ძებნის რეზულტატი:
საგამოძიებო სამსახური: ქართულ ხორბალს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდულობდნენ და როგორც რუსულს, ისე ჰყიდდნენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას, რის შემდეგაც, აღნიშნულ საქონელს რეალიზაცია უკეთდებოდა როგორც რუსული წარმოშობის ხორბალი, რა გზითაც შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ს ყალბ ჩათვლებს. „დადგენილია, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, დღგ-ს აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს
ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ფორმატებს ქმნის „ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილობასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, მარიხუანის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 394,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვას და საქართველოში უკანონო შემოტანას გულისხმობს. საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს“, - ნათთქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს. მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ხელმძღვანელი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თავდაცვის მინისტრმა და ბულგარეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე არსებული გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას“. „ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და NATO-ს მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ მიღებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის NATO-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილი. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სამხედრო წვრთნებისა და განათლების თემებიც განიხილეს~, - იტყობინება თავდაცვის უწყება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 39 870 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 26 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 870 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. "უკრაინელმა დამცველებმა, რუსეთის შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1737 ტანკი, 3959 ჯავშანტექნიკა, 880 საარტილერიო სისტემა, 258 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 თვითმფრინავი, 189 ვერტმფრენი, 722 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 2835 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 75 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა
ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმად აფასებს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსად. „იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყევტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.
კირბის თქმით, ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განმეორებაა იმ სცენარის, რომელიც რუსეთმა სირიაში გამოიყენა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განმეორებაა იმ სცენარის, რომელიც კრემლმა სირიაში გამოიყენა, როდესაც ჰუმანიტარული ტვირთები დაბომბა. კირბი ამბობს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მათ განცხადებებს, რომ მზად არიან, იყვნენ ხსენებული შეთანხმების „კეთილსინდისიერი მონაწილეები“. „სამწუხაროდ, რუსეთისგან მსგავსი ქმედება ადრეც გვინახავს. - შეგიძლიათ, გაიხსენოთ თუნდაც სირიის ომი, სადაც ბომბავდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც სირიის მოქალაქეებისთვის და სირიელი ლტოლვილებისთვის იყო განკუთვნილი“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-თან. კირბიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ასეთი თავდასხმები „აღარ განმეორდება“. თავის მხრივ, აშშ „ძალიან ყურადღებით დააკვირდება“ პორტის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს და იმას, შეიძლება თუ არა მან გავლენა მოახდინოს ტერმინალების მუშაობაზე“. შეგახსენებთ, სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება „ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში იქნება დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო გემების შემოწმებას თურქეთის წყლებში ერთობლივი ჯგუფი განახორციელებს“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი. შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, 20 ივლისს დააკავეს. ამასთან, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.
ბოლო 7 დღის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა
18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, 2441-ით მეტი ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 7508 პაციენტი და გარდაიცვალა 5 კოვიდინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ჩატარდა 74 245 ტესტი. დადებითობის მაჩვენებელმა 13.81% შეადგინა. საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 1 686 218 შემთხვევაა აღრიცხული, 16 859 გარდაიცვალა. ცნობისთვის, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 7 812 შემთხვევა გამოვლინდა. ვრცლად წაიკითხეთ სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა
ქართველმა პოლიციელებმა როტერდამში პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდი ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში მიმდინარე „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ში მონაწილეობას წარმატებით განაგრძობს. ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, კობა კობახიძე ძალისმიერ წოლჭიმში, 120 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კობა კობახიძეს სხვა არაერთი საერთაშორისო სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული. პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი. მან ძიუდოში, 66 კგ წონით კატეგორიაში, ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდს „პოლიციროისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ზე 4 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
დავით მირცხულავა: აზერბაიჯან-ევროკავშირის მემორანდუმმა კასპიის აუზის ქვეყნებს შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაუხსნა, აქ განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს
ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გასულ კვირას ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ისტორიული მემორანდუმის შემდეგ, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში კასპიის აუზის ქვეყნების როლი იზრდება. მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ნიშა, რომლის სატრანსპორტო არხებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენებში, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილმა ენერგორესურსებმა უნდა გაიაროს. რას ცვლის აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ისტორიული ენერგეტიკული მემორანდუმი, ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის და რა როლი აქვს საქართველოს. ამ და სხვა საკითხებზე ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. ET: 19 ივლისს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა, თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ აზერბაიჯანი საკვანძო პარტნიორია. რა მნიშვნელობა აქვს ამ მემორანდუმს და რა გავლენა ექნება რეგიონზე ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად უსაფრთხოების კუთხით? უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ევროპისთვის და ზოგადად დასავლეთ ევროპისთვის ენერგორესურსების არასაიმედო მიმწოდებელია. როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდა აზერბაიჯანში, იქ სწორედ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საიმედო მომწოდებლის პოვნაზე იყო ლაპარაკი. ერთ-ერთ კომენტარში მან თქვა, რომ აზერბაიჯანი საკვანძო, მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, ილჰამ ალიევი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპას გაზის მნიშვნელოვანი მოცულობა მიაწოდოს და ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსების გავლენისგან თანდათან გათავისუფლდეს. 2022 წელს აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მოცულობას 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე ზრდის. ანალოგიური ზრდა იქნება 2023 წელსაც. 2026 წელს ახალი საბადოების გახსნის შემდეგ, ევროპა კიდევ დამატებით 4 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ET: როგორი იქნება ამ მემორანდუმში სხვა ქვეყნების როლი? იგივე თურქმენეთის, რომელსაც გაზის სოლიდური მარაგი აქვს და გასაღების ბაზარს ეძებს? აზერბაიჯანი ასევე ძალიან ინტენსიურად მუშაობს თურქმენეთთან. 90-იანი წლების ბოლოდან თურქმენული გაზის ექსპორტის მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა, შემდეგ იყო გარკვეული პაუზები. ტრანსკასპიური მარშრუტის თემატიკა ყოველთვის იყო დღის წესრიგში. დღეს ეს ძალიან აქტუალური საკითხია. 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გაყიდვა თურქმენეთს უპრობლემოდ შეუძლია. აზერბაიჯანი კი, TAP-თა და TANAP-ით ევროპისთვის ამ მოცულობის მიწოდებას შეძლებს. ფაქტია, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის გაიხსნა დამატებითი ფანჯარა. სწორედ ამ ქვეყნებისა და მთავრობების აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად გამოიყენებენ ამ ახალ შესაძლებლობას. შექმნილი რეალობა დაახლოებით, 20 წლის წინ არსებულ ვითარებას ჰგავს, როცა კასპიის ნახშირ-წყალბადებზე დაიწყო საუბარი და რამდენიმე ქვეყანამ შექმნა ეს ნიშა. დღეს თითქმის ანალოგიური გამოწვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ET: რას მიიღებს ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე საქართველო? ბუნებრივია, გაზისა და ნავთობპროდუქტების ასეთი მოცულობების გატარება საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. მივიღებთ დამატებითი მოცულობების სოციალურ გაზს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გაზი უნდა მიიღოს იმ მომხმარებელმა, რომელსაც რეალურად ეკუთვნის. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო დიდ შემოსავლებს მიიღებს. მე მხედველობაში მაქვს ბუნებრივი გაზის მოცულობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გაზი დამატებითი ღირებულებებით გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკაში, ენერგეტიკაში. აქცენტი ასევე უნდა გაკეთდეს სოციალურად დაუცველებზე, რათა მათ შეღავათები მიიღონ. ET: ყველა თანხმდება, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ენერგორესურსების ბაზარზე სოლიდური მოთამაშეა ყაზახეთი. პრეზიდენტმა თოყაევმა თქვა, რომ საკუთარი რესურსების გადასაზიდად ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. რამდენად რეალურია ამ გეგმის განხორციელება? თოყაევის გეგმების განხორციელება რეალურია. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა გამოიყენა თავისი პოლიტიკური ძალა და კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეაჩერა. მერე ისევ დაუშვა და კომპანიას სასაცილო ჯარიმა დააკისრა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მილსადენია, რომელიც ნოვოროსიისკამდე მიდის და მისი მეშვეობით ყაზახური ნავთობის 80% ექსპორტზე გადის. იყო ვერსია, რომ გაზის ჩასაჭირხვნი მოწყობილობა გაუფუჭდათ, შემდეგ კი, გარემოს დაცვის სტანდარტს არღვევდნენ. ფაქტია, რომ ამან ყაზახეთის პრეზიდენტი აძულა, დაეწყო ფიქრი ალტერნატიულ მარშრუტებზე და ამ ალტერნატიულ მარშრუტებში გაჩნდა ორი ოფციონი. ესაა საქართველოს რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც, ყაზახური ნავთობის საქართველოს პორტებში გადაზიდვა და შემდგომ ევროპაში გატანაა შესაძლებელი. ასევე საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, სადაც აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად მოხდება დამატებით ყაზახური ნავთობის ჩაჭირხვნა. ჩვენ შემთხვევაში, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, რკინიგზას შეუძლია 4-დან 5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადაზიდვა. საუბარია, რომ ამას დაემატოს 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი. ბუნებრივია, ასეთი პოტენციალი შესაბამისი სამუშაოს ჩატარების საფუძველზე არსებობს. ყაზახური მხარე აცხადებდა, რომ ამ მარშრუტით 1 ტონა ნავთობის გადაზიდვა $9-ით მეტი ღირდა, მაგრამ ყაზახეთისთვის ეს მაინც მისაღები იყო, რადგან თუ რუსეთმა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება შეაჩერა ეს საკმაოდ მძიმე იქნება ყაზახეთისთვის, რადგან ბიუჯეტის 80% ამ სეგმენტიდან ივსება. ამასთან, ყაზახეთის ეკონომიკური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. სწორი იყო და მართებული, რომ ყაზახეთმა დაიწყო ამ ალტერნატიული მარშრუტების ძებნა, საქართველოს აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მნიშვნელოვანი ხდება კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის. გაზთან დაკავშირებით, თურქმენეთიც იწყებს ფიქრს და ყაზახეთთან რამდენიმე სამთავრობო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა თურქმენეთში. ეს მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს შემოსავლების ზრდისთვის. ET: რა როლი აქვს ახალ რეალობაში თურქეთს? ცოტა ხნის წინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის შელფზე გაზის სოლიდური მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. ამასთან, თურქეთი აქტიურად განიხილავს თურქმენული გაზის ევროპაში ტრანზიტის საკითხს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთი ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანული მილსადენები მათ ტერიტორიაზე გადის. TAP და TANAP-ის ფუნქციონირება სწორედ თურქეთის ტერიტორიებთანაა დაკავშირებული. როგორც კი დაიწყო კასპიის რესურსების გამოყენება, თურქეთი იმ დღიდან არის ჩართული პროექტებში და ცდილობს, თურქმენეთის პოტენციალი გამოიყენოს. სწორედ თურქმენული გაზის ტრანსპორტირების ხელშეწყობაა თურქეთის პრიორიტეტი. ეს ქვეყანა ცდილობს, რომ თურქმენეთის გაზის დიდი მარაგები ევროპის ბაზარზე გავიდეს. თურქეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ET: კასპიის აუზის ქვეყნების რესურსები და საქართველოს სატრანზიტო როლი - რამდენად მზადაა საქართველო და აქვს პოტენციალი, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს ფუნქცია წარმატებულად შეასრულოს? მაგისტრალურ გაზსადენებისა და ნავთობსადენების სახით გვაქვს მზა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება რკინიგზას, გადაზიდვებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილის გასაზრდელად გარკვეული სამუშაო იქნება ჩასატარებელი. თუმცა ის მოცულობა, რაც იყო ნახსენები, 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი, ეს საკითხი შესწავლილია და საქართველოს რკინიგზას აქვს პოტენციალი, ეს მოცულობა გაატაროს, რომელიც შემდეგ ჩვენი პორტების საშუალებით გავა ევროპის ბაზარზე. ყაზახეთის ნავთობის წილი, მსოფლიო ბაზრის 1%-ია. რიგი ქვეყნების მოხმარებაში კი, ყაზახური ნავთობის წილი 20-30%-ს შეადგენს. ყაზახეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებამ 90-იან წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რის შემდეგაც ჩვენ ეს ფუნქცია მივიღეთ და ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე უსაფრთხოების კუთხით, რადგან ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყანა ვართ.
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2022 წლის 26 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამასთან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 242 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.749 პროცენტით, მაქსიმალური 9.890 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.832 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
კახა კალაძე: საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ჩვეულებრივი სიცრუე, როდესაც ხდება სიცრუის ტირაჟირება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. "ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. ელიტური კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მთელი რიგი გლობალური რეიტინგების შედეგები და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები", - ნათქვამია განცხადებაში.
სტამბოლში ამუშავდა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნებს“ მონიტორინგს გაუწევს
სტამბოლში ამუშავდა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნების“ მუშაობას მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ მხარეზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალქსანდრ კუბრაკოოვი თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს შეხვდა. „ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობა ინტენსიურად გრძელდება“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა. ამასთან განაცხადა, რომ ხორბლის გადმოტვირთვა ამ კვირაში დაიწყება და მთავარია უკრაინის პორტებიდან პირველი გემი სწრაფად დაიძრას. ჰულუსი აკარის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია დენვერს ეწვია
ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის დახმარებით, ქართული დელეგაცია სასწავლო ვიზიტით კოლორადოს შტატში დენვერს ეწვია. სასწავლო ვიზიტი ჩატარდა 18-22 ივლისს. ვიზიტის თემას კიბერ-დანაშაულის გამოძიება, დევნა, და ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობა წარმოადგენდა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ვიზიტის მიზანი იყო ამერიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემატიკაზე, და მასში მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა, გამომძიებლებმა და სამართლებრივმა მრჩევლებმა. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ციფრული პროკურორი“-https://ndaa.org/, რომელზეც ამერიკის სხვადასხვა შტატიდან წარმოდგენილმა ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება კიბერდანაშაულთან და მუდმივად მზარდი რაოდენობის ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობის შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. კონფერენციის შემდგომ, ქართული დელეგაცია შეხვდა ამერიკის ფედერალური პროკურატურის დენვერის ოფისის წარმომადგენლებს: შტატის პროკურატურის ოფისს დენვერში და მის ხელმძღვანელს ბეთ მაქკენს; ამავე პროკურატურის კიბერდანაშაულთან ბროლის სამმართველოს; დენვერის პოლიციის დეპარტამენტს; ქალაქ ბოლდერის შერიფის დეპარტამენტს; ბოლდერის პროკურატურას, და მის ხელმძღვანელს, მაიკლ დოგერთის. შეხვედრებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის სამმართველოსთვის საინტერესო ციფრული პროგრამები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.
გერმანიის საელჩო: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გამოითქვა მტკიცე რწმენა, რომ მაღალ დონეზე თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება
გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, „გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა შესანიშნავ გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. საუბრისას გამოითქვა მტკიცე რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე მაღალ დონეზე გაგრძელდება. გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა 25 ივლისს გამართა. ჰუბერტ ქნირში, საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.
საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.
ბრიტანეთმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ბრიტანეთმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების სია გააფართოვა. მედია: საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების ქონებაზე გამოძიება დაიწყო სანქცირებულთა სიაში რუსეთის კიდევ 41 მოქალაქე მოხვდა, რომელთაც ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, ხოლო მათი აქტივები დაყადაღდება. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად იუსტიციის მინისტრი კონსტანტინ ჩუიჩენკო, ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის ნათესავები და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვიტალი ხოცენკო, ასევე ე.წ. ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოადგილე ვლადისლავ კუზნეცოვი და სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი. მანამდე, საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკის განსაზღვრულ სექტორებს შეეხება. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა ევროკავშირის სანქციები რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, წარმოებაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საგნებზე ვრცელდება. ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“ სანქციები, ევროკავშირმა 2014 წელს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ დააწესა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაფართოვდა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი ძალაში ივლისში შევიდა. სანქციები რუსული ოქროს იმპორტს, პირდაპირ ან ირიბ ტრანსფერს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდანაც კრძალავს. აკრძალვა ვრცელდება საიუველირო ნაწარმზეც.