ძებნის რეზულტატი:
ნინო ლომჯარია: პენიტენციური დაწესებულებებიდან, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს, სისტემატურად ემუქრებიან
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პატიმრები, პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ციხის ე.წ "მაყურებლების" მიერ არიან მართული. ლომჯარიას თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი უკვე საფრთხის შემცველი გახდა ომბუდსმენი პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს "ამ უკანონო ქმედების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციის და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. ვფიქრობთ ეს თავდასხმები გამოწვეულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყენებული ანგარიშით, სადაც საუბარია იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწევა. აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი
ყველაფერი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ
20 იანვარს, აშშ-ის დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დადებენ ფიცს, ხოლო საღამოს კორონავირუსის შეზღუდვებიდან გამომდინარე ტრადიციული მეჯლისის ნაცვლად სატელევიზიო ღონისძიება "Celeberating America" ჩატარდება. ვინ იქნება ინაუგურაციაზე? ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად ცერემონიას კონგრესმენებისა და უზენაესი სასამართლოს წევრების უმრავლესობა დაესწრება. ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, საკუთარ მეუღლეებთან ერთად იქნებიან ინაუგურაციაზე, თუმცა ცერემონიას ქვეყნის უხუცესი ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი არ დაესწრება და ახლად არჩეულ პრეზიდენტს დისტანციურად მიულოცავს. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არ დაესწრება ცერემონიას, რაც იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ცერემონიაზე იქნება. როგორია ფიცის დადების განრიგი? ზუსტი დრო უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ცერემონია თბილისის დროით საღამოს რვა საათზე დაიწყება. ამერიკის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს. არჩეულ პრეზიდენტს ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი წაუკითხავს. აღსანიშავია, რომ ფიცის დასადებად ბაიდენის საგვარეულო კოლექციიდან აღებულ 127 წლის ბიბლიას გამოიყენებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რა რეგულაციები იქნება გათვალისწინებული? წლევანდელი ინაუგურაციისთვის ორგანიზატორები ეცდებიან, რომ მოწვეული სტუმრების რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ. როგორც წესი, კომიტეტი კონგრესის წევრებს 200 000 ბილეთს აძლევს, მაგრამ წელს თითოეული კანონმდებელი მხოლოდ ორ ბილეთს მიიღებს. ინაუგურაციაზე უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული. ცერემონიალის და მონაწილეების დასაცავად ხელისუფლებამ 25,000 ეროვნული გვარდიელი დედაქალაქში უკვე გაგზავნა.
ტრამპი: ჩვენი მომავალი იქნება ნათელი როგორც არასდროს. მე ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს ერთგულებითა და სიხარულით სავსე გულით
"ჩვენი მომავალი იქნება ნათელი როგორც არასდროს. მე ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს ერთგულებითა და სიხარულით სავსე გულით", - აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა. ვიდეომიმართვას თეთრი სახლი ავრცელებს. „45-ე პრეზიდენტის ვადის ამოწურვისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე მათთვის იღბალი გვინდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა“ , – აცხადებს ტრამპი. გამოსამშვიდობებელ მიმართვაში დონალდ ტრამპი 6 იანვრის მოვლენებსაც შეეხო, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. „ყველა ამერიკელი შეშფოთებული იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რაც ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის. ამას არასდროს შევეგუებით. ახლა როგორც არასდროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულების გარშემო, დავდგეთ პარტიულ ბრაზზე მაღლა და შევქმნათ ჩვენი საერთო ბედი“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა. ტრამპი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ასევე თავისი ოჯახის სხვა წევრებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის ოჯახს, გენშტაბის უფროსს, მარკ შედოუს, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საიდუმლო სამსახურს, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებს. დონალდ ტრამპმა ვრცლად ისაუბრა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე. „ყველაზე მეტად მე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. გემსახუროთ თქვენ როგორც პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის. ამ ქვეყნის ფარგლებში მილიონობით შრომისმოყვარე პატრიოტთან ერთად ჩვენ შევქმენით უდიდესი პოლიტიკური მოძრაობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ავაშენეთ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მისმა ადმინისტრაციამ აღადგინა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ემსახურება თავის მოქალაქეებს. თავისი პრეზიდენტობის მიღწევებს შორის დონალდ ტრამპმა გადასახადების შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება, სავაჭრო შეთანხმებებიდან, ასევე პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლა, ენერგორესურსებზე წვდომის გახსნა, მოსამართლეების დანიშვნა დაასახელა. მიღწევებს შორის ტრამპმა ასევე ჩამოთვალა: საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება, კოსმოსური ძალების დაარსება, „ისლამური სახელმწიფოს“დამარცხება, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქდ აღიარება, ახლო აღმოსავლეთში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები. „შემოსავლები გაიზარდა, ხელფასები გაიზარდა, ამერიკული ოცნება აღდგა და მილიონობით ადამიანი სიღარიბიდან გამოვიდა სულ რაღაც ოთხ მოკლე წელიწადში. ეს იყო სასწაული. განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპი „Covid-19“-ის პანდემიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეკორდულ დროში მისი ადმინისტრაციის დროს შესაძლებელი გახდა ორი ვაქცინის წარმოება, რასაც „სამედიცინო სასწაული“ უწოდეს. „სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, ათამდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესამუშავებლად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა. როგორც გამოსამშვიდობებელ სიტყვაშია ნათქვამი, ყველაზე დიდ საფრთხედ დონალდ ტრამპმა „ქვეყნის სიდიადისადმი რწმენის დაკარგვა“ დაასახელა. ამავდროულად მან სიტყვის თავისუფლების შესახებაც ილაპარაკა. „ამ მემკვიდრეობის ცენტრში ასევეა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და ღია დებატებისადმი ძლიერი რწმენაა. მხოლოდ თუ დავივიწყებთ, ვინ ვართ და როგორც მოვედით აქ, შეგვეძლება, დავუშვათ პოლიტიკური ცენზურა და „შავი სიები“ ამერიკაში. ეს წარმოუდგენელია. თავისუფალი და ღია დებატების დახურვა არღვევს ჩვენს მთავარ ღირებულებებსა და ყველაზე მდგრად ტრადიციებს“, – ამბობს ტრამპი. „ახლა, როდესაც მე ვემზადები გადავცე ხელისუფლება ახალ ადმინისტრაციას ოთხშაბათს, შუადღეს, მსურს, იცოდეთ, მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, მხოლოდ იწყება. აქამდე მსგავსი არასდროს ყოფილა. იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება, არამედ ყოველდღიურად მხოლოდ გაძლიერდება. ვიდრე ამერიკელი ხალხი გულით ატარებს ქვეყნისადმი ღრმა და ერთგულ სიყვარულს, არაფერია, რასაც ეს ერი ვერ მიაღწევს. ჩვენი საზოგადოება აყვავდება. ჩვენი ხალხის კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იქნება. ჩვენი ტრადიციები სათუთად იქნება მოვლილი. ჩვენი რწმენა იქნება ძლიერი და ჩვენი მომავალი იქნება ნათელი როგორც არასდროს. მე ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს ერთგულებითა და სიხარულით სავსე გულით, ოპტიმისტური სულისკვეთებით და ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისადმი უზენაესი რწმენით. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – აცხადებს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რომ ტრამპი თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ბრალდებებს პასუხობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს, ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან პრობლემები ექმნებათ. როგორც Europetime-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, თუკი რომელიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ომბუდსმენის მიმართ, პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. "ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ",- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში. მათივე თქმით, პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი არ აქვს იმისთვის, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. "შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა. ამ პროცედურის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა. შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",- აცხადებენ უწყებაში. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პატიმრები, პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ციხის ე.წ "მაყურებლების" მიერ არიან მართული. ლომჯარიას თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი უკვე საფრთხის შემცველი გახდა.
ტერმინალებით ფულის გადარიცხვისას მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო გახდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში სავალდებულო ვერიფიკაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა და აღნიშნული გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა: აზარტული თამაშები და ლატარია; ონლაინ თამაშები; დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები; ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები; ინტერნეტ მარკეტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურისტული მომსახურება; ქსელური მარკეტინგი; ქველმოქმედება; საკონსულტაციო მომსახურება; პოლიტიკური პარტიები; უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები“,-აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში, ერთ-ერთი კორპუსი ბუნებრივი აირით აფეთქებას გადაურჩა
ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით, თბილისში ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახბე ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თემქის მეთერთმეტე მიკრორაიონში, ერთ, ერთ შენობაში გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა, მოგვიანებით კი მაღალი კონცენტრაციის გამო, სადარბაზოში გაჟონა. „თბილისი ენერჯი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ასევე ყურადღება მიაქციონ გაზგაყვანილობის გამართულობას. „ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ – აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოხსნეს, ცენტრალური ონკანი კი არ გადაუკეტავთ. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს; რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება, ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო. დროის ამ მონაკვეთში, რომ შემთხვევით ვინმე შესულიყო ბინაში და შუქი ან ასანთი აენთო მთელი კორპუსი აფეთქდებოდა და ტრაგედია სავარაუდოდ დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა.“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რესპუბლიკელების ლიდერი მიტჩ მაკკონელი: ტრამპმა ამბოხი წაახალისა
რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აღიარა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, საკუთარი მოწოდებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხრეების შეჭრა და ძალადობა წაახალისა. ამბოხებულები, რომლებმაც კაპიტოლიუმის უსაფრთხოებას დააღწიეს თავი, ტრამპის შეგონებით, კანონმდებლებს დაუპირისპირდნენ არჩევნების გაყალბების ბრალდებით. თუმცა, კანონმდებლები არ აჰყვნენ შიშს და "უარი განაცხადეს ვეტოს ძალა მიეცათ თავმდამსხმელებისთვის აშშ-ზე კონტროლისათვის", - განაცხადა რესპუბლიკელთა ლიდერმა. კაპიტოლიუმში შეჭრას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი იყო.
ენტონი ბლინკენი: წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები რომლებიც NATO-ს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან
პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა. ბლინკენმა ქვეყნის მომავალი ადმინისტრაციის გეგმებზე ისაუბრა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“. რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა, რომელიც NATO-ს ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს საქართველოს NATO-ში წევრობის შესახებაც ჰკითხა.. „თქვენ მოუწოდებდით NATO-ს გაფართოებისკენ. კვლავ უჭერთ მხარს NATO-ში საქართველოს შეყვანას?“ „"თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს“.წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები რომლებიც NATO-ს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან", - აღნიშნა ბლინკენმა. “ ქვეყნის მომავალმა პირველმა დიპლომატმა ალექსეი ნავალნიზეც ისაუბრა. ბლინკენი,- „გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა“. მისი თქმით, რუსეთი მრავალ სხვადასხვა ფრონტზე უქმნის ამერიკას მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ. ტონი ბლინკინს რამდენიმე ადმინისტრაციის პერიოდში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. 2013 - 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თეა წულუკიანი: დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი
„მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს აქვს რუსეთის წინააღმდეგ დავა და 21 იანვარს არის მოლოდინი საბოლოო ვერდიქტის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის აგვისტოს ომში მართალი. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების, მოკვდინების საკითხში და მრავალ სხვა საკითხში, რომელზეც ჩვენ ვდაობდით. 200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ 2013 წლიდან, მათ შორის გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და დავაბრუნეთ ორი წლის წინ, როგორც მტკიცებულება. ზეგ, 21 იანვარს დგება სიმართლის დღე. დიდი იმედი მაქვს, რომ რასაც ახლა ვამბობ, სწორედ ასე გამართლდება და ჩვენ ყველანი ხელთ ჩავიგდებთ დოკუმენტს, რომელიც იტყვის, რომ ქართველებმა განიცადეს ეთნიკური წმენდა. ეს იქნება სამართლებრივად გამყარებული საფუძველი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა. დღემდე ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტები, ეს იქნება პირველი სამართლებრივი დოკუმენტი", – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეს სტრასბურგის სასამართლო ხვალ, 21 იანვარს განიხილავს . ამის შესახებ Europetime-ს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრესცენტრიდან აცნობეს.
ტოკიო-2020 გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობას შეამცირებს
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილე ოლიმპიელთა რაოდენობის შემცირება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოელის, რომ ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 6 ათასი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველი გეგმით, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობა უნდა მიეღო დაახლოებით 200 ქვეყნის 11 ათას სპორტსმენს და დელეგაციების სხვა წევრებს, მაგრამ კორონავირუსის გამო, ცერემონიის მასშტაბების შემცირება გადაწყდა. „ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, აღლუმის მონაწილეები რა გზით შევლენ სტადიონზე," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.
პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი დარეგისტრირდა
პარლამენტში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დარეგისტრირდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკაში და კანონის აღსრულების პროცესში ქმნის პრობლემას. მისივე თქმით, კანონმდებლობის ამ ნაკლოვანებას ხაზი გაესვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებშიც. „ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ეს იწვევს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ არაპროპორციული სასჯელების გამოყენებას, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელის სახით. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი პირდაპირ ექცევა სისხლის სამართლის არაპროპორციულად და უსამართლოდ მკაცრი ნორმების მოქმედების სფეროში“, -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მისი განმარტებით, კანონპროექტით არ ხორციელდება ნარკოდანაშაულის რაიმე ფორმით დეკრიმინალიზაცია და, მითუმეტეს, ლეგალიზაცია. ასევე, კანონპროექტი ვერ იქონიებს გავლენას ნარკოდანაშაულის ზოგიერთი მძიმე ფორმის (მაგალითად, გასაღების, რეალიზაციის) კვალიფიკაციაზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც უნდა შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა. მიხეულ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. „ზუსტი ოდენობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პარლამენტის ვებ. გვერდის მეშვეობით, სადაც განთავსებულია კანონის პროექტი. ამ კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული და სამართლიანი სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის გატარებისთვის. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოსახმარი ერთი დოზის ოდენობა. ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის რაიმე სახით წახალისება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ სიფრთხილით და ეტაპობრივად გატარებულიყო გონივრული პოლიტიკა ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, რამაც შედეგად უნდა მოიტანოს ნარკომანიის გავრცელების პრევენცია (მათ შორის, გასაღების დანაშაულთან მკაცრი დასჯადობის გზით), მომხმარებელთა განკურნება. „ეს კანონპროექტიც წარმოადგენს ლოგიკურ გაგრძელებას ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ გადადგმული შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა: "მკაფიოდ გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ საშუალებათა ფლობისა და მათი გასაღებისათვის; სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს ზედოზირების შემთხვევის თაობაზე, რაც ქმნიდა დიდ გამოწვევას პირთა ჯანრმთელობის დაცვის პროცესში; შემუშავდა და მიღებულია საქართველოს კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ბრძოლის კუთხით; სამართლიან სანქციათა რეჟიმი იქნა შემოღებული მარიხუანის/მცენარე კანაფის შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადატანის და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის;ახლებურად განისაზღვრა მცენარე კანაფის, ნედლი და გამომშრალი მარიხუანის ოდენობები; 2020 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიაა ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისა და ნარკოვითარების მონიტორინგის მიმართულებით; 2020 წლის მარტში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფს (Pompidou Group), რაც, ასევე, სამართლიანი ნარკოპოლიტიკის მისაღწევად გატარებულ რეფორმას უკავშირდება. „საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან. ამჟამად, კანონპროექტის ინიციატორები ჩემთან ერთად არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი დავით სერგეენკო, ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ბატონი ვლადიმერ კახაძე, ბატონი ალუდა ღუდუშაური“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.
13 ბიზნესასოციაცია მთავრობას ეკონომიკის გადარჩენის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს
13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ბიზნესასოციაციის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დადებული პირობა ლოკდაუნის ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1-ლ თებერვალს მოხსნის წინაშე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ლოკდაუნზე ლაპარაკობენ. "მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა)“, - ნათქვამია ასოციაციების გაერთიანებულ განცხადებაში. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყნის საფინანსო ვალდებულებების შესრულების ერთადერთი გარანტი ბიზნესის ყველა სექტორის ამოქმედებაა, რისთვისაც შეზღუდვების დაუყოვნებელი მოხსნა და ფრენების აღდგენაა საჭირო. ბიზნესასოციაციები მთავრობას, ქვეყნის ეკონიმიკის გადარჩენის მიზნით, სთავაზობენ და სთხოვენ: 1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით). გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ; 2. საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა. ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერტაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას. 3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით); სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. 4. შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები; დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა. 5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება; ასეთი ამუშავების წარმატებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება. 6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების“, - სთავაზობს მთავრობას დარგთაშორისი ინიციატივას კერძო სექტორი. 13 ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს რეკომენდაციები რეგულაციების პირობებში და ემხრობა მასობრივ ტესტირებას. "ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია საერთო განცხადებაში.
რუსეთმა საკუთარი ვაქცინის რეგისტრაციის თხოვნით ევროკავშირს მიმართა
რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა საკუთარი ვაქცინის „სპუტნიკ V”-ის რეგისტრაციის მიზნით ევროპის მედიკამენტების სააგენტოში განაცხადი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. გავრცელებული ინფროამციით, ფონდი ელოდება, რომ განაცხადის განხილვა თებერვალში მოხდება. აღსანიშნავია, რომ „სპუტნიკ V”-ის შემქმნელებისა და ევროპის სამედიცინო სააგენტოს გუნდებმა სამშაბათს ვაქცინასთან დაკავშირებული სამეცნიერო მიმოხილვა განახორციელეს. ცნობისათვის, „სპუტნიკ V” რუსეთის გარდა უკვე დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაისა და თურქმენეთში. სპუტნიკ V -ით მასობრივი ვაქცინაცია რუსეთში დეკემბერში დაიწყო.
ესპანეთის პოლიციამ ნახშირში ჩამალული ტონობით კოკაინი ამოიღო
ესპანეთის პოლიციამ, ნახშირში ჩამალული ორ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო.აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 12 მოქალაქე, რომლებსაც სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკების ფარულად გატანაში ბრალი ედებათ, დააკავეს. მათი სახელები საჯაროდ გავრცელებული არაა, თუმცა მედია იუწყება, რომ ბრალდებულთაგან 6, ჯერ კიდევ პატიმრობაშია. დანარჩენები კი, გარკვეული პირობების საფუძველზე გაანთავისუფლეს. წყაროს ცნობით, გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დამნაშავეები კანონიერი ბიზნესის წამოწყებით, კონტრაბანდას აწარმოებდნენ. მიუხედავად კვალის დაფარვის მცდელობისა, სამართალდამცავებმა სამხრეთ ესპანეთის ქ. ალხესირასის პორტში, 40 000 კგ. ნახშირით დატვირთულ გემბანზე 2 ტონაზე მეტი გადამალული კოკაინი, მაინც იპოვეს. გამოძიების მსვლელობისას, სამართალდამცავებმა 16 სახლი გაჩხრიკეს. ამასთან ერთად, 200-მდე კონტეინერიც, რომლებიც ბრაზილიიდან და პარაგვაიდან ესპანეთში იგზავნებოდა.
კოვიდინფექციის გავრცელების ზრდის ფონზე ჩინეთი 4000 ადამიანზე გათვლილ საკარანტინე სივრცეს მოაწყობს
ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, ჩინეთი 4,000 ადამიანზე გათვლილ საკარანტინე სივრცეს მოაწყობს. ჩინეთი ქვეყანაში ეპიდაფეთქების ახალი კერა დაფიქსრიდა. ახალი საკარანტინე სივრცე დედაქალაქის მახლობლად აშენდება. ეპიდაფეთქების ახალი კერა ამჯერად შიძიაჯუანშია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოსახლეობის ტესტირება. ახალი რეგულაციების მიხედვით, სოფლის მცხოვრებლების მასობრივი ტესტირება დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალდებული იქნება, მკაცრ კარანტინის ზომებს დაემორჩილოს და კონტროლირებად საკანტინე სივრცეში დარჩეს. ჩინეთში ბოლო 24 საათში 103 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რატომ ჩავიდნენ ჩინეთში ჯანმოს მეცნიერები?
ტრამპმა პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეს 73 ადამიანი შეიწყალა და 70-ს სასჯელი შეუმსუბუქა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეს 73 ადამიანი შეიწყალა და 70-ს სასჯელი შეუმსუბუქა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტმა დონალდ ჯ. ტრამპმა 73 პირი შეიწყალა და კიდევ 70 პირს შეუმსუბუქა სასჯელი“, ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში. ამ 143 ადამიანს შორის არიან რესპუბლიკელი, რომელსაც ფინანსების მოზიდვა ევალებოდა, რეპის ვარსკვლავი და ყოფილი მერი. შეგახსენებთ, რომ ტრამპი თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებს. მან უკვე გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეს სტრასბურგის სასამართლო ხვალ განიხილავს
21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო, საქმეს - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეს, ღია მოსმენაზე განიხილავს. ამის შესახებ Europetime-ს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრესცენტრიდან აცნობეს. "გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ევროპული სასამართლოს მთავარი პალატის მომავალ გადაწყვეტილებაზე რუსეთ-საქართველოს შეირაღებული კონფლიქტის შესახებ (II), ის ჩატარდება 2021 წლის 21 იანვარს, 11:00 საათზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასახლეში გამართულ ღია მოსმენაზე. სარჩელი ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული ქმედებების მიმართ, რაც კონვენციის სხვადასხვა დარღვევას გულისხმობს. მთავარი ფაქტები და საჩივრები სარჩელი შეიტანეს შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, რომელიც მოხდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციებს შორის 2008 წლის აგვისტოში და მას ამ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი დაძაბულობები, პროვოკაციები და ინცინდენტები მოჰყვა. სარჩელი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის მიხედვით შემოიტანა (ადამიანთა უფლებების შესახებ). საქართველომ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია, მისი არმიის, ან/და სეპარატისტული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი ქონების მიმართ განურჩეველ და არაპროპორციულ შეტევაში, რითაც გამოიწვია, ან დაუშვა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა, ამგვარად დაირღვა: მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების აკრძალვა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა), 5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე -8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და 13 (ეფექტური დაცვის საშუალება) კონვენციის იურიდიული დაცვა), No1 ოქმის 1-ლი ოქმისა და მე -4 ოქმის მე -2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) მუხლები (საკუთრების დაცვა) და მე -2 (განათლების უფლება). სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს 2008 წლის 11 აგვისტოს, 2011 წლის 13 დეკემბერს ის ნაწილობრივ მისაღებად ცნეს. 2012 წლის 3 აპრილს პალატამ იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ დათმო. სასამართლომ მტკიცებულებები მოიპოვა თვითმხილველებისა და ექსპერტებისგან სტრასბურგის სხდომაზე, რომელიც 2016 წელს, 6 დან 17 ივნისის ჩათვლით ტარდებოდა. მოსმენა 2018 წლის 23 მაისს შედგა", - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით დანიშნულ ღია მოსმენაზე დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. წულუკიანის განცხადებით, 2013 წლის შემდეგ საქართველომ 200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს. მათ შორის გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და ორი წლის წინ დააბრუნეს, როგორც მტკიცებულება. „მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. "ვგეგმავ კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას. მე, როგორც წესი, წინასწარ არ ვაცხადებ გეგმების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში მოგზაურობის თარიღები განსაზღვრულია ”, - განაცხადა ზარიფმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი თავის რუს კოლეგას, 26 იანვარს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს. საქართველოში ჩამოსვლას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გეგმავს.
საგარეო უწყება: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯადავ ზარიფის მხიდან, საქართველოში ვიზიტის დაგეგმვას ადასტურებს. როგორც Europetime-ს სამინისტროში განუცხადეს, ირანის პირველი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში შედგება. "ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს რეგიონალური ტურნე და შესაბამისად ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს. ვიზიტის დეტალებზე დიპლომატიური არხებით მიდის მუშაობა", - განუცხადეს Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯადავ ზარიფის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ირანულ მედიაში გავრცელდა. "ვგეგმავ კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას. მე, როგორც წესი, წინასწარ არ ვაცხადებ გეგმების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში მოგზაურობის თარიღები განსაზღვრულია ”, - განაცხადა ზარიფმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი თავის რუს კოლეგას, 26 იანვარს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს. საქართველოში ჩამოსვლას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გეგმავს.