ძებნის რეზულტატი:

შემოსავლების სამსახური: ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა

ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი (ვალუტა – აშშ დოლარი, რუბლი, ევრო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას” მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷-მუხლის შესაბამისად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ნიკოლოზ სიმონიშვილი: მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს

მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვისაც ამის სურვილი აქვს. „ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილიყო. ეს ხელს უშლის სრულ ინკლუზიურობას, რასაც გვთხოვს ევროკავშირი. მაქსიმალურად ჩართულობითი უნდა იყოს ეს პროცესი, ევროკავშირმა ეს პირდაპირ დაგვიწერა,“ - განაცხადა სიმონიშვილმა. ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, სასამართლო სისტემას ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება - „ევროკავშირმა უარი კანდიდატის სტატუსზე იმიტომ კი არ გვითხრა, რომ ჩვენი სასამართლო გადატვირთულია, არამედ იმის გამო გვითხრა, რომ სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები გვაქვს და ეს უნდა აღმოიფხვრას“. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამასთან, კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.  

ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა. ერდოღანი სოჭში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ, საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრებიან. დღეს ერდოღანი და პუტინი სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება ამასთან, მხარეებს შორის განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი. ცნობისთვის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.  

ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის დასრულებიდან მესამე დღეს, პეკინმა ვაშინგტონს საერთო ჯამში, ამ დრომდე ხუთი ნაბიჯით უპასუხა. ბოლო განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 აგვისტოს გაავრცელა, რომლის თანახმად, ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. კიდევ რა ზომებს მიმართა ჩინეთმა, Europetime-მა ინფორმაცია საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით შეკრიბა. 5 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. 2 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა. „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა. ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანაც შეწყვიტა.  2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს. ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო ზღვებში. BBC-ის ცნობით, სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო. ნენსი პელოსიმ საკამათო ვიზიტის შემდეგ, ჩინეთი 3 აგვისტოს დატოვა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჯერ კიდევ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტამდე, რამდენიმე საათით ადრე, 2 აგვისტოს დაიწყო. ამასთან, ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მობილიზდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებიც და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სარაკეტო სისტემები, რომლებიც ტაიბეის აშშ-ისგან აქვს მიღებული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. 5 აგვისტოს კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ხუთშაბათს, 4 აგვისტოს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა.  გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 5 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა.  

მედია: ჰამბურგში დააკავეს მოქალაქე, რომელიც პრორუსულ ტელეგრამ არხს მართავდა

ჰამბურგში დააკავეს გერმანიის 31 წლის მოქალაქე, რომელიც პრორუსულ ტელეგრამ არხს მართავდა. კაცს ბრალად ედება ლათინური ასო - Z-ს გამოყენება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის სიმბოლოდ იქცა, იუწყება სხვადასხვა წყარო პროკურატურაზე დაყრდნობით. გამოძიების თანახმად, გერმანელი მინსკში გამგზავრებას ორ კვირაში გეგმავდა. კაცი ერთ-ერთ ფოტოზე რუსული AK-47 ტიპის ავტომატით პოზირებდა, რის გამოც იარაღის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ის ასევე ეჭვმიტანილია უკრაინაში საბრძოლველად ხალხის გადაბირებაში. საგამოძიებო უწყების ცნობით, ამით მან გერმანიის კანონმდებლობა დაარღვია. პროკურატურის განცხადებით, გერმანიის 31 წლის მოქალაქე იყო ტელეგრამ არხის მფლობელი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. საუბარია ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე, რომელსაც პროკურატურამ „პრორუსული ეროვნულ-ბოლშევიკური პლატფორმა“ უწოდა. ბრალდებულის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც, მედიის ცნობით, AK-47 ვერ იპოვეს, თუმცა სხვა ნივთებთან ერთად, რამდენიმე დანა ამოიღეს. მარტის ბოლოს, გერმანიის რამდენიმე მხარეში, მათ შორის ბავარიაში, ბერლინში, ქვემო საქსონიასა და  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ლათინური Z-ს გამოყენება აკრძალა.  

ჩეხეთი უკრაინის აღდგენის გეგმაზე მუშაობს

ჩეხეთი უკრაინის აღდგენის ეროვნულ გეგმას ამზადებს და დნიპროპეტროვსკის რეგიონის რეკონსტრუქციაში მონაწილეობას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა რადეკ მატულამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა. დიპლომატის თქმით, ჩეხეთს სურს მიიღოს მეტი ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც უნდა აღდგეს. მისი თქმით, ჩეხეთის დელეგაცია უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით, სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, პროფესორ მარკო ანდონოვის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართველი სტუდენტებისთვის „საპრეზიდენტო სტიპენდიის“ დაწესების შესახებ. სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში – University American College Skopje ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.  

კალათბურთელ გრაინერისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, აშშ რუსეთს მოუწოდებს, მის წინადადებას დაეთანხმოს

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს მოუწოდა, დაეთანხმოს შეთავაზებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მათგანს, კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს, ხუთშაბათს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ეს არის სერიოზული წინადადება. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, მიიღონ ეს წინადადება. მათ უნდა მიეღოთ ის რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ჩვენ პირველად გავაკეთეთ ეს", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯორ კირბიმ. ვაშინგტონმა მოსკოვს შესთავაზა, გრაინერსა და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანში გაცვალოს რუსი იარაღით მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი, რომელიც 25-წლიან სასჯელს იხდის შეერთებულ შტატებში, - განუცხადეს Reuters-ს საკითხის მცოდნე წყაროებმა. ამასთან, მათივე ცნობით, რუსეთი ცდილობდა, ასევე გაეცვალა მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიის ციხეში იხდის სასჯელს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გასულ პარასკევს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ საუბრები სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდა. ბლინკენი და ლავროვი ამჟამად კამბოჯაში იმყოფებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეხვედრაზე. კირბი მანამდე აცხაებდა, რომ ბლინკენი სავარაუდოდ, შეეცდებოდა, კვლავ ესაუბრა ლავროვთან ახლა, როცა გრაინერს განაჩენი გამოუტანეს.  

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა სავარაუდოდ, კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

თბილისში, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი, გიორგი გალდავა დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თანამშრომელმა ექიმმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. გიორგი გალდავას ოპერაცია უტარდება.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდორანის განცხადებით, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები რეგიონს შვებას მოუტანს. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება რეგიონში თურქეთისა და რუსეთის მიერ შესრულებული როლის გამოსაკვეთად. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანი და პუტინი რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, ასევე, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს განიხილავენ. ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა ლიდერები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ.    

რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg

მოსკოვი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინასთან მოლაპარაკებებში, პოტენციურ შუამავლად განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვდა შუამავლის როლს, უკრაინაში სამშვიდობო მოგვარების საქმეში. რუსეთი ჯერ კიდევ თავშეკავებით უყურებდა ამ იდეას, თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ეგრეთ წოდებული „მარცვლეულის შეთანხმების“ დადებამ, რისთვისაც პუტინმა ერდოღანს დღეს პირადად მადლობა გადაუხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება თუმცა, რუსეთს ჯერ არ შეუმსუბუქებია თავისი პირობები უკრაინასთან საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეფერხებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდეს, თუ სამხედრო ბალანსში პუტინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.  ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ ომის გამო თავი შეიკავა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროპის სანქციებთან შეერთებისგან. Bloomberg-ის წყარო თურქეთის ხელისუფლებაში ამას იმით ხსნის, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ზიანს აყენებს ანკარას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს - ზარალი $35 მილიარდადაა შეფასებული.  თურქეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიან მოგვარებაში მონაწილეობა საკვანძო საკითხია. გარდა ამისა, შუამავლის როლი გაზრდის ერდოღანის საერთაშორისო ავტორიტეტს – თითქმის 80%-იანი ინფლაციის ფონზე. ამასთან, ის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.  

ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორს, გიორგი გალდავას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  „52 წლის კაცი კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შემოიყვანეს. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა. კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარადგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია. ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.  

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, გლობალური ეკონომიკა $1 ტრილიონს დაკარგავს - The Economist

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა $1 ტრილიონს დაკარგავს. ამის შესახებ  The Economist  წერს.  The Economist Intelligence Unit (EIU) პროგნოზით, 2022 წლის 15 თებერვლიდან მსოფლიო ეკონომიკის მშპ 3,9%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ პუბლიკაციიდან 9 დღეში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. მას შემდეგ ომის გავლენა მთელ მსოფლიოზე იგრძნობა. მსოფლიო ფასები ნედლეულზე გაიზარდა, გაუარესდა ვითარება მიწოდების ჯაჭვში, ინფლაცია ბევრ ქვეყანაში ნახტომისებურად გაიზარდა.  ახალი პროგნოზის თანახმად, საომარი მოქმედებები სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1,1% პუნქტით 2,8%-მდე გაუარესდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა $1 ტრილიონ დოლარს დაკარგავს.   აღსანიშნავია, რომ მსგავს შოკს სხვა ორგანიზაციებიც პროგნოზირებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ზრდის პროგნოზი 1,2 პროცენტული პუნქტით იანვრის საწყისი ნიშნიდან 3,2%-მდე შეამცირა. G20-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ მშპ-ს დაკარგავს რუსეთი, სუბსანქცირებული აგრესორი ქვეყანა. 2022 წლის ბოლოსთვის, ვარაუდობენ, რომ სანქციების ზეწოლის ქვეშ მისი ეკონომიკა 10%-ით დაეცემა, მათი საწყისი ზრდის შეფასებით 2,6%-ით.  

ჯანდაცვის მინისტრი: ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. მის მოვალეობას კი დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.  მისივე თქმით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადებით ტოვებს.  „უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.   

ჯანდაცვის მინისტრი: ოპერატიულად დავადგენთ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია 7 წლის ბავშვის გარდაცვალება

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „21-ე საუკუნეში, ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება“, - ამის შესახებ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მისი თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. „ძალიან სამწუხარო ფაქტია და ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ. უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ეს. ჩვენი რეგულირების სააგენტოს უკვე აქვს ასეთი მითითება, რომ არ დაველოდოთ კონკრეტულ შეტყობინებას კლინიკიდან, გამვლელიდან, ტელევიზიიდან და ა.შ. და როგორც კი მსგავსი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, გავიდნენ და ადგილზე შესწავლა დაიწყეს. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს შესწავლას, ასევე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ვფიქრობ, ძალიან მალე გაირკვევა თუ რატომ მოხდა ბავშვის გარდაცვალება. არ ვიცი სამედიცინო შეცდომასთან არის თუ რასთან შეიძლება იყოს კავშირში, თუმცა ასეთი მასშტაბის კლინიკებში აუცილებლად არიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ის შესაბამისი სერვისებიც წესით უნდა არსებობდეს, რომ ასეთ საგანგებო მდგომარეობაში ანესთეზიის დროს ასეთი რამე არ მოხდეს“, - განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, 4 აგვისტოს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. 

სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „უკანონოდ დაკავებულების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავეს. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში ლატვიის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო ვითარების გამო" საელჩო აღარ იღებს სავიზო განაცხადებს რუსებისგან. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ახლო ნათესავის ლატვიაში დაკრძალვაზე გამგზავრების აუცილებლობა. ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.  

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.  ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.