ძებნის რეზულტატი:
პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, პოლიციამ 1235 ადამიანი დააჯარიმა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის1368 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის1368 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 133 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1235 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შს სამისნისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში გუშინ ე.წ. "ოქროს მოწმე" გური ამირხანაშვილი რვა საათის განმავლობაში იკითხებოდა. პროკურორის თქმით, ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა, დაცვის მხარისთვის კი გაუგებარია რატომ არის ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმე, რადგან ადვოკატების თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. პროკურატურა, ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ხუთ პირს ედავება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფ გახსნაზე უნდა ვისაუბროთ
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შესაძლებელი გახდება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია დაჩქარდეს. „როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან
დღეს საბაჟოს საერთაშორისო დღეა
დღეს საბაჟოს საერთაშორისო დღეა, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია აღინიშნება. 26 იანვარი საბაჟოს საერთაშორისო დღედ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (მსო) მიერაა გამოცხადებული. ამ დღეს მსოფლიოს 117 ქვეყანაში აღნიშნავენ.
10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6 654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს დაუდასტურდა
„სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. თვის ბოლომდე ინტენსიური ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდება. უკვე ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიურ PCR ტესტირებას. გლდანის ნომერ მე-8 დაწესებულებაში ჩატარდა 2 422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი და არიან იზოლირებულად საკარანტინო სივრცეში. ასევე მათი კონტაქტებიც. მათ ყოველდღიურად უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები. არიან თერმოსკრინინგის, სატურაციის მონიტორინგის ქვეშ. ასევე 72 საათში ანტიგენზე ტესტირება და შემდეგ კვლავ განმეორებითი PCR ტესტირება. ქსანის მე-15 დაწესებულებაში 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე არის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც კვლევა გრძელდება. ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო. მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. ისინი იზოლირებულია არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისაგან და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ. ლორთქიფანიძის თქმით, პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან მიმართებით, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. „ეს იქნება 40 შემთხვევა ქსანში, თუ 38 შემთხვევა გლდანში, მკაცრად კონტროლდება. ეს ადამიანები იზოლირებულნი არიან საკარანტინო სივრცეში, ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთავსებული არიან სამოქალაქო კლინიკაში. ესაა ჩვეულებრივი მართვის პროცესი. ტარდება მუდმივი მონიტორინგი. ინტენსიური PCR ტესტირების შემდეგ, კვლავ ხდება ტესტირება სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტით. ყველაფერი მიმდინარეობს სამედიცინო პროტოკოლის თანახმად და ვითარება ექვემდებარება კონტროლს“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ჯო ბაიდენი აშშ-ის მთავრობის კუთვნილ ავტომობილებს ელექტრომანქანებით ჩაანაცვლებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მთავრობის თითოეულ ავტომობილს ელექტრომანქანით ჩაანაცვლებს. ჯო ბაიდენი აშშ-ში შექმნილ ელექტრომანქანებზე ხშირად საუბრობს. „ფედერალურ მთავრობას დიდი რაოდენობით მანქანა ჰყავს, რომელიც ბენზინზე მუშაობს. ჩვენ ამ ავტომობილებს ჩავანაცვლებთ გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი ელექტრომანქანებით, რომელიც იქნება ამერიკელების მიერ წარმოებული", - განაცხადა ბაიდენმა. ქვეყნის მასშტაბით 650,000-ზე მეტი სახელმწიფო მანქანაა, აქედან 245,000 სამოქალაქო, 173,000 სამხედრო და 225,000 საფოსტო ოფისის ავტომობილია.
ტიკარაძე: დინამიკა სტაბილურია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ
"დინამიკა სტაბილურია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის, თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3 069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3 700-მდე ადგილია. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7 300-მდე აქტიური შემთხვევაა. „დინამიკა სტაბილურია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის, თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, თუ რა მიდგომა იქნება თანმიმდევრული და უსაფრთხო, რომ ეს დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ", - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან
ამირან გამყრელიძე: ადამიანების 50-60% მზადაა ვაქცინა გაიკეთოს
„ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა. „ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა“, -აღნიშნა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ NDI-ის ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% ამბობს, რომ კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებს. თუმცა, აცრის გაკეთებას ასევე 41% აპირებს.
ამირან გამყრელიძე: კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს 1.5 წელიწადში დაუბრუნდება
„სადღაც 1.5 წლის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრების რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩემი აზრით, კაცობრიობა იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც მე და თქვენ ყველგან ვმოძრაობდით, დავდიოდით და ვმოგზაურობდით, 1.5 წელიწადში დაუბრუნდება. თუ წელს ის სამიზნეები, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული... დაახლოებით, 8 მლრდ ვაქცინაა შეკვეთილი სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ და ეს 4 მლრდ ადამიანის ვაქცინაციისთვისაა გათვლილი, თუ ეს მოხდა, მაშინ ჩვენ მაინც დაგვჭირდება ნიღბის ტარება, დისტანცირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წამოადგინონ
"საქართველოში შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წამოადგინონ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების განსაზღვრაზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა შეეძლებათ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, რომ ის მოქალაქეები, რომელთაც covid-ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული ექნებათ, თავისუფლად შემოვლენ. „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოვა რეგულაციები იქნება - კერძოდ, ორჯერადად ანუ covid-ზე სრულად აცრილი ადამიანებისთვის არაფერი იქნება საჭირო, დანარჩენებისთვის კი, სავალდებულო იქნება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი; ასევე, მიდის მსჯელობა, შემდგომ უკვე აქ ტესტირება უნდა განმეორდეს თუ - არა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.
ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა
ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გვერდზე დაწერა და თან შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა. "ერთ-ერთი უპირატესობა იმისა, რომ 65 წლის ვარ ისაა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ამ ეტაპზე მეკუთვნის. პირველი დოზა უკვე გავიკეთე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, - წერს ბილ გეითსი. ბილ გეითსის და მისი მეუღლის ფონდი აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში,ბილ და მელინდა გეითსების ფონდს $400 მილიონზე მეტი ოდენობის თანხა აქვთ გაღებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
სასამართლომ ნაგვის თავზე დაყრისთვის დაკავებულს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დეპუტატთან მიახლოება აუკრძალა
მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის საქმეზე სასამართლომ გირაოს სახით 2 000 ლარის გადახდა დააკისრა და მასთან მიახლოება აუკრძალა. სასამართლომ ამ საკითხზე დღეს იმსჯელა. ფანგანმა 2000-ლარიანი გირაო 40 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს და წინასასამართლო სხდომის გამართვამდე მას ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდა. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვლს ნაგავი გადააყარა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხზე იმსჯელებენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებების აღსრულების საკითხზე ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა. „დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში დაგეგმილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხის განხილვა. ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ამ სასამართლოში მოიპოვა, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მოვუწოდოთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთს დაეკისრა. დარწმუნებული ვარ, ეს ის პათოსი იქნება, რომელსაც ევროსაბჭოს წევრები ჩვენთან ერთად გაიზიარებენ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის ამ დებატებს და პლატფორმასაც, რომ ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები და უფლებათა დარღვევებს, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ და ყველა ჩვენ პარტნიორს ვამცნოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხისთვის ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გუშინ გაიხსნა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილა, რომელიც მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა წარადგინა. მან ქართულ ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, შეუდგნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, კარლოს ოლმეს ტრუხილიო კორონავირუსით გარდაიცვალა. მინისტრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებული კარლოს ოლმეს ტრუხილიო საავადმყოფოში 13 იანვარს გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული გართულებების გამო კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო.
ევროკავშირი მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს
ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს. განცხადების მიხედვით რეგულაციების გამკაცრება საჭირო კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო გახდა. ევროკავშირის ქვეყანაში შესვლამდე ყველა პირი ვალდებულია კორონავირუსის PCR ტესტი ჩაიტაროს, თვითფრინავში ჩაჯდომამდე არაუგვიანეს 72 საათისა, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები COVID-ტესტის გაკეთებას ევროპის ნებისმერ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგაც შეძლებენ. არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესაძლოა სავალდებულო გახდეს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, თუ ამის საჭიროებას გახდება. ევროკომისია, ასევე, გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა. კერძოდ, ბოლო 14 დღეში COVID-19-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი, ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე სულ მცირე 300-ს უნდა აჭარბებდეს. ტესტის პოზიტიური პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა ცდებოდეს. ასევე, გათვალისიწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, არის თუ არა, ამა თუ იმ ქვეყენაში გავრცელებული ვირუსის ახალი შტამი.
ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას ირანის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის ავღანეთის და ირანის თემები განიხილეს. ანგელა მერკელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებაში აშშ-ის დაბრუნებას მიესალმა. „კანცლერმა პრეზიდენტი ბაიდენი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლა საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების დაწყების შემდეგ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა კანადის, მექსიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელებთან.
მთავრობის კანცელარიასთან აქციაა
ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის კანცელარიათან ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით, აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ამოქმედდეს სტრანსპორტი, გაუქმდეს კომენდანტის საათი, სკოლებმა და სასწავლო დაწესებულებებმა განაახლონ მუშაობა. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს მოვაჭრეებიც შეუერთდნენ, მათ კანცელეარიასთან სიმბოლურად მიიტანეს თავიანთი პროდუქტი. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებას 9 პოლიტიკური სუბიექტი აწერს ხელს. ესენია: „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი", „საქართველოს ლეიბორისტული პარტია", „ბლოკი ძალა ერთობაშია - პროგრესი და თავისუფლება", ნაციონალური მოძრაობა", „სახელმწიფო ხალხისთვის" და "რესპუბლიკური პარტია". როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მუქარა, ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა, არანაირ შედეგს არ გამოიღებს. „ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ "ოცნების" მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს. მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება. ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. „ქართული ოცნების" არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა. ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს",- აღნიშნულია განცხადებაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Rainews24-ი ავრცელებს. გადადგომის შესახებ ჯუზეპე კონტემ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას შეატყობინა. „პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო და მთავრობას მიმდინარე მოვალეობების შესრულება შესთავაზა“, - ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე კონტე გეგმავს, გადადგომის შემდეგ, კოალიცია შექმნას, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.
რუსეთი და ირანი ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ
ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა და სერგეი ლავროვმა ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. Ria.ru-ს ცნობით, მოსკოვში შეხვედრაზე დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა რუსეთ-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემები, მათ შორის სპარსეთის ყურის ზონაში არსებული ვითარება, JCPOA– ს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლპარაკებების გაგრძელების თემა და მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება. რეგიონული ტურნეს ფარგლებში ირანის საგრეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისში ჩამოსვლამდე ბაქოს და მოსკოვს ეწვია.