ძებნის რეზულტატი:

ევროპარლამენტმა მოლდოვისთვის €145 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მოლდოვისთვის მაკროფინანსური დახმარების 145 მილიონ ევრომდე გაზრდას, რათა დაეხმაროს ქვეყანას, 2023 წელს, თავისი დაფინანსების საჭიროებების ნაწილი დაფაროს. დახმარება, რომელიც 45 მილიონ ევროს გრანტისა და 100 მილიონ ევრომდე სესხისგან შედგება, სავარაუდოდ, 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში გაიცემა იმ პირობით, რომ მოლდოვა გარკვეულ პოლიტიკურ პირობებს შეასრულებს. ეს მოიცავს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას და კორუფციასთან ბრძოლას, ასევე, პროგრესს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით.  

თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლები, სტამბოლში შეხვედრას გამართავენ

თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო სტამბოლში შეხვედრისას, მარცვლეულის შეთანხმებას განიხილავენ. მხარეები 10-11 მაისს ისაუბრებენ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, რომელსაც ვადა 18 მაისს ეწურება. 10-11 მაისს, სტამბოლში, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, განაცხადა სამშაბათს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. იტყობინება Anadolu. მოლაპარაკებების დროს, მხარეების მიერ განიხილება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივება, ასევე, დეტალური და უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შემუშავება სავაჭრო გემებისა და მათი ეკიპაჟების დაბრუნებისთვის, რომლებიც კონფლიქტური პირობების გამო უკრაინის პორტებში არიან გაჩერებულნი, განაცხადა სამინისტრომ. თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას გულისხმობს. ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა. სტამბულში, სამი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს გადაზიდვებს.  

ევროკავშირის მომდევნო სანქციები რუსეთისთვის ბოლო არ იქნება - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მომდევნო სანქციები რუსეთისთვის ბოლო არ იქნება და ეს მუდმივ მუშაობას მოითხოვს. „ევროკავშირის შემდეგი სანქციების პაკეტი „უკანასკნელი არ იქნება“ უკრაინის ომზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - განაცხადა კანცლერმა. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი მიიღო. „პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილებს, რომლებიც რუსეთში, მესამე ქვეყნის მეშვეობით გადააქვთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ. მესამე ელემენტი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩრდილოვანი ორგანიზაციების აკრძალვა რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ რუსეთი. ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მოსკოვს მძიმე სანქციებს უწესებს, კიევს სამხედრო დახმარებას აწვდის. უკრაინა კონტრშეტევის მოლოდინშია.  

საქართველოს მომავალი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია - შარლ მიშელი

„თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. „ჩვენს თქვენ გვერდით ვდგავართ, ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ“, - განაცხადა მიშელმა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პირველად აღინიშნება საქართველოში ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.  

ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი

„ყველა უნდა ვაუძულოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ის ყველაფერი, რისთვისაც, ჩვენ ზოგჯერ ევროპაში მივდივართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპასა და საქართველოს ბევრი აქვს საერთო. „ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები, აქ გვაქვს გამოხატულება იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ, იქნება გამაერთიანებელი საქართველოსი და ევროპის. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა საბჭოთა პერიოდის დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამ მოუტანოს არამარტო საქართველოს, არამედ, ევროპას. კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ, ვიყო იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  მისივე თქმით, ევროპა არის მშვიდობა. „ეს არის ერთადერთი გაერთიანება ქვეყნების, რომელმაც შეუნარჩუნა თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩაუნა მშვიდობა. ევროპა არცერთ ქვეყანას არ დასხმია თავს. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ რაღაც, გაუგებარ მეორე ფრონტებზე. ჩვენი თავისუფალი, მშვიდობიანი მომავალ არის მათთან  ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი განვითარებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.   

ვიდრე ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, გამარჯვება არ იქნება - ზურაბიშვილი

დღეს არის 9 მაისი და ვითომ რაღაც დაპირისპირებაა ამ 9 მაისის - ევროპის დღე, თავისუფლების დღე, მომავლის დღე და იმ 9 მაისის, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი, არა, ეს ერთია, „ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვება არ იქნება. ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში, რომ აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ აქ იყოთ ევროპელები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე მიმართვიდან: ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი  

17 მაისს, საპატრიარქო საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობას გეგმავს

17 მაისს საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება. მანამდე კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ქაშვეთის ტაძარში „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს".   „2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.   ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.   პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად! ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საბჭოთა პერიოდის დროს, შავი ზღვა იყო კედელი, დღეს ხიდია - ზურაბიშვილი

ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს - ეს იყო კედელი. დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ არანაკლებია ჩვენი ქვეყანა და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, რომელიც უკვე დღეს და ხვალ იქნება საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს - ეს იყო კედელი. დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის და ევროპა არის მშვიდობა. ეს არის ისტორიაში ქვეყნების ერთადერთი ასეთი გაერთიანება, რომელმაც ამ ქვეყნებს შეუნარჩუნა თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარაჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი რაც უნდა ვიღაცები ლპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე მიმართვიდან: ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი ვიდრე ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, გამარჯვება არ იქნება - ზურაბიშვილი  

ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურ ლიდერებს მიმართვს: მოუსმინეთ მოსახლეობას, საჭიროა ბევრი კომპრომისი

ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს, ამიტომ, საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისი, რაც არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. „დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ და ვიცით, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა. ჩვენ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირს საქართველოსთან ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ. ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და საქართველოს გაწუელი ყოველწლიური ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა 100 მილიონ ევროს აღემატება. მაგრამ გასული წლის ივნისიდან ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. საქართველო ახლა ევროკავშირის გაფართოების პროცესში შესული ქვეყანაა, რომელმაც აიღო ვალდებულება, შეესაბამებოდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მომავალი წევრის ადგილი დაიმკვიდროს. ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ IPN-ის ცნობით.  

შვეიცარიამ ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა

შვეიცარიამ ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხედრო წვრთნებში, ცხრა დღის განმავლობაში 4 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. „წვრთნები, რომლებიც დაგეგმილია 2021 წლიდან, არ იყო ორგანიზებული გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მაგრამ შვეიცარიის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შეჭრამ წვრთნები უფრო აქტუალური გახადა“, - წერს Reuters-ი. „ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა და მოსახლეობის გაგება ამ ტიპის წვრთნების მიმართ ძალიან შეიცვალა. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია უკრაინის ომთან“, - განაცხადა შვეიცარიის პირველი ტერიტორიული დივიზიის მეთაურმა, მათიას თუშერმა.  

აშშ-მ გაანადგურა რუსული ჯაშუშური პროგრამა, რომელსაც ФСБ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა

აშშ-მ გაანადგურა მოწინავე, მავნე პროგრამა (Malware -  პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაინსტალირებულია კომპიუტერზე მომხმარებლის თანხმობის გარეშე და რომელიც ახორციელებს მავნე მოქმედებებს, როგორიცაა, პაროლების ან ფულის მოპარვა), რომელსაც რუსული დაზვერვის სამსახურები იყენებდნენ აშშ-სა და NATO-ს წევრი ქვეყნებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოსაპარად, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, განაცხადეს სამშაბათს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. მთლიანობაში, კრემლის ჯაშუშები იყენებდნენ საგულდაგულოდ შემუშავებულ კომპიუტერულ პროგრამას, რათა მოეპარათ ინტელექტუალური საკუთრება და მგრძნობიარე ინფორმაცია 50-ზე მეტ ქვეყანაში. „ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ყველაზე დახვეწილ მავნე პროგრამას, რომელსაც FSB იყენებს, როცა საქმე ეხება ჯაშუშურ კამპანიებს", - განაცხადა FBI-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ რუსი ჯაშუშები არ იყენებდნენ ამ პროგრამას ფიზიკური თავდასხმების მოსაწყობად, თუმცა რუს ჯაშუშებს მსხვერპლთა კომპიუტერებზე ფარული წვდომისა და ამ მოწყობილობებს ერთმანეთთან ფარულად კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. აშშ-ის ხელისუფლებამ, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იძიებდა მავნე პროგრამას, კომუნიკაციების იდენტიფიცირებისა და გაშიფვრის გზას მიაგნო. „შედეგად, წლების განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლება აფრთხილებდა სამიზნეებს მოწინავე რუსული ჯაშუშური იარაღის შესახებ. გამოძიების დაწყების დღიდან იყო მიმდინარე თანამშრომლობა მსხვერპლ ორგანიზაციებთან", - განაცხადა  FBI-ს წარმომადგენელმა. „მაღალტექნოლოგიური ოპერაციით, ამერიკელმა სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კიბერ-შპიონაჟის ინსტრუმენტი, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში გამოიყენებოდა რუსეთის ავტორიტარული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა თავის მხრივ, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ლიზა მონაკომ.  

უკრაინაში, AFP-ის ჟურნალისტი დაიღუპა

მედიის ცნობით, Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტი, არმან სოლდინი უკრაინაში, ჩასივ იარზე რუსეთის ძალების თავდასხმის დროს დაიღუპა. AFP-ის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. AFP-ის გუნდი, რომელშიც სოლდინი შედიოდა, უკრაინელ ჯარისკაცებთან იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა ქალაქის მიმართულებით, რაკეტების გაშვება დაიწყო. „32 წლის ვიდეოჟურნალისტი დაიღუპა, როდესაც რაკეტა მოხვდა იმ ადგილს, სადაც ის თავს იფარებდა“, - წერს AFP. ჩასივ იარი ბახმუტის დასავლეთით მდებარეობს. „ჩვენ განადგურებულნი ვართ არმანის დაკარგვით. მისი გარდაცვალება არის საშინელი შეხსენება იმ რისკებისა და საფრთხისა, რომლებსაც აწყდებიან ჟურნალისტები, რომლებიც ყოველდღიურად აშუქებენ უკრაინის კონფლიქტს“, -  წერს AFP-ის თავმჯდომარე ფაბრის ფრისი.  

ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს. CNN-ის ცნობით, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის სამოქალაქო სარჩელში დამნაშავედ ცნო და მის წინააღმდეგ შევიწროებისთვის და ცილისწამებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს, რომ ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი 1996 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის მოსაზომ კაბინაში და მისთვის დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. ტრამპი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებითაც და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.  

ზელენსკი: სამართლიანი მშვიდობის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია

„მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეძლებენ უკრაინელები აღადგინონ სამართლიანი მშვიდობა ევროპის ჩვენი ნაწილისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა ევროპის ჩვენი ნაწილისთვის, უკრაინისთვის. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ამჟამინდელი აგრესორი წააგებს, ისევე როგორც აგრესორი, რომელმაც წააგო 78 წლის წინ, სანამ რუსული რევანშიზმი ჩვენი მეომრების სიმამაცითა და თავისუფალი სამყაროს ერთობლივი ძალით დაიმსხვრევა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში - პაპუაშვილი

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინამ რუსული „კინჟალი“ Patriot-ის გამოყენებით ჩამოაგდო

უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს. პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა დაეხმარონ უკრაინას გააკონტროლოს მისი სუვერენული ცა და დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსეთისგან. „შემიძლია დავადასტურო, რომ მათ „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდეს“, - განაცხადა რაიდერმა.  

საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

საფრანგეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ. „ვაგნერის“ წევრები ავრცელებენ არასტაბილურობას და ძალადობას. ისინი ხოცავენ, აწამებენ, ძარცვავენ, აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით“, - განაცხადა დეპუტატმა ბენჯამინ ჰადადმა. ამასთან, მისივე შეფასებით, „ვაგნერის“ წევრები არიან არა უბრალოდ დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც „ფულის გემო“ ამოძრავებთ, არამედ „მალიდან უკრაინამდე იცავენ ჩვენი დემოკრატიების მიმართ პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერ სტრატეგიას“. ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შემდეგ, ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ, გაყინონ „ვაგნერის“ ჯგუფის და მისი წევრების აქტივები, ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებს კი, ჯგუფთან ურთიერთობა აეკრძალებათ.  

რუსეთი ევაკუაციის საბაბით იწყებს მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას ზაპოროჟიეს ოლქიდან - უკრაინული მედია

რუსეთმა ევაკუაციის საბაბით დაიწყო უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის გასახლების ახალი ტალღები რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიებიდან. ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ნაწილებში, ზოგი კი, რუსეთში გადაიყვანეს. მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილება შეიძლება, დაკავშირებული იყოს უკრაინის მომავალ კონტრშეტევასთან. უკრაინის მიერ არჩეულმა მელიტოპოლის მერმა განაცხადა, რუსეთი დამატებით ჯარს აგზავნის სამხრეთ ფრონტის ხაზზე. ფედოროვის თქმით, ეს არ არის „მასობრივი ევაკუაცია“, არამედ, რეალურად, მხოლოდ ევაკუაცია საჩვენებლად". თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა დაიწყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელთა ოჯახის წევრების ე.წ. ევაკუაცია ქალაქ ენერგოდარიდან. გენშტაბის ინფორმაციით, სადგურის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვთ, მათი ოჯახის წევრებს კი, შესთავაზეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქების, ბერდიანსკისა და კირილოვკის სასტუმროებში გადაყვანა. თუმცა ისინი, ვინც ევაკუაციას დასთანხმდნენ, რუსეთის როსტოვის ოლქში წაიყვანეს და კარვებში განათავსეს. 9 მაისს უკრაინის სამხედროების ეროვნულმა წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი „ევაკუაციის საფარქვეშ ამზადებს რეგიონიდან დეპორტაციის ახალ ტალღას“. ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილში, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.  

პირი, რომელმაც ორსულები სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა, პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში ორსულ ქალებთან შევიდა და გააფორმა ფიქტიურად მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში ისინი, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კანადა და პოლონეთი ითხოვენ, რომ საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღმშენებლობას მოხმარდეს

საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღმშენებლობისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ ნათქვამია კანადის ვიცე პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის კრისტია ფრილანდის ოფისის მიერ პოლონეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „ვიცე-პრემიერებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გააგრძელონ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაზე, მათ შორის შემდგომი სანქციების და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინის აღდგენისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. იცე-პრემიერმა ფრილანდიმ მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერ ბლაშჩაკს პოლონეთის ლიდერობისთვის და უკრაინისადმი მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. „მხარეებმა გაიმეორეს მათი მტკიცე ვალდებულება, გააგრძელონ უკრაინის ხალხის მხარდაჭერა გამარჯვებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.