ძებნის რეზულტატი:
მედია ბელგოროდის რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყება
BBC ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ იუწყება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ანექსირებულ ყირიმში ხანძრის შესახებ. „დღეს დილა ბელგოროდში რამდენიმე აფეთქებით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. იმ ინფორმაციით, რაც ამ დროისთვის მაქვს, ნგრევა და მსხვერპლი არ არის", - წერს ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ყირიმში, ჯანკოის უკან, სოფელ კრასნოგვარდეისკოეში ნავთობის საცავი იწვის. ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.
სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში 38 115 ლარის ღირებულების 8 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში,
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას აღწერს
ორშაბათის შემდეგ უკრაინა ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეტევას განაგრძობს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული მონაცემებით, უკრაინელებმა რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვით ისარგებლეს და ზოგიერთი მიმართულებით მოწინააღმდეგე უკუაგდეს. თავისი დოქტრინის შესაბამისად, რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა შეეცდება თავის ხაზში არსებული ხარვეზების გამოსწორებას მობილური სარეზერვო ნაწილების გამოყენებით. მათ შორის, სავარაუდოდ იქნებიან აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენლები. ბაიდენის წარმომადგენლის თქმით, აშშ-მ უკრაინას სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღი მიაწოდა რუსეთი ცდილობს უკრაინაში ახალი ძალების მობილიზებას. მე-3 არმიის კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა 24 აგვისტომდე დატოვეს ბაზა მოსკოვის მახლობლად და დიდი ალბათობით, ისინი უკრაინაში გადაიყვანეს. ამ დანაყოფების ოპერატიული ეფექტიანობის შესახებ უცნობია. უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.
უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 900 ჯარისკაცია მოკლული
"ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 900 ჯარისკაცია მოკლული", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. მედია: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში სამ ხიდს დაარტყეს „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს 1974 ტანკს, 4312 ჯავშანმანქანას, 1091 საარტილერიო სისტემას, 285 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 152 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 204 ვერტმფრენს, 3236 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 849 უპილოტო საფრენ აპარატს, 103 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კულება ევროკავშირს: ნახევარი ზომების დრო წავიდა. მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს რუსი ტურისტებისთვის ვიზების შეჩერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნახევრად ზომების დრო წავიდა და მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა. „ნახევრად ზომების დრო წავიდა”, - განუცხადა კულებამ Reuters-ს ევროკავშირის მინისტრებთან შეხვედრის წინ და სთხოვა მათ უფრო შორს წასულიყვნენ. „მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა“, - აღნიშნავს კულება. მისივე თქმით, რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე ევროპის გულში, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა“. კულება ასევე გამოდის სპეციალური პროგრამის დაწყების ინიციატივით რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც უკრაინაში ბრძოლა აღარ სურთ. „გადაირჩინე თავი და წადი. დაყარე იარაღი, ჩაბარდი უკრაინულ ძალებს", - განაცხადა კულებამ. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთავაზება ღირს, რადგან თუნდაც ერთმა რუსმა ჯარისკაცმა იარაღი დადოს და წასვლა გადაწყვიტოს, ეს ნიშნავს გადარჩენილ უკრაინელ სიცოცხლეს და მშვიდობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს მოუწოდა რუს ჯარისკაცებს, გაქცეულიყვნენ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინის დასაბრუნებლად შეტევა წამოიწყეს, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოიგერია და კიევის ჯარებს დიდი დანაკარგი მიაყენა.
საქსტატი: წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა. "აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს",- აცხადებენ უწყებაში.
კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება. თუმცა ევროკავშირი გაზპრომს სანდო მიმწოდებლად აღარ თვლის და ცივი ზამთრისთვის მომზადებას ჩქარობს. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო „აშკარაა, რომ რუსეთი გაზს იარაღად იყენებს ამ ომში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის", - განაცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა აგნეს პანიერ-რუნაშემ სამშაბათს რადიო France Inter-ის ეთერში. მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ზამთარში ენერგოდეფიციტის პირობებში ენერგიის მოხმარება უნდა შემცდირდეს. ომამდე რუსული იმპორტი ევროპაში დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. ახლა ეს წილი 25%-მდე შემცირდა, ვინაიდან მიმდინარე მიწოდება არ აღემატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალო მოცულობის მესამედს. „რუსული გაზის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. ბაზარზე უბრალოდ არ არის უფასო ნედლეული: ყველა არსებული ალტერნატიული მიმწოდებელი, როგორიცაა კატარი, ნორვეგია ან აშშ, ვერ ახერხებენ, სწრაფად გაზარდონ წარმოება. მაშინაც კი, თუ მილიარდები ჩაიდება ახალი საბადოების განვითარებაში, კომერციული წარმოება სავარაუდოდ, 10-15 წელიწადში დაიწყება“, - წერს BBC. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებმა მიწისქვეშა გაზის საწყობების მარაგების ვადაზე ადრე შევსება მოახერხეს. ახლა ისინი შარშანდელ მაჩვენებელს მეოთხედით აღემატება და ზოგადად თითქმის 80%-ით არის სავსე. ევროკომისიის საგაზაფხულო გეგმა გადამეტებით შესრულდა. ამჟამინდელი რეზერვები მხოლოდ შედარებით ნაკლებად ცივი ზამთრისთვის იქნება საკმარისი და მალევე დადგება მომავალი ზამთრისთვის საწყობების შევსების საკითხი. ევროპელებს დიდი ხანია სჯერა, რომ კრემლი ნებისმიერი საბაბით სრული გათიშვისთვის ემზადება. გაზპრომის გულწრფელობის არც ბრიუგელის კვლევითი ცენტრის ეკონომისტს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს სჯერა. მისი აზრით, მთავარი სცენარი რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებაა. მომზადებულია BBC-ის მიხედვით
გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა
გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან კახა იმნაძე შეცვალა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამის წარდგენას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა და შესაბამის წარდგენას ხელს არ აწერდა.
ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. „გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა
კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა. ამის შესახებ იმნაძე Twitter-ზე თავად წერს. „ვტოვებ ნიუ-იორკს სიამაყით, საქართველოსა და გაეროს საქმეში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს შემცვლელს, დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველი ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, სადაც გავარძელებ ჩემი ძვირფასი ძველი მეგობრის, კონსტანტინე ქავთარაძის მიერ დაწყებულ მუშაობას საქართველოში-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობის წარმატებისთვის“, - წერს იმნაძე. ცნობისთვის, 2013 წლის ივლისიდან კახა იმნაძე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი სამართალდამცველი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი სამართალდამცავი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოავლინა, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოქალაქე გ.მ.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის მეორე ფაქტს, 2022 წლის 31 ივლისს, ბათუმში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ - ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ.. პატრულ - ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები დანაშაულში მხილებული სამართალდამცავების დაკავების თაობაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას, ორივე სამართალდამცავი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათში ტყვიის შემცველობაზე განცხადებას ავრცელებს
ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, სააგენტოს ინფორმაციით, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა: • წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში) - რეალიზატორი - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.135 (ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართული-დახლთან მოვაჭრე);• მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში) - შპს „ნთკ 2016“ – ნიმუშის აღების ადგილი - ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;• წითელი წიწაკა (1 ნიმუში) - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია).აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ასევე მცენარეული წარმოშობის (374) 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლიანი სასმლის 75 ნიმუშის/სინჯის აღება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების, ბიზნესოპერატორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. „ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
პროკურატურამ სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა
პროკურატურამ სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იხილავს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალექსანდრე სამხარაძე. "მტკიცებულებების მიხედვით სახეზეა, რომ სამხარაძემ დანაშაული ჩაიდინა და იმ მიზნით რომ სასამართლოს თავი არ აარიდოს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას აღკვეთის ღინისძიება", - განაცხადა პროკურორმა. ამასთან, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გირაოს მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და სხვა სახის დანაშაულის ჩადენის საფთხე. სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს
უცხოური მედია: გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს
გერმანიაში, ლაიფციგში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს. შემთხვევის შედეგად სერიოზული ხანძარი არ გაჩენილა, თუმცა ბაღის შესასვლელი კარი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამმი, დამნაშავემ საბავშვო ბაღის შესასვლელში აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს
მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს, - საქართველოში უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს. ამასთან, იგორ დოლგოვის მიმართვა საქართველოში უკრაინის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „პატივცემულო თანამემამულენო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო! დღეს თბილისიდან ვარშავაში მივფრინავ, შემდეგ კი კიევში. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. ჩვენ ერთად ავიყვანეთ უკრაინულ-ქართული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ერთად გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები, ვცდილობდით არ დაგვეკარგა დინამიკა როგორც ვაჭრობაში, ასევე კონტაქტებში. ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ ყველა შევიცვალეთ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს. უკრაინას მხარს უჭერს მსოფლიო, უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას, პუტინის რუსეთის ირგვლივ იზოლაციის წრე იკუმშება. ჩვენ ვიცით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დღეს ყველაფერი ჯარზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ უკრაინელ მცველებთან ერთად დგანან ქართველები და ისინი სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მარადიული ხსოვნა გმირებს! მადლობა ყველას, ვისთანაც მქონდა საშუალება მემუშავა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, – აღნიშნულია დოლგოვის მიმართვაში. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია.
დმიტრო კულება: რუსული ენერგეტიკული შანტაჟი არის ომის ნაწილი და მას ძლიერი, ერთიანი ევროპული პასუხი უნდა გაეცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბერბოკმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი და უკრაინას იარაღის შემდგომი მიწოდება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. „პრაღაში შევხვდი ჩემს კოლეგას და მეგობარს ანალენა ბერბოკს. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი, რუსებისთვის სავიზო აკრძალვა და უკრაინაში იარაღის შემდგომი მიწოდება. რუსული ენერგეტიკული შანტაჟი არის ომის ნაწილი ევროპაში და მას ძლიერი, ერთიანი ევროპული პასუხი უნდა გაეცეს“, - წერს დმიტრო კულება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს პრაღაში არაფორმალურ შეხვედრას მართავენ, რათა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი განიხილონ.
რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და დმიტრო კულებამ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. „ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს“, - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, Twitter-ზე გამოეხმაურა აუდიენციას დმიტრო კულება. „ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა
პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, საიმონ კოვენის შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ირლანდიის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. „საუბარი შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ ასპირაციას და ამ კუთხით ირლანდიის მხარდაჭერას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ირლანდიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საკანონმდებლო დონეზე არსებულ წარმატებულ და მჭიდრო ურთიერთობებს და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. ილია დარჩიაშვილმა საიმონ კოვენი საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან, მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან. ბორჯომის ხეობაში უწყვეტი სამუშაოები 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია
გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ,,ჰოჰენფელსზე“ მიმდინარე წვრთნებში საქართველოც მონაწილეობს
აშშ-ის, NATO-ს მოკავშირეების და ევროპელი პარტნიორების 4400-ზე მეტი სამხედრო წვრთნებში - Saber Junction 22-ში მონაწილეობს. ყოველწლიური წვრთნები 2022 წლის 29 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსზე“ იმართება. Saber Junction სწავლება აშშ-ის არმიის მიერ 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის მზადყოფნის შესაფასების, ასევე ერთიანი სახმელეთო ოპერაციების განსახორციელების მიზნით შეიქმნა, რათა მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობას შეუწყოს ხელი. წვრთნას უძღვება მე-7 არმიის სარდლობის ერთობლივი მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრი, ევროპაში დაფუძნებული არმიის საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელსაც ლიდერების, პერსონალის, ქვედანაყოფებისა და მრავალეროვნული პარტნიორების სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფა ევალება. Saber Junction-ში ევროპელი პარტნიორებიდან მონაწილეობენ: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, საქართველო, უნგრეთი, იტალია, კოსოვო, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. ამერიკული მხარის განცხადებით, ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო ძალები რეგულარულად ატარებენ ამ ტიპის წვრთნებს მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობისა და მზადყოფნის გასაძლიერებლად.