ძებნის რეზულტატი:
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება
"ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება", - განაცხადა თურქეტის საგარეო საქმეთა მინიტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და აშშ-ის საუკუნეები იყო. ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება“, - განაცხადა მინისტრმა თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. „პანდემიის პერიოდში, ჩვენ მხარს ვუჭერდით აზიის 33 ქვეყანას და შევიძინეთ ვაქცინაციის სამედიცინო აღჭურვილობა ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამართლო პროცესი 25 იანვარს ჩაინიშნა
11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამრთლო პროცესი ცხინვალში, 25 იანვარს ჩაინიშნა. ამის შესახებ Europetime-ს სუს-იდან აცნობეს. გახელაძის საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უზენაესი სასამართლო განიხილავს. "ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით", - აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ekhokavkaza.com-ის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაკითხეს და მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, დაკავების დროს რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს. დაკავებულს ბრალად წაუყენს საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ასევე დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. გახელაძე უკვე 7 თვეა საოკუპაციო რეჟიმის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესამდე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილა. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც.
ბრაზილიამ ბრიტანული და ჩინური ვაქცინები დაამტკიცა
ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელმა სააგენტომ საგანგებო გამოყენებისთვის, Covid-19-ის ორი ვაქცინა დაამტკიცა. ესენია ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის "ასტრაზენეკა" და ჩინური "სინოვაკის" ვაქცინა. ინფორმაციას Ft.com ავრცელებს. ” ჩვენი საუკეთესო შანსი ამ ომში უნდა იყოს სოციალური ქცევის ცვლილებები. ამის გარეშე, ვაქცინითაც კი, გამარჯვებას ვერ მივაღწევთ, ”- თქვა ანტონიო ბარა ტორესმა, მასობრივი ვაქცინაცია დამტკიცებიდან სულ რამდენიმე წუთში დაიწყო. 54 წლის ექთანი მონიკა კალაზანსი, პირველი იყო, ვისაც ჩინური ვაქცინა "კორონავაკი" გაუკეთეს.
ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ალექსეი ნავალნის ადვოკატის თქმით, ოპოზიციონერს სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციონერის სასამართლო სხდომა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა, რომელიც სპეციალურად მისი საქმის განსახილველად იყო მოწყობილი. ოპოზიციონერთან არ უშვებდნენ ადვოკატსაც ერთი დღის განმავლობაში, ნავალნი სამართალდამცველებს იზოლირებული ჰყავდათ და მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი, მისი ადვოკატის მეშვეობით. "იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს",- აცხადებს ნავალნი სოციალური ქსელით მიმართვაში. ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.
ბრიტანელი პროგრამისტი მერიას ნაგავსაყრელზე მყარი დისკის პოვნის შემთხვევაში ბიტკოინის წილს სთავაზობს
ბრიტანელი პროგრამისტი, ჯეიმს ჰოუელსი ქალაქის მერიას მისი მყარი დისკის მოძიებაში დახმარებას სთხოვს. პროგრამისტი, ნიუ პორტიდან, მერიას საკუთარ მყარ დისკზე არსებული ბიტკოინების 25%-ს გადასცემს. პროგრამისტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ვირტუალურ ვალუტაზე, 2013 წელს ჰოულსმა მყარი დისკი შემთხვევით გადააგო, როდესაც მას ეგონა, რომ უკვე კომპიუტერზე ჰქონდა ყველა მნიშვნელოვანი ფაილი გადატანილი. ჯეიმს ჰოუელს მყარ დისკზე 7,500 ბიტკოინი ჰქონდა, რაც ვირტუალური ვალუტის სწრაფი ზრდის ფონზე დღეს 275 მილიონ აშშ დოლარია. CNN-თან ინტერვიუში, პროგრამისტი ამბობს, რომ ის დათანხმდა საკუთარი ვირტუალური ვალუტის წილი მერიას გადასცეს, თუ ისინი ქალაქის ნაგავსაყრელის ამოთხრაზე დათანხმდებიან. მერიამ მას უარი უთხრა და არც კი აპირებს მასთან შეხვედრას. წილი, რომელსაც ჰოულსი მერიას სთავაზობს, დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის ტოლია. Bitcoin-ის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა, ერთი Bitcoin-ის ფასი 37,000 დოლარია.
შესაძლო დივერსიის თავიდან ასაცილებლად აშშ-ში ეროვნული გვარდიის წევრებსაც ამოწმებენ
CBC -ს გამოცემის ცნობით, FBI ეროვნული გვარდიის წევრებს, შესაძლო შიდა თავდასმის თავიდან ასაცილებლად ამოწმებს. ეჭვი კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონში დისლოცირებული 25,000 ეროვნული გვარდიის წევრების შემოწმება მიმდინარეობს. ვაშინგტონში 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება, დედაქალაქში უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.
გიორგი ვაშაძე: ივანიშვილის წასვლამ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესაძლებლობა გააჩინა და პარტნიორებთან ერთად მუშაობას ვიწყებ
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წასვლამ მესამე მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნის კარგი შესაძლებლობა შექმნა. როგორც მედიასთან საუბარში ვაშაძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ „ქართული ოცნება“ დიდ მხარდაჭერას კარგავს და ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის დიდი შესაძლებლობა გამოჩნდა და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად დაიწყებს მუშაობას. „აბსოლუტურად სრულიად ახალი რეალობა გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ დიდ მხარდაჭერას დაკარგავს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი. რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. ვინ შეიძლება იყოს აქ – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტები, თუ საზოგადოებრივი პირები. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და თებერვლიდან გააქტიურდება მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მთავარია, არ ჩავიციკლოთ მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებებზე და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. კარგად დავინახოთ, რომ დიდი შანსი გამოჩნდა, მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის საზოგადოების მხრიდან. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის“ უარს „მოქალაქეები“ ვაშაძის შანტაჟს უკავშირებენ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარი თქვა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ, გიორგი ვაშაძე „გირჩის“ შეთავაზებას დათანხმდა, ინდივიდუალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა პოზიცია მოულოდნელად შეცვალა. ელისაშვილის განცხადებით, შესაძლოა გიორგი ვაშაძის პოზიციის ასეთი სწრაფი ცვლილება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი კომპრომიტირების და შანტაჟის შედეგი იყოს. ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან. „არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო და მეორე დღეს აღარ სურთ შეხვედრა, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის. „ქართული ოცნებაც“ ამბობდა და სამწუხაროდ, ლოგიკა არის ამაში. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ბრალდებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უპასუხა. ვაშაძის თქმით, მან არაერთხელ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასზე რამე კომპრომატი რომ ჰქონოდათ, აქამდე გამოაქვეყნებდნენ. „ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა - ოპოზიცია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გიორგი ვაშაძე შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ არასწორად მიაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ახალ-ახალი ინიციატივები. „ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი, ელისაშვილის თუ „გირჩის“ წარმომადგენლების მხრიდან. არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალ-ახალი ინიციატივების წამოყენება, როდესაც არანაირი სიმპტომი არ არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის კომპრომისზე აპირებს წასვლას“, - აცხადებს ვაშაძე. „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, როდესაც საჯაროდ განაცხადეს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია. „წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ვიცი, რომ გუშინ ყველაფერი რიგზე იყო და დღეს შეიცვალა. არ ვიცი, ეს ბატონი გიორგის გუნება-განწყობას უკავშირდება, თუ პარტიის შიგნით სხვა პრეფერენციები არსებობს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გამოტანილ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ, საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა. რა შეიცვალა, არ ვიცი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. თავის მხრივ, პარტია „ლელო“ თანახმაა თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის შესახებ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ინიციატივა ერთიან ფორმატში განიხილოს., მაგრამ ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატზე უარს აცხადებენ. „ლელოს წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩვენების შესახებ ინიციატივის განსახილველად მზად არიან. ამთავარია, დავინახოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურს შეთანხმება, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რაც შეეხება შეხვედრას „გირჩის“ და ელისაშვილის წარმომადგენლებთან, ვერ გეტყვით, რა იქნება უშუალოდ ამ კონკრეტულ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია, იმიტომ, რომ ამაზე სიღრმისეული ოფიციალური მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თავად ეს წინადადება რომ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მათ შორის, ერთიან ფორმატში, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ინდივიდუალურ განხილვებს, თუ ვთანხმდებით პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე, მაშინ ერთად უნდა ვიმსჯელოთ. ალეკო ელისაშვილის და „გირჩის“ ამ ნაწილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შესვლა და ახლა თანამოაზრეებს ეძებენ.”, - აცხადებს „ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე მისი თქმით, ამ პროცესის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციას შორის მიმდინარე საუბრები გაგრძელდეს და სწორი გადწყვეტილება მიიღონ. „რაც შეეხება 2022 წელს არჩევნების ჩატარებას, ჩვენი მიზანია, რომ 2021 წელს ჩატარდეს თუ ვერ მოხერხდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, 2022 წელს ამაზე საუბარი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნება“ საკუთარი გზავნილების გასახმოვანებლად იყენებს. „ევროპული საქართველოს დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების, ან პლებისციტის დანიშვნა, სადაც იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვა: უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ბატონი ელისაშვილი დიდი ხანია, შეერწყა „ქართულ ოცნებას“ და „ოცნება“ ელისაშვილს სპიკერად იყენებს“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი. „ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილისთვის და „გირჩისთვის“, მთავარია არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად, ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება. „ვერ ვიტყოდი, რომ მათ გარდა არავის არ უნდა შეთანხმება, უბრალოდ მათ გარდა არავის არ უნდა პარლამენტში შესვლა. დანარჩენ ოპოზიციონერებს აინტერესებთ და გვაინტერესებს ვადამდელი არჩევნები. ელისაშვილის ოპოზიციონერობა არც არასოდეს მჯეროდა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო გულწრფელი, ვხედავდი ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც, როგორ ეხმარებოდა მას „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე და მისი ქცევით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის რეალური ოპოზიციონერი. მისი ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა და ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. დღესვე გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გაჩენილ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მესამე მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა. ვაშაძის თქმით, ის პარტნიორებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე იწყებს მუშაობას, რომელიც ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს. „აბსოლუტურად სრულიად ახალი რეალობა გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ დიდ მხარდაჭერას დაკარგავს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი. რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. ვინ შეიძლება იყოს აქ - სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტი, თუ საზოგადოებრივი პირი. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი ოპოზიციური პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას. ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-სთან ინტერვიუში განცხადა და დასძინა, რომ, პოლიტიკური ძალები და პერსონები, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ. "ღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას და იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა", - განუცხადა Europetime-ს ზაზა ფირალიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭო აღნიშნული პოზიციის შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს გავრცელდა. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის 54-მა წარმომადგენელმა თქვა. მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმის მიზეზი არჩვენების შედეგებისადმი უნდობლობა გახდა. ოპოზიციურმა პარტიებმა პარალემნტს ბოიკოტი გამოუცხადეს და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის 4 წევრმა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით მანდატი მიიღო, პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს. მანდატის მიღების შემდეგ ოთხივე დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსს" გაემიჯნა და ახალი პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს. რის შემდეგაც საპარლამენტო "უმრავლესობის წევრებმა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. უმრავლესობის თქმით პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, რადგან ოპოზიციური პარტია უკვე წარმოდგენილია და დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტს, აზრი არ აქვს. ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ. „იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეთ, ხელისუფლებასთან ასეთი პირობები გვაქვს" - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ასევე მოვითხოვთ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია", - აცხადებენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“. 18 იანვარს, საპარლამენტო უმრავლეოსობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლა „არასწორია“ და ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ „საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე"; ხოლო რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუკი ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შეძლებს.
მერკელი: რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა არა ბოროტმოქმედი, არამედ ქიმიური იარაღით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი
„რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის მეშვეობით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი დააპატიმრა და არა ბოროტმოქმედები“, - შტეფენ ცვაიგმა საზოგადოებას ანგელა მერკელის პოზიცია გააცნო. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი. ოპოზიციონერი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს, ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ალექსეი ნავალნის რუსეთის მთავრობა ფულის გათეთრების საქმეზე ედავებიან.
დიდთოვლობის გამო, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზის კმ125-კმ157 მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ერდოღანი: რაც უფრო ძლიერდება თურქეთი, მით უფრო იმატებს ანკარაზე ზეწოლა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, მაქსიმალურად აამოქმედოს საკუთარი პოტენციალი და ფსონი ინვესტიციების ზრდაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე გააკეთოს. ერდოღანის თქმით, რაც უფრო ძლიერდება თურქეთი, მით უფრო იმატებს ანკარაზე ზეწოლა“. „ისინი, ვინც თურქეთის დემოკრატიულ განვითარებას აკრიტიკებენ, თავად უყოყმანოდ სამარცხვინო ნაბიჯებს დგამენ დემოკრატიის სფეროში, ვინაიდან მათთვის დემოკრატია ინტერესების მიღწევის ინსტრუმენტია“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, იყოს თუ არა უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები. „იმ დროს, საბჭოთა კავშირს არ მოსწონდა ის, რომ გვინდოდა NATO-ს წევრი გავმხდარიყავით. სტალინმა ნათლად აღნიშნა, რომ მას სურდა ნორვეგია NATO-სგან განცალკევებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ ორგანიზაციის ლიდერებმა პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და ყველგან უარი თქვეს. ნორვეგიას, რუსეთის მეზობელს, სუვერენული უფლება აქვს, გადაწყვიტოს საკუთარი გზა, მათ სურთ იყვნენ წევრები, ისინი აკმაყოფილებენ NATO-ს სტანდარტებს და ჩვენ მათ მივესალმებით ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს- საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს წევრობაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.
სუს-ი: რუსმა სამხედროებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. "18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს . აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა. ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობას ისე რეგიონშ არსებულ სტაბილურობას", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა.ამის შესახებ Europetime-ს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს 2018 წლიდან დღემდე, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სამინისტროს ცნობით, აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
დღეს ნათლისღებაა
19 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10 საათზე დაიწყებს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
პარიზის დისნეილენდის გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო
Covid-19-ის გავრცელების გამო, პარიზის დისნეილენდის ხელახალი გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას დიდნეილენდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს Reuters-ი ვრცელებს. „ევროპაში არსებული მდგომარეობის გამო, პარიზის დისნეილენდი, როგორც დაგეგმილი იყო, 13 თებერვალს არ გაიხსნება. თუ მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენ პარიზის დისნეილენდს 2021 წლის 2 აპრილს ხელახლა გავხსნით“, – შესაბამისი განცხადება დისნეილენმა Twitter-ში გაავრცელა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.
კით კრაჩი 5G-ის უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმზე: ახლა ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნეს გეგმა“ უნდა შეიქმნას
„საქართველო ამერიკის არაჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას", - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა განაცხადა. კრაჩი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს აფასებს და აცხადებს, რომ „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში, შეერთებული შტატებს დაფინანსების გამოყოფა შეუძლია. კრაჩის განცხადებით, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნაც განიხილება. „ეს ნამდვილად უგზავნის სიგნალს ამერიკის კერძო სექტორს და ასევე იმ ქვეყნების კერძო კომპანიებს, რომლებიც “სუფთა ქსელში” შედიან. როცა ეს კომპანიები საკუთარ ქსელებს აფართოებენ და როცა ისინი ახალ ქვეყნებში შედიან, მათ სურთ ჰქონდეთ სანდოობის მაღალი ხარისხი. 5G ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერად განწყობილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ადვილად მოიპარონ, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება. ამის გამო, ბევრი კომპანია, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩამოვთვალე, თავს იკავებს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისგან, სადაც მეხუთე თაობის ინტერნეტს არ ენდობიან. ასე რომ, ეს ძალიან დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი “განვითარების დაფინანსების კორპორაციის” ფარგლებში. ჩვენ "დი-ეფ-სის" ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთ ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა "დი-ეფ-სი" ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს. ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. არაჩვეულებრივი იქნება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ პროცესი დაწყებულია“, - აღნიშნა კრაჩმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. როგორც კით კრაჩიმ აღნიშნა, “სუფთა ქსელი" საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. "საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ რამდენიმე თვის წინ მითხრა, რომ ალიანსს სუფთა 5G ნატოს ქსელი სჭირდება. არ შეიძლება ნატოს ზოგიერთ წევრს სანდო 5G აღჭურვილობა ჰქონდეს და ზოგიერთს არასანდო. სანდო სამოქალაქო ქსელი ალიანსს მშვიდობის დროსაც სჭირდება და ომის დროსაც. ევროკავშირიც ასე ფიქრობს. ამის გამო, რეგიონული გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის უკიდურესად სტრატეგიული ნაბიჯია. ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალსექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას. ამის შემდეგ კი დავსხდებით და გადავწყვეტთ ვინ და როგორ უნდა შეასრულოს ეს გეგმა. წარსულში ჩვენი გამოცდილება ასეთი იყო, რომ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში ვეხმარებოდით, იქნება ეს სასამართლო სისტემაში თუ სხვაგან. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა და “სუფთა ქსელი“ ამ რეაქციის ერთ-ერთ კატალიზატორია.", - აღნიშნა კრაჩმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში შედგა და მას ხელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში, კით კრაჩმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოაწერეს.
მელანია ტრამპი: ძალადობა არასდროსაა პასუხი და არასდროს ექნება გამართლება
"იყავით მგზნებარე ყველაფერში, რასაც აკეთებთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და არასდროს ექნება გამართლება", - თეთრი სახლის ოფიციალურად დატოვებამდე, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სპეციალური მიმართვა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 6 იანვრის მოვლენების შემდეგ ეს კამერის წინაშე მელანია ტრამპის პირველი საჯარო გამოჩენაა. "როდესაც თეთრ სახლში მოვედი, გამოვიხმე ის პასუხისმგებლობა, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი როგორც დედა, რომ გავამხნევო, გავაძლიერო და ვასწავლო სიკეთის ფასი. ჩვენი, როგორც ზრდასრულებისა და მშობლების ვალია, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები იცხოვრონ სავსე და ჯანსაღი ცხოვრებით. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მქონოდა შესაძლებლობა წარმომედგინა ასეთი კეთილი და დიდსულოვანი ხალხი... ახლა, როდესაც მე და დონალდი ვასრულებთ ჩვენს დროს თეთრ სახლში, ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩემს გულში შემოვუშვი, სიყვარულით, პატრიოტიზმით და თავდადებით მათ დაუჯერებელ ისტორიებზე". – თქვა მელანიამ ვიდეოში და მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, სამართალდამცველებს, ექიმებს, ექთნებსა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებს. მელანია ტრამპმა ასევე ისაუბრა მის მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე "იყავი საუკეთესო", რომელიც ბავშვების ფსიქიკური, ფიზიკური და ონლაინ ძალადობისაგან დაცვას ისახავდა მიზნად. "ახლა, როდესაც პირველი ლედის როლს ვემშვიდობები, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ყველა ამერიკელი შეიტანს თავის წვლილს და ასწავლის ჩვენ შვილებს, როგორ იყვნენ საუკეთესოები. ვთხოვ მშობლებს, გაანათლონ შვილები იმ მამაცი და თავდადებული გმირების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ და თავს სწირავდნენ იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო თავისუფალი ადამიანების ქვეყანა. და ვთხოვ მათ ასწავლონ საკუთარი მაგალითით და იზრუნონ სხვებზე. ნუ დაკარგავთ პატიოსნებას და ღირებულებებს. ყველა სიტუაციაში ყველა ამერიკელს სთხოვეთ, გახდეს "იყავი საუკეთესოს" ელჩი. ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც გვაერთიანებს, და არა იმაზე, რაც გვყოფს. ყოველთვის აირჩიოს სიყვარული და არა სიძულვილი, მშვიდობა და არა ძალადობა, სხვები კი საკუთარ თავზე წინ დააყენოს", - ამბობს მელანია.
ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა
დონალდ ტრამპმა პანდემიის გამო ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გარდა ამისა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე, ტრამპმა შეზღუდვები ბრაზილიასაც მოუხსნა. ახალი რეგულაციები 26 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა როგორც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წარმომადგენელი ჯენიფერ პსაკი აცხადებს, ახალი ადმინისტრაცია ტრამპის განკარგულებას, სავარაუდოდ, გააუქმებს.