ძებნის რეზულტატი:

ლუკაშენკოს თქმით, ევგენი პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელორუსში აღარ იმყოფებოდა. მანამდე, ლუკაშენკომ 27 ივნისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი მის ქვეყანაში ჩავიდა „გარიგების ფარგლებში“. ”რაც შეეხება პრიგოჟინს, ის სანკტ-პეტერბურგშია. ის არ არის ბელორუსის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ლუკაშენკომ.   მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა  

მარკ ცუკერბერგმა Threads-ის ჩაშვების დღეს, 11 წლის განმავლობაში პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა

მარკ ცუკერბერგმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა. pic.twitter.com/MbMxUWiQgp — Mark Zuckerberg (@finkd) July 6, 2023 ცუკერბერგის „ტვიტი“ გამოჩნდა იმ დღეს, როდესაც Meta Platforms Inc.-ის დამფუძნებელმა, Twitter-ის კონკურენტი შექმნა და ქსელში უკვე ჩაუშვა.

სუს-ი „საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეზე“, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენასა და „არსებით გამოწვევაზე“ - ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა. მოსალოდნელია, რომ სუს-ის ხელმძღვანელს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ. მანამდე, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები. ამასთან, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. კერძოდ, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. სუს-ის შეფასებით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ. „კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმთან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა. გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს - ვიზიტორთა ნაკადში ასევე, გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. უწყების ინფორმაციით, ასევე, სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები. „სამსახურის ხელთ არსებული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე „ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს. ვიზიტორთა ნაკადში ასევე გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუს-ის 2022 წლის ანგარიში სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები ოპერატიულად საყურადღებო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები. ამასთან, ტარდებოდა შესაბამისი ზომები სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ქართული კომპანიების შესაძლო გამოყენების აღსაკვეთად. საანგარიშო წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები იდენტიფიცირებული არ ყოფილა. 2022 წელს, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას, ახდენდნენ სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, სტრატეგიული და სარეჟიმო ობიექტების საეჭვო ფოტო-ვიდეო გადაღებას. სამსახურის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეიზღუდა", - აღნიშნულია ანგარიშში. ასევე 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძნობდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 69 უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 9. სუს-ის დოკუმენტშია ნათქვამი, რომ აღნიშნულ უკანონო აქტივობებს შორისაა როგორც ახალი მავთუხლართების გავლება, ასევე, ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლება, ასევე ხაძარსაწინააღმდეგო ხნულების და თხრილების მოწყობა, საზღვრის აღმნიშვნელი  ბანერებისა და საგუშაგოების უკანონო აღმართვა; ვიდეოკამერების დაყენების ფაქტები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აქვეყნებს რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებსაც – ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, საანგარიშო, 2022 წელს, უკანონო დაკავების 44 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13.  

პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყრდის შიოს შესაძლო მოწმავლის შესახებ ინფორმაცია მანაც მედიით შეიტყო. მოსაყდრესთან შეხვედრა ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა და მაშინ „არანაირი პრობლემა არ იყო“. "დადასტურებული ინფორმაცია მე არ გამაჩნია, მეც მედიიდან შევიტყვე, სხვა მსჯელობაში ვერ შემოვალ. დადასტურებული, მყარი, უტყუარი მტკიცებულება არ გამაჩნია. მეუფე იოანემ განმარტა, რომ იყო შეხვედრა ერთი კვირის წინ და მეც მაშინ შევხვდი და მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო" - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ედიშერ ქარჩავა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძრის იღუმენმა გაბრიელმაც. მისი ინფორმაციით, მეუფე შიოს ანალიზები საქართველოში ჩაუტარდა. "მე თვითონ, როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვაზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები," - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელმა. გუშინ, 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცნობა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრიაქრის მოსაყდრე შიო, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მოწამლეს. "მთავარი არხს", მათ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთმა თეოლოგმა მიაწოდა. ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. პატრიარქის მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც. ტელეკომპანიის თანახმად, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო ერთი კვირის წინ“ „რუსთავი 2-ის“ თანახმად, მათ ხელთ არსებული „უტყუარი ინფორმაციით“ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. „ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ“, - ნათავქმი „რუსთავი 2“- ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება „ტელეკომპანია“ იმედის ინფორმაციას, მისი მიხედვით: „მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია იყოს და „ეკლესიაზე მორიგი“ შეტევის მცდელობა.“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უპასუხა, რომ „მეუფე შიოს შესახებ გავრცელებუი ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს“.  

რა ინფორმაციას ფლობს საკათედრო ტაძრის იღუმენი გაბრიელი, მეუფე შიოს შესაძლო მოწამლვაზე

მე როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული - მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავი და შესაბამისად, ანალიზები აუღეს, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის იღუმენმა გაბრიელმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოზე საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მეუფე შიოს ანალიზები საქართველოში ჩაუტარდა. პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა "მე თვითონ, როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვაზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები," - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელმა.  

სასამართლომ წარმოშობით ირანელი მკვლევრისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარი უკანონოდ ცნო - არასამთავრობო ორგანიზაცია

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო შსს-ს გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აიდა ბალაფქანი. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა. მის მიერ 6 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ გაიზიარა ცენტრის პოზიცია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფქანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ირანშია დაბადებული. ორგანიზაციის შეფასებითვე, ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას. თეირანში დაბადებული აიდა ბალაფქანი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, საქართველოში 2022 წლის 26 აპრილს ჩამოვიდა. ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების კვლევას. სასაზღვრო პოლიციამ აიდა ბალაფქანს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დიდ ბრიტანეთში გააბრუნა. აიდა ბალაფქანი მიიჩნევს, რომ უარი ეთნიკური ნიშნით უთხრეს, რადგან მისი ბრიტანელი ქმრისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აიდა ბალაფქანის საქართველოში არშემოშვების საფუძვლად პოლიციამ დაასახელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, „უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში". სასამართლოში საქმის განხილვისას პოლიცია მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც აიდა ბალაფქანის შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, პოლიცია კანონის დასახელებულ ქვეპუნქტს სისტემატურად იყენებას როგორც დამოუკიდებელ საფუძველს, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად და ასევე, სასამართლოში სისტემატურად იშველიებს სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებას, რაც რეალურ დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს.  

ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის ახლად დანიშნული ელჩი მიიღო

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და მისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები. იაპონიის ახალი ელჩი საქართველოში: ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო დერეფნის სისტემაზე, საერთაშორისო ინტერესი მზარდია „ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. ირაკლი ღარიბაშვილმა იშიძუკა ჰიდეკის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი, ივატარე ოტარო ესწრებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

„სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარების მოთხოვნით, „დეპუტატების“ ნაწილი ბელორუსისთვის მიმართვას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „პარლამენტის ცნობით“, „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას მოთხოვნით, „დეპუტატების“ ნაწილი ბელორუსის პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტს შეიმუშავებს. ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს. ხსენებული საკითხი ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ალან ტეხოვმა განიხილა. „დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე საკუთარი ხაზით იმუშაოს“, - განაცხადა ტეხოვმა. 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ განმარტა, რატომ არ აღიარა „სამხრეთ ოსეთი“ და ოკუპირებული აფხაზეთი. მისი თქმით, დასავლეთი მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მოსკოვმა კი უარი თქვა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე.  

პროკურატურა: თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა

პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია. „ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.  

გერმანიაში ტერაქტები აღკვეთეს - DW

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი კაცი დააკავეს. პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილთა მიზანი იყო „გერმანიაში გახმაურებული თავდასხმების“ განხორციელება.  „დოიჩე ველე“ გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილებმა გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფება დააარსეს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერდნენ მხარს. დაკავებულები თურქმენეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან არიან და სავარაუდოდ, გერმანიაში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე შევიდნენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი, ტაჯიკი ცოლ-ქმარი, დააკავეს ნიდერლანდებში და გავრცელებული ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. „არსებობს ეჭვი, რომ კაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და მას ტერაქტის მოწყობა უბრძანეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) თავს კარგად გრძნობს. როგორც შარტავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია. ექიმი აცხადებს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს, მეუფე შიო მოწამლეს. „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ. მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე. კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი. ეს ისტორია რა იყო, რა არის, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. რიგ ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ოფიციალური კომენტარი საპატრიარქოში ჯერ არ გაკეთებულა. პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა  

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს. „საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, - წერია ინფორმაციაში.  მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა  

რუსულ თვითმფრინავებსა და ამერიკულ დრონებს შორის სირიის თავზე ინციდენტი მოხდა

რუსულ თვითმფრინავებსა და ამერიკულ დრონებს შორის სირიის თავზე ინციდენტი მოხდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ამერიკული მხარე რუსულს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. „დადგენილი ნორმებისა და პროტოკოლების საწინააღმდეგოდ, რუსულმა თვითმფრინავებმა დრონების წინ „პიროტექნიკის საგანი“ ჩააგდეს, რამაც ჩვენი თვითმფრინავი აიძულა, ჩაეტარებინა ავარიული მანევრები“, - განაცხადა გრინკევიჩმა. აშშ და რუსეთი სირიაში მოქმედებენ - აშშ, როგორც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წიინააღმდეგ კოალიციის ნაწილი, ხოლო რუსეთი - სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად. ცნობისთვის, მსგავსი ინციდენტი შავი ზღვის თავზე მარტში მოხდა.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების მომზადებას აგვისტოში დაიწყებს

გაერთიანებული სამეფო დასავლურ თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამას აგვისტოში დაიწყებს. ამის შესახებ  გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ჯეიმს ჰეპიმ განაცხადა. მაისში, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ზაფხულში დაიწყებდა უკრაინელი მფრინავების ჯგუფების მომზადებას.   თებერვალში პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განმარტა, რომ გაერთიანებული სამეფო შეიმუშავებს ახალ სასწავლო პროგრამას უკრაინელი მფრინავებისთვის, რათა მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, შექმნან ახალი უკრაინული საჰაერო ძალები NATO-ს სტანდარტების F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენებით.    

ზელენსკიმ ისაუბრა, რომელი იარაღი სჭირდება უკრაინას, რომ „წინსვლა დააჩქაროს“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შორი რადიუსის არტილერიის, მათ შორის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. „რუსეთს უფრო დიდი რადიუსის იარაღი აქვს. ამიტომ, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS) ძალიან მნიშვნელოვანია. დააჩქარებს თუ არა ეს ჩვენს წინსვლას? დიახ, აუცილებლად. ჩვენ გვაქვს არტილერიის დეფიციტი და არ შეგვიძლია ყველა სამიზნეებზე დარტყმა სათანადო რაოდენობის არტილერიის არარსებობის გამო. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ ადგილებს, რომლებიც პრიორიტეტულია, მაგრამ ახლა არ შეგვიძლია დარტყმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  Wall Street Journal-ი (WSJ) ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 30 ივნისს წერდა, რომ აშშ ახლოსაა უკრაინისთვის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის (ATACMS) მიწოდების დამტკიცებასთან. უკრაინისთვის 300 კილომეტრიანი რაკეტების მიწოდება გასული წლიდან მწვავე დებატების თემაა ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის.   2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში.   შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია. ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.

საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“

ბუდანოვის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხე შემცირებულია

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხე შემცირებულია მისივე თქმით, კიევი საჯარო ზომებს იღებს, თუმცა ასევე დგამს ნაბიჯებს, რომლებსაც არ ამჟღავნებს. ამ თემაზე ბუდანოვმა Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. დაზვერვის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა ნაბიჯებზეა საუბარი და რა ფაქტები მიუთითებს ZNPP-ზე კატასტროფის რისკის შემცირებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა 5 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.      

ზელენსკი თურქეთს ეწვევა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს NATO-ს სამიტამდე, 7 ივლისს შეხვდება. დღეს ზელენსკი ბულგარეთში იმყოფება. რუსული მხარე იმუქრება, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტს მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, Financial Times იტყობინება, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.  

იაპონია თხევადი გაზის შეძენის საკითხზე კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იაპონელი ბუნებრივი აირის მყიდველები კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. წყაროები ამბობენ, რომ კატარი ახლა მაღალ ფასებს აწესებს, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკებების დასრულებას ხელი შეუშალოს.  გარიგებების გაფორმების შემთხვევაში კი, ეს იქნება სტრატეგიის ცვლილება იაპონიის LNG იმპორტიორებისთვის, რომლებსაც კატართან მსგავს კონტრაქტზე ხელი 2014 წლის შედემ არ მოუწერიათ. კატარის კონტრაქტები ამ ინდუსტრიაში ყველაზე მკაცრ პირობებს ექვემდებარება და ის არ იძლევა ადვილად გაყიდვას ან სხვა ქვეყნებში გადამისამართეის საშუალებას, თუ ეს გადაზიდვა თვითონ კატარის შიგნით არ არის საჭირო.  პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამ თვეში კატარში ვიზიტს გეგმავს, რაც იაპონიის პრემიერის პირველი ვიზიტი იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში.  

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, შრომით ურთიერთობაში, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ 2023 წლის 4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა. საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ. „ამასთან, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა, 142 კურიერისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში. სახალხო დამცველმა, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმიანობა შრომით ურთიერთობად პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების საქმეზე შეაფასა, ხოლო მოგვიანებით იგივე სტანდარტები ასახა „გლოვოს“ მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის მიღების შემდეგ, „გლოვომ“ დისკრიმინაციის მსხვერპლ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა აღუდგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.