ძებნის რეზულტატი:

ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ, - ამის შესახებ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უწყება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების გამო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ. მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მომხდარ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ. მომხდარზე საუბარი უჭირთ არასრულწლოვნების ოჯახშიც.  

G7-ის სამიტის დღის წესრიგში, უკრაინის საკითხი პრიორიტეტული იქნება - იაპონიის პრემიერი

უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში იქნება პრიორიტეტული საკითხი G7-ის სამიტის დღის წესრიგში, რომელიც 19 მაისს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დაიწყება. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომელიც შეხვედრას უხელმძღვანელებს, იუწყება NHK. შეხვედრები მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის უკრაინას, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას და ბირთვულ განიარაღებას. ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ დამატებით თემებს, როგორიცაა, გლობალური ეკონომიკა და ფინანსები კოროვირუსული პანდემიის შემდეგ, კლიმატის ცვლილება და დიგიტალიზაციის ტენდენციები, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესების დანერგვა განიხილება მთავარ გამოწვევად. ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა ორშაბათს, 8 მაისს, მას სურს სამიტი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს G7-ის ურყევი სოლიდარობა უკრაინისადმი. მისივე თქმით, ლიდერები განიხილავენ გამოწვევებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ აზიაში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G7-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.  

საფრანგეთმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს - ზელენსკი

საფრანგეთის პარლამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან საფრანგეთის პარლამენტს ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. „ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს - ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი გასამართლდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტისთვის. საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს „ჩვენი პარტნიორებისგან კიდევ ერთი კარგი სიახლეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს - ორივე მხარეს - და თითოეულ ამერიკულ ოჯახს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის და ამერიკელების სიძლიერისთვის, რომელიც გვაძლიერებს", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე მუშაობს სხვა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, რათა ახალი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინელი მეომრებისთვის.  

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის გრძელვადიან საჭიროებებს დააკმაყოფილებს - პენტაგონი

უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდა, ითვალისწინებს ახალი იარაღის წარმოებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ან მათ შეძენას პარტნიორი ქვეყნებიდან. ახალი დახმარება უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან საჭიროებებს დაფარავს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა სამშაბათს, 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაკეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უშუალო მარაგების ნაცვლად, უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, რაც შესაძლებელს ხდის იარაღის შეძენას ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან. „ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯი იქნება დამატებითი შესაძლებლობების დაფინანსების შესწავლა უკრაინის გრძელვადიანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა რაიდერმა. აშშ-მ უკრაინისთვის $1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ 5 მაისს გამოაცხადა.  

ტუნისში, სინაგოგაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ტუნისში, კუნძულ ჯერბაზე სინაგოგაზე განხორციელებულ თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაცვის თანამშრომელი. 10 ადამიანი დაშავდა. სინაგოგაზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც 5000 ებრაელი ყოველწლიურ მომლოცველობაში მონაწილეობდა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამხედრო პირია, რომელიც ადგილზე მოკლეს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.  

ბერლინში საქართველოს ელჩების შეხვედრაზე განვიხილავთ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს - იზორია

დღეს ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ბერლინში ტარდება საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა. მინდა, აღვნიშნო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი ბერბოკის ვიზიტის ორგანიზება, სადაც ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ეს შეხვედრაც იქნება ერთგვარი მობილიზება ევროპის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით, მხარდამჭერ ქვეყანაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რათა ამ ბოლო ეტაპზე, როდესაც მთელი საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს ევროკომიისგან, ჩვენი პარტნიორებისგან ძალების მობილიზაცია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნას გეგმავს

იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებს, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“. „ჩვენ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, მაგრამ დეტალები ჯერ არ დასრულებულა”, - განაცხადა მინისტრმა. CNN-ი წერს, რომ იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნის შემთხვევაში, ეს პირველი მსგავსი ოფისი იქნება აზიაში. „რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის საკითხით არ შემოისაზღვრება და ის პირდაპირ გავლენას ახდენს აქ, წყნარ ოკეანეში არსებულ ვითარებაზე. ამიტომაც თანამშრომლობა NATO-სა და ჩვენს, აღმოსავლეთ აზიას, შორის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

მოსკოვში აქტივისტი უკრაინის დროშის ტარების გამო დააკავეს - მედია

მოსკოვში პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა აქტივისტს, რომელიც უკრაინის დროშით გამოვიდა Тверская-ს მეტროსთან, იტყობინება ადამიანის უფლებათა პროექტი OVD-Info. დაკავებული ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალა გამოიყენეს. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ. ბრალდებულის თქმით, განყოფილებაში სულ მცირე სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც ტანსაცმელზე ყვითელი და ლურჯი ფერების გამო დააკავეს.  

ტრამპი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. „საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ეს ქალი. ეს ვერდიქტი სამარცხვინოა, ყველა დროის უდიდეს კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს.  

თბილისის რამდენიმე რაიონში 11 მაისს წყალმომარაგება შეიზღუდება

ხვალ, 11 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები კაკაბაძის და ბალანჩივაძის ქუჩებზე, წყალსადენის ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან. ასევე, თამარაშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. რეაბილიტაციის შედეგად, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთი რაიონის აბონენტებისთვის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება. „აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 11 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 11 მაისს დღის 12:00 საათიდან 12 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს და პირველ შესახვევს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ნაფარეულის, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, დარიალის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, დოლიძის, იყალთოს, ჩიქოვანის, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, ოთარ ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში – რუსთაველის გამზირს, კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, კაკაბაძეების, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას I, II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, ახვლედიანის, მესხიას, გრიბოედოვის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, მთაწმინდის, არსენას, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას,, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჯანაშიას, წავკისის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, სანაპიროს, ბროსეს, პუშკინის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს, თაბუკაშვილის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანას, ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.  

სი ძინპინმა პუტინს 9 მაისი ისევ არ მიულოცა - მედია

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 9 მაისი კვლავ არ მიულოცა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ სი ძინპინმა პუტინს 9 მაისს, მილოცვის შეტყობინება გაუგზავნა. არაფერს წერს ჩინური მედიაც. სი ძინპინის ბოლო გზავნილი უცხოელი კოლეგებისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იძებნება, სამძიმრის წერილია, რომელიც რუანდის პრეზიდენტს, ქვეყანაში ძლიერი წვიმის შედეგებთან დაკავშირებით გაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მსგავსი მილოცვები ჩინეთიდან არცგასულ წელს მიუღია პუტინს.  

ბრიტანეთის დაზვერვა განმარტავს, რის ხარჯზე ჩატარდა რუსეთში 9 მაისის აღლუმი

მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე, 9 მაისს, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. „ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანაა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა“, - წერდა CNN. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის თანახმად, მიუხედავად უკრაინაში დიდი დანაკარგისა, რუსეთს აღლუმზე მეტი ჯავშანტექნიკის გამოყვანა შეეძლო, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა შიდა კრიტიკა იმის შესახებ, რომ ტექნიკა აღლუმზე იმყოფებოდა და არა ბრძოლის ველზე. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობას შეადგენდნენ რეგულარული არმიის დამხმარე ფორმირებების წარმომადგენლები და კურსანტები. დაზვერვისვე თანახმად, რუსეთის რეგულარული ჯარიდან აღლუმში მონაწილეობდა მხოლოდ სარკინიგზო ძალების და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა. მისივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულმა სამხედრო აღლუმმა ტექნიკური და სტრატეგიული პრობლემები აჩვენა.  

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა - მიქაუტაძე

მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენება გააკეთა პანელზე „Global Ministerial Dialoues”, რომლის დროსაც განიხილებოდა გლობალური ენერგეტიკისა და კომუნალური ინდუსტრიების სამომავლო განვითარების მიმართულებები. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტრადიციული განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების კუთხით. აგრეთვე, მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ენერგიის შემნახველი ბატარეებისა და სხვა სისტემების გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგიის შენახვას დაბალი მოთხოვნილების პერიოდში, რაც საშუალებას იძლევა დაგროვილი ენერგიის გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც მოთხოვნა უფრო მაღალია. "კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რომეო მიქაუტაძემ დაასახელა ენერგოეფექტურობა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, მათ შორის წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით. მისი თქმით, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება, როგორიცაა შენობის იზოლაციის გაუმჯობესება, განათების სისტემების განახლება და ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება, შეიძლება დაეხმაროს ენერგიის საერთო მოთხოვნის შემცირებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორის წახალისებაზე, რათა მათ მეტი ინვესტიცია განახორციელონ სუფთა ენერგიის წარმოებაში. რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემაზე, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის", - ნათქვამია ინფორმაციაში. პანელის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გლობალურმა პროექტმა, რომლითაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირისას დაუკავშირდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. „ჩვენ წლის ბოლომდე გვექნება შედეგები და ვვარაუდობთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება მის განხორციელებაში,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.  

ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 61 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 24 ფაქტი იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა. კახეთში დაფიქსირდა 14 სამართალდარღვევა, მცხეთა-მთიანეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, ქვემო ქართლში - 4, გურიაში - 2, შიდა ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთშიც - 1. ასევე, 1 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. „ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 6 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი აღკვეთეს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები ინტენსიურად გეგმავენ პრევენციულ ღონისძიებებსაც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის აპრილში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 2800 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია ბაზალეთის ტბიდან, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან, საწირის და ჯაპანის ტბებიდან. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 22 ერთეული თევზმახე „გოდორი“ და 4 ერთეული ე.წ. ოჩხი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.50 პროცენტამდე მცირდება - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა. „ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია. მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა. შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის თანახმად, მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა. როგორც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, უწყებამ პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა. „აღნიშნული პროგრამა მსხვერპლისათვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს. ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოტენციურ მსხვერპლს აქვს მოსალოდნელი საფრთხის განცდა, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი შეიძლება მოექცნენ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი ენდობოდეს საგამოძიებო ორგანოს და არ ქონდეს შიშის განცდა, რომ მას საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისა და სამართალდამცავის მხილების შემთხვევაში, რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და რეალური საფრთხის არსებობისას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი პრაქტიკაში უკვე აქტიურად გამოიყენება. ყველა პოტენციურ მსხვერპლს მიეწოდება ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის არსებობისა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაცვის სპეციალური ღონისძიებების ამოქმედების შესაძლებლობის თაობაზე“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

როგორ ცდილობდა რუსეთი საუკუნეების განმავლობაში უკრაინული ენის, კულტურის წაშლას

რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, არამხოლოდ ათიათასობით უკრაინელი მოკლა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანადგურა, ის ასევე მიზნად ისახავდა უკრაინული იდენტობის ბირთვის - ენისა და კულტურის განადგურებას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იქ არსებული ბიზნესები და დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ, რუსულ ენაზე გადასულიყვნენ, ხოლო სკოლებში რუსული სასწავლო გეგმა დაწესდა. ხერსონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი და მარიუპოლის მუზეუმი, რუსული ოკუპაციის დროს დაიცალა ფასდაუდებელი კულტურული ფასეულობებისაგან. უკრაინის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, 1271-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინა. 473 კულტურული ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ისტორიული ეკლესია და თეატრი განადგურდა რუსეთის დაბომბვისა და სარაკეტო დარტყმის შედეგად, მაგრამ რუსეთის მცდელობები, გაანადგუროს უკრაინული ენა და კულტურა, 2022 წელს არ დაწყებულა. კვალი რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირშია, როდესაც მოსკოვი გამუდმებით კრძალავდა უკრაინულ ენას, ზღუდავდა, დევნიდა და სიკვდილით სჯიდა უკრაინელ მხატვრებს, მწერლებსა და პოეტებს. რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი არ უარყოფდნენ უკრაინელების, როგორც ცალკე ეთნიკური ჯგუფის არსებობას. მათ უარყვეს უკრაინელების, როგორც ცალკეული ერის არსებობა. ერს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა და თავისი კულტურა“, - ამბობს უკრაინელი ისტორიკოსი იაროსლავ ჰრიცაკი. რუსეთის იმპერია „რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინული კულტურა და ენა ბოლო 400 წლის განმავლობაში“, ამბობს ისტორიკოსი ვოლოდიმირ ტილიშჩაკი. მე-18 საუკუნის დასაწყისისთვის, უკრაინის კულტურული სფერო „ისევე განვითარებული იყო, როგორც პოლონეთში, ლიეტუვასა და ჩეხეთში“, აღნიშნავს თავის მხრივ, ისტორიკოსი კირილო ჰალუშკო. 1720 წელს, პეტრე დიდმა გამოსცა ბრძანებულება რელიგიურ ტექსტებსა და წიგნებში უკრაინული ენის გამოყენების წინააღმდეგ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკრაინული ენის გამოყენების აკრძალვისკენ. 1729 წელს პეტრე II-მ ბრძანა სახელმწიფო რეგულაციებისა და დადგენილებების გადაწერა უკრაინულიდან რუსულ ენაზე.მაგრამ უფრო მკაცრი ზომები გაჩნდა 1863 წელს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა პიოტრ ვალუევმა გამოსცა ბრძანებულება უკრაინულ ენაზე წიგნების გამოცემის გაუქმების შესახებ.დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არცერთი განსაკუთრებული პატარა რუსული ენა (იგულისხმება უკრაინული) არასოდეს ყოფილა, არ არსებობს და არ იარსებებს“. რუსეთმა უკრაინული ენა თავის მტრად გამოაცხადა. უკრაინა ცდილობდა, გაქცეოდა რუსეთის ბატონობას 1917 წელს, მისი იმპერიის დაშლის შემდეგ. უკრაინის დამოუკიდებლობის ომის დროს (1917-1921) უკრაინული ენა გამოიყენებოდა ბეჭდვისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ რუსეთის იმპერიის ფორმალური დასასრული არ ნიშნავდა იმას, რომ მისი იმპერიული ნარატივები გაქრა: 1922 წელს, უკრაინა (მისი დასავლეთის რეგიონების გარდა) კიდევ ერთხელ შთანთქა მოსკოვმა ახლად ჩამოყალიბებულ საბჭოთა კავშირში. ის გახდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ისევე, როგორც იმპერიული რუსეთი, საბჭოთა ხელისუფლება არ უარყოფდა უკრაინელებს, როგორც ხალხს, მაგრამ ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის უფლებას, ყოფილიყო დამოუკიდებელი ერი. უკრაინაზე თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად და ასევე დასავლეთისთვის იმის დასანახად, რომ ნებისმიერ ერს ჰქონდა თვითგამორკვევის უფლება საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ახალმა რეჟიმმა თავდაპირველად წამოიწყო ე.წ. უკრაინიზაციის პოლიტიკა, რომელიც საკმაოდ ლიბერალური, მაგრამ დროებითი ჩანდა. მან სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკრაინულ ენაზე გადასვლის საშუალება მისცა. ასევე თავისუფლად იწარმოებოდა წიგნები, გაზეთები და ფილმებიც კი უკრაინულ ენაზე. ისტორიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის მიღწევები და კულტურა განზრახ გამარტივდა. „მაგალითად, ფილმებში არის მრავალი მაგალითი, როდესაც უკრაინელებს აჩვენებენ, როგორც სულელ სოფლელებს, რომლებიც მღერიან სასაცილო სიმღერებს“. თუმცა, 1933-34 წლებში საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა გააუქმა „უკრაინიზაცია", რადგან ხელისუფლება შიშობდა, რომ ეს შეიძლება, მათ რეჟიმს დამუქრებოდა. მის დასასრულს თან ახლდა სასტიკი რეპრესიები. მრავალი უკრაინელი კულტურული მოღვაწის სიცოცხლე განადგურდა მათი პრო-უკრაინული პოზიციის გამო. ითვლება, რომ 1933 წლის გაზაფხული იყო საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინული ინტელიგენციის მასობრივი განადგურების დასაწყისი. 1933 წლის 13 მაისს, უკრაინელმა მწერალმა და ინტელექტუალმა, მიკოლა ხვილოვიმ თავი მოიკლა. ჩანაწერში თავად ისაუბრა უკრაინაში ტერორზე და გააკრიტიკა კომუნისტური პარტია. მნიშვნელოვანი ცვლილება ევრომაიდანის რევოლუციის დროს, 2013-2014 წლებში დაიწყო. ის დასრულდა იმით, რომ უკრაინელებმა ჩამოაგდეს პრორუსული რეჟიმი და აირჩიეს საკუთარი მომავალი. თანამედროვე რუსეთი კი, საბჭოთა კავშირის ფერფლზეა აგებული და წინამორბედების იმპერიულ იდეებზე უარი არ უთქვამს. ამ შეხედულებების მხოლოდ რადიკალიზაცია მოხდა რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დროს. პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა ყირიმის ანექსია. მალე შეიჭრა უკრაინის აღმოსავლეთით და დაიპყრო დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილები. რადიკალური ცვლილება რიტორიკაში, 2021 წელს მოხდა, როდესაც პუტინმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა „არასოდეს არსებობდა“ და რომ „უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ერთი მთლიანობა“. 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, დაბომბა ქალაქები მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკრაინის ნაწილი ოკუპირებული იყო რუსეთის ჯარების მიერ. დამტკიცდა, რომ არც რუსეთის მიზანი და არც მისი მეთოდები არ შეცვლილა საუკუნეების განმავლობაში. მას სურს, გაანადგუროს უკრაინელი ერი. რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, მისმა ჯარებმა დაიწყეს უკრაინის ისტორიისა და მხატვრული წიგნების კონფისკაცია და განადგურება, რომლებიც „არ შეესაბამება კრემლის პროპაგანდას".  ოკუპირებულ ქალაქ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, მელიტოპოლში, რუსეთის ჯარებმა ადგილობრივი ბიბლიოთეკებიდან მთელი უკრაინული ლიტერატურა ამოიღეს -  იტყობინება უკრაინის სამხედროების ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი. უკრაინელი საბავშვო მწერალი და პოეტი ვოლოდიმირ ვაკულენკო, ხარკოვის ოლქის იზუმის მახლობლად მდებარე სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს. მხატვარი პანჩენკო ერთთვიანი შიმშილის შემდეგ გარდაიცვალა კიევის ოლქში, ოკუპირებულ ბუჩაში. ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში, ხერსონის ოლქში, რუსეთის ჯარებმა საბჭოთა ლიდერის, ვლადიმერ ლენინის ძეგლი აღმართეს. ისინი იპარავდნენ ადგილობრივი მუზეუმებიდან ხელოვნების კოლექციებს და ქუჩებს მოსკოვის ლიდერებისა და მათი პროპაგანდისტული ლოზუნგების სახელს უწოდებდნენ. „ეს არის კულტურული გენოციდი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამბობენ ისტორიკოსები. სტატია მომზადებულია უკრაინული სააგენტო Kyivindependent-ის მიერ, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებენ ნიდერლანდების საელჩო და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.

10 მაისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 512.6 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სააგენტო 2023 წლის 10 მაისის სტატისტიკას აქვეყნებს.  „საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 395 ათასი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,551 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 9,722,021.67 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.  

ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ სანქციების მონიტორინგს - ეროვნული ბანკი

ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ სანქციების მონიტორინგს, სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.50 პროცენტამდე მცირდება - ეროვნული ბანკი „კომერციული ბანკები დიდ ყურადღებაეროვნულს აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება, ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს. ამიტომ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, თუ რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს. ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და კომერციულმა ბანკებმაც, ზოგმა 15 და ზოგმა ხუთი დამატებით კადრიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი იყოს, რაც შეიძლება ეფექტიანი. ამან რა თქმა უნდა გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება და მინდა, ვთქვა, რომ სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.  

პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება და საქართველოს მოქალაქეებს 90-დღემდე ვადით შეეძლებათ  რუსეთში უვიზოდ ჩასვლა. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.