ძებნის რეზულტატი:

Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა, გაძლიერდნენ მოლდოვა, სომხეთი და ალბანეთი

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მედიათავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.  გასულ წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. მედიის მდგომარეობაზე განსაკუთრებული გავლენა 2022 წელს ტელეკომპანია „მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ იქონია. „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" წლიურ ანგარიშში საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხვდა მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების შემთხვევით. საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა (მაქსიმუმი 7 ქულიდან 3,04 ) Freedom House-ის შეფასების შკალით, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. გარდა მედიის თავისუფლებისა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პარალელურად, ევროპის 29 ქვეყნიდან 11-ში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხი და მხოლოდ 7-ში გაუმჯობესდა. საქართველოს გარდა, დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელორუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში, ბოსნიაში-ჰერცეგოვინასა და სლოვაკეთში. დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს, ანგარიშის მიხედვით, უნგრეთსა და რუსეთში დაფიქსირდა. რუსეთმა შეფასების შვიდი კრიტერიუმიდან 5-ში აჩვენა ვარდნა და ეს ერთი წლის განმავლობაში ერთი ქვეყნის მიერ განცდილი რეკორდული რეგრესია. უნგრეთის დემოკრატიის ხარისხის გაუარესება კი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოვლენილმა პრობლემებმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულმა გამოწვევებმა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფაქტებმა განაპირობა. Freedom House-ის შვიდ კომპონენტიანი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნების პროგრესს და რეგრესს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულია მთავრობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, როგორია საარჩევნო სისტემა, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება და კორუფცია. დღეს, 24 მაისს, გამოქვეყნებული ანგარიში ფარავს ცენტრალური ევროპის, ევრაზიისა და ბალკანეთის ქვეყნებს. ამ ქვეყნებიდან გასულ წელს, დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერდნენ მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, სლოვენია, ჩრდილოეთი მაკედონია, ლიეტუვა და კოსოვოვო. ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებაზე გადამწყვეტი გავლენა ექნება უკრაინის გამარჯვებას. „ვლადიმირ პუტინის სასტიკი, არაპროვოცირებული დამპყრობელი ომი უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიზაციის პროცესს და აფართოებს პოლიტიკური ბზარების ფართობს", - ასე აფასებს მდგომარეობას Freedom House-ის პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი. „დღეს ისე, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის პარტნიორებმა გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა. უკრაინელები თავს იცავენ ბრძოლის ველზე და მათი მსხვერპლი და თავდადება არ უნდა გაიფლანგოს. მხოლოდ მყარი ბიძგი დემოკრატიული პროგრესისკენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიის რეგიონში მოიტანს თავისუფალ და წარმატებულ მომავალს ამ რეგიონისთვის", - მიიჩნევს მაიკლ აბრამოვიჩი. წყარო  

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტები გამოავლინეს - საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, გულგრილობისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, პასუხიგებაში ოთხი პირი მიეცა, რომელთაგან დაკავებულ იქნა ერთი მეწარმე სუბიექტი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-სა და კახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აფინანსებდა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენას, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 000 ლარის ოდენობით. „ბრალდებულმა - კოოპერატივის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სხვა კომპანიის ხელმძღვანელების გულგრილობის შედეგად, გამოიყენა აღნიშნული კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით, მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე. შემდგომ, ბრალდებულმა აღნიშნული ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, რა გზითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანადაფინანსების თანხას - 500 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 2201 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პოლონეთი წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამას იწყებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი 2023 წელს, წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამის დაწყებას გეგმავს. პოლონეთმა სამხედრო ხარჯები გაზარდა მას შემდეგ, რაც მეზობელ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.გასული წლის თებერვალში, მთავრობამ პირობა დადო, რომ გააორმაგებს ჯარის რაოდენობას და თავდაცვაზე მშპ-ს 4%-ს დახარჯავს. „ჩვენ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. წელს ვგეგმავთ წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროცედურის დაწყებას“, - განაცხადა მინისტრმა.  

ჩვენს ქვეყანაში ომიანობის საფრთხე არ დაიშვება - წულუკიანი

ჩვენს ქვეყანაში ომიანობის საფრთხე დაშვებული არ იქნება, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე არ არსებობს. „როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება რისკის დონეზეც კი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომის და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.  

მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა - არჩილ მესტვირიშვილი

მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. პანდემიით გამოწვეული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და ლოჯისტიკური შეფერხებების ფონზე გაძვირებული ტრანსპორტირება ეტაპობრივად უნდა დარეგულირებულიყო. 2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი (მათ შორის პური, ზეთი) ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8 პროცენტამდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის, საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები

კატარის ფორუმის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვეს შეკითხვა, ფრენების აღდგენით მეგობრებს აღიზიანებენ თუ არა. მოდერატორის შეკითხვები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა. ამავე ფორუმზე, მოდერატორმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. მეთიუ მილერი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის პრემიერი: პირდაპირი ფრენების დაწყება არ ნიშნავს, რომ რუსეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ „უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან მე მგონი ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“. „საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი. სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც. ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვია. მედიის ცნობით, ლუკაშენკო ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ლუკაშენკო ასევე შეხვდება ვლადიმერ პუტინს.  

ბენ უოლესი უკრაინას ეწვია

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი 24 მაისს კიევში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალურმა პირებმა უსაფრთხოების საკითხები, ვილნიუსში NATO-ს მომავალი სამიტი და კიევის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს სასწავლო პროგრამა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება კი, შორი რადიუსის იარაღს დაეთმო. „მსოფლიომ კვლავ დაინახა გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობა, მსოფლიომ კვლავ იხილა ნამდვილი მეგობრობა და მსოფლიომ დაინახა, რომ ლიდერობა უპირატესობას იძლევა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა რეზნიკოვმა. დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას შორი რადიუსის იარაღი მიაწოდა. მას შეუძლია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებამდე მიაღწიოს.   

ოკუპირებული ყირიმის ხიდზე დაკვამლიანებაა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მიზეზი წვრთნებია

უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის (ქერჩის) ხიდზე დაკვამლიანებაა. რუსული მხარის განცხადებით, მიზეზი წვრთნებია. „ყირიმის ხიდი წვრთნების გამო დაკეტილია“, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა „ყირიმის რესპუბლიკის“ ე.წ ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა. პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა 11:00 საათზე აღდგა. წვრთნა დასრულდა და კვამლი აღარ არის. უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია - კობახიძე

მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, აგვისტოს ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში - ღარიბაშვილი „მათ შორის, ბუნებრივია, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ქვეყანას, უკრაინელ ხალხს და ეს გამოხატულია არამარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერა არის გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია, ბუნებრივია, მკაფიო სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ დავშლით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.  

აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.  

შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ესაუბრა - პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკურებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე. სალომე ზურაბიშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ურყევია NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ NATO-ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.  

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს. „კერძოდ, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ი. რომლის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსისა და იქ განთავსებული ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 2 128 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ლირიკა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში. ახალი ზელანდიისა და საქართველოს მოქალაქეების (ა.დ.-ს და ნ.დ.) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში 29 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 260 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესაძენად, 279 მილიონი დოლარი გამოიყოფა.თანხები ხელს შეუწყობს ევროკავშირის გეგმის მეორე ფაზას, რომლის თანახმად, უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ტყვია უნდა მიეწოდოს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკვე გამოუყო 13 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება.  

იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა სამეკავშირეო ოფისის გახსნის გეგმის შესახებ ჩვენთვის ცნობილია - ფუმიო კიშიდა

იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნას სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. კიშიდა ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული, მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით NATO-ში. იაპონიის ამ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იაპონიის ნაბიჯი არის ის, რასაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი „არ მიესალმება“. „ტოკიო ზედმეტად ფრთხილად უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მისი აგრესიის ისტორიის გათვალისწინებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ცნობისთვის, იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდა გეგმავს შეუერთდეს NATO-ს სამიტს, რომელიც ივლისში, ლიეტუვაში გაიმართება. იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. 10 მაისს, CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებდა, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“.  

BBC: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა გადაწყვიტა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხმა მისცა ახალ კალენდარზე გადასვლას. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 ივლისს, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიიღებენ. თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. ეკლესიის განცხადებით, მიუხედავად სინოდის 24 მაისის გადაწყვეტილებისა, მრევლსა და მონასტრებს ძველი კალენდრის გამოყენება შეუძლიათ. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა    

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბერნარ არნომ ერთ დღეში $11 მილიარდზე მეტი დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, 74 წლის ბერნარ არნომ, რომელიც ფრანგული კომპანია, LVMH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს, ერთ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. „სამშაბათს, LVMH-ის აქციები, რომელიც Louis Vuitton-ის ბრენდს ფლობს, პარიზში 5%-ით დაეცა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფრო ფართო კლების ფონზე. შედეგად, ევროპულმა ფუფუნების სექტორმა მთლიანობაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დაკარგა“, - ნათქვამია Bloomberg-ის ცნობებში. თანხების ამ კოლოსალური დანაკარგის მიუხედავად, ფრანგი მილიარდერის კაპიტალი მაინც 191,6 მილიარდი დოლარია. წელს არნოს ქონება 29,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, სხვაობა LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორისა და მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კაპიტალებს შორის, 11,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5879 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5879 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5879 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5570 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0309 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7825 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7559 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0266 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან, ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. როგორც საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან შეხვედრის შემდეგ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოში ინვესტირება. მათი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა. "მხარეები მიმდინარე წელს თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის ჩატარების თობაზე შეთანხმდნენ. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლებისგან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.