებელია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ინტერესზე, ამ ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიგანლის გაგზავნა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის. რომ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუვნელყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანმაშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ. მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიმქნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ომა ევროპა შეცვალა. „ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს. მათ რუსეთთან საზღვარი აკავშირებთ. ამ ფონზე დაჩქარდა დისკუსია, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, სამი ქვეყანა ნეიტრალურია - ავსტრია, ირლანდია და მალტა, ასევე არის კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. იცვლება NATO-ც. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო მეტი და ძლიერი NATO, რომელიც მზადაა, მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ომი თავისთავად ტრაგედიაა. საქართველო თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში მაგალითად, 80 000 ლტოლვილია. საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, რეგიონში საქართველო რეგიონში აღიქმება როგორც სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მიდგომებისთვის, რომლებსაც ოკუპაციის პირობებში ინარჩუნებთ. მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

გერმანიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა

კანადის, ესტონეთის, დანიისა და ნორვეგიის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პროტოკოლის რატიფიცირებით, გერმანიამაც დაუჭირა მხარი. გერმანიის ბუნდესტაგმა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის წინადადებებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სამხედრო ალიანსის 30-ვე წევრმა უნდა დაამტკიცოს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.

ირაკლი ღარიბაშვილი: დემონსტრაციები, სხვა დემონსტრაციების მსგავსად, უშედეგოდ დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი აზრით, „დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი“. „ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება, გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში, 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ თითქოს, დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დარჩიაშვილმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი ავსტრიელ კოლეგასთან განიხილა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თავის ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას, რომელიც როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვენაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რითაც ევროპულმა საბჭომ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხდა. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. ალექსანდრ შალენბერგმა, ავსტრიის მთავრობის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კარლ ნეჰამერი: ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამ საათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იყოს აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პეკინი და რუსეთი „მტკიცე კავშირებს“ ინარჩუნებენ

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირენით, პეკინი „ობიექტური და სამართლიანი“ პოზიციის შენარჩუნებას განაგრძობს და მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა. მისივე განცხადებით, ჩინეთი და რუსეთი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ხელს უწყობენ და გვერდს უვლიან ყოველგვარ „ჩარევას“, რაც აჩვენებს მათი ურთიერთობების სიმტკიცეს და „სტრატეგიულ გადაწყვეტას". თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატასაც ავრცელებს, რომლის თანახმად, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები არ უნდა დაექვემდებაროს „გარე ჩარევას“, რადგან ორივე ქვეყანა შემდგომ თანამშრომლობას განაგრძობს. ვან ი ლავროვს ხუთშაბათს, ინდონეზიაში, ბალიში გამართული G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.  პეკინი ჯერჯერობით უარს ამბობს, რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე შეჭრაზე უწოდოს. ლავროვმა დიდი შვიდეულის სამიტზე, თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანნალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მკაცრად დაგმობას გერმანელი დიპლომატის მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იძულებული გახდა, „დიდი შვიდეულის“ სამიტი დროზე ადრე დაეტოვებინა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს.  ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება.  აღსანიშნავია, რომ NATO-სამიტზე ალიანსის მიერ მიღებულ ახალ კონცეფციაში ჩინეთზე ჩანაწერი პირველად გაჩნდა. კერძოდ, ჩინეთის ამბიციები და იძულების პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევას NATO-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. ამავე სამიტზე, ალიანსმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა.  

კარლ ნეჰამერი: ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. კარლ ნეჰამერი აღნიშნავს, რომ ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები განიხილა. „2022 წელს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ჩვენ ასევე გვაკავშირებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად, ძალიან გამიხარდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა! განსახილველი თემები იყო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმით ომს, რომელსაც ჩვენ ორივე ვგმობთ. აქ არ შეიძლება დავიწყებულ იქნეს გაყინული კონფლიქტები „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, - აღნიშნავს კარლ ნეჰამერი.  

ირაკლი ღარიბაშვილი: სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო, ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო.  „უდიდეს პატივისცემას და გულისტკივილს გამოვხატავ შინძო აბეს ოჯახის და ახლობლების მიმართ. ეს არის ენით გამოუთქმელი ტრაგედია. იაპონიის პრემიერ- მინისტრი თავისი ქვეყნის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი იყო. ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა.   იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა

კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „პატრიარქი კირილი სასანქციო სიაში მოხვდა როგორც რუსი აგენტი, რომელიც დეზინფორმატორად არის იდენტიფიცირებული და რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის მხარდაჭერასა და უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიმედოვნებ, ავსტრიასთან სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ წერს. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება. „აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ.  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ასევე წაიკითხეთ: კარლ ნეჰამერი: ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე  

კარლ ნეჰამერი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს.  ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მე როგორც ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს მივეცი გარანტია , რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენცია, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის ახლოს არის და საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ, ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის. ავსტრიელების და ავსტრიაში მცხოვრეების ალბათ ძალიან პატარა ნაწილმა თუ იცის,რომ ჩვენი საშობაო ნაძვისხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. ამის მიღმა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა იმის გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის გარანტიები იქნას მოცემული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ აქტიურად იმ მიმართულებით, რომ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც იქნას გარანტიები შექმნილი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საერთო მიზანი - ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

დმიტრო კულება: რუსეთმა უკრაინის სოფლის მეურნეობის განადგურების მიზნით, ცინიკური სტრატეგია აამოქმედა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის სოფლის მეურნეობის განადგურების მიზნით, „გააზრებული და ცინიკური სტრატეგია" აამოქმედა. მისივე განცხადებით, „უკრაინის პორტების ბლოკადამ უკვე გაანადგურა სურსათის მიწოდების გლობალური ჯაჭვები და მავნე ზეგავლენა მოახდინა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და რუსეთი ბომბავს უკრაინულ მარცვლეულს“. „მათი ბრალდებები ეწინააღმდეგება ძირითად ლოგიკას. როგორ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ დაინტერესებულნი ჩვენი სურსათის ექსპორტის დაბლოკვით, როდესაც ის ჩვენი ბიუჯეტისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითადი წყაროა?!“, - აღნიშნავს კულება. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შეიძლება, 50 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევს სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ. ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე „112“-ის საქმიანობას გაეცნო

„112“-ს აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში, ერიკ საივიკი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე, ჰეზერ ბერგი და საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკვე მრავალი წელია, წარმატებით თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს

რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს  რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა? რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა  თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული. მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს. ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს. აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს. ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება?  ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი? შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. როგორც დეგნანმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ავტორი ალბათ, ვერ ხედავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი. ძალიან საშიშია, როცა კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება ხდება. არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ვინმეს საქართველო ომისკენ მიჰყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი არ უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და ეს ომი დამთავრდეს, ის მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა NATO-ს სამიტზე მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი. ასევე მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ძალიან ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა პოზიცია, რომ სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი“, - განაცხადა დეგნანმა. დეგნანი ყველას რჩევას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ საქმე და 12 რეკომენდაციის შესრულება. „მე გეტყვით და ვიცი, იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, ევროპული ინტეგრაცია, რაც დემოკრატიულ მომავალს გულისხმობს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუნდაც, ინსტიტუტების კუთხით და ახლა ენერგია უნდა მიემართოს იმისკენ, ევროკომისიამ რა რეკომენდაციებიც გასცა, ეს რეკომენდაციები შინაარსიანად, ინკლუზიურად შესრულდეს და არა ზედაპირულად და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ, რადგან აღარ არის დასაკარგი დრო, ეს გეგმა უკვე შედგენილია და მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, 22 ორგანიზაცია შეიკრიბა და შეადგინა სამოქმედო გეგმა, ზუსტად განსაზღვრულია, რა უნდა გაკეთდეს, არსებობს ძალიან კარგი გზამკვლევი. ახლა საჭიროა კეთება, მოქმედება და არა სიტყვები. ყველაზე მთავარი ახლა, სამუშაოს დაწყებაა, უკვე არსებობს კარგი გეგმები, ამისკენ უნდა მიემართოს ძალისხმევა, ყველამ იცის რა არის საჭირო და უნდა დაიწყოს მუშაობა, იქნება ეს კანონმდებლობის მიღება, რაც განსაზღვრულია, თუ იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც ევროკომისიამ გასცა და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, სწრაფად. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ საქმე და ამ ყველაფრის განხორციელება“, - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.  

კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ყოფილი პრემიერი განმარტავს, საკუთარი ინიციატივით გადადგა, რადგან ახალი მინისტრების დანიშვნა ბევრ ხმაურსა და უკმაყოფილებას გამოიწვევდა და საჭირო გახდებოდა საკანონმდებლო ორგანოს სხდომის მოწვევა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანაში სამ პარტიას შორის კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმება შედგა, თუმცა კაია კალასმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა

კანადამ უკრაინაში ომის საპასუხოდ, რუსეთიდან ოქროს საქონლის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა. იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი კანადა კრძალავს ნედლი და ნახევრად მზა ოქროს, ოქროს ფხვნილის, მონეტის ოქროსა და ოქროს სამკაულების იმპორტს. შეერთებული შტატების, კანადის, ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობლივი სურვილი რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ, ივნისის ბოლოს G7-ის სამიტზე გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ასევე 7 ივლისს კანადამ სანქციების სიაში დაამატა, რუსეთის 29 მოქალაქე და 15 კომპანია. მათ შორის Roskomnadzor-ი, პატრიარქი კირილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი და პროპაგანდისტი ალინა კაბეევა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს." აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg