ძებნის რეზულტატი:
მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და საქმიანობის ხელშეშლას - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლითაც ნინო ლომჯარია მედიის წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების ფაქტს ეხმიანება. „მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო როგორც სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და საქმიანობის ხელშეშლას. ომბუდსმენმა საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების პერიოდული და პროაქტიული ინფორმირება მოახდინოს. „2022 წლის 13 ივლისს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის დაგეგმვის პროცესს ასახავს და შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების (https://bit.ly/3IEx6Ak) შესახებ. სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე (https://bit.ly/3P9YzMT). ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი. მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას. აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა დამატებით მნიშვნელობას იძენს. ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის. ამდენად, სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას (https://bit.ly/3Psq1oO) და აქვე მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო წუხილს გამოთქვამს. „ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომლებიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან საუბარი ერთი-ერთზე გაიმართოს და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის Facebook გვერდზე 13 ივლისს განთავსდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. 15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის გამამტყუნებელი განაჩენის დეტალებით ელჩი კელი დეგნანი დაინტერესდა. მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს. როგორც კელი დეგნანმა 15 ივლისს, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.
ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ელჩთან, შუა სატრანსპორტო დერეფნისა და ვაჭრობის საკითხები განიხილა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საგარეო ვაჭრობა ქვეყნებს შორის ბოლო წლებია, ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. 2022 წლის 5 თვეში სავაჭრო ბრუნვა 42 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 38 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი იკავებს მე-2 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 11%-იანი წილით. ხაზი გაესვა ასევე თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში. აღინიშნა, რომ ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 750 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, საინვესტიციო პორტფელი კი მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა საბანკო საქმე, ტურიზმი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, მეტალურგია და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სატვირთო გადაზიდვების გაზრდის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად ახორციელებს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და მშენებლობას, რათა უფრო ეფექტიანად შეძლოს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის შესრულება. ითქვა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოზე გამავალ შუა სატრანსპორტო დერეფანს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, გაზრდის TRACECA-ს დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან საქართველოს გავლით, ევროპისა და უკუმიმართულებით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ვაჭრობის განვითარებისა და საერტაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასკუა.
კელი დეგნანი: ჩვენი სურვილია, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-სთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. „მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „მთავარი არხის“ რედაქციაში სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით მოპოვებული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ. „ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს ეხება არამხოლოდ ჟურნალისტებს. ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ არ ეჩქარათ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინათ ის ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პირების მოსმენების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასთვის, რადგან ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ. მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ეთიკის ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ დისკუსია. ისინი საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. ჩვენთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი მოამზადა
ევროკომისიამ დღეს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი დააანონსა. სანქციების პაკეტში მთავარი საკითხებია რუსული ოქროს ემბარგო და რუსეთისთვის ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვა. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის. „ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა. დოკუმენტის თანახმად, შემოთავაზებულია, რომ ევროკავშირის მოქმედი სანქციები ექვსი თვით გახანგრძლივდეს. მომდევნო განხილვა კი 2023 წლის იანვრის ბოლოს მოხდება. სანქციების ახალი პაკეტის ძალაში შესვლამდე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ.
ილია დარჩიაშვილმა და საქართველოში თურქეთის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
2022 წლის 15 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. „შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკური დღის წესრიგი და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირის ნაწილზე ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეზღუდვა 15 ივლისის 22:00 საათიდან 20 ივლისის 10:00 საათამდე შემდეგ ლოტებზე: A255, A256, A257 და A258, ჯამში, 39 პარკირების ადგილზე იმოქმედებს. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - ნათქვამია თბილსის მერიის განცახდებაში.
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის მოქალაქეების გ.ა.-სა და ნ.გ.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 91 900 აშშ დოლარი და 180 ავსტრალიური დოლარი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 170 400,1 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10518.1 ლარი შეეფარდა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 15 988 ლარით დაჯარიმდა.
პიტერ სტანო: საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ
ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველო შესასრულებელ 12 პუნქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში მიიღებს. 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეფასდება. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველ წლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ პროცედურული მიზეზებით მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა შეუძლებელია. თუმცა, რაც ჩვენ დამატებით აღვნიშნეთ არის, რომ კომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს ამ წლის დეკემბერში, რომელიც ზუსტად იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველით საქართველოსგანაც, რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა პროცესების გასაგრძელებლად. საქართველო მიიღებს ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში, 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე ანგარიშს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში", - განაცხადა სტანომ. 13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე (ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის) არა 2022 წელს, არამედ, 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შაბათს, 16 ივლისს თბილისში შეხვდებიან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ვაჰან უნანიანმა Facebook-ზე დაწერა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა თბილისში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ხვალ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა. „ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.
უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები მიიღო - ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვის ცნობით, უკრაინაში პირველი შორი მანძილის M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ჩავიდა. რეზნიკოვი: წლის ბოლომდე უკრაინის სასარგებლოდ, ბრძოლის ველზე სერიოზული ცვლილებები მოხდება „მოვიდა პირველი M270 MLRS! ისინი კარგი კომპანიონი იქნება HIMARS-ისთვის ბრძოლის ველზე" , - წერს მინისტრი aTwitter-ზე. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და აღნიშნა, რომ მტრის შეწყალება არ მოხდება. ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში ბრიტანეთმა გამოაცხადა უკრაინისთვის M270 MLRS-ის მიწოდების შესახებ, რომელსაც შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 80 კმ-მდე მანძილზე განახორციელოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
კარლ ჰარცელი სახალხო დამცველის აპარატს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია
საქართველოში ევროკავშირის ელჩი და მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია სახალხო დამცველის აპარატს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და მის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ დიდი პოლიტიკური, ფინანსური, თუ საგანმანათლებლო დახმარებისთვის, რასაც უკვე წლებია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა უწევს სახალხო დამცველის აპარატს. კარლ ჰარცელმა თავისი ღრმა პატივისცემა გამოხატა და სახალხო დამცველსა და მის აპარატს წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით მიმდინარე პროცედურულ და შინაარსობრივ პროცესებზე.
დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გადადგომა ყველაზე მეტ სარგებელს რუსეთს აძლევს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ RTL-ს ეთერში განაცხადა. იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მან იტალიაში შექმნილი კრიზისი, ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გადადგომას შეადარა. „ბრიტანეთში აირჩევენ ახალ პრემიერ-მინისტრს და ვადამდელი ხმის მიცემა არ იქნება. აქ, იტალიაში, გვაქვს პრობლემა: თუ დრაგი გადადგება, ჩვენ მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების გზით წასვლა, რაც ქვეყნის სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა დი მაიომ. მისი თქმით, მარიო დრაგის გადადგომას მოსკოვში ზეიმობდნენ. „გული ტირის იმის გამო, რომ მოსკოვში გუშინ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. პუტინი და მედვედევი ზეიმობდნენ, რადგან დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს“, - აღნიშნა დი მაიომ. მისი ვარაუდით, იტალიაში სახელისუფლებო კრიზისი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ამასთან კავშირშია დრაგის ყოფილი პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელსაც ახლა ჯუზეპე კონტი ხელმძღვანელობს. "მოხარული ვარ, რომ მოძრაობის ბევრი წევრი არ ეთანხმება ამ ხაზს. მივმართავ იმ პარლამენტარებს, რომლებიც არ ეთანხმებიან: აჩვენეთ, რომ არ ეთანხმებით ამ ხაზს, რადგან საფრთხეშია ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა დი მაიომ. ხუთშაბათს, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომაზე, რომელმაც ეს იმით ახსნა, რომ „მთავრობის ნდობის პაკეტი ჩავარდა“. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
კელი დეგნანი ნინო ლომჯარიას შეხვდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. კარლ ჰარცელი სახალხო დამცველის აპარატს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია „შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ელჩს გააცნო თავისი ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის ძირითადი წინაპირობაა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები განიხილა; ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში, ქალაქი ბახმუტი "ურაგანის" რაკეტებით დაბომბეს
რუსმა დამპყრობლებმა ბახმუტის ცენტრს სარაკეტო შეტევა განახორციელეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ჯარების შემდეგი სამიზნეები სევერსკი და ბახმუტი იქნება როგორც უკრაონის გენერალურ პროკურატურაში განმარტეს, ქალაქ ბახმუტში ურაგანის MLRS-დან დამპყრობლების მიერ დაბომბვის შედეგად 6-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ ნაღმების აფეთქებით და ნამსხვრევებით ჭრილობები მიიღო. „დამპყრობელთა ჭურვები მოხვდა ადგილობრივი ბაზრის ადმინისტრაციასა და მაღაზიების შენობებს, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. გარდა ამისა, მთლიანად განადგურდა 10-მდე მრავალსართულიანი და კერძო სახლი. დაზიანდა, დაიწვა მანქანები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანელ პოლ არის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს - ლიზ ტრასი
„ბრიტანელი მოხალისის, პოლ არის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს. რუსეთის ელჩი ლონდონში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. „რუსეთის მთავრობა და მისი მარიონეტები აგრძელებენ სისასტიკეს. პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ტრასმა. უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე, პოლ არი დაიღუპა. 45 წლის კაცი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ომში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობის ბრალდებით აპრილში დააკავეს. პოლ არი კიდევ ერთ მოქალაქე, დილან ჰილისთან ერთად, 25 აპრილს დააკავეს, როდესაც ჰუმანიტარული მისიით რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ზაპოროჟიეში შესვლას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქალაქში ჩარჩენილი ქალისა და მისი ოჯახის სამშვიდობო ტერიტორიაზე გამოყვანა სურდათ. ორგანიზაცია Presidium Network-ის განცხადებით, რომელიც დაკავებულის ოჯახს დახმარებას უწევდა, პოლ არის გარდაცვალების ცნობა ოჯახს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. მანამდე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტმა ომბუდსმენმა, დარია მოროზოვამ განაცხადა, რომ პოლ არი ტყვეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტრესის გამო, 10 ივლისს დაიღუპა. მისი თქმით, პოლ არის დიაბეტი ჰქონდა და სუნთქვის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებდა.
დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს შეხვდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას 12-პუნქტიანი გეგმის და რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის მიმართ და მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა
ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც მას ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დახვდა. კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო ბაიდენის ამ მოგზაურობამ კრიტიკა გამოიწვია შეერთებულ შტატებში. მიზეზი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაა, რომელშიც პრინცს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ადანაშაულებენ. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს ჯო ბაიდენმა თავის დასაცავად განაცხადა, რომ არ სურდა საუდის არაბეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან ეს შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აშშ-ის ლიდერი საუდის არაბეთის სამეფოში პირდაპირ ისრაელიდან გაფრინდა, რაც ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო, რადგან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები აიკრძალა. საუდის არაბეთმა ისრაელის ავიაკომპანიებს ცა გაუხსნა
დავით ზალკალიანმა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ (The Heritage Foundation) პრეზიდენტთან, დოქტორ კევინ რობერტსთან, რის შემდეგაც გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია ფონდის ექსპერტებთან, რომლებიც წლებია საქართველოსა და რეგიონის თემებზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით ფონდის მიერ გაწეულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას და მეგობრობას, ასევე, მადლობა გადაუხადა ფონდის პრეზიდენტს აღნიშნულ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის. „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკული მხარის მზადყოფნას, განაგრძოს საქართველოს ყოველმხრივი მხარდაჭერა და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოწვევები. მრგვალი მაგიდის ფორმატში ფონდის ექსპერტებთან შეხვედრისას, ელჩმა ამერიკელ ექსპერტებთან აღნიშნა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რაც გახდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ მიღებულ ევროპულ პერსპექტივას, რაც, დავით ზალკალიანის განცხადებით, წარმოადგენდა პოზიტიურ განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე ამ ეტაპზე მიიღო. საქართველოს ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ რეფორმების შემდგომი წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. აქვე ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ყველაფერს გააკეთებს სამომავლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის მცოცავ ანექსიას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ პროპაგანდაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ და საქართველოს მიერ რუსული პროპაგანდის შეკავების კუთხით მიღებულ ზომებზე.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 23 300-ზე მეტი ომის დანაშაულია რეგისტრირებული
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 23 300-ზე მეტი აგრესიისა და ომის დანაშაულია რეგისტრირებული, - მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა „ტელეგრამში“ ავრცელებს. "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რეგისტრირებულია 23 300-ზე მეტი აგრესიისა და ომის დანაშაული. არდა ამისა, დაფიქსირდა 11 270 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, კოლაბორაციული საქმიანობა, აგრესორი სახელმწიფოსთვის დახმარების აღმოჩენა, დივერსია და სხვა", - ნათქვამია განცხადევაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.