ძებნის რეზულტატი:
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულები გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. „აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,“- წერია სუს-ის განცხადებაში.
Politico: 2024 წელს ევროპარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება
2024 წლიდან ევროპარლამენტართა რაოდენობა სავარაუდოდ, 15 დეპუტატით გაიზრდება. ცვლილებების შედეად, ევროპარლამენტართა რაოდენობა 705-დან 720-მდე გაიზრდება. დამტკიცების შემთხვევაში ახალი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნებიდან შევა ძალაში, რომლებიც 2024 წლის ივნისში იგეგმება. გამოცემა Politico ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ ორ-ორი ევროპარლამენტარი დაემატება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, თითო-თითო კი ავსტრიას, ბელგიას, პოლონეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, ფინეთს, ლატვიას, ირლანდიასა და დანიას.
„მოლდოვის ფოსტამ“ რუსეთში მიწოდების ყველა სერვისი დროებით შეაჩერა
სახელმწიფო საწარმო „მოლდოვის ფოსტამ“ რუსეთში მიწოდების ყველა სერვისი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია საწარმოს ვებგვერდზე განთავსდა. „Posta Moldovei-ს ყველა სერვისი (ექსპრეს ფოსტის სერვისი, წერილები, ამანათები) რუსეთის ფედერაციაში შეჩერებულია 2023 წლის 28 ივლისიდან ამ მიმართულებით ფოსტის გაგზავნის შეუძლებლობის გამო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გადაწყვეტილებები და რუსეთის ფედერაციაში ფოსტის მიღებისა და გაგზავნის პროცესი, რაც შეიძლება მალე განახლდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. „მომსახურების განახლების შესახებ დამატებით გამოცხადდება,“ ნათქვამია Posta Moldovei-ს განცხადებაში. ამასთან, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ მიიღონ წერილები და ამანათები, რომლებიც გაგზავნილია რუსეთიდან მოლდოვაში. გასულ წელს და მიმდინარე წლის მაის-ივნისში Posta Moldovei-ს უკვე ჰქონდა პრობლემები რუსეთში ფოსტის მიწოდებასთან დაკავშირებით. პრობლემის მოგვარებას ორი-სამი კვირა დასჭირდა. ამჟამად მოლდოვასა და რუსეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები არ სრულდება. მოლდოვური ავიაკომპანია Fly One ერევნის გავლით დაფრინავს.
NATO პოლონეთში უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის სარემონტო ცენტრს გახსნის - მედია
NATO პოლონეთის ქალაქ ჟეშოვთან ახლოს, უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის შექმნას გეგმავს. ცენტრი უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე განთავსდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა „Globe-Mail-ი“ პოლონელი და კანადელი ოფიციალური პირების კომენტარებზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ ტექნიკური დაწესებულება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორობით,“ განაცხადა კანადელმა წარმომადგენელმა. კანადური გაზეთის თანახმად, ცენტრის მთავარი მიზანი უკრაინული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შეკეთება იქნება. ჟეშოვის მერმა კონრად ფიოლეკმა 13 ივნისს განუცხადა პოლონურ გაზეთ Gazeta Wyborcza-ს, რომ NATO ქალაქთან ახლოს განათავსებს მუდმივ ბაზას, სადაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ჯარები მუდმივად განლაგდებიან. ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა. ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა. ვარშავამ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა. პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში. ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, პოლონეთი NATO-ს სხვა აღმოსავლელ ფლანგელებთან ერთად, აქტიურად ითხოვდა ევროპის ამ ნაწილის გაძლიერებას. ვარშავა ბელორუსთან საზღვარს ამაგრებს. ცნობილია, რომ NATO-მ მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40,000-დან 300 000-მდე გაზარდა.
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ
უკრაინამ შობის დღესასწაულის აღნიშვნა 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის გადაიტანა, რაც ბოლო ნაბიჯია რუსეთისგან დისტანცირებისკენ - BBC უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღად 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს ადგენს. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა გასულ წელს დაუშვა. ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა მიმდინარე წლის მაისში გადაწყვიტა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. თუ სამრევლოები უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, ძველი თარიღების შენარჩუნებას შეძლებენ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
პოლიციამ შვედეთში სპეციალური ღონისძიებები შემოიღო - მედია
შვედეთის პოლიციამ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა და შვედეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, სპეციალური ღონისძიებები შემოიღო. შვედეთის პოლიციის სპიკერმა, მარკ ვადაშმა განმარტ, რომ ეს რეჟიმი გულისხმობს კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებას, რაც ამ შემთხვევაში არის შვედეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება. უფრო კონკრეტულად, შვედეთის პოლიციისთვის „სპეციალური მოქმედების“ რეჟიმი ნიშნავს საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების აუცილებლობას, რამაც შეიძლება, მეტი სამართალდამცველის ჩართვა ან დამატებითი უფლებამოსილების გამოყენება გახადოს საჭირო. შვედეთის პოლიციის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის ინსტრუქცია ანტიტერორისტული ზომების გაძლიერების შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ყურანის დაწვის ფონზე უარესდებოდა. შვედეთში ყურანის დაწვამ სტოკჰოლმსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია. Bloomberg: შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით 26 ივლისს წერდა, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება.
ზელენსკი: კატარი უკრაინის მშვიდობის ფორმულას უერთდება
კატარი უკრაინის მიერ შემოთავაზებული უკრაინის მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად იმუშავებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კატარის პრემიერ-მინისტრი, შეიხი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი პარასკევს კიევში იმყოფებოდა. ზელენსკის თქმით, მასთან შეხვედრაზე ასევე განიხილა რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული ბავშვების დაბრუნების საკითხი. ასევე - „მარცვლეულის შეთანხმების“ გარეშემო შექმნილი სურათი. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა
შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ბოლო ასეთი შედეგები 18 ივლისს გამოქვეყნდა. რაც შეეხება ახლანდელ კვლევას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. „როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე,“ - წერია ინფორმაციაში.
საბერძნეთი მოლდოვაში საელჩოს გახსნის
საბერძნეთი მოლდოვაში, კიშინიოვში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ მოლდოვის ელჩმა ათენში, ანდრეი პოპოვმა განაცხადა. მოლდოვური მედიის ცნობით, ელჩი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კონსტანტინოს ფრაგოგიანისს შეხვდა. „განვიხილეთ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე შეთანხმებული საკითხები. კერძოდ, მადლობა გადავუხადე საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის კიშინიოვში საელჩოს გახსნის თაობაზე. ეს არის ნაბიჯი, რომელიც, რა თქმა უნდა, ორმხრივი პარტნიორობის წინსვლას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა პოპოვმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ განხილვის შემდეგი მნიშვნელოვანი თემა იქნება კიშინიოვსა და ათენს შორის პირდაპირი ფრენების განახლება. ამჟამად მოლდოვისა და საბერძნეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ბუქარესტში განთავსებული საელჩო უზრუნველყოფს.
ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა
ავსტრალიის შტატში, ქუინსლენდში, ჰამილტონის კუნძულის წყლებში ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ავსტრალიის თავდაცვის ძალების 4 წარმომადგენელი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია. „იმის გამო, რომ იქ სხვა ვერტმფრენიც იყო, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მაშინვე დაიწყო,“- განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლესმა. თვითმფრინავი ჩართული იყო სწავლებაში - Talisman Sabre, რომელშიც ავსტრალიის, შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების თავდაცვის ძალები მონაწილეობდნენ. კატასტროფის შემდეგ, წვრთნები შეჩერებულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავსტრალიაში იმყოფებიან.
სამხედრო სწავლება Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეობის მისაღებად, თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიუტუაციური საველე შეკრება გამართეს
ჩრდილოეთ უელსში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეების შესარჩევად, საქართველოს თავდაცვის ძალებმა სიტუაციური საველე შეკრება - „მსტოვარი 2023“ ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი სწავლების მიზანი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობიდან მოვლენილი დაზვერვის ქვედანაყოფების მომზადების დონის შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, სტანდარტული პროცედურების დახვეწა და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა გამძლეობის შესამოწმებელი ის სავარჯიშოები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც მათ უელსის მთიან რელიეფზე მოუწევთ. წვრთნის დროს სამხედროებმა პრაქტიკაში ახალი სადაზვევრო საშუალებებიც გამოსცადეს, მათ შორის სადაზვერვო დრონები, ანტი-დრონები, სკანერები, სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებები და შეჯავშნული ტაბლეტები. „მსტოვარი 2023“-ის სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენენ, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან და სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მიიღებენ მონაწილეობას. „მსტოვარი 2023“-ის საჩვენებელი სწავლება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფებმა თეორიული და პრაქტიკული ეტაპები გაიარეს, რაც სადაზვერვო, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებას, რქბ დასნებოვნების პირობებში დაზვერვას, ტაქტიკურ უნარჩვევებზე დაკვრივებასა და შეფასებას და თვითგადარჩენას მოიცავდა.
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩის, ალიმ ბაიელისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ, მიქაილ ჯაბაროვის შეხვედრისას ისაუბრეს. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის ვიზიტს, რის შემდეგაც 11 ერთობლივ დოკუმენტს მოეწერა ხელი. თავის მხრივ, მინისტრმა გამოთქვა აზერბაიჯანის მზადყოფნა, უმოკლეს დროში განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა ყაზახეთში აწყობილი სარკინიგზო ლოკომოტივების მიწოდება აზერბაიჯანისთვის და აზერბაიჯანული გემების მიწოდება ყაზახეთისთვის. მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის დიგიტალიზაციისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკის „ერთი გაჩერების სერვისის“ შექმნის მნიშვნელობას. მიქაილ ჯაბაროვმა ასევე შესთავაზა ყაზახეთს, განიხილოს როგორც კასპიის აუზში, ასევე სხვა რეგიონებში ნავთობისა და გაზის პროექტებში ორივე ქვეყნის მონაწილეობის შესაძლებლობა. აზერბაიჯანის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი მარცვლეულის საიმედო მწარმოებელი და მიმწოდებელია.2023 წლის იანვარ-მაისში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით - 162,5 მილიონი დოლარიდან 243,6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის დასაწყისიდან შუა დერეფნის გავლით საქონლის მიწოდებამ ერთ მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც 64%-იანი ზრდაა.
აშშ ტაივანს $345 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის
Reuters-ის თანახმად, აშშ ტაივანს $345 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია პაკეტში შემავალი იარაღის ტიპზე დეტალებს არ ასაჯაროებს. თეთრი სახლის ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს თავდაცვას, განათლებასა და წვრთნებს. Reuters-ის წყაროს ცნობით, პაკეტში სადაზვერვო თვითმფრინავებიც შედის. თავის მხრივ, Associated Press-ი წერს, რომ ვაშინგტონი ტაივანს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სადაზვერვო და სათვალთვალო სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და რაკეტებს უგზავნის. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებს „უსაფრთხოების მტკიცე ვალდებულებისთვის“ მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ პაკეტის დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ცნობისთვის, ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ბოლო სამი წლის განმავლობაში კუნძულზე სამხედრო ზეწოლა გაზარდა. ტაივანი კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივნელ ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს თავისი მომავალი. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
უკრაინა სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღნიშნავს
29 ივლისს უკრაინა სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღნიშნავს. სპეციალური ოპერაციების ძალების დღე პრეზიდენტის განკარგულებით, 2016 წლის 26 ივლისს დაწესდა. უკრაინული მედიის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთნენ. კერძოდ, SOF-ის მებრძოლები ზმეინის კუნძულზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.
მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის დროს დაკავებულები შეიწყალა
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციური დაწესებულება გუშინვე დატოვა, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. მედიის ცნობით, 28 ივლისს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 11 მსჯავრდებულს შორის არიან ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე 2021 წლის აპრილში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. აქციაზე კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს. ძმებ ჭელიძეებს 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მათ საპატიმრო ორწელიწადნახევრის შემდეგ დატოვეს. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ქართულ მედისაშუალებებს განუცხადეს, რომ შეწყალებას არ ელოდნენ.
უკრაინელები რუსული მხარის პოზიციებს ჩრდილოეთ კორეული რაკეტებით ბომბავენ, რომლებიც სავარაუდოდ, რუსულ ძალებს წაართვეს - Financial Times
Financial Times-ის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული მხარის პოზიციებს ჩრდილოეთ კორეული რაკეტებით ბომბავენ. გამოცემა წერს რომ იარაღი, დიდი ალბათობით, უკრაინულმა ძალებმა სწორედ რუს დამპყრობლებს წაართვეს. ერთ-ერთმა უკრაინელმა მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჭურვები ჩრდილოეთ კორეის გემიდან უკრაინის „მეგობრული ქვეყნის“ მიერ არის კონფისცირებული. „ჩვენ მათ ვართმევთ ტანკებს, აღჭურვილობას და სავსებით შესაძლებელია, რომ ესეც არის უკრაინული ძალის მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგი. რუსეთი ყიდულობს სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას ყველა სახის ტირანებისგან მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანისგან,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა Financial Times-თან ინტერვიუში. ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას რუსეთის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებდა, თუმცა ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმაც შეიარაღების გადაცემის ფაქტი უარყვეს. ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია აღიარა.
გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
29 ივლისს თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა. ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, კიდევ სამი ქალი კი, დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ოკუპირებულ ყირიმში რუსული ძალების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, 28 ივლისის საღამოს ოკუპირებულ ყირიმში რუსული საბრძოლო მასალის საცავში რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. უწყება დივერსიის შედეგებზე საუბრობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო მანქანა და პოლიცია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „28 ივლისს საღამოს დაახლოებით 10 საათზე დროებით ოკუპირებული ყირიმის კაზაკთა ყურეში ხმაური იყო. თვითმხილველებმა გაიგეს ჯერ ორი აფეთქება და შემდეგ საბრძოლო მასალის აფეთქების ხმა," - ნათქვამია ინფორმაციაში უკრაინული მედიის ცნობით.
„თბილისი ენერჯი“: გლდანში ავტოავარიის გამო, გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. „ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია,“ - აცხადებს კომპანია. მანამდე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, კიდევ სამი ქალი კი, დაშავდა.
სუვალკის დერეფნისკენ 100-ზე მეტი „ვაგნერელი“ გადაისროლეს - პოლონეთის პრემიერი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ბელორუსში მყოფი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 100-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი პოლონეთისა და ლიტვის საზღვარზე მდებარე ე.წ. სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე გადაისროლეს. მატეუშ მორავიეცკის თქმით, მონაცემებით, დაქირავებულები ბელორუსის ქალაქ გროდნოს მიდამოებში განლაგდნენ. ვარშავა ფაქტს „პოლონეთის ტერიტორიაზე ახალი ჰიბრიდული თავდასხმისკენ ნაბიჯად" აფასებს. პოლონეთის პრემიერი შიშობს, რომ კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულებს შეუძლიათ, დაეხმარონ მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში, ან როგორც მიგრანტებმა თავად სცადონ საზღვრის გადაკვეთა. მორავეცკი ასევე არ გამორიცხავს, რომ დაქირავებულებმა ბელორუსის მესაზღვრეთა ფორმები გადაიცვან. NATO პოლონეთში უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის სარემონტო ცენტრს გახსნის - მედია ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს. პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა. ვარშავამ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა. პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში. ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, პოლონეთი NATO-ს სხვა აღმოსავლელ ფლანგელებთან ერთად, აქტიურად ითხოვდა ევროპის ამ ნაწილის გაძლიერებას. ვარშავა ბელორუსთან საზღვარს ამაგრებს. ცნობილია, რომ NATO-მ მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40,000-დან 300 000-მდე გაზარდა.