ძებნის რეზულტატი:

ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ დააზიანა

ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ დააზიანა, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას და 250 000 დოლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ 46 წლის სტივენ ბრანდენბურგს ბრალად ედებოდა კომპანია MODERNA-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 500-ზე მეტი დოზის შენახვის პირობების დარღვევა. პოლიციის თქმით, ფარმაცევტის მიერ მიყენებული ზარალი "სავარაუდოდ 8000-დან 11000 აშშ დოლარამდე იყო."

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში, ქ.ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და სთხოვა დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის მოცემული ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოეხდინათ ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა. აღნიშნულ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოხდებოდა 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია. საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში." - ნათქვამია განცხახებაში . გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და მკურნალობისთვის ქვეყანაში მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა. ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურეობას და რეაბილიტაციას. „გეგმის მიხედვით, თვის ბოლოს სავარაუდოდ იქნება გადაწყვეტილება და ქვეყნებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელ ვაქცინას, რა რაოდენობას და რა თანმიმდევრობით მიიღებს და შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - განცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კახა კალაძე: „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი არ შეცვლია და არც შეუსაბამო პროექტის განხორციელება იგეგმება

„რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება", - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვას, რომლის ინფორმაციით, თითქოს თბილისის მერია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული ნაკვეთის გასხვისებას და ზონის შეცვლას გეგმავს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია სიცრუეა და ზონალური სტატუსი რეკრეაციულ სივრცეებს არ შეცვლია. „ზონალური სტატუსი არაფერზე შეცვლილა. რაც იყო რეკრეაციული სივრცე, დღესაც რეკრეაციული ზონაა. პრობლემა, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, არის ის, რომ „მზიურის“ დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, გასხვისდა და იქ გახორციელდა მშენებლობები. რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ, განხორციელდა მხოლოდ იმ დარჩენილ მონაკვეთს, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლებას. რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რეკრეაციულ ზონაში არის შესაძლებელი გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, საგამოფენო სივრცე, მაგრამ აქ საუბარი არ არის ზონის ცვლილებასა და ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც შეუსაბამოა ზონასთან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება. ასამბლეის პლენარულ სხდომაზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი შედიან.

„თბილისი ცენტრალის“ ხელმძღვანელი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებს

„დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები", - ამის შესახებ თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა. „დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები. კერძოდ, კარგი ამბავია ჩვენთვის ის, რომ ათ კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი მომხმარებლისთვის სავაჭრო ცენტრში, ისევე, როგორც ეს არის ჰიპერმარკეტებში. მეორე - იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება.

ირანში საქართველოს საკონსულო ქვეყნის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ირანში საქართველოს საკონსულო ქვეყნის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ ირანის საზღვარზე შეჩერებული სატვირთო მანქანების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც მართავენ საქართველოს მოქალაქეები, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში, გვაქვს კომუნიკაცია ირანის შესაბამის სამსახურებთან, ასევე თავად მძღოლებთან და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ამ დროისთვის ირანულმა მხარემ დაიწყო შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენილი ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„გალერია თბილისის“ დირექტორი: ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც კი გაუმჯობესდება სიტუაცია, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები

„კონსტრუქციული საუბარი იყო. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები, ეს ეხება გადაადგილების შეზღუდვას და ასევე შაბათ-კვირას მუშაობას. მთავარი იყო ის, რომ გავხსნილიყავით, რაც არ შეიცვალა და ვიხსნებით ჩვეულებრივად პირველ თებერვალს" , - ამის შესახებ მთავრობის წევრებსა და სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მფლობელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკოლოზ ცინცაძემ განაცხადა. ცინცაძის თქმით, პერიოდულად გადაიხედება მდგომარეობა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები. „დანარჩენი ყველაფერი ისედაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შეზღუდვები. გვქონდა ინფორმაცია შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, ასევე გადაადგილების შეზღუდვაზე. უბრალოდ კარგი ის იყო, რომ გადახედვა მოხდება ამ ყველაფრის კვირაში, 2 კვირაში ერთხელ და იმის მიხედვით, თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა მოიხსნება შეზღუდვები ეტაპობრივად. „გალერია თბილისი“ არის ცენტრალური მოლი, ამ შემთხვევაში ჩვენთან გადანაწილებულია თითქმის იდენტურად ყოველდღიური ნავაჭრი, რა თქმა უნდა, ის ორი დღე დაგვაკლდება, მაგრამ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, ნაწილობრივ მაინც“, - განაცხადა ნიკოლოზ ცინცაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება.

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ

„ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს გვქონდა კომუნიკაცია, ავხსენით რა არის სახელმწიფოს მიდგომა და ეს არის ცალსახად ის, რომ ჩვენ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ, ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები რიცხვები, რადგან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია, არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე, რადგან ვიცით რამდენად მძიმეა ეს ეკონომიკისთვის. ვიცით, რომ ეს აისახება როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. დარჩება შაბათ-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათ-კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა დღე. ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7-დღიდან, ორ დღეს მობილობა იყოს დავარდნილი, სწორედ ამას ემსახურება შაბათ -კვირის ჩაკეტვები. დღეს მოვისმინეთ პოზიტიური მოსაზრებები და დასკვნები ბიზნესიდან. ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იქნება მუდმივი კომუნიკაცია შენარჩუნებული, რომ დაიგეგმოს ბიზნესის შემდგომი გახსნა და დამატებითი შემსუბუქებები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში კარავი გაშალეს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ქუთაისის მერიის შენობის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სამოქალაქო აქტივისტემბა კარავი გაშალეს. მანამდე კი აქტივისტებმა აქცია მოაწყვეს ქალაქის მერიასთან, რომელსაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქცია და კარვის გაშლა სამართალდდამცავთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მობილიზების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცველები იცავდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას. მოძრაობა „ საქართველოსთვის“ წევრების და აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. 1945 წლის 27 იანვარს მოკავშირეთა ძალებმა გაათავისუფლეს აუშვიც-ბირკენაუს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც ჰოლოკოსტის დროს ყველაზე მეტი ებრაელი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლოკოსტის დროს ნაცისტებმა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი და სხვა „არაწმინდა რასის“ წარმომადგენლები – ბოშები, პოლონელები, რუსები გაანადგურეს. ნაცისტების მსხვერპლი გახდნენ განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულების მქონე ადამიანები , ასევე იეჰოვას მოწმეები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჰომოსექსუალები.

რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში ვიზიტების შემდეგ ირანის საგრეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისს ეწვევა. მანამდე ის აზერბაიჯანს, მოსკოვს და სომხეთს სტუმრობდა. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, რუსეთ-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემები, მათ შორის სპარსეთის ყურის ზონაში არსებული ვითარება, JCPOA– ს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების თემა და მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება. „მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობა არ იქნება დამოკიდებული „შეერთებული შტატების ახირებებზე, რომლიც უკანონო სანქციების დაწესებით“ ცდილობს, ზიანი მიაყენოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ორი ქვეყნის, ორი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ვადგენთ ჩვენს გეგმებს ისე, რომ მესამე მხარეს არ გადავხედოთ”, - თქვა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა. ჯავად ზარიფმა აშშ-ის ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. როგორც შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, ბირთვული შეთანხმების გადარჩენა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი და რუსეთი და ირანი დაინტერესებულნი არიან მისი სრული განხორციელებით. ირანის პირველი დიპლომატის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი თეირანის და მოსკოვის საზრუნავი იყო. „მადლობას ვუხდით რუსეთს, რომ ყარაბაღის კრიზისი მოგვარდა რუსეთის შუამავლობით, რაც ახლა რეგიონში მშვიდობისა და მეგობრობის შესაძლებლობას გვთავაზობს”, - თქვა ზარიფმა. 25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. „ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გავმართე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. მყარი მშვიდობა მიიღწევა რეგიონული შეთანხმებებით, მათ შორის სატრანზიტო დერეფნის შესახებ, რაც ყველას წაადგება“, - დაწერა ზარიფმა Twitter-ზე. _კავკასიის რეგიონში „ექვსთა პლატფორმის“ შექმნის ინიციატივა, 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა. „აზერბაიჯანთან ვილაპარაკეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობაზე ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში კი სომხეთის მონაწილეობით. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოში ჩამოსვლამდე, 27 იანვარს, ერევანში ვიზიტის შემდეგ ირანელმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა, რომ სომხეთთან რეგიონული თანამშრომლობის საკითხზე შეთანხდნენ და ძველ პრობლემებს ახალი სინერგიით ჩაანაცვლებენ. თუმცა იგულისხმებოდა თუ არა „ექვსთა პლატფორმა“, ზარიფს არ დაუკონკრეტებია. _რას გულისხმობს 6 ქვეყნის კავშირის შექმნა და შედის თუ არა საქართველოს ინტერესებში ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან ერთად რამე ტიპის ალიანსის შექმნა, ამ საკითხზე Europetime საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. ანალიტიკოსის განმარტებით, ყარაბაღის ახალი ომის შემდეგ, ირანს სურვილი აქვს, უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს კავკასიის გარშემო. „თუმცა აქ არაერთი პრობლემაა. 3+3-ის კავშირის ფორმულასთან დაკავშირებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყნებს, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო. დიპლომატიური ურთიერთობა ასევ არ აქვს სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ კუთხით ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანი შედარებით ნაკლებად არის ჩართული კავკასიის ამბებში, განსხვავებით რუსეთისგან. ამიტომ, ახლა ირანი ცდილობს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. საუბრობს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. თუმცა ეკონომიკური კავშირის კუთხითაც სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი Europetime. ანალიტიკოსის შეფასებით, ძნელად წარმოსადგენია, ირანმა ეკონომიკური თვალსაზრისით ითანამშრომლოს კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, როდესაც სანქციების მიხედვით, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. რეალურად, სანქციები ირანთან ვაჭრების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა. ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ეს პრობლემატური საკითხია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რეალურად მოგვარდეს, თუ ირან-ამერიკის ურთიერთობები მოგვარდება. „ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ 6 ქვეყნის კავშირის 3+3-ს შექმნა, უფრო ირანის სურვილების დონეზეა და რეალურად ირანს არაფერი გამოუვა. რაც შეეხება თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს, არ მგონია, თავად ვიზიტის ფაქტმა ამერიკული მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს. სანქციები ასეთ ვიზიტებს არ შეეხება. შეხვედრები და საუბარი ყველა მეზობელთან საჭიროა, იმიტომ რომ, შენს რეგიონში მდებარეობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ტრანზიტთან დაკავშირებით ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც განხილვას საჭიროებს“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. 2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა“ ახსენა. „მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს. თურქეთის პრეზიდეტმა კი „კავკასიური პლატფორმის" ინიციატივა 2020 წლის 10 დეკემბერს გაახმაურა. საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მხრიდან Twitter-ზე კრიტიკული შეფასება მოჰყვა. „რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს რუსეთისა და ირანისთვის მხარდაჭერას მეტად ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?", - დაწერა იან კელმა სოციალურ ქსელში. _Europetime-ს კითხვაზე, ირანის შეთავაზება 6 ქვეყნის კავშირის შექმნის შესახებ, საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში რამდენად შედის? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ არც დასავლეთელი პარტნიორების და მით უფრო საქართველოს ინტერესებში ასეთი კავშირის ჩამოყალიბება არ შედის. „ნებისმიერი ფორმატის კავშირი, სადაც არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის. იმიტომ, რომ უკვე არაერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა. ჩემი აზრით, ეს კავშირი არც რუსეთის ინტერესში შედის, რადგან, რუსეთს არ სურს თავისი პრივილეგირებულ სტატუსში, რომლის მიღწევასაც ცდილობს კავკასიაში, რომელიმე სახელმწიფო ჩაეზიაროს. აქედან გამომდინარე კავკასიის რეგიონში ირანის და თურქეთის გავლენის გაზრდის ხელშეწყობა რუსეთის ინტერესებში არ შედის. რაც შეეხება დანარჩენ სახელმწიფოებს, ირანთან თანამშრომლობა მათთვისაც პრობლემატური იქნება. სანქციები არ იძლევა ირანთან რაიმე ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამიტომ ირანის ჩართულობით კავკასიის რეგიონში რაიმე ტიპის კავშირის შექმნა პრობლემატურია და ნაკლებად განხორციელებადი”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. _მოჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტზე Europetime-თან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა: „ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აშშ-ს ჭირდება სტრატეგია მთლიანი შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც ნათლად გვაჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას რეგიონში, მათ შორის სამხრეთ აჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პირადად მე ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ რეგიონში კრემლის და ირანის გაზრდილი ყურადღების და ყოფნის თვალსაზრისით“. ირანელი დიპლომატი საქართველოს 28 იანვარს დატოვებს.

ნათია თურნავა: ვაჭრობა ის სფეროა, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება

„საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არაა. შეგახსენებთ, რომ ვაჭრობა არის ის სფერო, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „სავაჭრო მოლები, წინასაახალწლო დღეებში ვამუშავეთ. სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით, მათ ძალუძთ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი ძალებით შეძლონ მუშაობა“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა.

აშშ-ის საელჩო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეზე: ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას

"ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ, ჰოლოკოსტის მსვერპლთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებაში. "დღეს პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას. 27 იანვარი საბჭოთა ჯარის მიერ 1945 წელს ოსვენციმი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების წლისთავია. ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში. 27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული.

ამირან გამყრელიძე: იანვარში კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 8.5 %-ია, როცა დეკემბრის დასაწყისში, დაახლოებით, 25-30% იყო

„დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე ინდიკატორი, მასთან ერთად, არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ანუ ინცინდენტობა 100 000 მოსახლეზე ბოლო 14 დღის განმავლობაში, ასევე, მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში, საწოლფონდში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობა, ანუ მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ასევე რესპირატორებზე, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, ყველა ამ მულტიინდიკატორული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით. „ბოლო თვის განმავლობაში, ზოგადად, ქვეყანაში ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება. იანვარში დადებითობის მაჩვენებელი 8.5 % გვაქვს, მაშინ როცა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, 25-30% იყო. იყო დღეები, როდესაც 35 პროცენტზეც ავედით. ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის პროცენტი არის 6,6, ბოლო 7 დღის განმავლობაში - 5,5 და დღეს გახლავთ 4.1 %. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ არის რეგიონები, მაგალითად აჭარა, სადაც დღეს, დადებითობის მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 1%. ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 3 %-ზეა. აქედან გამომდინარე, ე.წ. ასიმეტრიული შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო და 1-ლი თებერვლიდან გამოცხადებულია და უკვე იცით, თუ რა მსუბუქდება, რა მასშტაბით და განსაკუთრებით, უფრო მეტი, მთლიან საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ეს აჭარაში, სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით და მასზე დაყრდნობით, რომელიც ჩამოგითვალეთ. სასურველია, რომ ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაია ცქიტიშვილი: შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება

„შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. „დღეს შეხვედრა შედგა ძირითადი სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მენეჯმენტთან. ეს არის ის ბიზნესი, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს ქსელები, ისე, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება. გავიხსენეთ ერთ კვირიანი წინასაახალწლო პერიოდი, როდესაც სავაჭრო ქსელებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია და ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზეც არის ის, რომ ეს გახსნის პერიოდიც ისე გავიაროთ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც არის შეთანხმებული გახსნის პირობები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ. ვეუბნებით ასევე საზოგადოებას და ბიზნესს, რომ მაშინ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე შევძლებთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესაბამისი პირობები ჯერ არ არსებობს

"რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესაბამისი პირობები ჯერჯერობით არ არსებობს", – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის მზადყოფნის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა, განიხილოს "ღია ცის შეთანხმების" შენარჩუნების საკითხი. ამასთან, აღინიშნა, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, პარიტეტულ საფუძველზე „თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებას“ გააგრძელებენ. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს გასულ საღამოს ტელეფონით ესაუბრა. "ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს NATO-ს მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებაა და ასევე აღნიშნა,რომ მზად არის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს",- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

Boeng-ი 2030 წლისთვის ყველა თვითმფრინავს ალტერნატიულ საწვავზე მუშაობისთვის ამზადებს

Boeing-ი 2030 წლისთვის თვითმფრინავებს 100%-ით ალტერნატიულ საწვავზე გადასვლისთვის მოამზადებს. ამერიკელმა მწარმოებელმა უკვე წარმატებით დაასრულა ფრენა, რა დროსაც საავიაციო ნავთი ეკოლოგიურად სუფთა საწვავით ჩაანაცვლა. კვლევების თანახმად, ასეთი გადასვლა ნახშირორჟანგის გამოყოფას 80%-ით შეამცირებს. ეს სტატისტიკა მოიცავს მთელ ციკლს – საწვავის წარმოებიდან, თვითმფრინავებში გამოყენებამდე. ალტერნატიულ საწვავად კი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მცენარეები, სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენები, არაგადამუშავებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აირისებრი ნარჩენები და სხვა.

თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლი დააკავეს

თურქეთ-სირიის საზღვრის კვეთისას, თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 12 მებრძოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, თურქული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს ათობით ეჭვმიტანილმა სირიიდან თურქეთში შესვლა უკანონოდ სცადა, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ეჭვმიტანელების იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ დაკავებულებს შორის რადიკალი ისლამისტებიც იყვნენ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 მათგანი რუსეთის, 4 უზბეკეთის, 3 კი ყირგიზეთის მოქალაქეა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი წევრის ცხედარი წყალმა კუნძულთან გამორიყა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის,სიფის ვალირაკისის ცხედარი წყალმა საბერძნეთის კუნძულთან, პეზონისთან გამორიყა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მისი მეუღლის თქმით, ის საკუთარი ნავით ღამით გავიდა ზღვაში, რის შემდეგაც ის უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილობრივი პოლიციისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერის ცოლს აქვს მოსაზრება მომხდართან დაკავშირებით, მისი თქმით ვალირიკისს ნავი დაეჯახა, რის გამოც ის წყალში გადავარდა და დაიხრჩო. მაშველების თქმით, ზღვა საკმაოდ მშვიდი იყო რის გამოც უამინდობას გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზებიდან გამორიცხავენ.