ძებნის რეზულტატი:

პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ორი პოლონური ბრიგადა ბელორუსის საზღვართან ახლოს გაგზავნეს. მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბელორუსში „ვაგნერის“ მზარდი ყოფნის საპასუხოდ გადადგეს. ერთი ბრიგადა ახალ ბაზაზე, პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კიდევ ერთი კი, პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში, ბელორუსის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში განთავსდება. უკრაინული მედიის ცნობით, 17 ივლისს რუსეთიდან ბელორუსში „ვაგნერის“ მებრძოლების მესამე კოლონა ჩავიდა. პრიგოჟინის თვითმფრინავი „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, რუსეთიდან ბელორუსში მეოთხედ ჩაფრინდა - მედია  

ზელენსკი: ტერორის გამო რუსეთის დასჯა, ისტორიული ამოცანაა მსოფლიო ლიდერების ამჟამინდელი თაობისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ტერორისტებისთვის იარაღის, კერძოდ, რაკეტების და „შაჰედების“ (ირანული დრონების) დასამზადებლად სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული კომპონენტების გამოყენების ყოველი ფაქტი არის არგუმენტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები და ზეწოლა საკმარისი არ არის. ზელენსკის თქმით, მსოფლიომ ისე უნდა შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რომ თავისუფალი სამყაროდან არცერთი კომპონენტი არ იყოს გამოყენებული ტერორისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს დღევანდელი „რამშტაინის“ ფორმატისთვის, განსაკუთრებით კი, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს მისი „ძალიან მკაფიო, ცალსახა და ძლიერი განცხადებებისთვის.“ ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთის დასჯა ტერორისთვის, ისტორიული ამოცანაა მსოფლიო ლიდერების ამჟამინდელი თაობისთვის. ციტატა: „და სამყარო შეასრულებს ამ ამოცანას. უკრაინა გაიმარჯვებს!“ მანვე განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტის გარეშე გლობალურ ბაზარზე დეფიციტი საკმაოდ ხელშესახები იქნება. „გასულ წელს ჩვენი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შედეგად მოვახერხეთ ფასების კრიზისის თავიდან აცილება სურსათის გლობალურ ბაზარზე. ფასების ზრდას აუცილებლად მოჰყვებოდა პოლიტიკური და მიგრაციული კრიზისები, განსაკუთრებით აფრიკის და აზიის ქვეყნებში. ცხადია, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა ცდილობს ამ კრიზისების პროვოცირებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მუშაობს შეთანხმების ვარიანტებზე, რომ შენარჩუნდეს უკრაინის, როგორც სასურსათო უსაფრთხოების გარანტის გლობალური და ქვეყნის საზღვაო წვდომა გლობალურ ბაზარზე, ასევე, სამუშაო ადგილები უკრაინელებისთვის პორტებსა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

იაპონიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

Reuters-ის ცნობით,  სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით, კორეული სააგენტო Yonhap-ი წერს, რომ რაკეტა გაშვებული იყო ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის. მეტი დეტალი არ გავრცელებულა. საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ფხსენიანმა შესაძლოა, მეორე რაკეტაც გაუშვა. უახლესი Hwasong-18-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას გამოსცადა და განაცხადა, რომ ეს იყო გაფრთხილება შეერთებული შტატებისა და სხვა მოწინააღმდეგეებისთვის. ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ახალი კრიზისი შეიქმნა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“ სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია.  

1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში განთავსდა

სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. აპრილში, შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ ატომური შეიარაღებული ქვედანაყოფები სამხრეთ კორეაში, ჩრდილოეთის მზარდი აგრესიის საპასუხოდ, პერიოდულად განათავსოს. პარალელურად, ფხენიანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ბირთვული დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. BBC-ის თანახმად, ორშაბათს, 17 ივლისს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჯონგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა „მზადაა, მტკიცედ შეეწინააღმდეგოს მისი სუვერენიტეტის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას.“ იაპონიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ვაშინგტონის დეკლარაციის თანახმად, რომელიც აპრილში დაიდო აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და სამხრეთ კორეის ლიდერს, იუნ სუკ იოლს შორის, აშშ სამხრეთ კორეაში ბირთვული შეიარაღებული წყალქვეშა ნავების და სხვა სტრატეგიული აქტივების, მათ შორის, ბირთვული ბომბდამშენების გაგზავნით, თავის თავდაცვის ვალდებულებებს უფრო თვალსაჩინოს ხდის.  1970-იან წლებში შედარებით გავრცელებული იყო ამერიკული წყალქვეშა ნავების განლაგება სამხრეთ კორეაში, მაგრამ ვიზიტები ნაკლებად ხშირი გახდა, რადგან ცივი ომი დასრულდა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხე სამხრეთით შემცირდა, ბოლო ვიზიტი კი, 1981 წელს შედგა. სეულის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, კიმ ტაე-ჰიომ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთი თავს დაესხმება სამხრეთს ბირთვული იარაღით, მას დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი და გადამწყვეტი საპასუხო ზომები მოჰყვება, რაც „რეჟიმის“ „განადგურებას გამოიწვევს.“ Kentucky, ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი, რომელიც ექსპლუატაციაში 1991 წელს შევიდა, Trident II D5 missiles-ის ტიპის რაკეტებს ატარებს. ის ერთ-ერთია 14 ამერიკული წყალქვეშა ნავიდან, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების გადატანა შეუძლია.

ანექსირებულ ყირიმში პოლიგონი იწვის, დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სამხედრო პოლიგონი იწვის, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.  მისივე ინფორმაციით, დროებითი ევაკუაცია შეეხება კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონთან მდებარე 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს. აქსიონოვი არ აზუსტებს, რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით კი, სავარაუდოდ დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. ხანძრის გამო დაიკეტა საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. პოლიგონი, სადაც ხანძარია, ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ფრონტის ხაზს დიდი მანძილით არის დაშორებული. ნახევარკუნძულის ამ ნაწილშია რუსეთთან დამაკავშირებელი ყირიმის ხიდიც, რომელზეც 17 ივლისს დრონებით შეტევა განხორციელდა. ყირიმის აღმოსავლეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა 18 ივლისსაც. რუსეთი ამ თავდასხმებს უწოდებს უკრაინის „ტერორისტულ შეტევას“. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება  

ყაზახეთი გაზის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავს

ყაზახეთი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე გაზის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში წერია. მისივე თანახმად, თქმით, თენგიზის, ყარაჩაგანაკის და ქაშაგანის ნავთობის ბაზაზე გაზის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხნის აშენების გეგმა მუშავდება, რათა რესურსების ბაზა გაიზარდოს. ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დეპარტამენტი NC KazMunayGas სს-თან ერთად აშენებს მთელ ჯაჭვს ძირითადი პოლიმერული პროდუქტების წარმოებიდან სამომხმარებლო და სამრეწველო საქონელამდე. KazMunayGas-ის მონაცემებით, 2022 წელს ყაზახეთმა $1,37 მილიარდი პლასტმასი შეიტანა, რაც მთლიანი იმპორტის 3,8%-ს შეადგენს.  

საქართველოში 19 ივლისს მიწისძვრა ორჯერ დაფიქსირდა

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა. სოფელ გამარჯვებაში 06:38 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო. რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ 08:54 საათზ დაფიქსირებული ზემიწისძვრის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.  

ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრეზიდენტმა „რუსეთ-ირანის მზარდ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს თეთრ სახლში უმასპინძლა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა კონსულტაციები გამართეს ორმხრივი ინტერესის ძირითად საკითხებზე, მათ შორის გაძლიერებულ კოორდინაციაზე ირანის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან ასაცილებლად და თავდაცვის სექტორში ირანის მზარდ პარტნიორობაზე რუსეთთან. პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ აშშ-ისრაელის ურთიერთობის სიძლიერ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. განიხილეს სასამართლო რეფორმის პაკეტისადმი კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომის აუცილებლობა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა თავისი ვალდებულება, შეინარჩუნოს გზა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებისთვის, რაც საუკეთესო გზაა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობისთვის და ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების თანაბარი ზომების უზრუნველყოფისკენ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის წინსვლის შესაძლებლობები უფრო მშვიდობიანი და აყვავებული ახლო აღმოსავლეთის შესაქმნელად,“ - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ  

აზერბაიჯანი და საქართველო სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობენ

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაჰიროვი საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძის ხელმძღვანელობით დელეგაციას შეხვდა. საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ტაჰიროვმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ევროპარლამენტში: რუსეთმა მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება

აფხაზმა ბლოგერმა, ახალგაზრდული მოძრაობის, „ამრას“ წარმომადგენელმა დაურ ბუავამ ისაუბრა ევროპარლამენტში პანელზე „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“. შეხვედრის მონაწილეებს ის აფხაზურ ენაზე მიესალმა, რის შემდეგაც „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის“ მოგვარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ქართველები და აფხაზები, რომლებიც „საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, საერთო ისტორიას ქმნიდნენ“, გაყოფილები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ბუავა ბრიუსელში, თბილისში მდებარე სოხუმის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. „30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირია ინფორმაციაა... ბავშვობიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია, თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართული ენასთან გათანაბრებული. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ, იცოდნენ. ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც პრინციპში 30 წლის წინ, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. ეს იყო რუსეთი,“ - განაცხადა დაურ ბუავამ. შეგახსენებთ, რომ ბლოგერი თბილისში 2021 წელს გადავიდა საცხოვრებლად. 2022 წლის ზაფხულში, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოკუპირებულმა სოხუმმა განაცხადა, რომ მისი Tiktok-ის ვიდეოები აზიანებს „აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვის შესაძლებლობებს.“ გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.  

მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი, პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია. „მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა. მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში რეგისტრირებულებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება

დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება. „დედაქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხსენებული პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება. „თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და ფინანსური ტვირთი შევუმსუბუქოთ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.  

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალი ცნობილია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 268.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.1 პროცენტით მეტია. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობიდან ექსპორტი 3 052.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 20.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ - ივნისში, 4 163.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. „2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (440.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (413.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (343.9 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი (1 246.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (927.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (775.2 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 457.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 271.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (820.9 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 990.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 341.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 126.0 მლნ. აშშ დოლარით (4.1 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 313.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 496.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 275.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოს ექსპორტმა 6 თვეში $3 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 052.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6 პროცენტით შემცირდა და 1 473.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (266.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (197.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (188.2 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 336.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 125.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 109.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ყველაზე ძლიერი პასპორტები გამოვლინდა

ყველაზე „ძლიერი პასპორტის" ტიტული სინგაპურმა მოიპოვა. მის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ მსოფლიოს 227 მიმართულებიდან 193-ს ეწვიონ. ქართულმა პასპორტმა ამ რეიტინგში 48-ე ადგილზე გადაინაცვლა. მის მფლობელებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ ჩასვლა. ბოლო ადგილზე ავღანური პასპორტია. ავღანეთის მოქალაქეებს უვიზოდ ჩასვლა 27 ქვეყანაში შეუძლიათ საუკეთესო პასპორტების ჩამონათვალში იაპონი ლიდერობდა (193 მიმართულება).   შემდეგ მოდიოდნენ: სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება) 3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება) 4 ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება) 5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება) 6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (187 მიმართულება) 7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, შეერთებული შტატები, ჩეხეთი (186 მიმართულება) 8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება) 9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება) 10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება).   საქართველომ 2023 წლის დასაწყისისთვის 50-ე ადგილი დაიკავა. 2022 წელს მას 52-ე ადგილი ეკავა. მსოფლიო პასპორტების რეიტინგს კომპანია Henley & Partners მე-18 წელია, ავლენს.

ევროკავშირი უკრაინის არმიის მხარდაჭერის მიზნით, €20-მილიარდიან ფონდს შექმნის და ქვეყნის უსაფრთხოების ვალდებულებებს იტვირთავს - Politico

ევროკავშირი უკრაინის არმიის მხარდაჭერის ფონდის შექმნას გეგმავს. ამ მიზნით ბლოკი უკრაინის სამხედრო ძალების მარაგის შესანარჩუნებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდ ევრომდე გამოყოფს. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. ფონდით უკრაინისთვის ირაღს პირდაპირი გზით არ შისყიდიან. ბრიუსელი დაეხმარება ქვეყნებს, დაფაროს ხარჯები, რომლებსაც რაკეტების, ტანკების, საბრძოლო მასალისა და სხვა აღჭურვილობისთვის გაიღებენ. ფონდი ასევე დაფარავს უკრაინელი სამხედროების წვრთვნის ხარჯებსაც. ევროპულმა საგარეო ქმედებათა სამსახურმა ასევე შეიმუშავა გეგმა, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების ვალდებულებების მთელ სერიას, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება, უკრაინის წინაშე უახლოეს წლებში აიღოს.  დიპლომატების თქმით, ფონდის შექმნის გადაწყვეტილება შემოდგომისთვის უნდა დამტკიცდეს. ევროკავშირის მისიის ფარგლებში, წვრთნები 16 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა  

გერმანიამ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 5 მლნ ევრო გამოყო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშა სამარიტელთა კავშირს (ASB) მომდევნო 18 თვისთვის ხუთი მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოუყო ომისაგან დაზარალებული და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისათვის.   პროექტის დაწყება 2023 წლის 18 ივლისს გამოცხადდა პრესკონფერენციის ფარგლებში, რომლის დროსაც გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ASB საქართველოს დირექტორს კლემენს ფონ ჰაიმენდალს სიმბოლური ჩეკი გადასცა.   პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად.   პრესკონფერენციას ესწრებოდნენ UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) და საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარი უკრაინელი ლტოლვილები.   დახმარების პროექტის ფარგლებში: 7200 პირი მიიღებს სხვადასხვა მიზნობრიობის ფულად დახმარებას 3/6 თვის განმავლობაში; ანაზღაურებას მიიღებს 60 „ჰრესნიკი“ [უკრაინაში – ოჯახის დამხმარეები], 3/6 თვის განმავლობაში; 2000 პირი მიიღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, 18-ვე თვის განმავლობაში; ფულად დახმარებას გამოზამთრებისთვის მიიღებს 3000 პირი.  

კიევი ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტს უმასპინძლებს

ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტი, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმის მომავლისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, 23 აგვისტოს კიევში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ემინე ჯაპაროვამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სამიტის მიმდინარეობისას განიხილავენ უკრაინის აღდგენის საკითხებს. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან უკრაინის პარტნიორების გზავნილები ყირიმის პლატფორმის სამიტზე  

უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს

უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის მიწოდებას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს. ელჩის განმარტებით, მარცვლეულის შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს რუსეთის გარეშე, მაგრამ არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები. „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ საკითხს ამჟამინდელი ინიციატივის მხარეები, ვინაიდან არც თურქეთი და არც გაერო გასულან ამ ინიციატივიდან, არც ჩვენ არ გამოვსულვართ ამ შეთანხმებიდან, ის კვლავ მოქმედებს ჩვენთვის. ერთადერთი პრობლემა ახლა საფრთხეა - კერძოდ, როცა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, აგრესორმა ქვეყანამ გარანტია მისცა, რომ არ დაესხმიან გემებს და საპორტო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ელჩმა და განმარტა, რომ „ახლა ასეთი გარანტია არ არსებობს.“ ბოდნარის თქმით, „როგორც ვარიანტი, მზღვეველებთან მუშაობის შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ აქაც უსაფრთხოების რისკებზე პასუხისმგებლობის საკითხებს აწყდებიან.“ რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის „ასევე არის დაზღვევის საკითხი, რომელიც ტრადიციულად, საზღვაო გადამზიდავებისთვის აქტუალურია. როცა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა,  დაზღვევის ღირებულებაც შესაბამისად შემცირდა, რამაც მოგვცა მარცვლეულის ექსპორტის მოგებით გატანის შესაძლებლობა. ამის გაკეთება ახლაც შესაძლებელია, თუ იარსებობს პოლიტიკური ნება და უსაფრთხოების გარკვეული ზომები, რომლის გარანტიის უზრუნველყოფა შეგვიძლია, და შესაძლოა, ერთ-ერთმა ჩვენმა პარტნიორმაც გასცეს ასეთი გარანტია. თუმცა ეს ცოტა საეჭვოა, რადგან მაშინ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რაკეტების ან სხვა იარაღის ჩამოგდებაზე, რომელიც რუსებმა შეიძლება გამოიყენონ, პორტებზე ან გემებზე შეტევისთვის,“ - განმარტა დიპლომატმა. მისივე თქმით, თურქეთი დაინტერესებულია მარცვლეულის გარიგების გახანგრძლივებით, რადგან ის იყო და არის უკრაინული მარცვლეულის მთავარი მყიდველი.   „ჩვენ არ გაგვიფორმებია ეს შეთანხმება რუსულ მხარესთან. ამიტომ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები (მათ შორის თურქეთი - რედ.) მიიჩნევენ, რომ ის ძალაშია, ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ის უნდა გაგრძელდეს", - ხაზგასმით აღნიშნა ბოდნარმა.   ხორვატია უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტებს სთავაზობს აღსანიშნავია, რომ შესაძლო ალტერნატივებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს. ბლინკენმა განმარტა რომ უკრაინელები, აშშ და სხვები მოიძიებენ გზებს,  არის თუ არა „სხვა ვარიანტები“ მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის შავი ზღვის გავლით, მაგალითად, როგორიცაა, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტი, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალტერნატივების პოვნის თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს.  „გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები უკრაინას შეუფერხებლად ვერ დატოვებს, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს, ვფიქრობ, რომ ეს დიდ შემაძრწუნებელ ეფექტს მოიტანს - სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდავები და ა.შ. ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს,“ - განაცხადა ბლინკენმა CNN-ის ცნობით. ზელენსკი 17 ივლისს აცხადებდა, რომ უკრაინა „მარცვლეულის შეთანხმებას“ რუსეთის გარეშე გააგრძელებს. ზელენსკის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ. „რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. იმ ფონზე, რომ დასავლეთი რუსეთს საკვების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 18 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში რისკიანი იქნება. პესკოვის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის გარეშე თუ გაფორმდება რაიმე შეთანხმება, ქვეყნები, რომლებიც მზად იქნებიან მასში მონაწილეობის მისაღებად, მზად უნდა იყვნენ რისკების ასაღებადაც. „უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იქ წარმოიშობა გარკვეული რისკები, ამიტომ რაიმე თუ გაფორმდება რუსეთის გარეშე, ეს რისკები გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკების ასაღებად,“ – აღნიშნა პესკოვმა. პესკოვის თქმით, „რუსეთი ასრულებდა თავის ვალდებულებებს და გაახანგრძლივა ეს შეთანხმება რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა, რომ პირობები რუსეთთან მიმართებაში არ სრულდებოდა“. მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის, უფასოდ ჩაანაცვლოს მარცვლეულის მიწოდება ღარიბი ქვეყნებისთვის. მოსკოვში ისევ ირწმუნებიან, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ღარიბმა ქვეყნებმა ყველაზე ნაკლები მიიღეს. „რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია შენარჩუნებულია. აფრიკისთვის რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი ივლისის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტზე განიხილება. ჩვენ კონტაქტზე ვიმყოფებით ჩვენს აფრიკელ პარტნიორებთან, ეს კონტაქტები გაგრძელდება სანქტ-პეტერბურგის სამიტზე, ვემზადებით და ველით მათ“, – განაცხადა პესკოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა - უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერიშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.  

ხორვატია უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტებს სთავაზობს

ხორვატია უკრაინული მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტების ტრანსპორტირებისთვის, სარკინიგზო ქსელს და ადრიატიკის ზღვაში თავის პორტებს სთავაზობს. Ukrinform-ის ცნობით, ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა პოლიტიკურ საკითხებში, ფრანო მატუშიჩმა ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დებატები მიმდინარეობდა.  ხორვატია მზადაა, დაეხმაროს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტების მოძიებაში. უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს „ხორვატიის რკინიგზა და პორტები ადრიატიკის ზღვაში შესაძლო ალტერნატიულ მარშრუტებს შორისაა,“ - განაცხადა მატუშიჩმა. ხორვატიის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შიმშილის საფრთხეს იწვევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხორვატია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.