ძებნის რეზულტატი:
თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში
"როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში", - განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში. "ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში არის ის – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ – როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, უცბად გადავწყვიტე, დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა, სულ პატარა პარტიას, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა
ესპანეთის ხელისუფლებამ დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო, "კატასტროფის ზონად" გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ხელისუფლებას დაეხმარება ცუდი ამინდის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა სამშაბათს, 19 იანვარს აღიარა, რომ მადრიდისთვის უჩვეულო თოვლისა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს "უდიდესი ზიანი მიაყენა". ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო მადრიდი კატასტროფის ზონად უნდა გამოცხადდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოს. როგორც ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, მადრიდში ბოლო 100 წლის განმავლობაში 80 სანტიმეტრის თოვლი არ მოსულა და არც ტემპერატურა შემცირებულია - 12 გრადუსამდე. მადრიდის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ზარალმა 100 მილიონი ევრო შეადგინა. შეჩერებული ურბანული ტრანსპორტის ზარალი 30 მილიონამდეა შეფასებული, ხოლო საცხოვრებელი სახლების დაზიანება - 75 მილიონი. საგზაო ობიექტების შეკეთება 110 მილიონი დაჯდება. ითვლება, რომ მწვანე საფარის აღდგენას მინიმუმ 97 მილიონი დასჭირდება. მთლიანი ზარალი, მერიის ცნობით, მინიმუმ 1,4 მილიარდი ევრო იქნება. ესპანეთში მეტეოროლოგიური ვითარების გაუარესება შტორმმა „ფილომენამ“ განაპირობა.
დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება
დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge. სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. დეტალური ინფორმაცია, ასევე შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2298 გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები" , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლინკოლნის მემორიალთან ჯო ბაიდენმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან ჯო ბაიდენმა არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან ერთად, კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ პატივი მიაგეს პანდემიის დროს გარდაცვლილ 400 ათასს თანამოქალაქეს. მემორიალური ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში გაიმართა. მემორიალური აქციის ფარგლებში ნიუ-იორკში ემპაირ სტეიტ ბილდინგი და სხვა შენობები წითლად განათდა.
ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა
დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რომელიც სასჯელს თაღლითობისთვის იხდიდა, შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ეს თავისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენონი „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო“, მისთვის ბრალდების წარდგენა კი ბენონის პოლიტიკურ პროექტში ჩართულობას უკავშირდება. გარდა ამისა, ტრამპმა კიდევ 70-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის რეპერი Lil Wayne და დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი. ცნობისთვის, 2016 წელს სტივ ბენონი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას იკავებდა. არჩევნების შემდეგ მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარი სტრატეგის პოსტი დაიკავა, თუმცა 2017 წელს თეთრი სახლი დატოვა. ბენონი 3 პირთან ერთად 2020 წლის აგვისტოში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებმა კამპანია „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ ფარგლებში ათასობით დონორი მოატყუეს, რა დროსაც მოქალაქეებს დაპირდნენ, რომ შემოსული თანხა სრულად მოხმარდებოდა კედლის მშენებლობას.
კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.
ბოლო 24 საათში 14 კოვიდინფივირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფივირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 987 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა
217 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-232, აჭარაში-97, ხოლო იმერეთში-9. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 466 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში-11 978 პირი, აჭარაში-1 626, იმერეთში-2 459“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა
ელჩი გიგი გიგიაძე, რომელმაც დაკავებულ კარტოგრაფებს მხარი დაუჭირა, თბილისში ბრუნდება
დანიაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, დავით გარეჯის რუკების საქმეზე, კარტოგრაფებს მხარი დაუჭირა, დიპლომატიურ რეზერვში გადაჰყავთ. გიგიაძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ თებერვალში იწურება მისი ელჩობის 4-წლიანი ვადა და რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ამის მიზეზი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმე. როგორც Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, როტაციის პრინციპის შესაბამისად ელჩი როდესაც ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში და რჩება სისტემაში. "რა სახით დარჩება დიპლომატიურ სისტემაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შემდეგ მიიღება", - აცხადებენ სამინისტროში. საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს კი აბსურდული და საღ აზრს მოკლებული უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ, რამდენიმე თვის წინ, გიგიაძის მხრიდან მელაშვილის მხარდაჭერას, დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების უხეში დარღვევა უწოდა. 2020 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა რომ დანიაში საქართველოს ელჩის საქციელი არაკოლეგიალური იყო, რადგან როგორც წესი დიპლომატები მსგავს სენსიტიურ საკითხებზე პოზიციას სამინისტროსთან ათანახმებენ. "მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის. ასეთი ზარი არ შემოსულა. ალბათ, მისი ეს ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ", - განაცხადა ზალკალიანმა.
ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო - ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა
პოლიციამ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოავლინა
ბოლო 24 საათში, პოლიციამ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 989 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კახა კალაძე: მომავალი წლების მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს
მომავალი წლების მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძისა თქმით, გასული წლის ბიუჯეტი 96 პროცენტზე მეტი რაოდენობით შესრულდა. „440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. განსაზღვრული გვქონდა, რომ 500 მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და ბევრ კარგ პროექტზე უარის თქმა მოგვიწია, რადგან პრიორიტეტები სხვა მიმართულებით გადანაწილდა. 320 მილიონი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დაიხარჯა, ეს არის ის კონკრეტული, სადაც ერთი ლარი არ მოგვიკლია, რადგან ჩვენ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ძალიან ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ბევრის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ჩვენი ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და ნაკლებად გაჭირვებული ოჯახები გვყავდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება სავალდებულო ხდება
თბილისი ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდოიმაზე თბილისის მერმა კახა კალამძემ განაცხადა. "ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ასეთ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან თბილისის ტაქსის მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის მძღოლები.მნიშვნელოვანია, ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები და გავუფრთხილდეთ, როგრც ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობას, ასევე მათ, ვინც ტაქსის სერვისით სარგერგებლობს. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტები, როცა კონკრეტული ტაქსის მძღოლები აგრძელებენ მუშაობას მაშინ, როცა ისინი დაინფიცირებულები არიან. მე მგონია, რომ მათ არ იციან ამის შესახებ, რადგან უსიპტომოდ არიან, თუმცა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. კონკრეტული ადამიანები, ვინც სარგებლობენ ამ სერვისით სერიოზული რისკის ქვეშ არიან. ამიტომ მაქსიმალურად დაზღვეულები რომ ვიყოთ, უნდა დავაზღვიოთ ტაქსის მძღლებიც და მგზავრებიც. მნიშვნელოვანია როგორც A, ასევე B კატეგორიის ტაქსის მძროლების PCR ტესტირება მოხდეს ორ კვირაში ერთხლ. " განაცხადა კახა კალაძემ.
დღეიდან ენგურჰესი ჩერდება
დღეს ენგურჰესი სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 3 თვე გაგრძელდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება, ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია. ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის 1 მაისს გაეშვას. როგორც ცნობილია, რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი. „პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს
"თუ საქართველოსნაირ ქვეყანას ნატოს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე სენატორი რენ პოლის კითხვას, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა უპასუხა: „თუ საქართველოსნაირ ქვეყანას ნატოს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს“. სენატორმა რონ პოლმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა, რასაც ენტონი ბლინკენი არ დაეთანხმა. „საპირისპიროს ვფიქრობ. რაც შეეხება ნატოს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ნეთანიაჰუ: ისრაელ-საქართველოს პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და იმედი მაქვს, ურთიერთობები პანდემიის დასრულების შემდეგ უფრო გამყარდება
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას და გამოთქვამს იმედს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ ერთად მუშაობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის გასაძლიერებლად. ბოლო წლებში, ისრაელ-საქართველოს პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები მეტად გამყარდება მიმდინარე პანდემიის დასრულების შემდეგ. ვიცი, რომ ისრაელში ათასობით ტურისტი ელის დროს, როდესაც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება ეპიდვითარებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეყნის მართვის მანდატის განახლებას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ“, - ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალურ მილოცვაში.
მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ქვედანაყოფის მისიიდან დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.
საქსტატი: 2020 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია. ამასთან, 2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით. 2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანიმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი),რუსეთი (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ. აშშ დოლარი).
გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია.
დღეიდან 31 მარტამდე ვაშლიჯვრის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება
"მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან მარტის ბოლომდე აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტი დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი გზის, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. „დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რაც მაჭავარიანის ქუჩას მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. ბოლო წლების განმავლობაში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ძალიან განვითარდა. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისასალმებელია, თუმცა, მისასვლელი გზები გადაიტვირთა. ამიტომ, გადაწყდა ახალი, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის დაწყება. იგი იქნება, დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით, რაც ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. არსებობდა მეწყრული ადგილები, რომელსაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება დასჭირდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ და სამომავლოდ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, საპროექტო არეალში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენ მილებს ახალი ტრაექტორიით ათავსებენ. „ამ ეტაპზე, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის გასწვრივ ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ, მოქმედ მილსადენებზე, რის გამოც, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.