ძებნის რეზულტატი:
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მმართველი გუნდის წევრები ღამის კლუბში იყვნენ
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მმართველი გუნდის წევრები ღამის კლუბში იყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რამდნიმე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წევრები რამდენიმე ღამის კლუბში იმყოფებოდნენ. „ვწუხვარ, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, 8 საათის შემდეგ თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან“, – განაცხადა სუგამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. ფაქტს თავად მაღალჩინოსნებიც არ უარყოფენ და ისინიც საზოგადოებას ბოდიშს უხდიან. „იმ დროს, როდესაც ხალხს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, ჩემი ქცევა უპასუხისმგებლო იყო“, – განაცხდა ჯუნ მატსუმოტომ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ორ ღამის კლუბს სტუმრობდა. ცნობისთვის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში რესტორნები და ბარები რვა საათზე იკეტება.
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ, კარანტინს ასრულებენ და საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ.აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 13-კაციანი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ორკვირიან კარანტინს 24 საათში ასრულებს. შემდეგ კი მათ უხანში მუშაობის დაწყების ნებას დართავენ. ექსპერტთა ჯგუფმა COVID-19-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს. შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის დაკავების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტი გამოაქვეყნეს G7-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. „დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობენ. „დიდი შვიდიანის“ წევრი სახელმწიფოების – კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას“, – ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებისას, 17 იანვარს აეროპორტშივე დააკავეს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 007 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 10 627 ანტიგენის ტესტით და 7 380 PCR ტესტით. ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 კი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527. გარდაიცვალა 3 108 პაციენტი.
ბოლო 24 საათში, საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში გარდაიცვალთა რაოდენობა 3 108-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 გამოჯანმრთელდა.
177 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670, მათ შორის, თბილისში - 310, აჭარაში - 48, იმერეთში - 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში- 1, იმერეთში - 20. 347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში. 3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 90, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 22 000 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 231 პირი, აჭარაში - 887, იმერეთში - 1 689 ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 კი გამოჯანმრთელდა.
კოვიდინფიცირების 742 შემთხვევიდან 340 თბილისში გამოვლინდა
კოვიდინფიცირების 742 შემთხვევიდან 340 თბილისში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, თბილისში გამოვლენილია კოვიდინფიცირები 340 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 გამოჯანმრთელდა.
ჰუბერტ ქნირში: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს განუცხადა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიტაცებულ რეგიონებზე. ჩვენი პოლიტიკური ამბიცია უნდა მდგომარეობდეს არამხოლოდ იმაში, რომ ეს რეგიონები ეფექტურად ჩავრთოთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში, არამედ იმაში, რომ გარდავქმნათ და საბოლოოდ გადავჭრათ ის კონფლიქტები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია, ჩრდილი მიაყენეს ამ რეგიონებს. ყველა მონაწილემ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამ გზაზე წინსვლისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
კახა კალაძე: დღეს აუცილებელია, ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ლიცენზია ჩამოერთმევათ
"დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია ჩამოერთმევათ", - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, პანდემიის პერიოდში ტექდათვალიერების გავლა აუცილებელი არ იყო და ის გარკვეული პერიოდით გადავადდა. ასევე კალაძემ, ვიცე-მერს ტაქსის მძღოლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება დაავალა. „თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში, დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურეობის გაწევის ერთ-ერთ პირობას სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად, სავალდებულო ტექინსპექტირება წარმოადგენს. ტექდათვალიერება სავალდებულოა იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ამ სერვისს ეწევა. მინდა ვაცნობო ამ პირებს, რომ ტექდათვალიერების არ გავლა, ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს. ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს მივეცით საშუალება, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია ჩამოერთმევათ“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. , ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი. „ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა. „ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა მერმა. გლდანის რაიონს კი ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.
ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „შემიძლია განვაცხადო, რომ პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ჩვენთვის ცნობილია, რომ წინა ადმინისტრაციამ ახალი შეზღუდვები დაუწესა გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ ზომების მიმოხილვას განვახორციელებთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ჯენ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის ევროპელ პარტნიორებთან განხილვას განაგრძობს. ცნობისთვის, 19 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე დაუწესდა კომპანია „КВТ-Рус“-ს, რომელიც „ფორტუნას“ მფლობელია, კომპანია „რუსტანკერს“, ასევე ტანკერებს „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ 2012 წლიდან ამოქმედდა. მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი - ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.
დღეს ნინოობა
დღეს, 27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს. სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება საქარტველოში ქრისტიანობის გავრცელება.
მსოფლიოში კლიმატის საკითხზე მასშტაბური ონლაინ-გამოკითხვა ჩატარდა
მსოფლიოში კლიმატის საკითხზე მასშტაბური ონლაინ-გამოკითხვა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 2/3 პლანეტის მთავარ პრობლემად კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს. კვლევა სახელწოდებით People's Climate Vote ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 50 ქვეყანაში ონალინ-ფორმატში ჩაატარეს. მასში მონაწილეობა 1.22-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხულთა თითქმის 50%-ის ასაკი 14-18 წელს შეადგენდა. კვლევაში მონაწილეთა 64% კლიმატის ცვლილებას სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემად მიიჩნევს, რომლის მოსაგვარებლადაც ყველა სახელმწიფოს ძალისხმევაა საჭირო. ეს საკითხი უფრო აქტუალური ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა. 70%-ს მიაჩნია, რომ ტემპერატურის მატება საგანგაშოა. 60 წელს გადაცილებულებს შორის კი ეს მაჩვენებელი 58%-მდე მცირდება.
მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა
კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. რუსთაველის თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული. გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება. მოლაპარაკებებს ესწრებიან ეპიდემიოლოგებიც. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნას უკავშირდება. „ჩვენმა სექტორმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით მართო პროცესები პანდემიის განმავლობაში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში, ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ ყოფილა, სიტუაცია არ დამძიმებულა, ანუ ეს შესაძლებელია.ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვების გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. საერთო პრობლემაა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, იმიტომ რომ 17 000 ადამიანი ყოველდღიურად უნდა მივიდეს სამსახურში და წავიდეს სახლში - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ იყო შემუშავებული. ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე ვისაუბრებთ კომენდანტის საათის გადაწევაზე, ერთი საათით მაინც. სავაჭრო ცენტრებმა და ზოგადად ბიზბესმა რომ იმუშაოს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ძალიან ცოტა დროს არის, რომ ელემენტრალურად თანამშრომლები სახლში მივიდნენ“, - განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა. „რითეილ გრუფ ჯორჯიას“ წარმომადგენელი რევაზ მაღალაშვილი აცხადებს, რომ რითეილებს და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება ეს პროცესი იმართოს. „აქამდე რა რეგულაციებიც იყო, 100 პროცენტით წარმატებით ვმართეთ, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია და ვფიქრობთ, რომ არსებობს საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ბიზნესმა მეტი შვება იგრძნოს და ზიანი არ მივაყენოთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. შაბათ-კვირის შეზღუდვა არის საინტერესო თემა ჩვენთვის, იმიტომ რომ 19:00 საათამდე ისედაც ვერ ვიმუშავებთ საათობრივი შეზღუდვის გამო“, - აცხადებს მაღალაშვილი. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ ხელმძღვანელი ზურაბ შავლაყაძე აცხადებს, რომ თუ ბიზნესი იხსნება, ეს გახსნა მომგებიანი უნდა იყოს. „გახსნა უნდა იყოს არა უბრალოდ გახსნისთვის, არამედ იმითვის რომ ბიზნესმა მიიღოს სარგებელი. ჩვენი ძირითადი თხოვნა, რაც იქნება მთავრობის მიმართ ესაა შაბათ-კვირას მუშაობის შესაძლებლობა. მომხმარებელი გადანაწილდება და არ იქნება კონცენტრირება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით. ამასთანავე, თხოვნა იქნება ტრანსპორტის გახსნა.რაც შეეხება კომენდანტის საათს. ესეც არის ჩვენი თხოვნა გამომდინარე იქიდან რომ 9 ზე უკვე იწყება კომენდანტის საათი ძალიან მოკლე პერიოდი არის სამუშაოდ. სრულად ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას. იგივე თანამშრომლების გადაადგილება ძალიან რთულია და კომპანიებს ძალიან ძვირი უჯდებათ. დღეში ეს 3 ათასიდან 7 ათას ლარამდე აღწევს, წარმოიდგინეთ თვის მასშტაბით რამხელა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული“, - აცხადებს შავლაყაძე.
ილია მეორე: წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს
„წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს", - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას ნინოობა მიულოცა. პატრიარქმა ნინოობასთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის - ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს. წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. თქვენ გიფიქრიათ, საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ენერგია, რომ ამ შორეულ ქვეყანაში წამოსულიყო. ღმერთი იყო მასთან, ღმერთი მფარველობდა მას. მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას. შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი, შეგეწიოთ მისი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი!“, - აღნიშნა პატრიარქმა. დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს.
პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, პოლიციამ 981 ადამიანი დააჯარიმა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,131 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 150 ფიზიკური პირი დააჯარიმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 981 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას შეუწყდება უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე
„ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს, რეალურად, აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი. „დღეს რამდენი დეპუტატიც შემოვიდა დარბაზში, ყველამ მითხრა, რომ ყველა ოპოზიციური მედიასაშუალების წარმომადგენელი სათითაოდ ეკითხება პირადი აზრის დონეზე, რა განწყობა აქვთ მათ, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერებს უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ოპოზიციის იმ ძალიან შემართებით განწყობისგან განსხვავებით, რეალურად, მათ და მათ მედიასაშუალებებს ძალიან აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი. თუ ასე ნერვიულობენ ისინი, მაშინ ასეთი შემართებით საზოგადოების წინაშე ნუ პოზიციონირებენ, სიმართლე უთხრან, რომ არ უნდათ შეუწყდეთ უფლებამოსილება. თუ ასე პოზიციონირებენ, მაშინ ამ ჩაკითხვებს და იმედის ნაპერწკალის ძებნას რომელიღაცა დეპუტატის პირად მოსაზრებაში, მგონია, რომ უნდა დაანებონ თავი. ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ერთ სხდომა ამ გადაწყვეტილების წინ იქნება აუცილებლად ჩატარებული, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ვერცერთ წარმომადგენელს ოპოზიციიდან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამიტომ, თუ რეალურად, სხვანაირად ფიქრობენ, საზოგადოებასაც უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და არა რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნა. პირადი მოსაზრება შეიძლება მეც ცოტა სხვანაირი მქონდეს, მაგრამ მათ აქვთ გამოხატული პოზიცია და მათი გამოხატული პოზიციის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გავახმოვანეთ“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ პარლამეტში შესვლაზე უარი განაცხადა. ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულმა ყველა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა. კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა შორის 14 პროცენტი ოპოზიციის მხარდამჭერი იყო. გამოკითხული ოპოზიციის მხარდამჭერების 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. ასევე NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო, 92 % ამას არ ეთანხმება. 15 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ და საქართველოს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მონიტორინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში.
პოლონეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს
პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ღამე, პირველადი, სპეციალაური სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებიდან ილოვო-ოსადის დასახლებულ პუნქტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს“, - ნათქვამია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის 15 დოზა წაიღეს. როგორც ცნობილია, სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა