ძებნის რეზულტატი:

ენტონი ბლინკენი: აშშ ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება

აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით, ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით, არ შეცვლილა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, სტაბილურობა მთელი რეგიონის ინტერესებშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერები კამბოჯაში, სამიტზე (ASEAN) შეიკრიბნენ. ASEAN-ის წევრები არიან ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი. სამიტს ფილიპინების პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ASEAN-ის ლიდერები აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, საზღვაო უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობაზე ცვლიან მოსაზრებებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ამ დეფინიციის ქვეშ არ ხვდება, თუმცა მისივე თქმით, „ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები, მათ შორის, „ე.წ. მედიამფლობელები“, კეზერაშვილი, სააკაშვილი და ასე შემდეგ, ცალსახად ხვდებიან ოლიგარქის მცნების ქვეშ“. დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს „წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ, რა სახით მიიღება ეს კანონი. ჯერჯერობით, ჩვენ ვემხრობით უკრაინულ მოდელს. უკრაინული მოდელის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და კეზერაშვილი არის“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა სექტემბრამდე გაუხანგრძლივა

ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის პატიმრობა 19 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, მოსამართლემ გენერალური პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენს, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  

სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა - ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა

სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა. ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა, მათ გამოყვანაში პოლიციელებს და მეხანძრეებს ადგილობრივები ეხმარებოდნენ. 102 პაციენტი სხვა რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.   

უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. "ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- აცხადებს დაღუპული ბავშვის დედა მაია ინჯგიამ. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.   

დონეცკის რეგიონში, რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს - დაიღუპა 8 ადამიანი

"დონეცკის რეგიონში, ქალაქ ტორეცკში რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ გაავრცელა. „დონეცკის რეგიონში, ქალაქ ტორეცკში რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 4 პირი კი დაჭრილია. 4 დაჭრილს შორის 3 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო საარტილერიო დაბომბვა. მათ ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, სადაც იმ დროისთვის ხალხმრავლობა იყო“, - წერს კირილენკო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air-მა AIRBUSA320 ტიპის ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისი ცოტა ხნის წინ შეასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა. "განახლებული რეისის პირველ მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე, Wizz Air კვირაში ერთხელ იფრენს. პირველი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ფრენის სიხშირეები გაიზარდა ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს. ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობა მნიშვნელოვანია. ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია“,- აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.  

ილია მეორე მამუკა ონაშვილზე: ბედნიერია ჩვენი ერი, მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი

ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, - ამის შესახებ აღნიშნულია მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში. მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს „ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით... მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო. ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში. სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში ავტოავარიის შემდეგ გარდაიცვალა. მამუკა ონაშვილი ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გააცილეს.  

უკრაინა ლიბანს მოუწოდებს, „მოპარული“ მარცვლეულით გემის ტრანსპორტირების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია ტრიპოლის (ლიბანის) სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, გათავისუფლდა გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. უკრაინა ლიბანურ მხარეს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. უწყება განმარტავს, რომ მიუხედავად მოწოდებული მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების პოზიცია. ამ გადაწყვეტილებით ლიბანი ფაქტობრივად ძირს უთხრის მის სასურსათო უსაფრთხოებას და ზიანს აყენებს უკრაინას, როგორც ლიბანის საიმედო პარტნიორს", - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ლიბანის სასამართლოს გადაწყვეტილება გემს Laodecia-ს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, უფლებას აძლევს, თავისუფლად დატოვოს ტრიპოლის პორტი მოპარული უკრაინული ფქვილით და ქერით. შეგახსენებთ, ლიბანმა 31 ივლისს დააკავა სირიული გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა.  

„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი და მოთხოვნა მცირდება. მოსალოდნელია საქართველოდან ექსპორტის კლება

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ათეულში ფეროშენადნობები მეორე ადგილზეა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან $295,6 მილიონის ფეროშენადნობი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 15,7% შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი $186,3 მილიონს შეადგენდა და მთლიანი ექსპორტის 13,5% იყო. Europetime-თან ინტერვიუში „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან მსოფლიო ბაზარზე პროდუქტზე მოთხოვნა მცირდება და ფასი ეცემა. „საქართველოში ფეროშენადნობების წარმოება შიდა ფასებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული. რაც მსოფლიოში ხდება ჩვენთანაც ზუსტად ის ტენდენციაა. სამწუხაროდ, ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებია უარყოფითი ტენდენცია გამოიკვეთა. აქ ერთი მომენტია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე არავინ არ იცის, რა ვითარება შეიქმნება ამ ბაზარზე და ამიტომ ყველა ფრთხილობს, მარაგს არავინ არ აკეთებს, რადგან დიდი პროექტები არ არის. შესაბამისად, მეტალის წარმოებამ ევროპაშიც იკლო და ფეროშენადნობებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც ფასის ვარდნა გამოიწვია“, - ამბობს კევლიშვილი. მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების მთავარი იმპორტიორი ჩინეთია, რომლის წილიც 40,05% შეადგენს. მეორეა ნიდერლანდები (7,09%), მესამე იაპონია (6,09%). შემდეგ აშშ, კორეის რესპუბლიკა, გერმანია, ინდონეზია, ინდოეთი, ბელგია და სხვა ქვეყნები. მსოფლიო ბაზარზე 1% ნაკლები წილი აქვს რუსეთსა და უკრაინას. საქართველოს წილი უფრო დაბალია. 2022 წლის აგვისტოში ფეროშენადნობებზე ფასი ევროპაში $1400 ჩამოსცდა და $1300-$1370 ფარგლებში ფიქსირდება. წლის დასაწყისიდან კლებაა-65%. ფეროშენადნობების ფასი მკვეთრად დაეცა ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში. აშშ-ში 1 ტონის ფასი $2600-$2735 ფარგლებშია, წლის დასაწყისიდან ვარდნამ - 35% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ კვარტალში ამ პროდუქტზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფეროშენადნობთა ბაზარზე გაურკვეველი ვითარება იყო რამაც ფასების მყისიერი ზრდა გამოიწვია. „2022 წლის პირველ კვარტალში ფეროშენადნობებზე რეკორდული ფასები დაფიქსირდა. ასეთი ფასები არ ყოფილა ბოლო წლები განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია პანიკა ბაზარზე და ამან ფასი კიდევ გაზარდა. რადგან გაუგებარი ვითარება შეიქმნა. ლოგისტიკა გაუხარდებოდა თუ გაჩერდებოდა ვერავინ პროგნოზირებდა. მარტში ერთი ტონა ფეროშენადნობი $2800 ღირდა, შემდეგ ფასები დაბლა წამოვიდა და არავინ არ იცის რა იქნება ყველაზე დაბალი ზღვარი. ზოგადად, ივლის-აგვისტოში ნედლეულზე ფასები ისედაც მცირდებოდა და სექტემბერში იწყებოდა ზრდა. თუ ამ ლოგიკასაც გავყვებით, შესაძლოა ვითარება ამ მიმართულებით შეიცვალოს და აღმავალი ტრენდი დაფიქსირდეს“. საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა "ჯორჯიან მანგანეზი", სილიკონმანგანუმის ასევე მსხვილი მწარმოებლები არიან კომპანიები "რუსელოისი", "ჯი თი ემ გრუპი" და "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია", თუმცა ბაზარზე დაახლოებით ორი ათეული მცირე კომპანია ოპერირებს. ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ ეს ბიზნესი მომგებიანია და ბოლო წლებში, კერძოდ პანდემიის შემდეგ ადგილობრივი წარმოება გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ფეროშენადნობები ექსპორტზე აშშ-ში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, ირანში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, ჩილეში, პერუში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, კოლუმბიაში, ყაზახეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გადის. თუმცა ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ბაზარზე იყიდება. „შესყიდვის მოცულობები აშშ-მაც შეამცირა. რუსეთშიც რთული ვითარებაა. სანქციების გამო, ამ ქვეყნიდან ექსპორტზე არაფერი აღარ გადის. დაახლოებით 40-50% შემცირდა მოთხოვნა რუსეთიდან. თურქეთში იყიდებოდა ქართული ფეროშენადნობები, მაგრამ აქაც სტაგნაციაა და შემცირებულია მეტალის წარმოება“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი. როგორ გადაიტანს გაყიდვების შემცირებასა და ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას ადგილობრივი და წარმოება და როგორია სამომავლო პროგნოზი? ამ საკითხებზე საუბრისას „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი Europetime-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე მცირე საწარმოები დროებით გაჩერდნენ. „ყველა ელოდება სექტემბერს. როგორი იქნება ვითარება და ფასები, იგივე ენერგომატარებლებზეც. შესაძლოა, შექმნილ კრიზისს მცირე საწარმოები ვეღარ გაუძლონ და დროებით გაჩერდნენ. ამ ბიზნესში ფასების ცვლილება არაა უცხო მოვლენა. მსხვილი კომპანიებს აქვთ იმუნიტეტი აღმავალ და დაღმავალ ფასებთან მიმართებით. ახლა ბაზარი დაღმავალია და ნედლეულზე ფასები ისევ შენარჩუნდა. ახლა რთული პერიოდია. მთავარია კომპანიებმა ამ პერიოდს გაუძლოს და შემდეგ ფასი უკვე დაბლა წამოვა და საპირისპიროდ შეიცვლება პროცესები. შეიქმნება ვითარება, როცა ნედლეულის ფასი დაბალია და ამ დროს პროდუქციის ფასი იზრდება. ბუნებრივია, საჭიროა კაპიტალი, რომ კომპანიებმა რთული პერიოდი გადალახონ მაშინ, როცა წაგებაზე უწევთ მუშაობა“. რაც შეეხება პროგნოზს, „სექტემბერში სტამბოლში კონფერენცია დაგეგმილი, სადაც დარგის ექსპერტები შეიკრიბებიან. შეფასდება მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარება და გაკეთდება გარკვეული გათვლები“, - ამბობს „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

ამერიკის საელჩომ ზუგდიდის მერიას 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიკროავტობუსები მერიას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა მაიორ დანიელ სეკულამ და ჰუმანიტარული პროგრამის მენეჯერმა თამარ რურუამ გადასცეს. პროექტის ღირებულება 207 000 დოლარია და მისი მიზანი შშმ პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებაა. მერმა მამუკა წოწერიამ ამერიკულ მხარეს ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები იქნება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამის განხორციელების საფუძველი. ,,მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს პროგრამის კონკრეტულ დეტალებზე, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და ეს იქნება პირველი პროგრამა საქართველოს მასშტაბით, რომელიც გაზრდის შშმ პირების სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციას და ხელს შეუწყობს მათი მობილობის გაზრდას", - აღნიშნა მერმა. სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განცხადებით, აღნიშნული ადაპტირებული ტრანსპორტით, „მერია აპირებს ძალიან კარგი პროგრამის დანერგვას, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის“. „ეს იქნება სერვისი ეტლით მოსარგებლეებისთვის, რომელიც მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტს და შშმ პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს გოგი რევია.  

ადამ კინზინგერი: როდესაც მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოს ურჩევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. კინზინგერის განცხადებით, ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. „როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. ერთი რამ, რაშიც, წესით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ისაა, რომ ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. თუმცა, ასევე გვესმის, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის იბძვიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვაწვდით იარაღს, რათა მათი ტერიტორიის არცერთი ნაგლეჯი არ დაიკარგოს, ესაა ის, რისთვისაც ვიბრძვით. დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ, საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა - რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა? ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“.

წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა

პირობიანი აუქციონის შედეგების მიხედვით, წყალტუბოში სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. მთავრობის მიერ წყალტუბოს განახლების გეგმის პროექტის ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან, მხოლოდ 2 გაიყიდა.პირობიანი აუქციონის მიხედვით, სანატორიუმი „მედეას“ მფლობელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ადგილზე მინიმუმ 120-ნომრიანი სასტუმრო მოწყოს, რომელშიც იქნება საკონფერენციო დარბაზ(ებ)ი, რესტორანი/რესტორნები). (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს. საპრივატიზაციო თანხის გადახდა არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით გრაფიკის მიხედვით უნდა მოხდეს. წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „თბილისი“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე შემდეგი საპრივატიზაციო პირობებით გაიყიდა: ქონების მფლობელი ვალდებულია 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 55 (ორმოცდათხუთმეტი) თვის ვადაში, არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს, რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს. სანატორიუმ „თბილისის“ შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია მინიმუმ 9 426 900 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს ამასთან, ამ პირობების შესრულების ვადის ბოლოს ორივე საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში ინვესტორმა შენობა-ნაგებობა კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ჩააბარონ და სასტუმროს ფუნქციონირების საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის/ბრენდის სახელით უნდა დაიწყონ. ცნობისთვის, აუქციონი ქონების ეროვნულმა სააგენტომ 6 ივლისს გამოაცხადა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდა.  

ადამ კინზინგერი: როდესაც ამერიკის ელჩს ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, არ აჩვენებ შენს ნებას, იარო დასავლეთისკენ

„როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო, ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს. „ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას. მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს - რომ შესაძლოა, არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა. თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ, საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ. როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო“, - აცხადებს ადამ კინზინგერი. იქონიებს თუ არა ბოლოდროინდელი მოვლენები გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, ამ შეკითხვის საპასუხოდ, კინზინგერი იმედოვნებს, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება. ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ. კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - ამბობს კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.

ადამ კინზინგერი: თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის

ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა. ელჩი დეგნანის წინააღმდეგ კამპანია, განსაკუთრებით აქტიური გასულ კვირებში გახდა, თუმცა ის გრძელდება. ღია წერილები „ქართული ოცნების“ პარტიის ახლა უკვე ყოფილი წევრებისგან, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები, არ შემწყდარა. როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს კამპანია - ვერ ხვდებიან, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება, იყოს ასეთი განცხადებები, თუ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ? რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ამ შეკითხვას უპასუხა. „ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა. ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის. ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს - იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით. ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება“, - ამბობს ადამ კინზინგერი.  

ვინ იყიდა აუქციონზე წყალტუბოს ორი სანატორიუმი

დღეს აუქციონზე გაყიდული, წყალტუბოს ორივე სანატორიუმის მფლობელი ცნობილია. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო  სანატორიუმი „მედეა“ - შპს  „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“. წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა ელექტრონული აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. „რაც შეეხება დანარჩენ სანატორიუმებს, მათზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა - აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად იყო მიღებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და  ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. შეგახსენებთ, "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.  „წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.  

ადამ კინზინგერი: რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ, სისუსტის აღქმაზე

მოუტანს რაიმე კარგს ქართველ ხალხს ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა, რომლის გატარებასაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ცდილობს, შეძლებს საქართველო ამით რაიმე სარგებელი ნახოს? რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ეს თემა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განიხილა. „მე მჯერა, რომ თუ ეცდები, მიუახლოვდე რუსეთს, აუცილებლად დაიწვები. შეხედეთ მაგალითისთვის ჩვენს მეგობრებს გერმანიაში. მათ იფიქრეს, რომ შეეძლოთ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთთან მიმართებით და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აშენება გადაწყვიტეს. საბოლოოდ, გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ ტორი არ მოგხვდება, უნდა იცოდე, რომ ეს ტყუილია, ტორი აუცილებლად მოგხვდება. ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ შეგიძლია, დაუახლოვდე რუსეთს და არ მოგიწიოს ამასთან თანხმლებ პრობლემებთან გამკლავება, უბრალოდ არარეალისტურია“, - ამბობს საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე. _HIMARS-ები უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ომის აქტიურ ფაზაში არიან. რისი მომტანი იქნება ეს ამბავი საქართველოსთვის თუ ეს მოხდება და რამდენად რეალურია სარაკეტო სისტემების გადაცემა? არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, სად გვინდა, რომ ამ ურთიერთობებში წავიდეთ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შევახსენო ქართველებს, უფრო მეტად კი ამერიკელებს, რომ საქართველო ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა ამ მაჩვენებლით. მათ [ქართველებმა] ნამდვილად აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, ამისი უნარი აქვთ. მათ სჭირდებათ პარტნიორებთან თანამშრომლობა. იმის მიხედვით, რაც უკრაინაში რუსების იქ ყოფნისას ვნახეთ, ისაა, რომ რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ, ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ. ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას“, - მიიჩნევს კინზინგერი. _ფიქრობთ თუ არა, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის გამო, საქართველო განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა და აქედან გამომდინარე, სჭირდება დამატებითი სამხედრო დახმარება იქნება ეს ამერიკისგან, ევროკავშირისგან თუ NATO-სგან? მჯერა, რომ საქართველოსთვის რისკები გამწვავებულია და ვფიქრობ, რომ ახლაა დრო შევაფასოთ რა სჭირდება ქართულ ჯარს. ჩვენი ურთიერთობები უკვე საკმაოდ მყარია - როდესაც ბოლოს საქართველოში ვიყავი, ქართველი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრი მოვინახულე, ვნახე ასევე ერთობლივი წვრთნებიც. ასე რომ, ახლა ძლიერი პარტნიორობა გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ რომ უნდა გავაანალიზოთ თავდაცვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმის დასავლური რა იარაღი სჭირდება საქართველოს და როგორ უნდა მიიღონ მათ ისინი, ვინაიდან მიწოდებისთვის, თავისთავად გარკვეული დროა საჭირო. ეს იარაღი შესაძლოა არ იყოს თავიდანვე "ჰაიმარსები", მაგრამ მჯერა, რომ "ჰაიმარსებს" მომავალში შეუძლიათ შემაკავებელი იარაღის როლი ითამაშონ. საჭიროა საქართველოს საჰაერო ძალების მოდერნიზებაც. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გარკვეული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. მთელ ამ პროცესს წლები დასჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ახლა საუკეთესოა დროა მუშაობის დასაწყებად. როდესაც ძლიერი საბრძოლო ნება გაქვს, არა სურვილი, არამედ ნება, ეს თითქმის არ ტოვებს შანსს, რომ ომი დაიწყება.

სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი იფიქრებს, NATO-ს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ჩაიდინა, NATO დაუყოვნებლივ ჩაერთვება

უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.  NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, თუ რუსეთი ომს მოიგებს, სხვა მეზობელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგნი. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მოსკოვმა არ მიაღწიოს წარმატებას, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს შესაძლოა, კიდევ დიდხანს მოუწიოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით. „ჩვენს ინტერესშია, რომ ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა მშობლიურ ქვეყანაში სიტყვით გამოსვლისას. სტოლტენბერგის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი იფიქრებს, NATO-ს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ჩაიდინა, NATO დაუყოვნებლივ ჩაერთვება. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იქნება, თუ ომი რუსეთსა და NATO-ს შორის იქნება. ეს მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე თავდასხმა არ არის. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და მსოფლიოს ისეთ წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

იაპონია უკრაინას დრონებს მიაწვდის

იაპონიის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. „უკრაინული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, ჩვენ უკრაინის მთავრობას ახალ სამოქალაქო მანქანებს (ფურგებს) გადავცემთ. ასევე გადავცემთ დამატებით მცირე ზომის დრონებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე, თავდაცვის სამინისტრომ და იაპონიის თავდაცვის ძალებმა უკრაინას ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, მცირე ზომის დრონები და სხვა დახმარება გადასცეს. „თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას განაგრძობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.  

დმიტრო კულება Amnesty International-ის ანგარიშით უკმაყოფილოა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უფლებადამცველ ორგანიზაციას Amnesty International-ს მოუწოდა, არ ეძებოს ყალბი ბალანსი დამნაშავე რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც მისგან თავს იცავს, არამედ, მსოფლიოს რუსეთის შესახებ სიმართლე მიაწოდოს. მისივე თქმით, ბევრი უკრაინელის მსგავსად, ისიც შეაშფოთა Amnesty International-ის ანგარიშმა. კულებამ ორგანიზაციას მოუწოდა, შეწყვიტოს ისეთი ყალბი რეალობის შექმნა, სადაც ყველა რაღაცაში ცოტათი დამნაშავეა. „მოდით, მკაფიოდ შევთანხმდეთ მარტივი რაღაცების აღქმაზე: Amnesty International-ის ასეთი ქცევა არ არის სიმართლის ძიება და მსოფლიოსთვის მისი მიწოდება, ეს ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, ქვეყანას, რომელიც ასობით და ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს, ტერიტორიებს ანადგურებს და ქვეყანას შორის, რომელიც სასოწარკვეთილი იცავს თავს, ცდილობს, გადაარჩინოს ხალხი და კონტინენტი ამ თავდასხმისგან. დაიწყეთ სიმართლის სისტემურად, მასშტაბურ დონეზე მიწოდება იმის შესახებ, რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. გააკეთეთ ეს სამოქალაქო მსხვერპლის სახელით მაინც, უკრაინის მოქალაქეების სახელით, რომლებსაც თავს დაატყდა რუსული ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე დღეს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, Amnesty International-ის მიერ 4 აგვსიტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ქმნიან ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში.