ძებნის რეზულტატი:

რომის პაპი პატრიარქს: ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას

„გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე“, - ასე მიულოცა რომის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილე და აღსაყდრების 45 წლისთავი. წერილში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც პატრიარის მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო ილია მეორის მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა.  ამასთან, რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს განსაკუთრებით აფასებს. „მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების ორმოცდამეხუთე წლისთავთან დაკავშირებით და ოთხმოცდამეათე დაბადების დღის აღსანიშნავად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე. მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.“ [ფილიპე 1:6). მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ მის სამყაროსადმი სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება გთხოვთ იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“, - ნათქვამია რომის პაპის მისალოც წერილში.  

Tesla-მ ბაზარზე ბოლო სამ თვეში, პროგნოზირებულზე ნაკლები მანქანა გამოუშვა

Tesla-მ 2022 წლის ბოლო სამ თვეში უფრო ნაკლები ავტომობილი გამოუშვა, ვიდრე გასულ კვარტალში ანალიტიკოსები ელოდნენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში, კომპანიამ 405,278 მანქანა გამოუშვა, რაც საშუალო მონაცემზე (420.760 ავტომობილი) დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასულ წელს ორი ახალი ამწყობი ქარხანა, მაინც ვერ მიაღწია მიზანს, რომ მიწოდება 50%-ით გაეზარდა.  ილონ მასკმა Tesla-სთვის ეპიკური წელი იწინასწარმეტყველა, თუმცა შემდეგ Tesla-ს მოდელებზე $7 500 ფასდაკლება გამოაცხადა.  ჯამში, კომპანიამ 2022 წელს ავტომობილების მიწოდება ბაზარზე 40%-ით 1,31 მილიონამდე გაზარდა, ხოლო წარმოება 47%-ით 1,37 მილიონამდე.  

ზუგდიდში, პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი 2 მოქალაქეს დაეჯახა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა­ გამოიწვია, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 3 იანვარს ზუგდიდში „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი მართავდა, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა. „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7094 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7038 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.56 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8777 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8498 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0279 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1445 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2721 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 იანვრიდან შევა ძალაში.  

Ukrenergo: უკრაინის ყველა ოლქში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვები მოქმედებს

4 იანვარს უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში  ცივი ამინდისა და ზამთრის არდადეგების შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. უკრენერგოს ცნობით, ენერგეტიკული სისტემის ბალანსის შესანარჩუნებლად, უკრაინის ყველა ოლქში შეზღუდვები მოქმედებს. Ukrenergo-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. „უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მიერ 11 სარაკეტო და 14 თვითმფრინავის თავდასხმა განხორციელდა. ელექტროგადამცემი ქსელების დაზიანება რთული და მასშტაბურია. მათი აღდგენა კვლავ მნიშვნელოვან რესურსებსა და დროს მოითხოვს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. რუსეთის ჯარებმა ოქტომბრის დასაწყისიდან არაერთხელ შეუტიეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი, შეტევებმა გამოიწვიეს ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის შეწყვეტა. მოსკოვმა აღიარა, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ჟენევის კონვენციის თანახმად, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.  

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 151%-ით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

2022 წლის ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წელთან შედარებით, 151.4 პროცენტით მოიმატა და 521.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.1 პროცენტით 31.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ნოემბერში კვლავ მაღალი იყო და 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2-ჯერ მეტია. ნოემბერში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 206.4 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია ასევე სომხეთიდან 231.1 პროცენტით გაზრდილი გზავნილებიც. ხოლო აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ შემცირებას განაგრძობს. მაღალი ტემპით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც (20.0%-ით). რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ნოემბერში რუსეთი (60.7%), ევროკავშირის ქვეყნები (18.4%) და აშშ (5.5%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.1 პროცენტით 2.7858-დან 2.7282-მდე გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 1.7 პროცენტით საშუალოდ 2.7326-დან 2.7786-მდე გაუფასურდა. როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ნოემბერში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს გამყარება, ასევე გამყარების ტენდენცია ჰქონდა ლარს, სომხურ დრამს და რუსულ რუბლს, თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.  

ნაუსედა მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერის ტემპი გაზარდონ

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელონ და მისი ტემპი გაზარდონ, რათა გამარჯვება მოაახლოონ. ამის შესახებ ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, 2023 წელს ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. „ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა დაამარცხებს აგრესორს. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და უზრუნველყოფს სამხედრო წვრთნას უკრაინელებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მოკავშირის მხარდაჭერის ტემპის გაზრდას. გამარჯვება ახლოსაა“, - წერს ნაუსედა.

ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა და საქართველოს პატრიარქს შეხვდა.  პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.  4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.  

ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში - ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.  პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში. „მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა  ვიდოდე". ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!"- ნათქვამის ილია მეორის სამადლობელ სიტყვაში.  4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.  

ბულგარეთმა თურქეთთან, გაზის მიწოდებაზე 13-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბულგარულმა გაზის კომპანია Bulgargaz-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა, ხელი მოაწერეს 13-წლიან შეთანხმებას ბულგარეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე და ბუნებრივი აირის ქსელზე წვდომის მინიჭების შესახებ, რათა გაზის მიწოდება შეძლონ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, „13-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას და ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას“. შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი აირი, რომელსაც ბულგარეთი საერთაშორისო ბაზრებზე შეისყიდის, ჯერ თურქეთში გადამუშავდება, რის შემდეგაც  მილსადენით მიეწოდება. სოფია უკვე გეგმავს წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის სიმძლავრის რეზერვს თურქულ LNG ტერმინალებზე და იმპორტის ხელშეკრულებების გაფორმებას ევროპულ და ამერიკულ LNG მწარმოებლებთან. ბულგარეთი, რომელიც თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, ცდილობს უზრუნველყოს ალტერნატიული გაზის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდება 2022 წლის აპრილში შეუწყვიტა, ბულგარული მხარის მიერ გაზის საფასურის რუბლის გადახდაზე უარის გამო.  

Reuters: საფრანგეთი უკრაინას AMX10-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ფრანგულ AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა. ამის შესახებ Reuters-ი ელისეის სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე დაყრდნობით იტყობინება. ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, როდის და რა რაოდენობით შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის მიღება. AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანა ხშირად კლასიფიცირდება როგორც „ბორბლიანი ტანკი“. AMX-10 RC-ი აღჭურვილია 105 მმ ქვემეხით და ტყვიამფრქვევით.   

უკრაინელი მესაზღვრეების თქმით, ბახმუტთან 300 მეტრით წინ წაიწიეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ერთ-ერთი ბრძოლის შედეგებზე ისაუბრა, რომლის აღებასაც რუსი სამხედროები და Wagner PMC მებრძოლები რამდენიმე თვეა წარუმატებლად ცდილობენ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტის მახლობლად „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიაღწევს სასაზღვრო სამსახურის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები არტილერიის საფარქვეშ ცდილობდნენ ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციის დაკავებას, რომელსაც მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებთან ერთად იცავენ. „მესაზღვრეები თავშესაფრებში ელოდნენ საარტილერიო თავდასხმას და როდესაც მტრის ქვეითი ჯარი მიუახლოვდა, მათ ცეცხლი გახსნეს, თავდასხმის მცდელობა ჩაიშალა, მტერმა დანაკარგი განიცადა, გაქცევა დაიწყო. შედეგად, უკრაინელი სამხედროები დაწინაურდნენ დაახლოებით 300 მეტრით და ახალ პოზიციებზე არიან დამაგრებული“, - ნათქვამია მოხსენებაში. ბახმუტის შტურმის მცდელობები უკრაინაში რუსული ძალების ბოლო წარმატებული ოპერაციიდან, როდესაც მათ მოახერხეს სევეროდონეცკის აგლომერაციის აღება, ნახევარი წელია გრძელდება. ქალაქს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც სატრანსპორტო კვანძს.  

ზელენსკი: უკრაინა საფრანგეთიდან მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ჯავშანტექნიკას მიიღებს

ინფორმაცია, რომ საფრანგეთი უკრაინას, მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ჯავშანტექნიკას გადასცემს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ Twitter-ზე დაადასტურა. Reuters: საფრანგეთი უკრაინას AMX10-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა მან ასევე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაჰპირდა უკრაინელ სამხედროებს „ბასტიონის“ ჯავშანტრანსპორტიორებით მიწოდებას. „გმადლობთ, მეგობარო! ​​თქვენი ხელმძღვანელობა აჩქარებს ჩვენს გამარჯვებას", - წერს ზელენსკი მაკრონს.  

პუტინს კიბო აქვს, ის მალე მოკვდება - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

უკრაინის სამხედრო დაზვერვა დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კიბო აქვს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.  „რა თქმა უნდა, ის დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია ავად არის", - თქვა ბუდანოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუოდ იყო თუ არა პუტინი ავად. „ვფიქრობ, მალე მოკვდება. ვიმედოვნებ", – დაამატა ბუდანოვმა. მისივე თქმით, ომი პუტინის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს.   

თებერვალში სტამბულში გაზის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა დღეს დაადასტურა, რომ სტამბულში თებერვალში, ევროპის მომხმარებლებისა და გაზის მიმწოდებლების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა დონმეზის თქმით, მომავალ შეხვედრაზე იგეგმება თურქეთის ტერიტორიაზე ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ენერგეტიკული ცენტრის (ჰაბის) შექმნის საკითხის განხილვა. მისივე თქმით, მისი მეშვეობით იგეგმება არა მხოლოდ რუსული ბუნებრივი აირის, არამედ თურქეთიდან სხვა ქვეყნების ენერგომატარებლების მიწოდება. ამჟამად თურქეთი „ლურჯ საწვავს“ 12 ქვეყნიდან იღებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს რაიმე შეზღუდვას ან კონტროლს დაწესებას ტრანზაქციებზე, რომლებიც ჰაბის ფარგლებში დაიდება.  

ირანი და რუსეთი სავაჭრო გემების ერთობლივად მშენებლობაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და ირანი რამდენიმე სავაჭრო გემის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. დღეს, ასტრახანში ხელი მოეწერა კონტრაქტს [რუსეთში გემის ასაშენებლად] ირანის ისლამური რესპუბლიკის გემების ჯგუფის (IRISL ჯგუფი) რეგიონალური ოფისის შეკვეთის საფუძველზე. გემი სოლიანკაში, ასტრახანის მახლობლად მდებარე პორტში აშენება. IRISL-ის გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ რეზა მოდარეს ხიაბანიმ, რომელიც გემის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ვიდეოკონფერენციის საშუალებით, განაცხადა, რომ ასეთმა გარიგებებმა შესაძლოა, რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესოს.  ირანელმა ოფიციალურმა პირმა ასტრახანში ირანის საკონსულოს მოუწოდა, მხარეებს იმ პროექტების დაჩქარებაში დაეხმარნენ, რომლებიც სოლიანკაში დატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციებს ხელს შეუწყობს.   

გერმანიამ 2022 წელს უკრაინას, €12 მილიარდის დახმარება გადასცა

2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინამ გერმანიისგან 12 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა ვოლფგანგ ბუხნერმა ბრიფინგზე განაცხადა. ბიუხნერმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ქვეყნდება ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე. რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას აწვდის იმ იარაღს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ისე, რომ გერმანია და NATO არ გახდნენ ომის მონაწილეები. „ბერლინი გააგრძელებს ამ პრინციპის დაცვას, რომ უკრაინას არ მიაწოდოს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტიპები, კერძოდ ტანკები, თუ ამას არ გააკეთებენ ალიანსის პარტნიორები და მოკავშირეები“, - განაცხადა ვოლფგანგ ბუხნერმა.  

ვანო მერბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის. მანამდე, რუსთავი2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილსა და „უცნობის“ სიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  „დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას“, - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.  

McDonald's -ი შესაძლოა, ყაზახეთიდანაც გავიდეს

სწრაფი კვების ქსელი McDonald's -ი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული გართულებების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, კომპანიის ყაზახეთიდან გასვლა გამოიწვიოს. McDonald's-ი ყაზახეთში მუშაობას აჩერებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, McDonald's-მა დატოვა რუსეთის ბაზარი და ყაზახ ფრანჩაიზებს, რუსი მომწოდებლებისგან ხორცის კოტლეტების ყიდვა აუკრძალა. Bloomberg აღნიშნავს, რომ ყაზახური ბიზნესი ვერ ყიდულობს ხორცის კოტლეტებს ადგილობრივი ან ევროპელი მომწოდებლებისგან, მაღალი ფასების და ქვეყნის მასშტაბით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების გამო. McDonald's-ის ოფიციალურმა პირებმა, ყაზახეთიდან გასვლის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ McDonald's-მა ბელორუსის ბაზარი საბოლოოდ დატოვა. პარალელურად სწრაფი კვების ობიექტები რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას. ბელორუსის რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მხრივ „ღმერთს მადლობა გადაუხადა McDonald's-ის ქვეყნიდან გასვლისთვის“.  

აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთს უკრაინის მიმართ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს. „ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, მათ შორის ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ არ მიეწოდება დასავლური მოდელის ტანკები. ახალ რამშტეინამდე ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.