ძებნის რეზულტატი:
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი დატოვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საბოლოოდ დატოვეს თეთრი სახლი, საიდანაც ისინი მერილენდის ავიაბაზას ესტუმრებიან. გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის რანგში ბოლო მიმართვა გაავრცელა. „გვიყვარხართ, კარგად და ჩვენ დავბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა გამგზავრებამდე. დონალდ ტრამპი არ დაესწრება ინაუგურაციას, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში რამდენიმე საათში გაიმართება.
იტალია ვაქცინის შეყოვნებისთვის Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
ვაქცინის მიწოდების შეყოვნებისთვის იტალია Pfizer-ის წინააღმდეგ სარჩელ შეიტანას. „ჩვენ მოვითხოვთ სიცხადესა და ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემას მიღწეულ ევროპულ შეთანხმებებთან მიმართებაში“, - განაცხადა რეგიონების საკითხში იტალიელმა მინისტრმა ფრანჩესკო ბოჩამ. საქმე ეხება დოზებს, რომლებიც იტალიამ წინასწარ შეუკვეთა, თუმცა კომპანიის მხირადან მათი მიწოდება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბოჩას თქმით, პრეპარატის მიწოდების ცალმხრივად შეყოვნება გაფრთხილების გარეშე დაუშვებელია.
ლედი გაგამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა
ლედი გაგამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა. 20 იანვარს, აშშ-ის დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დადებენ ფიცს, ხოლო საღამოს კორონავირუსის შეზღუდვებიდან გამომდინარე ტრადიციული მეჯლისის ნაცვლად სატელევიზიო ღონისძიება "Celeberating America" ჩატარდება. ვინ იქნება ინაუგურაციაზე? ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად ცერემონიას კონგრესმენებისა და უზენაესი სასამართლოს წევრების უმრავლესობა დაესწრება. ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, საკუთარ მეუღლეებთან ერთად იქნებიან ინაუგურაციაზე, თუმცა ცერემონიას ქვეყნის უხუცესი ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი არ დაესწრება და ახლად არჩეულ პრეზიდენტს დისტანციურად მიულოცავს. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არ დაესწრება ცერემონიას, რაც იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ცერემონიაზე იქნება. როგორია ფიცის დადების განრიგი? ზუსტი დრო უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ცერემონია თბილისის დროით საღამოს რვა საათზე დაიწყება. ამერიკის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს. არჩეულ პრეზიდენტს ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი წაუკითხავს. აღსანიშავია, რომ ფიცის დასადებად ბაიდენის საგვარეულო კოლექციიდან აღებულ 127 წლის ბიბლიას გამოიყენებენ. ყველაფერი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ტრადიციული ფიცი დადო. ვიცი-პრეზიდენტი ტრიბუნასთან ჯო ბაიდენის ფიცის დადებამდე წარსდგა. „მე, კამალა ჰარისი ფიცს ვდებ, რომ მხარს დავუჭერ და დავიცავ კონსტიტუციას, შიდა თუ გარე მტრის წინააღმდეგ და ერთგულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ნებით, ყოველგვარი ზეგავლენის და ზეწოლის გარეშე, რომ მე სამართლიანად შევასრულებ ყველა პასუხისმგებლობას და უფლებამოსილებას, რასაც ეს თანამდებობა მაკისრებს! ღმერთი იყოს ჩემი შემწე“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. „მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.
ჯო ბაიდენი: ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ინაუგირაციაზე სიტყვით წარსდგა. „ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა...დემოკრატიამ გაიმარჯვა... მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, რომ შემომიერთდეს და ყველანი გავერთიანდეთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ვიცი, რომ ერთიანობის შესახებ საუბარი დღესდღეობით ფანტაზიას ჰგავს. ვიცი, რომ საზოგადოება ახლა დაყოფილია. თუმცა ერთიანობა ქვეყნის წარმატების ერთადერთი საწინდარია“. ბაიდენი კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებსაც შეეხო. „ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება, არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც ვინც მე მხარი არ დამიჭირა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ახალმა პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიაზეც ისაუბრა. „ამ გამოწვევების დასაძლევად, სულის აღსადგენად და ამერიკის მომავლის უზრუნველსაყოფად, სიტყვაზე ბევრად მეტია საჭირო. ეს მოითხოვს: ერთიანობას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი, აღსადგენი და გასაჯანსაღებელი, ბევრი გვაქვს ასაშენებელი და მოსაპოვებელი“, - დასძინა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენი: ერთად დავწეროთ ამერიკის ახალი ისტორია: იმედის, ერთობის, სინათლის, სიყვარულის, ღირსების
„ღვთისა და თქვენ წინაშე, ვფიცავ რომ ყოველთვის დავიცავ კონსტიტუციას, დავიცავ დემოკრატიას, ამერიკას და ყველა თქვენგანს", - ეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის სიტყვებია, რომელიც მან ინაუგირაციაზე წარმოთქვა. „ერთად უნდა დავწეროთ ამერიკის ახალი ისტორია, იმედის და არა შიშის, ერთობის და არა დაყოფის, სინათლის და არა წყვდიადის, სიყვარულისა და ღირსების ისტორია. დაე, ეს იყოს ამბავი, რომელიც ჩვენ გზას გაგვიკვალავს, შთაგვაგონებს და მომავალ თაობებს აჩვენებს, რომ ჩვენ ისტორიის გამოწვევებს ვპასუხობთ, დემოკრატია და იმედი ჩვენ დროს არ მომკვდარა, არამედ აყვავდა - ამერიკამ თავისუფლება შეინარჩუნა სახლში და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის დემოკრატიის შუქურა მსოფლიოსთვის. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ჯარისკაცები, მადლობა ამერიკა“, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი: ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა.
თეა წულუკიანი: ომბუდსმენმა პატიმართა ნდობა დაკარგა, რადგან მათთან დაკავშირებული კანონპროექტებით არ ინტერესდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებებს პასუხობს. წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრების ნდობას არ იწვევს, რადგან ომბუდსმენი პატიმრებთან დაკავშირებული კანონპროექტებით არ ინტერესდება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მინისტრობის პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს მონიტორინგთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ და არც ახლა ექმნებათ რაზეც პენიტენციურმა სამსახურმა უკვე უპასუხა. „სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ მრავალი თვეა, იუსტიციის მინისტრი აღარ ვარ, ასევე, არ ვარ იმ რომელიმე საპარლამენტო კომიტეტში, რომელიც თეორიულად შეიძლება განვიხილოთ, რომ არის პენიტენციური სისტემისთვის დარგობრივი კომიტეტი. სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მუდმივად ჩემზე ფიქრის ნაცვლად, პატიმრებსა და მათში საკუთარ გამოფიტულ ნდობაზე იფიქროს”, -აცხადებს თეა წულუკიანი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ის იუსტიციის მინისტრი იყო ხედავდა რომ პატიმრებში სახალხო დამცველის მიმართ ნდობის ხარისხი, ძალიან სწრაფი ტემპით უარესდებოდა, სახალხო დამცველი კი პროცესის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა. „ახლახან საჯარო შენიშვნაც მივეცი და მას მოვუწოდე, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის განხილვის პროცესში ჩართულიყო, მაგრამ ჩემი ხმა დარჩა, როგორც „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. პატიმარი სახალხო დამცველს ბუნებრივად თავის მოკავშირედ მოიაზრებს და როცა ის ამ მოკავშირეობაზე უარს ეუბნება, როცა პატიმრები ხედავენ, რომ „ამნისტიის კანონი“ მას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნდობის ეროზიას. დღეს დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც თუ კანონად იქცევა, დიდწილად პატიმრების უფლებებსაც ეხება. ამიტომ, სახალხო დამცველის ადგილას რომ ვიყო, ამ იდეას ავიტაცებდი, ვიმუშავებდი მიხეილ სარჯველაძესთან და ჩემთან, ვინც ამ ცვლილებების ავტორები ვართ და დავიცავდი პატიმრების ინტერესებს კანონპროექტის განხილვისას, მაგრამ ეს არ ხდება. არც მას და არც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც საჯარო სივრცეში ვამბობთ, მედიის დამსახურებით, ამას საკანში პატიმრები ისმენენ. როცა პატიმარი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს არ აინტერესებს ამნისტია, როცა ეს პატიმარს აინტერესებს, ასევე, როცა პატიმარი ისმენს, რომ სახალხო დამცველს ალბათ, ის კანონპროექტი არ დააინტერესებს, რომელიც დღეს დავაინიცირეთ, მათ ეს უკვირთ. “, – განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პატიმრები, პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ციხის ე.წ "მაყურებლების" მიერ არიან მართული. ლომჯარიას თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი უკვე საფრთხის შემცველი გახდა "ვფიქრობთ ეს თავდასხმები გამოწვეულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყენებული ანგარიშით, სადაც საუბარია იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწევა. აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.
Forbes-მა აშშ-ის ყველაზე გულუხვი მილიარდელები დაასახელა
Forbes-მა აშშ-ის მილიარდელები დაასახელა, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ყველზე მეტი თანხა გაიღეს. უორენ ფაბეტი, ბილ და მელინდა გეითსები, მაიკლ ბლუმბერგი, ფილ ნაითი, ეს იმ ქველმოქმედთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც Forbes-ის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია,რომ ჩამონათვალში აშშ-ის და მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი- ელონ მასკი და ჯეფ ბეზოსი ვერ მოხვდა.
დავით ზალკალიანი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში ხვალ ჩანიშნულ სხდომის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. "ეს საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იყო გასულ წელს. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ სტრასბრუგში, ჩვენი მისიაც აქტიურად იყო ჩართული. რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რა დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრომ. დარწმუნებული ვარ, როგორც წინა შემთხვეევების დროს, აქაც გვექნება ნაბიჯი პოზიტიური მიმართულებით. ასე რომ, ჯერ არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ, სულ ცოტა ხანში დადგება ალბათ საბოლოო განაჩენი და ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ, რომ ეს შესაძლოა იყოს იმ პოზიტიური მოლოდინების შესაბამისობაში, რაც ჩვენ დღეს გვაქვს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეს, ღია მოსმენაზე განიხილავს. ამის შესახებ Europetime-ს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრესცენტრიდან აცნობეს. „გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ევროპული სასამართლოს მთავარი პალატის მომავალ გადაწყვეტილებაზე რუსეთ-საქართველოს შეირაღებული კონფლიქტის შესახებ (II), ის ჩატარდება 2021 წლის 21 იანვარს, 11:00 საათზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასახლეში გამართულ ღია მოსმენაზე", -აღნიშნულია სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეს სტრასბურგის სასამართლო ხვალ განიხილავს
ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ კობა დავითაშვილის საქმეზე დამნაშავედ სცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ კობა დავითაშვილის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ Europetime-ს პროკურატურიდან აცნობეს. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. "სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის ნოემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე, რომელიც კურირებდა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. ზურაბ ადეიშვილმა დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება. 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ორჯერ იქნა დარბეული სამართალდამცავების მიერ, რა დროსაც განადგურდა აქციის გასამართად საჭირო აპარატურა. ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამოდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათ ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ. სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამერიკის ახალ პრეზიდენტს პლენარულ სხდომაზე იწვევს
დევიდ სასოლმა ჯო ბაიდენს პრეზიდენტობა მიულოცა და ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიიწვია.. "ჩვენ მას ვიწვევთ ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე, რათა დაიწყოს ჩვენი თანამშრომლობა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებში", - ამის შესახებ დევიდ სასოლი საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე წერს. "ევროპა არის და ყოველთვის იქნება მის გვერდით, როგორც ძლიერი და ერთგული მოკავშირე. ერთად, ახალი იმედებისაკენ"- დასძინა დევიდ სასოლმა. ჯო ბაიდენმა ფიცი დღეს დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.
იენს სტოლტენბერგი: ძლიერი NATO კარგია ამერიკისთვის და ევროპისთვის. დღეს ახალი თავის დასაწყისია
ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას იენს სტოლტენბერგი ულოცავს. „ვულოცავ ჯო ბაიდენს ინაუგურაციის დღეს. ძლიერი NATO კარგია, როგორც ამერიკისთვის, ასევე ევროპისთვის, ვინაიდან არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია გამოწვევებს მარტო გაუმკლავდეს. დღეს ახალი თავის დასაწყისია და ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ველოდები!“ - დაწერა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. Twitter-ზე. ჯო ბაიდენმა დღეს საპრეზიდენტო ფიცი დადო.
საქართველოს ოფიციალური პირები ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
საქართველოს ოფიციალური პირები ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ. „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, - წერს გიორგი გახარია. პრემიერი კამალა ჰარისს ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს. „შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით", - ეს სიტყვები კი Twitter-ზე დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს კამალა ჰარისს. „ჩემი გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ვუსურვებ მათ წარმატებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც ამ კრიტიკულ დროს უკეთესი მომავლისკენ გაუძღვება. ველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი.
ჯო ბაიდენმა პირველ განკარგულებებს ხელი მოაწერა
ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი. კაპიტოლიუმის შენობაში, პრეზიდენტის ოთახში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინაუგურაციის დღის გამოცხადების, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მათი მოადგილეების დამტკიცების შესახებ დოკუმენტებს. ამასთან, თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. აგრეთვე, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, მალე ჯო ბაიდენი შეიარაღებული ჯარების მზაობას შეამოწმებს, მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობის ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. როგორც ცნობილია, არლინგტონის სასაფლაოზე მასთან ერთად მივლენ ექსპრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.
აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ავრილ ჰეინესი დაამტკიცა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა. სენატმა აღნიშნულ თანამდებობაზე ვრილ ჰეინესი დაამტკიცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჰეინსის, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა. 2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო.
პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება. რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა. აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენმა ვირტუალ რეჟიმში გამართულ ღონისძებაზე ადმინისტრაციის ახლად დანიშნული თანამშრომლები გააფრთხილა, რომ გაათავისუფლებს ნებისმიერს, ვინც სამუშაო გარემოში თანამშრომლების მიმართ პატივისცემის ნაცვლად, ტოქსიკურ დამოკიდებულებას გამოავლენს. ბაიდენმა განუცხადა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომ ისინი არ უნდა მუშაობდნენ მისთვის, თუ ისინი სერიოზულად არ აპირებდნენ ცვლილებების განხორციელებას. ”ჩვენ გვაქვს შანსი შეცვალოთ ყველაფერი. ეს არის მიზეზი, რომ პოლიტიკაში ჩავერთე... ხალხი არ მუშაობს ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ხალხისთვის. ისინი ჩვენ ხელფასს გვიხდიან. ისინი თქვენ გენდობიან. მე გენდობით თქვენ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს. ძალიან იშვიათად ეძლევა ადამიანს ისეთი რამის კეთების საშუალება, რაც ფუნდამენტურად პოზიტიურ გავლენას იქონიებს სხვების ცხოვრებაზე, არა მხოლოდ აქ, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა ბაიდენმა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 გამოჯანმრთელდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.