ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნურ-სულთანის ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონო დაკავებაზე: გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლით უნდა გაეცეს პასუხი

პარლამენტის თავჯმდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო დაკავებაზე საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოწვევას გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლით და დაკავებულების გამოსახსნელად მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით შეიძლება, გაეცეს პასუხი. სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს ნდობა უნდა გამოუცხადონ იმ სამსახურებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული და ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ. რაც უფრო მეტად ხდება აჟიტირება ამ საქმის, არაფერი გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა ხდება, ამას არ მოაქვს. საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმაოდ პროფესიონალურადაც მუშაობენ და შესაბამის შედეგსაც აღწევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, 20 ივლისს დააკავეს.  აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.  

ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.  ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრის კლოდ ტურმესის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უნგრეთი წავიდა   „ევროკავშირი გაერთიანდა, დათანხმდა გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებულ რეგულაციას. რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხის გასაცემად, გაზის მოხმარების 45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება საუკეთესო ნაბიჯია. ამ ინიციატივას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა“, - განაცხადა მინისტრმა. გეგმის მიზანი საგანგებო ვითარებაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთიდან მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება. ევროკომისიის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნებისთვის ან მთლიანად ბლოკის ქსელისთვის გამონაკლისებს ითვალისწინებს.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.  20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს. 21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდა.   

ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით Anadolu წერს. მისივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. სხვა დეტალები არ ვრცელდება. შეხვედრას წინ უძღვის სტამბოლის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა განახლდეს. გასულ ოთხშაბათს, ერდოღანი და პუტინი ირანის დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

ერდოღანი: თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის. თურქულ რადიოსთან ინტერვიუში ერდოღანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავის ბოლო ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანსა და თურქეთს შორის რვა ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აქვე დაამატა, რომ ანკარას თეირანიდან ენერგიის იმპორტი უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება, განსაკუთრებით, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში. თურქეთს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი აქვს სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, 20 ივლისს განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ლიდერები მე-7 სამიტზე ასტანას ფორმატში შეიკრიბნენ, რათა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი განეხილათ. განსაკუთრებით, იგულისხმება YPG/PKK და Daesh/ISIS, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“. ერდოღანის თქმით, PYD/PKK ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს სირიის გაყოფას გარე მხარდაჭერით. „მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვეს რეგიონში ტერორიზმის გაფართოებისთვის ადგილი არ არის“.

ილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მუხტარ ტლეუბერდს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური დერეფნის ფუნქციონირების ეფექტურობისა და გამტარიანობის გაზრდის საკითხებს. კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო სტრუქტურებში კანდიდატურების მხარდაჭერის მიმართულებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის ეფექტურობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება 2022 წლის ბოლოს საქართველოში. შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.  

გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II გადასცა

უკრაინამ გერმანიისგან მძიმე შეიარაღება მიიღო.  გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის სხვა სისტემების გადაცემაც იგეგმება.  „უკრაინას გადავეცით ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitzen 2000-ი, ჩვენ სიტყვას ვასრულებთ“, - განაცხადა ლამბრეხტმა.  შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიიდან გეპარდის პირველი სამი თვითმავალი საზენიტო იარაღი და რამდენიმე ათეული ათასი ტყვია საბრძოლო მასალა მიიღეს.  მთლიანობაში, უკრაინა ბუნდესვერისგან 30 გეპარდის ტანკს (საბრძოლო მასალით); Mars II-ის სამ მრავალჯერად სარაკეტო სისტემასა და 10 Panzerhaubitzen 2000 თვითმავალ ჰაუბიცას მიიღებს.   

საქართველოს პრეზიდენტსა და ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს შეთანხმების საფუძველზე, 3 წლის ქართველი გოგონა კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტსა და ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს, Bambino Gesu შორის ერთი წლის წინ, რომში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 3 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების განსაკუთრებით რთული ფორმა აქვს, საავადმყოფოში სამკურნალოდ გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პაციენტს, გამონაკლისის სახით, უფასოდ გაეწევა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.  

საფრანგეთის პრეზიდენტი სასურსათო კრიზისს აფრიკის ტურნეს ფარგლებში განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კამერუნში, ბენინსა და გვინეა-ბისაუში ოთხდღიანი ვიზიტის დროს, უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სურსათის კრიზისს განიხილავს. ამის შესახებ ელისეს სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN. „უკრაინის ომის გავლენები მკვეთრად იგრძნობა აფრიკის კონტინენტზე, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე. ეს მოგზაურობა იქნება შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ გრძელვადიან ინვესტიციებს დაუცველ ქვეყნებში, განსაკუთრებით, აფრიკაში“, - განაცხადა სპიკერმა. მაკრონი კამერუნის 89 წლის პრეზიდენტს, პოლ ბიას შეხვდება. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ  2015 წლის შემდეგ. ორშაბათს დაწყებული ტურის განმავლობაში მაკრონი ასევე ისაუბრებს უსაფრთხოებასა და ტერორისტულ საფრთხეზე, რომლებიც კვლავ ვრცელდება საჰელსა და დასავლეთ აფრიკაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე იმყოფება აფრიკაში. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

თენგიზ ცერცვაძეს COVID19 დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ Europetime-ს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.  ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს COVID19 პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა. ასევე წაიკითხეთ: ბოლო 7 დღის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა  

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთსა და საფრანგეთში მიემგზავრება

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთსა და საფრანგეთს ეწვევა. იტყობინება საუდის არაბეთის სააგენტო (SPA). მისი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა 18-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ვიზიტის ზუსტი თარიღი ინფორმაციაში არ არის მითითებული. პრინცი ბოლოს საფრანგეთში 2018 წლის აპრილში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ჩინეთი ტაივანს აფრთხილებს, რომ მტკიცე რეაგირებას მოახდენს, თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - კუნძულს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. პელოსი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც სავარაუდოდ, ტაივანს 1997 წლის შემდეგ ეწვევა, რამაც ანალიტიკოსების თქმით, შეიძლება, ტაივანის სრუტეში დაძაბულობა გამოიწვიოს. „ჩინურმა მხარემ არაერთხელ გამოხატა ჩვენი სერიოზული შეშფოთება სპიკერ პელოსის პოტენციური ვიზიტის შესახებ ტაივანში და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ვიზიტს. მზად ვართ ნებისმიერი შემთხვევისთვის. თუ ამერიკული მხარე დაჟინებით მოითხოვს ვიზიტის განხორციელებას, ჩინური მხარე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მტკიცე და ძლიერ ზომებს მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა მისგან წარმოშობილ ნებისმიერ სერიოზულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. რატომ სურს პელოსის ტაივანში ვიზიტი პელოსი სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მტკიცე კრიტიკოსი იყო კონგრესში. მაგალითად, ერთხელ, პეკინის ტიანანმენის მოედანზე გაშალა ბანერი 1989 წელს პროდემოკრატიული დემონსტრანტების სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ტაივანი კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და პელოსიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა“. რატომ გამოიწვევს ვიზიტი დაძაბულობის ზრდას? ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი, როგორც მისი საკუთარი ტერიტორია, საჭიროების შემთხვევაში ძალით ანექსირებული იქნება და მისი სამხედრო გაძლიერება ბოლო წლებში ძირითადად, სწორედ ასეთ მისიას ემსახურება. პეკინი ტაიპეისა და ვაშინგტონს შორის ყველა ოფიციალურ კონტაქტს ეწინააღმდეგება და შურისძიებით რეგულარულად იმუქრება. 1995 წელს, ტაივანის მაშინდელი პრეზიდენტის, ლი ტენ-ჰუის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში სამხედრო წვრთნები დაიწყო და რაკეტები გაისროლა, მაგრამ მას შემდეგ მისი სამხედრო შესაძლებლობები განვითარდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს, თუმცა მისი პასუხი არაპროგნოზირებადი რჩება. საფრთხის შემცველი სამხედრო წვრთნები და გემებისა და თვითმფრინავების შეჭრა განიხილება პოტენციურ სცენარებად, რომლებიც მთელ რეგიონს საფრთხის წინაშე დააყენებს. როგორია ტაივანის დამოკიდებულება ვიზიტის მიმართ? რიტორიკა რბილია, რაც შესახლოა, ასახავდეს მის მშვიდ ქცევას და, სურვილს, არ დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომელიც გადამწყვეტ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, კონტინენტურ ჩინეთში მილიონი ტაივანელი ცხოვრობს. დედაქალაქმა ტაიპეიმ ორშაბათს სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის საზოგადოება კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის მოთხოვნებს გაერთიანების შესახებ, კუნძულის სამხედროების შესაძლებლობა, თავი დაიცვან აშშ-ის დახმარების გარეშე, ძალზე საეჭვოა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ყოველთვის მიესალმება აშშ-ის კანონმდებლების ვიზიტებს, მთავრობას ჯერ არ მიუღია რაიმე „ზუსტი ინფორმაცია“ პელოსის ვიზიტის შესახებ. „სამშაბათს, წვრთნების დროს საუბრისას თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ სამხედროები აკონტროლებენ ჩინეთის სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ყველა მოძრაობას კუნძულის გარშემო. „ამავდროულად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, - აღნიშნა სპიკერმა. Financial Times-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ პელოსი აგვისტოში ტაივანში ჩასვლას გეგმავს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა FT-ის ცნობებზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.   მომზადებულია Alarabiya-ს მიხედვით

ლიეტუვური Getjet-ი ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს. ლიეტუვური ავიაგადამყვანი Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და მთავრობა ხელს უწყობს, რათა ჩვენს ქვეყანაში ბალტიისპირეთიდან უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბალტიის ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. რეგიონის მთავარი ქალაქებთან პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა მეტ ვიზიტორს ჩამოიყვანს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი მიმართულების არსებობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის პირველი აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება. ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნებიდან 2022 წელს, იანვარი - ივნისის პერიოდში 347 პროცენტით მეტი ვიზიტი შესრულდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლიეტუვიდან ვიზიტების ზრდამ 294.6 პროცენტი, ლატვიიდან - 375.4 პროცენტი, ხოლო ესტონეთიდან - 438.1 პროცენტი შეადგინა.

დაძაბულობის ფონზე, იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი ყოველთვის ღიაა რუსეთთან დიალოგისთვის

რუსეთში ებრაული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და იერუსალიმის ურთიერთობები „მემკვიდრეობას, უწყვეტ კავშირსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება. ინფორმაციას The Times of Israe-ი ავრცელებს. ლაპიდი ამბობს, რომ თუ „სამართლებრივი საკითხები წამოიჭრება რუსეთში ებრაული სააგენტოს მნიშვნელოვან საქმიანობასთან დაკავშირებით, ისრაელი, როგორც ყოველთვის, მზადაა, დიალოგში ჩაერთოს. იაირ ლაპიდი რუსეთს აფრთხილებს ლაპიდის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის ლიდერმა კომენტარი კრემლის პრესსპიკერის, განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ებრაულ სააგენტოსთან დაკავშირებით ვითარება არ უნდა იყოს პოლიტიზებული. გასულ კვირას, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ებრაული სააგენტოს საქმიანობის „დაშლის“ შესახებ ოფიციალურად მოუწოდა, მიზეზად კი, ორგანიზაციის მიერ „ადგილობრივი კანონების დარღვევა“ დაასახელა. თუმცა Timesofisrael-ის ცნობით, ისრაელი თვლის, რომ ეს ნაბიჯები არა სამართლებრივ საკითხებს, არამედ, უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსკოვის მიერ იერუსალიმის წინააღმდეგ შურისძიებას უკავშირდება.  „პრემიერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირები მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ებრაული თემის საქმიანობა რუსეთში მნიშვნელოვანია და ის მონაწილეობს ყველა დიპლომატიურ დისკუსიაში მოსკოვის ადმინისტრაციასთან“, - ნათქვამი იყო პრემიერის ოფისის განცხადებაში. ამასთან, მისივე შეფასებით, „ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კავშირებზე“. ლაპიდის განმარტებით, დელეგაცია მზად იქნება მოსკოვში წასასვლელად, როგორც კი „მოლაპარაკებებზე რუსეთის თანხმობას მიიღებს“. ინფორმაციისთვის, ებრაულ სააგენტოს, რომელიც ისრაელის მთავრობის არაოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, ისრაელში იმიგრაციის ზედამხედველობა და წახალისება ევალება. ისრაელში ემიგრაციის მსურველებმა განაცხადები სწორედ ებრაული სააგენტოს მეშვეობით უნდა წარადგინონ. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.

უკრაინაში კიდევ 25 დამცველის ცხედარი დააბრუნეს

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში კიდევ 25 დამცველის ცხედარი დააბრუნეს. „მორიგი ოპერაცია ჩატარდა. უკრაინამ კიდევ 25 დამცველის ცხედარი დააბრუნა", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარ ოლეჰ კოტენკოსთან და უკრაინის სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა. მარიუპოლის 220 დამცველის ცხედარი კიევში გადაასვენეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის ქოლ-ცენტრმა 7200 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაარეგისტრირა. ამის შესახებ განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარმა ოლეჰ კოტენკომ 11 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, დაკარგული ჯარისკაცების უმეტესობა ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება. კერძოდ, ესენი არიან 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლები.

ზელენსკის ადმინისტრაციამ უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმის განსახილველად 28 ქვეყნის ელჩები მიიწვია

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 28 ქვეყნის ელჩებს უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმაში მონაწილეობის განსახილველად მოწვევის წერილები დაეგზავნა. ყველა დანგრეული საცხოვრებელი სახლისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის შესახებ, მოლაპარაკებები უკვე გაიმართა თურქეთთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ესტონეთთან და ევროკავშირის დელეგაციასთან,  - განაცხადა ტიმოშენკომ ბრიფინგზე. მისივე თქმით, განიხილეს კიევის, ოდესის, ჟიტომირისა და ხარკოვის რეგიონების რეკონსტრუქციის გეგმები. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი თითქმის $17,4 მილიარდია. 4-5 ივლისს, შვეიცარიაში, ლუგანოში გაიმართა უკრაინის აღდგენის კონფერენცია, სადაც შესაბამისი პროექტი წარადგინეს.  

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინას ეწვევიან

უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ. ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. „ორი დღის განმავლობაში უაღრესად ღირებული საუბარი შედგა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. ჩვენი ქვეყნები არ შეამცირებენ აქტივობას უკრაინაში, ორივე ვგეგმავთ ახალ ვიზიტებს კიევში. ჩვენ არ დავემორჩილებით რუსეთის შანტაჟს", - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. „ამ კვირაში პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის და რაც მთავარია, უკრაინის პოზიციების შემდგომი წინსვლის მომსწრე გავხდებით - ფრონტზე, დიპლომატიასა და ეკონომიკაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივლისს, ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი 19 ივლისს განიხილეს. „მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-მ ასობით ფრენა გააუქმა

ოთხშაბათს ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიდან თითქმის ყველა ფრენა გაუქმებულია, რადგან Lufthansa-ს სახმელეთო პერსონალი ანაზღაურების გამო გაფიცვას აპირებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანკფურტის აეროპორტიდან 646 ფრენას და მიუნხენიდან კი, 330 ფრენას გააუქმებს. Anadolu-ს ცნობით, Lufthansa მგზავრებს აფრთხილებს, რომ გაფიცვამ შესაძლოა, ამ კვირის ბოლოს ფრენების შემდგომი გაუქმება ან შეფერხება გამოიწვიოს. Lufthansa-ს თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს Deutsche Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები ოთხშაბათს ერთდღიან გაფიცვას მოაწყობენ. Reuters-ის ცნობით, გაფიცვებმა და პერსონალის დეფიციტმა უკვე აიძულა ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa, ათასობით ფრენა  გაეუქმებინათ, რამაც მთავარ აეროპორტებში მრავალსაათიანი რიგები გამოიწვია.   Lufthansa-ს სახმელეთო დანაყოფების თანამშრომლების გაიფიცვა დამატებით პრობლემებს შექმნის, რადგან საუბარია ისეთ თანამშრომლებზე, რომლებსაც ეხებათ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და ბორტზე გადაადგილება. გაფიცვა გავლენას მოახდენს გერმანიის აეროპორტებზე, მათ შორის ფრანკფურტის, დუსელდორფისა და ბერლინის ჩათვლით. ფროფკავშირებმა გასულ თვეს მოითხოვეს ხელფასების 9,5%-ით გაზრდა დაახლოებით 20,000 მუშაკისთვის, რადგან ინფლაციამ იკლო და აეროპორტები პერსონალის დეფიციტის გამო გადატვირთულია. Lufthansa თავის მხრივ, თავისი პირობები წარმოადგინა, რასაც პროფესიული კავშირი არ დაეთანხმა.  ხელფასების შესახებ მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მესამე რაუნდი 3 და 4 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ოლენა ზელენსკა: მოუთმენლად ველით გამარჯვებას

„ყველაზე საშინელი თვეები ჩემსა და ყველა უკრაინელის ცხოვრებაში“, - ამ სიტყვებით აღწერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა Vogue-თან ინტერვიუში. ოლენა ზელენსკამ ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა, რომ თანამემამულე უკრაინელების მიერ არის შთაგონებული. „ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. ეს არის ის, რაც გამძლეობას გვმატებს“, - ამბობს უკრაინის პირველი ლედი. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის პირველი ლედი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ბაიდენს, პირველ ლედის და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა.  მიმართა კონგრესს და განუცხადა დეპუტატთა ორპარტიულ ჯგუფს, რომ საუბრობდა როგორც დედა და ქალიშვილი და არამხოლოდ პირველი ლედი. ზელენსკამ რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინელი ბავშვების ფოტოები წარადგინა და ამერიკელ კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ. „ეს არის გზავნილი უფრო გულწრფელი გამოვლინება, რომელსაც მისი ქმარი მთელი ამ ხნის განმავლობაში იმეორებდა: რომ ომი უკრაინაში უფრო მეტს ეხება, ვიდრე უკრაინას - ეს არის ის, თუ ვინ დაიცავს დასავლეთის ღირებულებებს და ომის შემდგომ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. თუ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, სუვერენულ ქვეყანაში შეიჭრას, რათა თავისი ამბიცია დაიკმაყოფილოს და იმპერია აღდგინოს, სად გაჩერდება ის?”, - აღნიშნულია სტატიაში. ოლენა ზელენსკა აშშ-ის კონგრესს: ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს

ზელენსკი უინსტონ ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდოს მფლობელია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უინსტონ ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდო მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური დაჯილდოების ცერემონიაში ვიდეოკონფერენციის ფორმატში მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც ჯილდო თავად წარუდგინა უკრაინის პრეზიდენტს.   ინფორმაცია გაავრცელა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც. „სერ უინსტონ ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდოზე პრეზიდენტი ზელენსკი წარდგენილია წარმოუდგენელი გამბედაობის, დაუმორჩილებლობისა და ღირსების გამო, პუტინის ბარბაროსული შეჭრის ფონზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „უინსტონ ჩერჩილის ლიდერობის ჯილდო არის ჯილდო ყველა უკრაინელისთვის. ყველა კაცისა და ქალისთვის, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ პოლიტიკურ კუმირს, უინსტონ ჩერჩილს ჯერ კიდევ მარტში შეადარა. ბორის ჯონსონი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტთან განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოუყალიბდა, ამბობდა, რომ ზელენსკი საკუთარი ხალხის ხმად იქცა. „მან იცის, როგორც ჩერჩილი ამბობდა საკუთარ თავზე, შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს. უკრაინელი ხალხია ლომი და ის აჩვენებს ნებას და დაუმორჩილებლობის განცდას“, - აცხადებდა ბორის ჯონსონი.