ძებნის რეზულტატი:

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული.  ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი - 2022“ (OGT-2022) განაცხადა.  ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობას უხსნის.  

ცნობილია რაზე ისაუბრეს, დიდი ბრიტანეთის ელჩმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე დედოფალ ელიზაბედ II-ის ღვაწლზე, დიდ ბრიტანეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელ შედეგებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრაზე განვიხილეთ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის ღვაწლი, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირები და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელი შედეგები“, – წერს მარკ კლეიტონი.

იაპონური კომპანიები ანაკლიის პორტით დაინტერესდნენ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით, იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესდნენ. ამის შესახებ არველაძემ თბილისიში, ქართულ-იაპონური ბიზნესფორუმზე გამოსვლამდე მედიასთან განაცხადა.  ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია „ჩვენ მათ ვთავაზობთ ლოგისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებულნი. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითაც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ. ამასთან, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და  იაპონური ინვესტიციები საქართველოში. მისივე თქმით, 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „ამ მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და JTI მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრმა, აბდულა ბინ სულთან ბინ ავად ალ ნუაიმიმ გააცილა. საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.  

ამსტერდამში აქტივისტებმა, რუსული „იანდექსის“ დამფუძნებლის სახლი დაიკავეს

გამოცემა NRC-ის ცნობით, ნიდერლანდებში აქტივისტები, რუსული „იანდექსის“ დამფუძნებლის არკადი ვოლოჟის სახლში შეიჭრნენ, რომელიც ამსტერდამის სამხრეთით მდებარეობს.  აქტივიესტებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ ოპერაციას" ეწინააღმდეგებიან და იბრძვიან „ოლიგარქებისა და მილიარდერების სიხარბეს, რომლებიც ქმნიან კაპიტალს იმისთვის, რომ რუსეთმა იომოს". NRC-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, აქტივისტებმა შენობის ფანჯრებზე პლაკატები ჩამოკიდეს. როგორც აქტივისტებმა გაზეთს განუცხადეს, ისინი ვოლოჟის სახლში ხუთშაბათს, 27 ოქტომბრის საღამოდან იმყოფებოდნენ. De Telegraaf-ის თქმით, მათ საცხოვრებელი ფართი სჭირდებათ და იქ პოლიტიკურ ღონისძიებებს გამართავენ. ხუთსართულიანი ძველი შენობა Vossiusstraat-ზე, ამსტერდამის ცენტრში, ოფშორულ კომპანია Paraseven Limited-ზეა რეგისტრირებული, რომელიც რუს ბიზნესმენ არკადი ვოლოჟს ეკუთვნის, ის Yandex-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. სახლის ფასი დაახლოებით 3,4 მილიონი ევროა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რიგი რუსი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების, მათ შორის ვოლოჟის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ევროპაში მისი აქტივები გაყინულია. არკადი ვოლოჟმა სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ  Yandex-ის დირექტორთა საბჭო და დატოვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა. მან ევროკავშირის გადაწყვეტილებას „მცდარი“ და „კონტრპროდუქტიული“ უწოდა. მანამდე აქტივისტებმა, ლონდონში სახლი რუს ოლიგარქსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას წაართვეს, ხოლო ბიარიცში აქტივისტები კატერინა ტიხონოვასთან დაკავშირებულ ვილაში შეიჭრნენ. ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილად მიიჩნევა.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას. “26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც ახალი სტრუქტურის – სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების გაცხადებული მიზანია, შესრულდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი. კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების ფუნქცია იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, რასაც ის განახორციელებს ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შექმნით, მათი აღსრულების კოორდინაციითა და ზედამხედველობით. ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები. დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას. ის გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფას, რაც აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნას. გარდა ამისა, გამოცხადებული რეფორმა არ პასუხობს კორუფციასთან დაკავშირებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს – მაღალი დონის კორუფციის ზრდასა და სახელმწიფოს მიტაცების გაღრმავებას. შესაბამისად, მხოლოდ შემოთავაზებული რეფორმის გატარება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის შესრულებად, რამაც შეიძლება ქვეყანას დააკარგვინოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს და მმართველ გუნდს, გადახედონ მე-4 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მათ მიერ არჩეულ მიდგომას და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. ამ მიზნის მისაღწევად, შესაძლებელია ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატების მიერ დაინიცირებული კანონპროექტის ან მასში გამოყენებული იდეების გამოყენება. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი, მულტიფუნქციური და საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რაც პირდაპირ და სრულად დააკმაყოფილებდა ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციას. ეს კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შემუშავდა, ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური სპექტრში. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენებ სამივე კომპონენტს: დამოუკიდებლობის გარანტია – სააგენტოს ხელმძღვანელი შეირჩევა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას. მაღალი დონის კორუფციაზე რეაგირება – სააგენტო აღჭურვილია საგამოძიებო უფლებამოსილებით და მას პირდაპირ ევალება კორუფციასთან, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა. საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანება – სააგენტო იქმნება ამჟამად სხვადასხვა ინსტიტუციებში გაფანტული ანტიკორუფციული საქმიანობით დაკავებული დეპარტამენტების გაერთიანებით, ესენია: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი); სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი; საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დეპარტამენტი. 2022 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციები, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოუტანს და განამტკიცებს მის დემოკრატიულ მომავალს. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ მხარესაც კი არ დარჩეს კითხვები, შეასრულა თუ არა საქართველომ ევროკომისიის რომელიმე რეკომენდაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7676 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7676 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7676 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7491 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7557 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა

Forbes USA-მა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა.  13-მა სპორტსმენმა, მოცეკვავემ და ხელოვანმა, ყველაზე „მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების“ ამჟამინდელ რეიტინგში წელს რეკორდული $1,6 მილიარდი გამოიმუშავეს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 72%-ით მეტია.  Forbes-ი ველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგს 2001 წლიდან აქვეყნებს.  სიის სათავეშია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი. ის 1973 წელს პნევმონიით გარდაიცვალა, მაგრამ 2022 წლის აგვისტოში $500 მილიონი Middle-Earth Enterprises-ის ბრენდის გაყიდვიდან „მიიღო“, რომლის მეშვეობითაც ვიდეო-თამაშებზე, საქონელზე და სხვა ინტელექტუალურ საკუთრების უფლებები იმართება. სავაჭრო ნიშანი შვედურმა ჰოლდინგმა Embracer-მა იყიდა, რომელიც კომპიუტერულ თამაშებზეა სპეციალიზებული. ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგში მეორეა, კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, რომელმაც 2022 წელს $400 მილიონი „გამოიმუშავა“ Coca-Cola-ს სპორტული სასმელების ბრენდის BodyArmor-ის წილის გაყიდვით.  როკ-ენ-როლის მეფე, ელვის პრესლი, კვლავ უაღრესად ძვირადღირებული ბრენდია. მომღერლის გარდაცვალებიდან 45 წლის შემდეგ მისი ქონება $110 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ თანხის ლომის წილი, გრეისლენდში ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვით მიიღეს. ბაზ ლურმანის ბიოგრაფიულმა ფილმმა „ელვისმა“ მხოლოდ 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Forbes USA წერს, რომ ზოგადად, „წარსულის მუსიკას“ ინვესტორები შემოსავლის საიმედო წყაროდ მიიჩნევენ. ამგვარად, მთლიანი შემოსავალიდან 1,6 მილიარდი დოლარიდან, რეიტინგის ცხრა მუსიკოსმა თითქმის 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის, დევიდ ბოუიმ $250 მილიონი, მაიკლ ჯექსონმა $75 მილიონი, Hallelujah სიმღერების ავტორმა, ლეონარდ კოენმა $55 მილიონი. რეიტინგის შედგენისას Forbes USA ეყრდნობოდა Luminate-ის, IMDbPro-ს, NPD BookScan-ის მონაცემებს, ასევე ინტერვიუებს ინდუსტრიის ინსაიდერებთან. რეიტინგში შემოსავალი, 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ოქტომბრამდეა გათვალისწინებული.  

უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინელმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში მათი გამოყენება დაიწყო.  უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის იური იგნატის თქმით, ექვსი მათგანი პირველ ნოემბერს ჩამოაგდეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

უკრაინა „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი მიწვევის გაუქმება მოითხოვა. „პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება გასცა. სისხლით შეღებილი ხელებით მას არ უნდა მიეცეს უფლება, მსოფლიო ლიდერებთან ერთად მაგიდასთან დაჯდეს. პუტინის მიწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ უნდა გაირიცხოს“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყება.

ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ გამოაცხადებს

ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. ადვოკატის ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადება დილის 11 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.   

ზელენსკიმ მაკრონთან საუბრის შემდეგ, ორი მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ კი, კონკრეტული ინიციატივები დააანონსა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. კონკრეტული გადაწყვეტილებებია უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ, კონკრეტული ინიციატივები განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით. მადლობა, ჩემო მეგობარო, ურყევი მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი. რუსული ძალები 31 ოქტომბერს თავს დაესხნენ უკრაინის რვა რეგიონს. რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.  

ოლექსი დანილოვმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი დაასახელა

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკოა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ სახელებით იცის, ვინ და რისთვის უნდა აგოს პასუხი. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც მუშაობდა „როსატომში“ და კარგად ერკვევა ენერგეტიკის სფეროში“, - განაცხადა დანილოვმა. 10 ოქტომბრიდან რუსეთი უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ შეტევას ახორციელებს. დაზიანდა 45-ზე მეტი ენერგეტიკული ობიექტი. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემაში სიმძლავრის დეფიციტის გამო, საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლების დიდი ნაწილი გათიშულია ქსელიდან.  

ოკუპირებული აფხაზეთის მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი აღმოაჩინეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. გენერალურმაპროკურატურამ განაცხადა, რომ მაღაზიებში ქართული პროდუქციის რეალიზაციის საკითხის შესწავლა დაასრულეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაში“ და „რუბეს“ კონსერვები, რომლებიც წარმოებულია რუსეთის სტავროპოლის მხარეში, თუმცა ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და რუკა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას მოიცავს. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - ბორჯომი, ნაბეღლავი, ლიკანი და საირმე აღმოაჩინეს. მაღაზიებში ასევე იყიდებოდა რუსული „მოროზოვას ფუნთუშები“ (8 ქილა, 8 მინი პაკეტი და 13 შეკვრა). პროდუქციის იმპორტიორი იყო ქართული კომპანია „ორბიტა“ თბილისიდან. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმის სასურსათო მაღაზიებში, ასევე გუდაუთის, გაგრას, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში იყიდებოდა. ე.წ. პროკურატურის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაირღვა აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ახლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.  

კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძე განმარტავს, "გოცირიძის" მეტროს სამუშაო დასრულებულია. მისი თქმით, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცედურები. „როგორც კი დასრულდება საზოგადოება შეძლებს სარგებლობას“, - აცხადებს კახა კალაძე.  შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის ხელმძღვანელი მეტროსადგური გოცირიძის ამუშავებას ითხოვდა. ლაშა ფარულავა თქმით, "გოცირიძე" ორ წელზე მეტია, მგზავრებს ვერ ემსახურება. მეტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაო 2021 წლის 11 ნოემბერს დაიწყო.  

პროკურატურამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა - CNN

„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა - ამ სათაურით CNN-მა იტალიური ნაპოლის ქართველ გარემარბს სტატია მიუძღვნა. „მარადონასთან შედარება „ნაპოლის“ გულშემატკივრების მიერ, არის იმედი, რომ ეს იმ წარმატებებს მოიტანს, რომლებიც არგენტინელმა (მარადონამ, რედ.) მოიტანა. მარადოანს მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია ა-ს მესამე ტიტული „ნაპოლისთვის“ მიუღწეველი დარჩა. შემდეგ, ივლისში, „ნაპოლიში“ ქართველი გარემარბი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი აურზაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ“, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „კვარამ შეცვალა ცხოვრება საქართველოში". CNN-ი „ნაპოლის“ წაუგებელ სერიაში ქართველი ფეხბურთელის წვლილს უსვამს ხაზს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდად აქცია.

კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი, კიევში ჩავიდა. ის უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ზე დაწერა.  „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი დარტყმების მიუხედავად, მე მივესალმე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდს ვიზიტს კიევში. მან თავად მოისმინა უკრაინელებისგან, მუდმივი დაბომბვის ფონზე როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერა“, - აცხადებს ამერიკის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა. უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიშების შემდეგ, დასავლეთმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.

ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართეს. როგორც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა გარდა, იგეგმება შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „ყველა რელევანტურ მხარესთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, განვიხილავთ ჩვენს რეკომენდაციებს, ასევე, მათ თუ აქვთ კითხვები და კომენტარები ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ეს არის სტანდარტული, რუტინული ვიზიტი ამ კუთხით. ცხადია, ყველა ქვეყანა განსხვავებულია და საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები აქვს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.   ამასთან, შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრებსა და ასევე, „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებს. „სტუმრების მხრიდან კითხვები შეეხებოდა საარჩევნო პროცესში არსებულ პრობლემებს. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდეთ უვადოდ. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ცვლილებების პაკეტი, სადაც ეს პრობლემა გამოსწორებულია. გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.  

მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, სერბეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. ამის შესახებ სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა. ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი სერიოზული სახელმწიფოა, ამიტომ არავინ უნდა ითამაშოს „ომის თამაშები“. მისივე თქმით, სერბეთი არ უნდა მოდუნდეს და არმია მოქალაქეების, მათ შორის კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვისას, მზადაა პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება პირველ ნოემბრამდე გადადო. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც კოსოვოს სანომრე ნიშნები არ ექნებათ, დღეიდან გაფრთხილებას მიიღებენ. შემდგომი ორი თვის განმავლობაში მათ დააჯარიმებენ, ხოლო ამის შემდგომი სამი თვე, დროებითი სანომრე ნიშნები იმოქმედებს.