ძებნის რეზულტატი:
თბილისმა, ბაქომ, კიევმა და კიშინიოვმა თავისუფალი ვაჭრობის გაუმჯობესების შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ომის დაწყების დღიდან საქართველოს მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი გამოჩენილ სოლიდარობას და ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიერ უკრაინისადმი გაწეულ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ილია დარჩიაშვილმა სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ. მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები.
რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს
გერმანიის პოლიცია ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში ჩხრეკას ატარებს. ჩხრეკა მიმდინარეობს უსმანოვის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე ტეგერნსეს ტბის მიდამოში, რომელიც მიუნხენის სამხრეთით 60 კილომეტრშია. როგორც ცნობილია, 2014 წლის შემდეგ უსმანოვი დროის მნიშვნელოვან ნაწილს იქ ცხოვრობდა. ძებნას ფედერალური კრიმინალური პოლიციისა და საგადასახადო საგამოძიებო სამსახურის 250 თანამშრომელი აწარმოებს. მედიის ცნობით, მანამდე რამდენიმე თვით ადრე გამომძიებლებმა შეაგროვეს ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის საფუძველი გახდა. ჩხრეკის მიზანია, უსმანოვის წინააღმდეგ სავაჭრო კანონების დარღვევის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ეჭვებზე მტკიცებულებების მოძებნა. არაოფიციალურად, გამოცემამ შეიტყო, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში უსმანოვს გერმანიაში შეეძლო გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება. სავარაუდოდ მან 555 მილიონი ევრო დამალა. გერმანიის ხელისუფლება უფრო აქტიურად უსმანოვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის შეიყვანეს ევროკავშირის სანქციების სიაში (რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით) შეიყვანეს, ვინაიდან ის პუტინის ახლო წრიდანაა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმანოვის დის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გვარი ევროკავშირის სანქციების სიიდან გაქრა.
მეტროში საცობი, მგზავრების მიერ ზოლში არასწორი მოძრაობითაა განპირობებული - ვიქტორ წილოსანი
მეტროში საცობი მგზავრების მიერ ზოლში არასწორად მოძრაობითაა განპირობებული - ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. „მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განაცხადა წილოსანმა.
პენტაგონმა უკრაინისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას ხელი მოაწერა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პენტაგონმა ხელი მოაწერა 2,2 მილიონ დოლარიან კონტრაქტს, რომელიც უკრაინისთვის კამიკაძე დრონების (Switchblade 600) მიწოდებას ითვალისწინებს. Switchblade 600-ს 40 კილომეტრის ფრენის დიაპაზონი აქვს და შეუძლია, ჰაერში დარჩეს 40 წუთამდე. ზუსტად როდის მიიღებს უკრაინა ამ დრონებს, უცნობია. Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. ამერიკული მედია აპრილში წერდა, რომ ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია
"რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია", - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკამ სოციალურ ქსელში დაწერა. „პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დღეიდან ხელს შეუწყობს ახალი საზარბაზნე ხორცის მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად და ძველი ტანკებით ცუდად გაწვრთნილი ჯარების ახალი ტალღის გაგზავნას“, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა. დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ, რუსეთის ბაზრებზე ინდექსის ვარდნა გამოიწვია
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, რუსეთის ბაზრებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მეორე დღეა ბაზრებზე ინდექსები ეცემა, ბოლოს ასეთი ვითარება თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს დაფიქსირდა. 10:43 საათზე მოსკოვის დროით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 4%-ით, ხოლო РТС-ი 5%-ით ჩამოიშალა. ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე, რეაქცია რუსულ რუბლსაც ჰქონდა. რუსეთის ვალუტამ პოზიციები დათმო და გაუფასურება დაიწყო. $1 ღირებულებამ 62 რუბლი შეადგინა. რუსული რუბლი აშშ დოლართან 1,4 რუბლით გაუფასურდა. კურსმა ვარდნა დაიწყო ევროსთან მიმართებითაც. მანამდე, 20 სექტემბრის მონაცემებით, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 8%-ით დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის თარიღი დასახელდა. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ნიკა კვარაცხელიას საქმეში მონაწილეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ირაკლი ბიბინეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ ბიბინეიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის განმარტებით, მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა განახორციელეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ისინი საცხოვრებელ სახლში შეიფარა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედია: პუტინის ტელემიმართვის შემდეგ, რუსეთში სტამბოლისა და ერევნის მიმართულებაზე ყველა ბილეთი გაიყიდა
ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში, 21-22 სექტემბრისთვის ერევნისა და სტამბულის ყველა ბილეთი გაიყიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „იმის გამო, რომ ყველა ქვეყანა არ იღებს რუსებს ტურისტული ვიზებით, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულნი არიან აირჩიონ ფრენისთვის ის ქვეყნები, სადაც შესვლა ჯერ კიდევ ნებადართულია. ასე რომ, რუსებმა უკვე იყიდეს 21 და 22 სექტემბრის ყველა ბილეთი მოსკოვი-სტამბოლის მიმართულებაზე. საუბარია პირდაპირ ფრენებზე ტრანსფერების გარეშე“,- წერს მედია. ამასთან, ავიაბაზარმა მზარდ მოთხოვნას მაღალი ფასებით უპასუხა და 23 სექტემბერს მოსკოვიდან სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულება გაძვირდა. „მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი 82 - 82 ათასი რუბლი ღირს, ასეთი ბილეთებიც კი არც ისე ბევრი დარჩა. რუსებს ქვეყნის დატოვება უნდათ“, - წერს უკრაინული მედია. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ოლაფ შოლცი: კრემლის ნაკარნახევ მშვიდობას არ მივიღებთ
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კრემლის პირობებს ვერ მიიღებს. შოლცმა გამოსვლა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. „თუ ჩვენ გვინდა, რომ პუტინის ომი დასრულდეს, მაშინ არ შეიძლება ჩვენთვის სულ ერთი იყოს, თუ როგორ დასრულდება ის. ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას და არ მივიღებთ არანაირ რეფერენდუმებს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ოლექსი დანილოვი პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმაზე საუბრობს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, რუსების ლიკვიდაციას ნიშნავს. „ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით: პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმა - ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების განკარგვისთვის: მობილიზაციისთვის თავის არიდება - ციხე - კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი PMC. შემდეგ: უკრაინული ფრონტი - ლიკვიდაცია - „თეთრი ლადა“", - წერს დანილოვი. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები არ გაიზიარა - ომბუდსმენის მოადგილე
სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად შეიქმნა, რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის და აშშ-ის საელჩოს მიერ, არ იქნა გაზიარებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებია სასამართლო ხელისუფლებაში, საუბარი შეეხო მედიაში არსებულ გამოწვევებს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, სხვადასხვა შემზღუდავ რეგულაციებს კანონმდებლობაში და კომუნიკაციების კომისიის არასწორ პრაქტიკას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გამოსასწორებელია, ასევე მედიამფლობელების და გარკვეულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე - რა თქმა უნდა, ვახსენეთ კარტოგრაფების საქმე, სადაც სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნას. ვახსენეთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე, სხვა გახმაურებული საქმეები, სადაც მიგვაჩნდა, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივაში," - განაცხადა ბურჯანაძემ.
რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ პეტიციას, ათიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი
Change.org-ზე გაშვებულ პეტიციას რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი. ბოლო მონაცემებით პეტიციას 121 ათასი ადამიანი აწერს ხელს. რაოდენობა ონლაინ-რეჟიმში იცვლება. „ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, ქალები და კაცები, ვეწინააღმდეგებით საერთო და ნაწილობრივ მობილიზაციას. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ აქვს ამის გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი, წონიანი და დასაბუთებული მიზეზები და არც შეიძლება ჰქონდეს. ამჟამინდელ ვითარებაში ჩვენ მზად არ ვართ, ჩვენი ქვეყნის კაცები - ძმები, შვილები, ქმრები, მამები და ბაბუები - მორალური თუ ფიზიკური საფრთხის წინაშე დავაყენოთ“, - ნათქვამია პეტიციაში. პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, შესაძლო მობილიზაციის შესახებ ინფორმაცის ფონზე, 2022 წლის აპრილში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, ავტორებმა გადაწყვიტეს ხელმოწერების შეგროვების გახანგრძლივება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მთელი პერიოდისთვის. მაისისთვის პეტიციას 50 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
საბერძნეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს დენდიასს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მხარებმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა განიხილეს. „ქართული მხარე მიესალმა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ორმხრივ თანამშრომლობის დღის წესრიგზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა და ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი და ხალხთაშორისი კავშირები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს და აღნიშნეს მაღალ დონეზე მჭიდრო კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობა. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იმერეთის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
იმერეთის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ამირან ვერულაშვილს, ვასილ პეტრიაშვილი შეცვლის. პეტრიაშვილი ამ დრომდე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამირან ვერულაშვილი რეგიონებს შორის განხორციელებული როტაციის შედეგად, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.
ბენ უოლესი: ვლადიმერ პუტინმა და მისმა მინისტრმა საკუთარი ათიათასობით მოქალაქე სასიკვდილოდ გაგზავნეს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ, იმის აღიარებაა, რომ მისი გეგმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, იშლება. ამის შესახებ ტექსტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა. „მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათიათასობით საკუთარი ცუდად აღჭურვილი და მოქალაქე გაგზავნეს სასიკვდილოდ. ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალური პარია”, - განაცხადა ბენ უოლესმა. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი ძარცვის სავარაუდო მოტივზე საუბრობს
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი „არ გამორიცხავს, რომ ძარცვის მოტივი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს. დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზასაც მოითხოვს. „ჩვენი გუნდი (აიპ „იურისტთა ასოციაცია) იცავს გრიგოლ ნარსიას ინტერესებს. გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქედან გამომდინარე აიგება დაცვის სტრატეგია. პირველ რიგში, დასადგენია ამ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავნიშნავთ ექსპერტიზას“, - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა. „იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა. დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, - განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა. გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.
პუტინმა ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მილოცვა გაუგზავნა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთთან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, კოორდინაციას უწევენ ძალისხმევას EAEU-ს, CSTO-ს, დსთ-სა და სხვა მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში“, - აღნიშნულია წერილში სომხური მედიის ცნობით.
ესტონეთი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის
ესტონეთმა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ (მშპ-ს მინიმუმ 2,7%-მდე) გამოაცხადა. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ეროვნული მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამას უსაფრთხოების არსებული ვითარება მოითხოვს. მინისტრმა გაიხსენა, რომ NATO-ში გაწევრიანება მოითხოვს მშპ-ს 2%-ს, როგორც წევრ ქვეყანას, მაგრამ ესტონეთმა უკვე გადააჭარბა ამ მაჩვენებელს.
რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს
უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. "გავიგე ადამიანების ტკივილზე, სასტიკ, საზარელ ქმედებაზე, წამებით მოკლულთა გვამებზე, რომელებსაც უკრაინაში პოულობენ. მოდი, გავერთიანდეთ ამ ადამიანებისთვის, ასეთი კეთილშობილი ადამიანებისათვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს", - განაცხადა რომის პაპმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა 2008 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს ნიუ-იორკში შეხვდა. Anadolu-ს ცნობით, შეხვედრა გაეროს შტაბ-ბინასთან მდებარე ანუ თურქეთის სახლში გაიმართა. დახურული შეხვედრა 2008 წლის შემდეგ პირველად გაიმართა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ. ლაპიდის ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერი მიესალმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას. ერდოღანის ოფისს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მოწოდებულია, განაგრძოს ურთიერთობები ისრაელთან არამხოლოდ რეგიონის, არამედ ისრაელისა და პალესტინის მომავლის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.