ძებნის რეზულტატი:
მოლდოვაში ჩამოსვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ - სანდუ
მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებს. მაია სანდუმ Euronews Romaniaa-სთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შესაბამისად, თუ ის მოლდოვაში ჩავიდოდა. „დიახ. მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - მოკლედ უპასუხა სანდუმ. შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. 19 მაისს, რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი „ძებნილად გამოაცხადა“.
ფოთის პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შსს-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ
გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ აღმოაჩინეს. ამასთან, როგორც ცნობილია, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.
პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია.
20:00 სთ-დან, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 სთ-დან 24 მაისის 00:00 სთ-მდე თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები თავისუფლების მოედანზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით. შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისამდე“ და უკუმიმართულებით. 24 მაისს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე შოთა რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხიდან და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ასევე, ავტომობილების მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდული იქნება პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. 24 მაისის 23:00 სთ-იდან 27 მაისის 07:00 სთ-მდე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ასევე, რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. მეტროსადგურ "რუსთაველიდან" და მერაბ კოსტავას ქუჩიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე. პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნების შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ზეთისხილის ხემდე, სადაც მობრუნდება და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, კვლავ მობრუნდება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას გააგრძელებს დადგენილი სქემით. ის ავტობუსები, რომლებიც მოძრაობენ გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით. კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩა N 11-თან.
ლევან დავითაშვილი: კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები გამოიკვეთა
კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს შორის დაიდება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. „კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. ასევე ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს და საქართველოს მნიშვნელობას შუა დერეფანში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან და მათ შორის, კატარელი ინვესტორების მხრიდან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს გასულ წელს საქართველოსა და კატარს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენ კატარიდან საქართველოში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ და ეს იყოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკური ზრდის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სტოლტენბერგის თქმით, F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნა, NATO-ს კონფლიქტის მხარედ არ აქცევს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, NATO კონფლიქტის მხარე არ ხდება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება გაწერილია გაეროს ქარტიაში. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას ეს უფლება. გაეროს ქარტია და საერთაშორისო სამართალი უფლებას გვანიჭებს, დავეხმაროთ მათ აგრესიული ომის წინააღმდეგ თავის დაცვაში. NATO-ს ან NATO-ელ მოკავშირეებს ეს არ ხდის კონფლიქტის მხარედ, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი ამ აგრესიული ომის, პუტინის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ჰავენსს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს" შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და სკოტ ჰავენსმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ჩეხეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმება გააფორმა
ჩეხეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა, Mero-მ, რუსეთის ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Mero 73 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) გაფართოებას დააფინანსებს. ეს ნავთობსადენი ნავთობს ცენტრალურ ევროპას იტალიის პორტ ტრიესტის გზით აწვდის. ჩეხეთის რესპუბლიკის TAL-ის სიმძლავრე გაორმაგდება და 2025 წლიდან ყოველწლიურად რვა მილიონ ტონა ნავთობს მიაღწევს. „ეს შეთანხმება დაგვაშორებს რუსეთს ხანგრძლივი 60 წლის შემდეგ და დაგვეხმარება მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს ენერგომომარაგებაში“, - განუცხადა Mero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაროსლავ პანტუჩეკმა მედიას.
სლოვაკეთის წარმომადგენელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში: საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა, შუა დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მიერ ჩატარებული სამუშაო შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის) განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა სლოვაკეთის წარმომადგენელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მილოშ შვრჩეკმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში. მისივე თქმით, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებისთვის: „ამ ქვეყნებს სამომავლო გეგმები უნდა ჰქონდეთ“, - აღნიშნა სლოვაკეთის წარმომადგენელმა. ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ალიევი: ბაქომ წამოიწყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, შექმნა ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიური მოდელი
აზერბაიჯანი მხარს უჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული 5 პრინციპის საფუძველზე, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთაღიარებით, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, მარგარეტა სედერფელტთან შეხვედრისას. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა წამოიწყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს და შექმნა ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიური მოდელი. არარატ მირზოიანი ხავიერ კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ბოლო დისკუსიის შესახებ ესაუბრა რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით 44-დღიანი ომის შემდეგ. მან ახსენა ვაშინგტონის ბოლო დისკუსიები სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესახებ, რომელიც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე, მისი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ბრიუსელშიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მხარდაჭერით. ალიევმა განაცხადა,რომ მომავალში კიდევ იქნება შეხვედრები საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში.
საფრანგეთი მზადაა, უკრაინასთან შეათანხმოს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარიზი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს. „საფრანგეთი მზად არის უკრაინასთან შეთანხმდეს უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს მას გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი თავი დაიცვას და მომავალი შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს, როგორც ეს ჩვენმა ლიდერებმა 36-ე ფრანკო-ბრიტანული სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს”, - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. Washington Post-ის მიერ, 22 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ NATO-ს საკვანძო წევრებმა წინასწარ მხარი დაუჭირეს ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას კიევის უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე.
თენგიზ ცერცვაძე: ბოლო პერიოდში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 8 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო პერიოდში საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მათგან 6 პაციენტი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი კი აგრძელებს მკურნალობას. ინფექციონისტის თქმით, ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება - რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ. ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერჯერობით არ არის. ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს). შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში) და საქართველოში ინფექცია ძირითადად გვხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გვხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გვხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე - როცა ტკიპები აქტიურდებიან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 47 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 39 პაციენტი მკურნალობდა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი - სხვა კლინიკებში. 2022 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ნამკურნალები პაციენტებს შორის არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვა კლინიკებში მყოფი 8 პაციენტიდან გარდაიცვალა 3 პაციენტი. შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანაში გამოვლენილ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგენა 6,4%-ს, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 10-11%-ია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებში. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია. დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას. დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის დაცვას (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები); ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავებას აკარაციდებით (ტკიპების გამანადგურებლებით); კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას; ავადმყოფი ცხოველის იზოლაციას; საქონლის დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენებას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტკიპა ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მალე პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები. ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი ადგილი და ხელები საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით. დაავადების დამძიმების და შესაბამისად, არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება, ამიტომ პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მინდა მივმართო აგრეთვე ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ ვინაიდან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მაღალი ლეტალობით, სასურველია, რომ ამ დაავადებაზე საეჭვო ყველა ავადმყოფი გადაყვანილ იქნას ინფექციური პროფილის სპეციალიზებულ რეფერალურ კლინიკაში, რომელთაც აქვთ ამ დაავადების მართვის სერიოზული გამოცდილება”, - წერს ცერცვაძე.
რუსეთის სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა
მოსკოვის ლეფორტოვსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა სამი თვით, 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა, იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti სასამართლოზე დაყრდნობით. წერს CNN. გერშკოვიჩი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკანონოდ დაკავებულად აღიარა. The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ „ღრმად იმედგაცრუებულია" სასამართლოს გადაწყვეტილებით. „ბრალდებები აშკარად მცდარია და ჩვენ ვაგრძელებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვას“, - ნათქვამია განცხადებაში. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. Wall Street Journal-ის იურისტებმა რეპორტიორის გასათავისუფლებლად, მოსკოვის სასამართლოს $613 000-იანი გირაო შესთავაზეს ელჩს ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს.
პოლონეთი მზადაა, 30 000 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნას - მარიუშ ბლაშჩაკი
ვარშავა მზადაა, 30000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოამზადოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, მოვამზადოთ 30 000 ჯარისკაცი, ეს პროცესი ნამდვილად კარგად მიმდინარეობს”, - განაცხადა ბლაშჩაკმა. მისი თქმით, ევროპულმა ინსტიტუტებმა პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პერსპექტივები დადებითად შეაფასეს. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელში გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან განიხილა ცენტრის შექმნის საკითხი, სადაც ტანკებს შეაკეთებენ. მისი თქმით, ამ კონტექსტში არის „გარკვეული გამოწვევები“, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათ წარმატებით გაუმკლავდებიან. ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ მალე პისტორიუსი პოლონეთს ეწვევა, ამიტომ, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ აღნიშნული ჰაბის შექმნის დეტალები.
უკრაინის 7 ოლქში სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $16 მილიონი გამოიყო - შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისიტრ, დენის შმიგალის ინფორმაციით, 7 ოლქში სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $16 მილიონი გამოიყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, თანხებს 2023 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, დნიპროპეტროვსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, კიევი, ოდესა, პოლტავა და ხარკოვის ოლქები 26 პროექტისთვის გამოიყენებენ. შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს პროექტები მიზნად ისახავს საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრების, ასევე, საზოგადოებრივი და კულტურული ცენტრების აღდგენას. კიევის ეკონომიკის სკოლის ცნობით, რომელიც მარტის მონაცემს ასახავს, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინას 138 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა, მათ შორის ინფრასტრუქტურაზე მოდის 36,2 მილიარდი დოლარი.
აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების ჩამონათვალს დაემატა
საქართველოს მთავრობამ 22 მაისს ცვლილება შეიტანა „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში, რომლის თანახმად, აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების ჩამონათვალს დაემატა. „№16 დანართის (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა) №16.1 დანართს (იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე გრაფა: 30. აქონდროპლაზია", - ვკითხულობთ ახლად მიღებულ დოკუმენტში. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მიესალმებიან მთავრობის დადგენილებას. „ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე გვინდა გაგიზიაროთ. თუკი 2023 წლის 22 მაისამდე იშვიათ დაავადებებს სახელმწიფო პროგრამით მკურნალობდნენ და აქონდროპლაზიის სინდრომი არ იყო გათვალისწინებული, 22 მაისს, პრემიერის განკარგულებით, მას ჩვენი ბავშვების დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა. კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდექით კანცელარიასთანც და მხარს გვიჭერდით სოციალურ ქსელებშიც!" - აცხადებენ მშობლები მედიის ცნობით. რა გადაწყვეტილება მიიიღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა
გერმანიამ უკრაინას საჰაერო სათვალთვალო რადარი, განაღმვის სისტემები, სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა
გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინის სამხედრო დახმარების სია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადაეცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. TRML-4D ტიპის რადარს შეუძლია, აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეებს 250კმ-მდე რადიუსში. ასევე კონცენტრირებას ახდენს მცირე, სწრაფ და დაბლა მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე. რადარის გარდა, გერმანიამ უკრაინას განაღმვის სისტემები, Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა. განახლებულ სია სასაზღვრო და სატვირთო მანქანებსაც მოიცავს. გერმანია უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გადასცემს
სლოვენიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
სლოვენიის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც სლოვენია ჰოლოდომორს გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილების გამო, სლოვენიას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „მადლობელი ვარ სლოვენიელი პარლამენტარების, რომ მიიღეს დეკლარაცია, რომელიც პატივს სცემს 1932-1933 წლებში უკრაინაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას“, - წერს ზელენსკი. რამდენიმედ დღის წინ, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად საფრანგეთმაც აღიარა.
უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა
ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა. ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს. „საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მკაცრად ჰუმანიტარული ხასიათისაა. მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაგრძელდეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 122 ადამიანის მოძიება. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და მდგრადი გახდეს, მხარეთა მეტი ჩართულობა მოძიებისა და ამოცნობის პროცესებსა და ოჯახების მხარდაჭერაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა კარინა სველფენტმა, ICRC-ის კოორდინატორმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში, რომელიც თავმჯდომარეობდა შეხვედრას. წითელი ჯვრის საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოსური მედიაც ავრცელებს. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ინალ ტასოევმა განაცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაში მონაწილე მხარეების მიერ (მათ შორის „საზღვრისპირა" სოფლებში) ანონიმური ყუთების დამონტაჟების საჭიროება მნიშვნელოვანია. ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი ყუთები უკვე განთავსდა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ამ ყუთებში ანონიმური წერილები განათავსონ დაკარგულების ადგილსამყოფლის შესახებ. მსგავსი ყუთების დადგმა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებშიც იგეგმება. „ამ კუთხით მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გაატარონ პოტენციურ მოწმეებთან და თვითმხილველებთან დასაკავშირებლად, ასევე ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროებთან მუშაობისთვის", - განაცხადა ინალ ტასოევმა. საქართველოში 1990იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2300 პირი ითვლება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკოორდინაციო მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გაუჩინარებულთა სამარხების აღმოჩენა, მათი იდენტიფიკაცია და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემაა. საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს, 2010 წელს დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით, როგორც ჰუმანიტარული პლატფორმა მხარეებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცნობით, შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2022 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდგომ საქმიანობას. დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა ინფორმაციის მოძიების საჭიროება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრის დასადგენად და შესაძლო სამარხების მოსაძიებლად.
F-16-ების უკრაინაში გაგზავნის საკითხი რამშტეინის ფორმატის მომავალ შეხვედრაზე განიხილება
პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რამშტეინის ფორმატის მორიგი შეხვედრა მიეძღვნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხს. მის შესახებ მან სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ სახმელეთო, საჰაერო თავდაცვა კვლავ იქნება პრიორიტეტული განხილვის თემა, ისევე როგორც საბრძოლო მასალები, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინელებს შეეძლოთ ბრძოლის შენარჩუნება. შემდეგ ასევე იქნება დისკუსია F-16 ტიპის საბრძოლოს თვითმფრინავების წვრთნების შესახებ“, - განაცხადა რაიდერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების წვრთნები ჩატარდება უკრაინის ფარგლებს გარეთ, ევროპის ობიექტებზე. რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას