ძებნის რეზულტატი:

ინფექციონისტი: ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე COVID19 გადატანილი არ ჰქონდა

დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა COVID19 გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი - „ომიკრონის“ დროს, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში COVID19-ის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პაციენტი მისივე თქმით, ადრე არსებული რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე ძალაში აღარ არის. “ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს: - გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული "ენტეროვირუსი", სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს. - ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ. - მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ. - ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო. - სწრაფი ტესტი ან PCR შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე. - c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება. - D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს. - სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი“,- წერს ბუწაშვილი.  

ანკარა და ბაქო გამარტივებულ საბაჟო დერეფანს ქმნიან

 თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მეჰმედ მუშის განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესაქმნელად, დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ. „ჩვენ ვქმნით ტექნიკურ ბაზას, რათა აზერბაიჯანთან ამ პროექტის საპილოტე რეჟიმში რეალიზაცია დავიწყოთ. თურქეთი ასევე მზადაა, ასეთივე საბაჟო დერეფანი შექმნას უზბეკეთთან“, - ამის შესახებ მეჰმედ მუშმა ტაშკენტში აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ვაჭრობის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.  მისი თქმით, თურქეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვა $1 ტრილიონს გაუტოლდა, ხოლო სამი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 130 მილიონს აღწევს, რაც უფრო დიდი პოტენციალის მაჩვენებელია.  მუშმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან გაფორმებული შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთი ამ პოტენციალის რეალიზებას. „აზერბაიჯანი და უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თურქეთის ვაჭრობაში ცენტრალურ აზიასთან, თურქეთი კი, თავის მხრივ, ხიდის როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და უზბეკეთისთვის ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აფრიკასთან ვაჭრობაში“, - განაცხადა მან.  

თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული მარცვლეულითა და სიმინდით დატვირთული გემის RAZONI-ის ინსპექტირება დრეს დილიდან დაიწყება. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა  „საინსპექციო სამუშაოები ჩატარდება მარცვლეულით დატვირთულ RAZONI-ზე, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან გამოვიდა და წუხელ ბოსფორის შავი ზღვის შესასვლელთან 10:00 საათზე ღუზა ჩაუშვა“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.   

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 41 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 41 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 774 ტანკი, 4 022 ჯავშანტექნიკა, 939 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 118 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 739 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 922 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 82 ერთეული სპეცტექნიკა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქები, შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. „საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. გამოძიების პროცესში, ზემოაღნიშნული ობიექტებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით მედიკამენტი. დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი - წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ივლისის ბოლოს მოსკოვში პუტინს შეხვდა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა, ტელეარხ RTL/ntv-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივლისის ბოლოს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს შრიოდერი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კრემლს უკრაინასთან კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრა სურს. მისი თქმით, უკრაინიდან ხორბლის გასატანად მიღწეულ შეთანხმება პირველი წარმატებაა, რომელიც, შესაძლოა, თანდათან გაფართოვდეს და მხარეები საზავო შეთანხმებამდე მივიდნენ. ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა შრიოდერმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომის დაწყებას შეცდომად მიიჩნევს, ყირიმს კი - რუსეთის რეგიონად. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობას, შრიოდერმა მეგობრობის შეწყვეტა გამორიცხა და თქვა, რომ პუტინისგან მისი დისტანცირება არავის არაფერს მოუტანს.  

ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე მზადაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხი მთავრობასთან განიხილოს. ამის შესახებ Helsingin Sanomat წერს. მისი თქმით, ფინეთში რუსების ჩასვლამ და ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლამ უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრის აზრით, ამ გზით მათ შეუძლიათ, რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს გვერდი აუარონ. ნიინისტეს თქმით, ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰავისტოსთან განიხილა. შეგახსენებთ, ევროკომისამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეშერების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან სანქციების პირდაპირი სამიზნეა რუსეთის ელიტა და ხელისუფლება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.    

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.  მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და მასთან დაკავშირებული პროცესია. შალვა პაპუაშვილის გარდა, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრაში მონაწილეობენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.   

ერთ წელიწადში პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, კვერცხი და ყველი 17%-ით გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (29.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.9 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, რაც 2.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7 პროცენტი) სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: გადასახადი საცხოვრებელზე (27.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4 პროცენტი).  

ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა

აშშ-ის წარმომადგენელტა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და განაცხადა, რომ სურს, გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტაიბეისა და ვაშინგტონს შორის. უფრო კონკრეტულად, პელოსი საპარლამენტო დონეზე კავშირების გაფართოებას უჭერს მხარს. „ჩვენ მოვედით, როგორც მოგობრები. მადლობას გიხდით თქვენი ხელმძღვანელობისთვის. გვინდა, რომ მსოფლიომ აღიაროს ეს. ტაივანის ისტორია არის შთაგონების წყარო ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის აშშ-სა და მთელ მსოფლიოში.  თქვენ შექმენით აყვავებული, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი  დემოკრატია, მსოფლიოში, რომელსაც ამაყად ხელმძღვანელობს ქალი პრეზიდენტი“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. პელოსიმ დაამატა, რომ მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს. „ერთი არის უსაფრთხოება, უსაფრთხოება ჩვენი ხალხისთვის, გლობალური უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მესამე - მთავრობები“. ცნობისათვის, 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. პეკინი გაფრთხილებით მანამდეც გამოვიდა. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: გასულ წლებთან შედარებით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება

"გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების მატებითაა განპირობებული", - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევაში. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ახალი კვლევა - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა“ წარადგინა. კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. „მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა, რადგან ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული. ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი შემცირდა. მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად დასანქცირებული კონკრეტული პიროვნების ან კომპანიის მიერ, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში 6,400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა; 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისში კი ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა; ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო; 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია; ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა - 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5% უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაშიც; კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო; 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა; 2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. რეკომენდაციები - საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამონაწილეობით მიმდინარე წლის აპრილში უკვე გავასაჯაროვეთ რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის: რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება; სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს; საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში.  

აშშ უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინელებს ექვსი HIMARS-ი გაუნადგურეს

პენტაგონში უარყოფენ რუსეთის ფედერაციის განცხადებას, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს ექვსი HIMARS-ი გაუნადგურეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ტოდ ბრესილმა განაცხადა.  „ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის შოიგუს განცხადება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა სპიკერმა.  მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები HIMARS-ებს „ზუსტად და ეფექტურად იყენებენ“.  2 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ე.წ. სელექტორულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციისას“ გაანადგურეს ამერიკული სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის 6 გამშვები დანადგარი და 200-ზე მეტი რაკეტა. შოიგუს განცხადება უკრაინის არმიის სარდლობამ უარყო.  

იტალიური კომპანია "Demaclenko" საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

იტალიური კომპანია "Demaclenko" საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას "Demaclenko" ავრცელებს. იტალიური კომპანია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეიმ" ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟის შესახებ 90.5-მილიონიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკვალიფიკაცია მოყვა. "საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის განკარგულებით საბოლოო ლეგიტიმაცია მიეცა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევებით ჩატარებულ განსაკუთრებით დიდი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანია შპს "ემ თი ეიმ" წარმართა. საქმე ეხება ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად გათოვლიანების სისტემის შეძენა-მონტაჟს. აღნიშნული მიზნით, სავარაუდო კორუფციული სქემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან იგეგმებოდა 137,828,652.00 ლარის გადახდა, რაც დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 47 მილიონი ლარით აღემატებოდა პროექტის რეალურ ღირებულებას.სახელმწიფო შესყიდვის პროცესში უხეშად დაირღვა როგორც საქართველოს მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა), ასევე იტალიური კომპანია "დემაკლენკოს“ უფლებები, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მონტაჟის სფეროში მსოფლიოში არის ცნობილი და საქართველოშიც აქვს განხორციელებული რამოდენიმე წარმატებული პროექტი.გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:1. „დემაკლენკომ“, კონკურენტ კომპანია ,,ტექნოალპინთან“ შედარებით, წარადგინა 45 მლნ ლარით იაფიანი შეთავაზება. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, გაურკვევლი და კანონით გაუთვალისწინებელი პროცედურით მოხდა ტექნოალპინის შეთავაზების შემცირება. შემცირების მიუხედავად, დემაკლენკოს შეთავაზება სახელმწიფო ბიუჯეტს მაინც ბევრად ნაკლები თანხა უჯდებოდა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიად მაინც „ტექნოალპინი“ გამოცხადდა;2. „დემაკლენკოს“ აქტიურობამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა იძულებული გახადა შპს ,,ემ თი ეი“, საქართველოს მთავრობა და „ტექნოალპინი“ მთლიანობაში დაახლოებით 47 მილიონი ლარით შეემცირებინათ 137 მილიონ ლარიანი შესყიდვა;3. ცალსახაა სერიოზული გადაცდომები პროექტის მომზადების პერიოდში, რომლის ტექნიკური პარამეტრები მიზანმიმართულად მთლიანად მოერგო კონკურენტ Technoalpin-ზე.4. 2018 წლიდან ოფიციალურად არის ცნობილი, რომ 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. შესაბამისად, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები: რატომ ჩატარდა არაკონკურენტული, არაგამჭვირვალე, დაჩქარებული შესყიდვა გამარტივებული წესით? შესყიდვის ეს ფორმა იმთავითვე ხომ არ იქნა დაგეგმილი კორუფციული სქემების გაადვილების მიზნით?5. აღნიშნული შესყიდვის პროცესში დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ყველა ძირითადი პრონციპი:ა) ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებუელბად განისაზღვრა ობიექტურ ღირებულებაზე 47 000 000 ლარით მეტი ფასი.ბ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება - ელექტრონული ტენდერის ნაცვლად ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა;გ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა - უპირატესობა მიენიჭა კომპანიას, რომელზეც იმთავითვე იქნა მორგებული შესყიდვის პირობები;დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა - შესყიდვის პროცედურა არ ჩატარდა საჯაროდ და გამჭვირვალედ.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია Demaclenko:1. სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვს შპს ,,ემ თი ეი“- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროთ 11 699 870 ლარის გადახდა;2. მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით;3. წერილობითი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს;4. მიმართავს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს;5. გამოიყენებს სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს საკუთარი უფლებების დასაცავად.კომპანია Demaclenko-ს ინტერესებს ,,კოჟორიძე და იურისტები“-ს ადვოკატები დაიცავენ", - ნათქვამია განცხადებაში.  

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ვნახავთ მოქალაქეების გაზრდილ მცდელობებს, რომ ხერსონი და მიმდებარე ტერიტორიები დატოვონ

"ვნახავთ მოქალაქეების გაზრდილ მცდელობებს, რომ ხერსონი და მიმდებარე ტერიტორიები დატოვონ", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობის, მიმდინარე ტერიტორიებზე საომარი მოქმედებები გრძელდება და ამავდროულად, საკვების დეფიციტია. უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონით არ შემოიფარგლება - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი „სავარაუდოდ, ჩვენ ვიხილავთ მოქალაქეების გაზრდილ მცდელობას, რომ ხერსონი და მიმდებარე ტერიტორიები დატოვონ, რადგან საომარი მოქმედებები გრძელდება და საკვების დეფიციტი იქნება. ეს სატრანსპორტო კვანძებსა და მარშრუტებზე ზეწოლას გამოიწვევს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კობა გვენეტაძე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა

როვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. როგორც სები-ის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. „სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტია სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება. მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება.  აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. „თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო" - ამბობს კობა გვენეტაძე.  მისი თქმით, ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. "რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია. ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალია და 11.5 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და  მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების - თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით - ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება" - თქვა სებ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს "უწყვეტ რეჟიმში აკვირდება" და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 14 სექტემბერს გაიმართება. 

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში კიდევ სამი რუსი ოლიგარქი მოხვდა

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში სამი რუსი ოლიგარქი (დიმიტრი პუმპიანსკი, ანდრეი მელნიჩენკო და ალექსანდრე პონომარენკო), ოთხი ფიზიკური პირი და ერთი სუბიექტია, რომლებიც სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებენ. CNN სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსანდრე პონომარენკო საჰაერო კოსმოსურ სექტორში ოპერირებდა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სხვა რუს ოლიგარქებთან და ვლადიმერ პუტინის ზღვისპირა სასახლესთან, რომელიც მანამდე სანქცირებული იყო დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიერ. დიმიტრი პუმპიანსკი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში, ანდრეი მელნიჩენკო კი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში მუშაობდა. სანქციები ასევე შეეხო თავდაცვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ 24 ერთეულს. აშშ სავიზო შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად. სანქცირებულთა სიაშია ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალი, ალინა კაბაევა.   ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა

ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა. ფინანსური ინსტიტუტი 9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ გადაწყვეტლების შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტება გააკეთა.  „წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად,  მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი 2022 წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა.  

ღვინის ეროვნული სააგენტო: აშშ-ში, ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს

აშშ-ში, ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, საქართველო ლიდერობს ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის (American Association of Wine Economists – AAWE) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11.3%-ს ორგანული ღვინის სერტიფიკატი აქვს, რითიც პირველ ადგილს იკავებს ამერიკის ბაზარზე მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის; მეორე ადგილზეა ავსტრია – 7.4%-ით, მესამეზე კანადა – 7.1%-ით. შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც, 2021 წელს, განხორციელდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1.084.278 ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდის ტემპები შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც: იანვარ-ივლისის მონაცემებით, ექსპორტირებულია 660 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (American Association of Wine Economists – AAWE) მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება. ასოციაცია აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგნელებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებზე, ასევე, რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. AAWE-ის წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. AAWE -ის მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.  

სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დასრულდა

რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის შემადგენლობაში არიან, უკრაინლული მარცვლეუთ დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დაასრულეს. თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს თურქული მედიის ცნობით, გემის ინსპექტირების პროცესი სტამბოლთან ახლოს, რუმელიფენერის რაიონში განხორციელდა.  თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ხორბალი ლივანის მიმართულებით გადააქვს თურქეთის სრუტეებს დღეს დატოვებს.     თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ჯგუფის მუშაობის ფოტოები, რომლებიც გემს საათნახევრის განმავლობაში ათვალიერებდნენ.  სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.