ძებნის რეზულტატი:

ვარშავამ და სეულმა პოლონეთში ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სამხრეთ კორეამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პოლონეთში კერძო ატომური ელექტროსადგურის განვითარებას გულისხმობს. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო ქონების მინისტრმა იაცეკ სასინმა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ლი ჩანგ-იანგმა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ინვესტიციებს მხარს უჭერენ. „ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მთავარ ბირთვულ ენერგეტიკულ პროგრამას”, - განაცხადა სასინმა. მედიაში 31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს დეოლიგარქიზაციასთან - კალაძე

ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არ აქვს დეოლიგარქიზაციასთან, - დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. „ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 31 ოქტომბერს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.  

დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა

დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ზურაბ აზარაშვილი: პირველი ნოემბრიდან, ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს. „DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს“, - აცხადებს ჯანდაცვის უწყება.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნული სწავლებისთვის - Agile Spirit 2023 მზადება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად მრავალეროვნული სწავლებისთვის - Agile Spirit 2023 მზადება უკვე დაიწყო. სწავლების საწყისი დაგეგმვის კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „პულმონში“ გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან სწავლების აღსრულების ფაზის თარიღებსა და საწვრთნელ არეალზე, მასში მონაწილე ქვეყნებსა და ქვედანაყოფებზე, ტაქტიკურ დონეზე სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. დეტალები შემდეგში დაგეგმილ მთავარ და საბოლოო დაგეგმვის კონფერენციებზე უცხოელ პარტნიორებთან შეჯერდება. Agile Spirit 2023 ზაფხულში ჩატარდება. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11 უმასპინძლებს და მას კვლავ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 72 470-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, ომს იურისტები დაასრულებენ სერჰი გაიდაი: ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში, ცხრა დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა "უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2698 ტანკს, 5501 ჯავშანტექნიკას, 1730 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 276 საბრძოლო თვითმფრინავს და 257 ვერტმფრენს, 4143 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1415 უპილოტო საფრენ აპარატს, 154 ერთეულ სპეცტექნიკას, 397 ფრთოსან რაკეტას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჰულუსი აკარმა მარცვლეულის გადაზიდვის საკითხი განიხილა უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვთან. აკარის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის ბევრად უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე სახმელეთო მარშრუტი. „მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა, რომელიც წმინდა ადამიანური საქმიანობაა, უნდა გამოვყოთ კონფლიქტის პირობებს“, - განაცხადა აკარმა სატელეფონო საუბრების დროს. მისივე თქმით, „თურქეთი გაგრძელებს თავისი როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა დონეზე. უკრაინა, თურქეთი და გაერო, თურქეთის წყლებში 16 გემის გადაადგილების გეგმაზე, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცახდა. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს, თუმცა მარაგი, სავარაუდოდ, ძალიან შეზღუდულია. დაზვერვის თანახმად, Kinzhal-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის ბელორუსში განთავსება რუსეთს დამატებით, მცირე უპირატესობას მისცემს, რაც უკრაინის შიგნით სამიზნეებზე დარტმის მიტანაში გამოიხატება. „რუსეთი სავარაუდოდ, ომში ბელორუსის როგორც თანამონაწილედ წარმოჩენის მიზნით მოქმედებს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმს მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს. ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.

ელჩი დეგნანი: აშშ გააგრძელებს მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ ეფექტიანი საქმიანობა შეძლონ

აშშ გააგრძელებს მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეთა მოსაზრებები მათთან შეხვედრის დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართული შეხვედრებისას მოისმინა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დონეზე უამრავ მოსამართლეს შევხვდი. მათგან ძალიან ბევრი მონაწილეობდა გაცვლით, სასწავლო პროგრამებში, სხვადასხვა ტრენინგში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში ჩამოდიან და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა შეხვედრა ტარდება. მე რაც მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ მსგავსი შესაძლებლობა იყოს კიდევ უფრო მეტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ძალიან მათთვის მეტად ღირებულია, გაუზიარონ თავისი ხედვები ამერიკელ მოსამართლეებს, თავის მხრივ, ამერიკელი მოსამართლეები უზიარებენ თავიანთ აზრებს იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება მათი გადალახვა. როგორც წესი, ეს არის ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ემსახურება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სასამართლოს სისტემის მოდერნიზებისკენ. ეს ძალისხმევა ძალიან ბევრი წელია, გრძელდება და მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, პროგრესიც სახეზეა, თუმცა ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რადგან სწორედ ეს შედის 12 პრიორიტეტში, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა. ჩვენ ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ელჩი დეგნანი: ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი  

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს. „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, - წერია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თამარ მაყაშვილმა განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილნი. ამ გამონათქვამის გამო, მსახიობმა ბოდიში მოიხადა.

სახალხო დამცველობის კანდიდატი: ოლიგარქი ცუდი არ არის, ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს

რა არის ოლიგარქი, ამ შეკითხვას უპასუხა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. მაკა მინდიაშვილმა განაცხადა, რომ ოლიგარქია არ არის ცუდი და ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს. „ოლიგარქია და ოლიგარქები ცუდი არ არის. ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს რა თქმა უნდა, რომ ეს ქვეყანას უნდა წაადგეს. მე იცით რისი წინააღმდეგი ვარ? პოლიტიკას არ უნდა გააკარო ოლიგარქი, რადგან ის მენტალურად არის ვაჭარი. ის არის მხოლოდ ფულზე ორიენტირებული“, - განაცხადა მაკა მინდიაშვილმა. მისივე განმარტებით, ბიზნესმენი პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს, მაკა მინდიაშვილს მოუსმინა. სახალხო დამცველობის კანდიდატმა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე 12 კანდიდატს მოუსმინა. ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ 09.30 საათზე გაგრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციიის კომიტეტის წინაშე ჯემალ ნათელაშვილი წარდგება.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი: ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში, თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილია

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის თქმით, ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია, მწეველების საშუალო ასაკი კი 56 წელია. მისივე ინფორმაციით, თუ პირველი იანვრიდან კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, ის 5000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. "ერთფეროვან კოლოფზე, რა თქმა უნდა, სამედიცინო გაფრთხილება იქნება. ეს კოლოფები იწარმოება უკრაინაში. ომიანობის პერიოდშიც კი, ამ მწარმოებელმა შეუთანხმა სხვა მწარმოებელს და ისევ უკრაინაში ხდება კოლოფების დამზადება, როგორც საქართველოსთვის, ისე ისრაელისთვის. ძირითადი პრევენციული ზომაა, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა თამბაქოს მოხმარება არ დაიწყონ. თუ პოტენციურად ახალგაზრდების 15-20 პროცენტი იწყებს მოწევას, სადა შეფუთვის გამო, ეს ციფრი 10%-მდე ჩამოდის. ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას. საკმაოდ ეფექტური ზომაა. უკვე ზრდასრული ადამიანებისთვისაც კარგავს მიმზიდველობას და ასოცირება ხდება, რომ ეს არ არის ნორმალური პროდუქტი.მნიშვნელოვნად ეფექტური ზომა რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, თამბაქოს ინდუსტრია არ გააგრძელებდა მცდელობებს. სამწუხაროდ, ცდილობენ კონკრეტული პოლიტიკოსებით, რომ გადავადდეს, თუმცა ამის არგუმენტები არ არსებობს. საჯარიმო სანქცია ყოველ აღმოჩენილ შემთხვევაზე 5000 ლარია, განმეორებისას 10 ათასი ლარი და ასე შემდეგ“,- განაცხადა ბახტურიძემ „კვირის“ პრესკლუბში.  

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.  

Twitter-ის გაყიდვისთანავე ჯეკ დორსიმ ახალი სოციალური ქსელის ბეტა ვერსია გამოუშვა

Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ ახალი სოციალური ქსელი - Bluesky Social-ი შექმნა. ვიდრე ქსელი ბეტა ვერსიას ამუშავებს, დორსი პროექტისთვის დეველოპერებს ეძებს.  ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა Bluesky Social-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, ანგარიშები სხვა სოციალური ქსელებიდანაც გადაიტანონ, აღნიშნავს Business Insider-ი. Bluesky Social-ი სხვა სოციალური ქსელებისგან საკუთარი AT პროტოკოლის ალგორითმის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით განსხვავდება. ჯეკ დორსი აღნიშნავს, რომ მისი ახალი პროექტი კონკურენციას ყველა არსებულ სოციალურ ქსელს გაუწევს. ჯეკ დორსმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო 2022 წლის მაისში დატოვა. 2021 წლის ნოემბერში დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.  28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.  

ფაშინიანი ირანში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მიწვევით თეირანში მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანს ირანის პრეზიდენტი საადაბადის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსში შეხვდება. მხარები რეგიონულ და ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს და ერთობლივ ბრიფინგს გამართვენ. ფაშინიანი მანამდე სოჭში შეხვდა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს.

საქსტატი: 2022 წლის სექტემბერში მშენებლობის ფასი წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა

2022 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 2.6 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ილინოისის შტატის პოლიციის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგები ჩაატარეს

უკვე მრავალი წელია, გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკელ სამართალდამცველებს ქართველ კოლეგებთან ვაკავშირებთ - მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.   „ეს თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ეს პოლიციის აკადემიის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, სასამართლო ლაბორატორიებისა თუ კინოლოგიური ოპერატიული დანაყოფების მომზადება და პროფესიული ზრდა.   ამ ძალისხმევაში აშშ-ის არაერთი შტატის პოლიციაა ჩართული და სიხარულით გაცნობებთ, რომ მათ რიგს ოფიციალურად შეუერთდა ილინოისის შტატის პოლიცია, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოს პოლიციისთვის უკვე სამი ტრენინგი ჩაატარეს.   ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სამომავლო ტრენინგების დასაგეგმად ილინოისის შტატის პოლიციის ხელმძღვანელმა, ბრენდან კელიმ საკონსულტაციო შეხვედრები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ამ კვირაში გამართა. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი შეამცირა

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით, ხოლო წარმოება - 18,6 პროცენტით შეუმცირდა.  1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის კომპანიის ცნობით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში „გაზპრომმა“, წინასწარი მონაცემებით, 344 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 18,6 პროცენტით ნაკლებია.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 2022 წლის 10 თვეში 91,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით ნაკლებია.  „გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, ჩინეთში, გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაიზარდა. მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას“, - ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.  

ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ საკანონმდებლო ორგანოში ისევს უდიდესი პარტია გახდეს. ბოლო გამოკითხვებით, პარტია 120-ადგილიანი ქნესეთში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს. მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მოპოვებას ვერც მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში ისრაელში პოლიტიკური ჩიხი გაგრძელდება და გაზაფხულზე, შესაძლოა, მეექვსე არჩევნების ჩატარებაც გახდეს საჭირო.  

დავითაშვილის თქმით, მომავალ წელს, შესძლოა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდეს

წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნას „ემირატები ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, 400 მილიარდიანი ეკონომიკაა, ეკონომიკა, რომელიც განიცდის ტრანსფორმაციას და უფრო და უფრო ინოვატორული ხდება. საქართველოც ძალიან დინამიკურად ვითარდება, და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა საკმაოდ დიდია და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მოვახერხებთ რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების დადებას, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

აშშ უკრაინას რვა ერთეულ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის

უკრაინა ორ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას უახლოეს მომავალში მიიღებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას მიაწვდის რვა NASAMS-ს და მასთან დაკავშირებულ საბრძოლო მასალებს. მათგან ორი უკრაინაში მალე ჩავა, კიდევ ექვსი კი, მოგვიანებით მიეწოდება. ლოიდ ოსტინი: უკრაინა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ სისტემებს ნოემბრის დასაწყისში მიიღებს შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა. უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიშების შემდეგ, დასავლეთმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.