ძებნის რეზულტატი:

ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, იზრდება ვაჭრობა - ღარიბაშვილი

ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი   „მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გაცნობოთ, ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები. მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-ანი მატება. ასევე ვაჭრობა იზრდება, პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში ექსპორტის 25%-ანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1.461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა,“- აღნიშნა პრემიერმა.  

მედია: ოკუპირებულ ცხინვალში მკვლელობისთვის ბრალდებული „ვაგნერის“ მებრძოლია

გიორგი სიუკაევი, რომელიც ცხინვალში 38 წლის სოსლან ვალიევის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ტელეგრამის არხებზე „Сапа 15“-სა და „Ног Ирыстон“-ზე დაყრდნობით წერს, ინფორმაციას აზიარებს ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Рес“-იც. იუწყებიან, რომ სიუკაევი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაიინიდან სადაც ის მსახურობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ სახმისით „არბალეტი“. მასალას უცვლელად გთავაზობთ: „სუიკაევი გიორგი ვაგნერელებთან საპატიმროდან მოხვდა, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რომელიც 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საბრძოლო მოქმედებებისას, სადაც სავარაუდოდ, მოხალისედ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე სრულიად ახალგაზრდა 2008 წლის ომში მონაწილეობდა“,- ნათქვამია ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე. ოკუპირებულ ცხინვალში ორშაბათს, საღამოს, დანით მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან (ცუგრი) ვალიევი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი ცხელ კვლაზე დააკავეს. მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შუაღამით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა. „დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა, ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON-ი დაგეხმარებათ. ეს არის რეზონანსული შემთხვევა“, - განაცხადა გაგლოევმა. მკვლელობას გამოეხმაურნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერებიც ანატოლი ბიბილოვი და ედუარდ კოკოითი. კოკოითის თქმით, რომ „ცუგრი კეთილი და უწყინარი ბიჭი იყო, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ახლობელივით უყვარდა“. კოკოითი ტელეგრამზე წერს, რომ ის ფაქტობრივად ცხინვალის სიმბოლო იყო. ანატოლი ბიბილივის თქმით კი ვალიევს „უყვარდა ოსეთი და რუსეთი“ და დარწმუნებული იყო „ფაშიზმზე გამარჯვებაში“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, უწყებაში ჩვენების მისაცემად ორი ადამიანი თავისი ნებით მივიდა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" უკრაინაში ომში მონაწილებისთვის პატიმრების გადაბირება გასულ ზაფხულს დაიწყო. დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, საუბარია ათობით ათას ყოფილ პატიმარზე. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომში გადარჩენილებს ექვს თვეში შეწყალებას დაჰპირდა. არსებობს ყოფილი პატიმრების ომიდან შინ დაბრუნების მაგალითებიც. პრიგოჟინის მტკიცებით, მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის შემთხვევები ძალზე იშვიათია. თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

WP: ეგვიპტე რუსეთისთვის რაკეტების წარმოებაზე უარს აცხადებს

The Washington Post-ის ცნობით, ეგვიპტის ხელისუფლებამ, შეერთებული შტატების ზეწოლის შემდეგ თქვა უარი რუსეთისთვის რაკეტების ფარულად წარმოებასა და მიწოდების განზრახვაზე და ამის ნაცვლად ეგვიპტე დათანხმდა უკრაინისთვის განკუთვნილი 152 და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების გაყიდვას. მარტის დასაწყისში აშშ-ის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კაიროს ხელისუფლებამ შეაჩერა ამ გეგმის განხორციელება, წერს გაზეთი აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. დოკუმენტში არ არის მითითებუილ დაუბრუნდა თუ არა ეგვიპტის ხელისუფლება რუსეთის არმიისთვის იარაღის მიწოდების გეგმას, ან გადასცა თუ არა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის განკუთვნილი დაპირებული საბრძოლო მასალა.  

მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 127.1 პროცენტით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1134.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 127.1 პროცენტით, ანუ 245.3 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 95.4 პროცენტი მოდიოდა. გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 223.57 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.40 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 35.99 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 19.57 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 18.75 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, ეროვნული ბანკი ცნობით, 2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 78.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტისანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7 პროცენტით მეტია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსული სახელმწიფო მედია: 9 მაისის ზეიმი „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის გარეშე გაიმართება

რუსულმა სახელმწიფო მედიამ 18 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმი არ მოიცავს წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას. 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთმა მსვლელობა - „უკვდავი პოლკი" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატარა.  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ელენა ცუნაევამ გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ „საფრთხის“ გამო, რუსეთის ზოგიერთმა რეგიონმა, მათ შორის „ყირიმის რესპუბლიკამ“ უარი თქვა „უკვდავ პოლკზე“ და გადაწყვიტეს, რომ მსვლელობები არც სხვაგან იქნება, რადგან ეს „საერთო, განუყოფელი ისტორიაა“. უკვდავი პოლკის მარში, როგორც წესი, მასობრივი ღონისძიებაა მთელ რუსეთში, სადაც ხალხი მსვლელობის დროს ატარებs მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ნათესავების ფოტოებს. მოძრაობის ორგანიზატორები, რომლებმაც მსვლეობა 2011 წლიდან დაიწყეს, ჩიოდნენ, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იდეა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები მოუწოდებენ ხალხს, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ნათესავების ფოტოები 9 მაისს გამოაქვეყნონ მოძრაობის საიტზე და სოციალურ ქსელებში, გამოფინონ ავტომანქანებზე.  

საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. „სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. ცნობისთვის, სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.   

პოლ გობლი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ვილნიუსის სამიტსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Eurupetime-თან ინტერვიუში საუბრობს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის კონტრშეტევასა და პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე. ზოგადად, როგორ შეაფასებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობას ახლა და ამ კონტექსტში რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება, სავიზო აკრძალვა დაუწესოს ქართველ მოსამართლეებს. პოლ გობლი, ხსენებული შეკითხვის საპასუხოდ Europetime-თან ამბობს, რომ შტატების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, თუმცა არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდად არის. ხსენებული პრობლემების მიუხედავად, აშშ-საქართველოს ურთიერთობები კვლავ კარგ ნიშნულზეა. არასოდეს უნდა ველოდოთ, რომ ქვეყნებს შორის კავშირები უპრობლემოდ და მღელვარების გარეშე წარიმართება. სავიზო აკრძალვები იმის ნიშანია, რომ ყველაფერი არც ისე კარგად არის, მაგრამ არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდადაა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც სანქციები თითქმის პირველია პოლიტიკის შემქმნელთა „ინსტრუმენტთა საცავში“. თუ არ არსებობს აშკარა ალტერნატიული ნაბიჯი, სანქციები არის სწორი გზა იმის საჩვენებლად, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხარ. რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, არ ვიცი, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ შორს წავიდა. ჩემი აზრით, აშშ სათანადოდ განაწყენებულია იმით, რაც ზოგიერთმა ქართველმა მოსამართლემ გააკეთა და სანქციები, როგორც ჩანს, ერთადერთი კარგი გზა იყო ამის საჩვენებლად. არის თუ არა დრო, რომ NATO-მ ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით მიმართოს უკრაინას და საქართველოს? ამ საკითხის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, ამ ორივე ქვეყნის გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ისურვებდა, რომ მსგავსი შეთავაზების ადრესატები გახდნენ საქართველო და უკრაინა.  „ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება უნდა გაკეთდეს. ათ წელზე მეტია, რაც ორივე ქვეყნის წევრობის დამცველი ვარ; მაგრამ ვშიშობ, რომ მათ მიღებამდე გარკვეული პერიოდი კიდევ გავა“. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. არსებული სიგნალებიდან გამომდინარე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ხედავს თუ არა საქართველოსთვის დაბრკოლებას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში? და როგორ შეუძლია ქვეყანას, თავი დააღწიოს მას და გადაჭრას ეს შემაფერხებელი ფაქტორები. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ თბილისმა უფრო მეტი ერთგულება უნდა აჩვენოს ღირებულებების მიმართ. თბილისს ახლა არსებულზე უფრო მეტი ერთგულების დემონსტრირება მოუწევს დასავლური სამართლებრივი ღირებულებების მიმართ, თუ მას სურს, რომ კანდიდატის მიღების რაიმე იმედი ჰქონდეს. უკრაინელები გეგმავენ კონტრშეტევას. ამ ფონზე პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გახმაურდა და აშშ ამბობს, რომ ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობაზე. ომის კიდევ ერთი ახალი ფაზა - როგორია პროგნოზები მის დასრულებასა და შედეგებზე? - სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თავად ეს ფაქტი (საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა.რედ) კატასტროფულია, ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა. დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი კატასტროფულია, რადგან მას რუსეთი და სხვები იყენებენ დასავლეთისა და მისი პარტნიორების დასასუსტებლად. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა და ამიტომ, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მე მინდა ვნახო, რომ ბევრს, ბევრად მეტს ვაკეთებთ. მაგრამ მე რეალისტი ვარ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოდესმე საკმარისს გავაკეთებთ. საბედნიეროდ, უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ იღებენ სრულ მხარდაჭერას, რასაც იმსახურებენ.

ბავშვებს, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში სექტემბრიდან შევიდნენ

ბავშვებს, რომლებსაც წელს პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ. „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვებს, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში შევიდნენ. მოგეხსენებათ, ეს წესი აქამდე პირველ ოქტომბრამდე მოქმედებდა და ის ერთი თვით გავახანგრძლივეთ. იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც 800 სკოლის აშენებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვადას გავახანგრძლივებთ. მაქსიმალური გადაწევის საშუალება 31 დეკემბრამდეა. გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება. მშობლები არჩევანში სრულად თავისუფლები იქნებიან. შეუძლიათ, ბავშვი სკოლაში შეიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.  

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი აზერბაიჯანშია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი 3-დღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. მინისტრს თან ახლავს 20 ისრაელური კომპანიისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ელი კოენი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯან-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის მოახლოებულ სხდომაში, რომელიც 19 აპრილს ბაქოში გაიმართება, ასევე რამდენიმე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან. კოენი 19 აპრილს დილით ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში ის თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართავს მოლაპარაკებებს.  

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5197 ლარი ეღირება, ევრო – 2.7651 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1340 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5229 ლარი ღირდა, ევრო – 2.7795 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1554 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 აპრილს ამოქმედდება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას. „გილოცავთ დღესასწაულებს, აღდგომას და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეული უკრაინელისგან იმ გრძელი და რთული გზისთვის, რომელსაც თქვენ ყოველ დღე გადიხართ“, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე მებრძოლ სამხედროებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ვარჰეის პასუხი არასამთავრობოებს: ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მათ წერილზე ევროკომისარ ვარჰეის პასუხს ავრცელებენ. „ნება მომეცით, პირველ რიგში ხაზი გავუსვა ჩვენს ერთგულებას ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში და ასევე არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის, ისევე როგორც, მისი წვლილისთვის პოლიტიკის ფორმირებაში. როგორც თქვენს წერილშია აღნიშნული, 2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. ამავდროულად, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა  ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის  გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე“, - აღნიშნულია ვარჰეის პასუხში. ამავე თემაზე: არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის მიმართავენ  

უკრაინა: ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, "რუსმა სამხედროებმა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია არტილერიით დაბომბეს", - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ევროკავშირის საბჭომ როუმინგ ზონასთან უკრაინის მიერთებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება როუმინგ ზონასთან უკრაინის მიერთების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა. „ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, უკრაინელებისთვის ევროპაში ნათესავებთან ზარის ფასები შემცირდება. გარდა ამისა, არ იქნება საჭირო SIM ბარათების შეცვლა ევროპაში მოგზაურობის დროს“, - აღნიშნა ფედოროვმა. უკრაინა ევროკავშირის როუმინგ ზონას შეუერთდება. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასული წლის სექტემბერში, ევროპარლამენტში ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა. უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს 5 სექტემბრის სხდომის შემდეგ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას, შეისწავლოს გრძელვადიანი შეთანხმების შესაძლებლობა ევროკავშირსა და უკრაინას შორის როუმინგის გადასახადის გაუქმების შესახებ. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა ჯერ კიდევ გასული წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის როუმინგ სივრცესთან შეერთებას უახლოესი პერიოდისთვის გეგმავდა. მანამდე, აპრილში, ევროკავშირისა და უკრაინის მობილურმა ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ხელმისაწვდომი ან თუნდაც უფასო როუმინგის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებდნენ. მაშინ ევროკომისიის წარმომადგენელი, კატარინა მატერნოვა აცხადებდა, რომ ეს შეთნხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ერთიან როუმინგზე მომავალ ხელშეკრულებას ჩაუყრიდა საფუძველს.  

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა, ნათქვამია ევროკავშირის ინსტიტუტის განცხადებაში. შედეგად, კოსოვოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, იმოგზაურონ ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს - კოსოვოში ვიზის მოთხოვნის გარეშე, 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“. უვიზო რეჟიმი ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი ამოქმედდება ევროკავშირის ახალი ელექტრონული სამოგზაურო სისტემა და არაუგვიანეს 2024 წლისა. „გადაწყვეტილება კოსოვოს ხალხს საშუალებას აძლევს, ადვილად იმოგზაურონ, მოინახულონ ნათესავები და აკეთონ ბიზნესი ევროკავშირში“, - განაცხადა საკითხის მომხსენებელმა, ნიდერლანდელმა კანონმდებელმა ტიის როუტენმა.  

პოლონეთი რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის საზღვართან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

პოლონეთმა დაიწყო დამატებითი უსაფრთხოების ზომების გატარება და სათვალთვალო სისტემების დაყენება რუსეთის პროვინცია კალინინგრადის საზღვართან, იტყობინება RMF 24. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აღმოსავლეთი საზღვარი მზად იქნება ყველა სახის უკანონო ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისულ სიტუაციებთან ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის საუკეთესოდ დაცული საზღვარი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.  პოლონეთის მესაზღვრეების თქმით, დაახლოებით 200-კილომეტრიან მონაკვეთზე 3000 სათვალთვალო კამერა უნდა დამონტაჟდეს. დამატებითი უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემების მშენებლობა 2023 წლის შემოდგომისთვის დასრულდება. პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.  უკრაინაში მიმდინარე ომმა უსაფრთხოების ირგვლივ პოლონეთის შეშფოთება გაამძაფრა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ 16 მარტს დაადასტურა, რომ ვარშავამ გაანადგურა რუსული ჯაშუშური ქსელი, დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკონტროლებდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს. 27 მარტს პოლონეთში რუსული დაზვერვისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უცხოელი დააკავეს.  

სასამართლომ „პუბლიკას“ დირექტორს 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.  

Wall Street Journal-ის იურისტებმა რეპორტიორის გასათავისუფლებლად, მოსკოვის სასამართლოს $613 000-იანი გირაო შესთავაზეს

Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმეზე მომუშავე იურიდიული გუნდი ამბობს, რომ სასამართლოს დაახლოებით 613,000 აშშ დოლარის ოდენობით გირაო შესთავაზა რეპორტიორის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. WSJ-ის მფლობელმა Dow Jones-მა წარმოადგინა საგარანტიო წერილი, რომ თუ ევანი პატიმრობიდან გათავისუფლდება, ისინი მზად არიან, უზრუნველყონ გირაო 50 მილიონი რუბლის ოდენობით. მას შემდეგ, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში დაეტოვებინა, აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და მოუწოდა რუსეთს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეპორტიორი“. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ელჩს ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს.  

აშშ რუსეთს აფრთხილებს, არ შეეხოს ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიას უკრაინის ატომურ სადგურზე

აშშ-ს აქვს მგრძნობიარე ბირთვული ტექნოლოგია უკრაინის შიგნით არსებულ ატომურ ელექტროსადგურზე და აფრთხილებს რუსეთს, არ შეეხოს მას, ნათქვამია წერილში, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა რუსეთის სახელმწიფო ატომურ ენერგეტიკულ ფირმას Rosatom-ს გაუგზავნა. წერილის შინაარსზე CNN წერს. წერილი 2023 წლის 17 მარტით არის დათარიღებული. რუსული ძალები აგრძელებენ ევროპაში უდიდეს ელექტროსადგურზე კონტროლს, რომელიც გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავა. სადგური ხშირად რეგიონში რუსული ინტენსიური დაბომბვის გამო,  უკრაინის ელექტრო ქსელიდან ითიშებოდა, რაც მთელ ევროპაში აძლიერებს შიშს ბირთვული ავარიის შესახებ. ქარხანას ფიზიკურად ჯერ კიდევ უკრაინელი პერსონალი მართავს.  

რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს

რუსეთის პარლამენტმა, სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წერს CNN რუსულ მედიაზე დაყრდნობით. ამჟამად რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის მაქსიმალური სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთაა. მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ან ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს შეიძლება, წაუყენონ ბრალი სახელმწიფო ღალატში. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ღალატის მუხლით დაისჯებიან უცხო ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან ან მის წარმომადგენლებთან  სახელმწიფო საიდუმლოების გაზიარებისთვის, ჯაშუშობა; და ფინანსური, ლოგისტიკური, საკონსულტაციო ან სხვა სახის დახმარების გაწევა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში. კანონპროექტი 7 აპრილს წარადგინეს, სანამ კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელსაც ორმაგი, რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ სხვა ბრალდებებთან ერთად დამნაშავედ ცნო სამშობლოს ღალატში. კანონპროექტი ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, ვიდრე მას ხელს მოაწერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.