ძებნის რეზულტატი:

აფრიკის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“

აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისკენ მოუწოდეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარემ, მუსა ფაკი მაჰამატმა სანკტ-პეტერბურგში აფრიკა-რუსეთის სამიტზე განაცხადა. „მარცვლეულის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის, განსაკუთრებით აფრიკელებისთვის," - განაცხადა მაჰამატმა. ლიდერები ომის დასრულებისკენ მოწოდებითაც გამოვიდნენ. რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - Bloomberg „ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვაქვს უფლება, მოვუწოდოთ მშვიდობისკენ - მიმდინარე კონფლიქტი ასევე უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე,“ - განაცხადა თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ. უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისთვის. ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია ჩავიდა ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის გამო, სანქტ-პეტერბურგის სამიტს 20-ზე მეტი აფრიკელი ლიდერი არ დაესწრო. ცნობისთვის, 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

შოლცი ადამიანებს მოუწოდებს, სოციალური ქსელებით სარგებლობის ნაცვლად, წიგნები წაიკითხონ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ადამიანებს მოუწოდებს, სოციალური ქსელებით სარგებლობის ნაცვლად, წიგნები წაიკითხონ. კანცლერის თქმით, წიგნები ბევრ განსხვავებულ პერსპექტივას გვიხსნიან, რაც ადამიანების პირად გამოცდილებას სცდება. შოლცის თქმით, სოციალური მედია ადამიანებს არწმუნებს უკვე ჩამოყალიბებულ მოსაზრებებში და ეს არის „წყევლა.“ „ლიტერატურა საშუალებას გაძლევთ, ეზიაროთ გამოცდილებას, რომელიც თქვენ თვითონ არ გაქვთ და ხშირად არ გსურთ, რომ პირადად გამოსცადოთ,“ -აღნიშნავს გერმანიის კანცლერი. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო,“ - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე, გასულ წელს განაცხადა.  

გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გლდანში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. მის გარდა სამი ქალი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, „თბილისი ენერჯი“: გლდანში ავტოავარიის გამო, გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა  

ბლინკენი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტზე: რუსეთი უიმედოდ ეძებს იარაღს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდება უზრუნველყოს. „ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს," - განაცხადა ბლინკენმა. შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში 26 ივლისს ჩავიდა. კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო  

Bloomberg: ბაიდენი გეგმავს, ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომელიც ჩინეთში გარკვეული მიმართულებით ამერიკულ ინვესტიციებს შეზღუდავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აგვისტოს შუა რიცხვებში გეგმავს, რომ ხელი მოაწეროს ბრძანებას ჩინეთში ამერიკული ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ. როგორც დასავლური მედია წერს, დადგენილება გავლენას არ მოახდენს არსებულ ინვესტიციებზე და შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს.  Bloomberg-ის თანახმად, შეზღუდვები ძალაში მომავალ წელს შევა.  

პოდოლიაკი: უკრაინას სჭირდება 10-12 Patriot-ის სისტემა, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას

უკრაინას სჭირდება 10-12 Patriot-ის ტიპის სისტემა ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, ოდესაზე ბოლო დარტყმებმა აჩვენა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება სწორი იყო როგორც ეკონომიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით. უკრაინის პრეზიდენტმა 28 ივლისს განაცხადა, რომ სახელმწიფო ეძებს გზებს ოდესისა და მთელი სამხრეთის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.  ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია. შეგახსენებთ, ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რადენიმე დღის წინ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.  

ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში მალე შევლენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინული ძალები მალე შევლენ დროებით ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა TSN-სთან გააკეთა. ბუდანოვმა არ დაასახელა ყირიმის დეოკუპაციის კონკრეტული თარიღი, მაგრამ დაადასტურა, რომ ეს „მალე“ მოხდება.“ ამავე დროს, ბუდანოვმა ბელორუსის მხრიდან საფრთხეს არარეალური უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების განლაგება საერთოდ არ აშინებს უკრაინის თავდაცვის ძალებს. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო „ვნუკოვოს“ აეროპორტი დახურული იყო - რუსეთი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვზე, ღამით დრონებით შეტევა განხორციელდა.  თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი. მოსკოვის მტკიცებით,  ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დროებით დახურული იყო. მოსკოვი დრონებით თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს, თავდასხმას კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს.  

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უნივერსიტეტში სკულპტურის გახსნას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა კი შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან  საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულების დადასტურაზე ისაუბრა. „ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს. XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლი უდიდესია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღინიშნება. მისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ არამხოლოდ ქართული ლიტერატურის შედევრია, არამედ მეგობრობის, სიბრძნის, ადამიანური ემოციებისა და ღირებულებების უნივერსალურობის დასტურიც არის. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებსა და საუკუნეებს, რომელიც რეზონანსულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც - ჩინეთში. დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი. „უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის.“ „ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს - ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. სი ძინპინი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც ისაუბრა. „ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, ვინაიდან ეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს,“- განაცხადა განათლების მინისტრმა.

WSJ: საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთის გარეშე უმასპინძლებს

საუდის არაბეთი მომავალ თვეში უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება. „საუდის არაბეთი მომავალი თვის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს დასავლეთის ქვეყნების, უკრაინისა და მთავარი განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობით შორის, შორის ინდოეთისა და ბრაზილიის ჩართულობით“, - წერს ამერიკული გამოცემა. შეხვედრას ქალაქი ჯედა 5 და 6 აგვისტოს უმასპონძლებს და საუდის არაბეთში სტუმარი სულ 30-მდე ქვეყნიდან ჩავა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნები დაესწრებიან სამიტს. WSJ-ის ცნობით, საუდის არაბეთმა და უკრაინამ შეარჩიეს სტუმრები, მათ შორის ეგვიპტიდან, მექსიკიდან, ინდონეზიიდან, ჩილედან და ზამბიიდან. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და ასევე, ევროკავშირი უკვე დაადასტურეს დასწრება. სამიტი ტარდება მას შემდეგ, რაც რუსეთი და დასავლეთი განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისთვის იბრძვიან. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ძირითადად ნეიტრალური რჩებოდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში. უკრაინა ასევე ცდილობს, მოიპოვოს განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა ლიგის სამიტს საუდის არაბეთში, მაისში დაესწრო და მოუწოდა არაბ ლიდერებს, რომელთაგან ბევრი ნეიტრალურად რჩება ან ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან, მხარი დაუჭირონ მის სამშვიდობო გეგმას რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად უკრაინული მხარე იყენებს სამფაზიან სტრუქტურას. პირველი ეტაპი არის შეხვედრები უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებთან, რომლებიც ეძღვნება ფორმულის თითოეული პუნქტის დეტალურ განხილვას. მეორე ეტაპის ფარგლებში უკრაინა ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობენ სახელმწიფოთა ლიდერების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რათა მოიძიონ ოპტიმალური ფორმულირებები და მექანიზმები უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის. „ჩვენ პირველი ასეთი შეხვედრა ჩვენს დანიელ კოლეგებთან ერთად მოვაწყვეთ. ის კოპენჰაგენში ივნისში შედგა. მომდევნო შეხვედრა მალე გაიმართება და მას საუდის არაბეთის ქალაქი უმასპინძლებს. მადლობას ვუხდით ორივე სამეფოს ლიდერობისთვის და უკრაინის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა ერმაკმა. მისივე თანახმად, მშვიდობის ფორმულაზე შეთანხმების მიღწევის მესამე ეტაპი იქნება გლობალური სამიტი სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე, რომელიც შესაძლოა, წლის ბოლომდე ჩატარდეს. 2023 წლის დასაწყისში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი კიევს თებერვალში ეწვია და 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოაცხადა. პატიმრების გაცვლის შესახებ საუდის არაბეთმა რუსეთთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.  

რა ვითარებაა ფრონტზე - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის დამცველებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა, დამცველებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის 10 რაიონს დაარტყეს. განახლებული ცნობებით, ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 33 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გაუხსნეს. „არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.“ „რუსეთის ფედერაცია, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დაპყრობით ომს აგრძელებს. მტერი არ წყვეტს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და შემდგომ უგულებელყოფს ომის კანონებსა და ჩვეულებებს, იყენებს ტერორის ტაქტიკას,“ - აცხადებენ გენშტაბში. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს და მათი კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 4 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე ღამის განმავლობაში, საცეცხლე პოზიციაზე განთავსებულ საარტილერიო იარაღს, საბრძოლო მასალის საცავსა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის რაიონს დაარტყეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

საქართველოს თავდაცვის ძალები შოტლანდიაში, მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Sea Breeze 2023 მონაწილეობდა

გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში, გლაზგოსა და ლოხ-იუში აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით მრავალეროვნული საზღვაო სწავლება - Sea Breeze 2023 ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას მრავალეროვან პარტნიორებთან ერთად, ასევე შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას. მრავალეროვნულ სწავლებაში წელს საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი. თავდაცვის ძალების ორი ოფიცერი ნაღმოსანთა ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებში იყო ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი კი, მოტივტივე საზღვაო ნაღმების, ფსკერის ნაღმების და მისაკრავი ნაღმების ძებნის, აღმოჩენის, განაღმის და დანაღმვის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებში მონაწილეობდა. საქართველოსთან ერთად სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ასევე NATO-ს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფება.  

თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ტელეკომპანია TRT Haber-ი იუწყება. ავტობუსი სოფელ კარაკურტთან დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. ის ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

აშშ-ის ოფიციალური პირები ეძებენ ფარულ ჩინურ მავნე პროგრამას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო ოპერაციებზე - NYT

The New York Times-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები თავდაცვის სისტემაში ეძებენ ჩინურ მავნე პროგრამა, რასაც შეუძლია, სამხედრო კომუნიკაციებს და მომარაგების ოპერაციებს შეუშალოს ხელი. ცნობილია, რომ გასულ კვირას, ჩინეთში აშშ-ის ელჩის, ნიკოლას ბერნსის ელექტრონული ფოსტის ანგარიში გატეხეს, განუცხადა თავის მხრივ, CNN-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა სამმა ოფიციალურმა წყარომ. ამ თვის დასაწყისში Microsoft-მა და თეთრმა სახლმა დაადასტურეს, რომ ჩინეთში დაფუძნებულმა ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის ანგარიში რამდენიმე ორგანიზაციაში, მათ შორის ზოგიერთ ფედერალურ სააგენტოში გატეხეს. სამიზნე სააგენტოებს შორის იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და ვაჭრობის დეპარტამენტი, რომლებმაც ჩინურ სატელეკომუნიკაციო ფირმებს სანქციები დაუწესეს. „ამერიკელმა ოფიციალურმა პირებსა და Microsoft-ის ანალიტიკოსებს თავდაპირველად უჭირდათ იდენტიფიცირება, თუ როგორ მოუწვდებოდათ ხელი ჰაკერებს ელ-ფოსტის ანგარიშებზე, რამაც ცხადყო, რომ მათ საქმე ჰქონდათ დახვეწილ ჰაკერულ გუნდთან,“ განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს. FBI-მ განაცხადა, რომ პეკინს აქვს უფრო დიდი ჰაკერული პროგრამა, ვიდრე სხვა ერთად აღებულ ყველა მთავრობას. „ენტონი ბლინკენმა ინციდენტებთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში, ინდონეზიაში მთავარ ჩინელ დიპლომატთან შეხვედრისას ისაუბრა,“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა CNN-ს, მაგრამ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.  „ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სამიზნედ აქცევს აშშ-ის მთავრობას, ამერიკულ კომპანიებს, ამერიკელ მოქალაქეებს, არის ჩვენთვის ღრმა შეშფოთების საგანი და რომ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს. მდივანმა ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

აშშ ავსტრალიას მართვადი სარაკეტო სისტემების განვითარებაში დაეხმარება

აშშ ავსტრალიას 2025 წლისთვის მართვადი მრავალკერადი სარაკეტო სისტემების წარმოებაში დაეხმარება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქუინსლენდის შტატში იმყოფებიან. აშშ გამარტივებული შეძენის პროცესის მეშვეობით, ასევე აჩქარებს ავსტრალიის წვდომას პრიორიტეტულ საბრძოლო მასალაზე. ავსტრალიამ კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული შეფერხების გამო, ასეთ მაღალი დონის შეხვედრას პირველად უმასპინძლა. „ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ვდგამთ ამ ქვეყანაში მართვადი იარაღისა და ასაფეთქებელი იარაღის საწარმოს შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა. მისივე თქმით, ავსტრალიის ტერიტორიულ წყლებში ამერიკის ბირთვული წყალქვეშა ნავების ვიზიტების ტემპი გაიზრდება.  

ჩეხეთმა რუსი ჩოგბურთელი პრაღის საერთაშორისო ტურნირზე არ დაუშვა

ჩეხეთმა რუს ჩოგბურთელ, ანასტასია პავლიუჩენკოვას ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. პავლიუჩენკოვამ გამოაქვეყნა WTA-ს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრაღამ უარი განაცხადა ზოგიერთი ჩოგბურთელის ჩეხეთში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციამ მათ ნეიტრალური სტატუსით ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მისცა. „მომავალ კვირას პრაღაში გამოსვლას ვერ შევძლებ. ახლა ვაგრძელებ ამერიკული ტურნირების სერიისთვის მომზადებას. გნახავთ ცინცინატში და აშშ-ის ღია პირველობაზე", - წერს სპორტსმენი სოციალური ქსელის საშუალებით. უფრო ადრე ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული გვარის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ რუსი ჩოგბურთელი პრაღაში გამართულ შეჯიბრზე ვერ მოხვდებოდა. ჩეხეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს ჩეხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა.

ზელენსკიმ ივანო-ფრანკოვოს საავადმყოფოში სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვოში საავადმყოფოში მივიდა. მან სამხედროები მოინახულა. შესაბამის ინფორმაციას უკრინული მედია ავრცელებს. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. აუცილებლად იქნება გამარჯვება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით.  

კიევში ძეგლზე - „სამშობლო“ საბჭოთა სიმბოლიკის დემონტაჟი იწყება

უკრაინის კულტურის სამინისტროს განცხადებით, კიევში ძეგლზე - „სამშობლო“ საბჭოთა სიმბოლიკის დემონტაჟი დაიწყო. სიმბოლოები უკრაინის გერბით ჩანაცვლდება. ეს პროცესი სავარაუდოდ, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დასრულდება. არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სახელმწიფო ინსპექციამ 13 ივლისს გამოაცხადა, რომ კიევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის ემბლემის შეცვლის შესახებ ნებართვა გასცა. როგორც ინსპექცია განმარტავს, ეს ცვლილება უკრაინაში დეკომუნიზაციის პროცესის ნაწილია. 2015 წლის აპრილში უკრაინის პარლამენტმა საბჭოური სიმბოლოების უმეტესობა კანონგარეშედ გამოაცხადა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მრავალი ქალაქის ხელისუფლებამ, რუსეთთან ან საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული ძეგლების დემონტაჟი გადაწყვიტა. ცნობისთვის, ძეგლი კიევში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, უკრაინის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობს,. ქალის ფიგურის სიმაღლე 62 მეტრია (102 მეტრი კვარცხლბეკით), ეს არის ყველაზე მაღალი ქანდაკება უკრაინაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონუმენტი მსოფლიოში. აშენდა 1981 წელს, ძეგლის გახსნაში, მაშინდელი საბჭოთა ლიდერი, ლეონიდ ბრეჟნევი მონაწილეობდა.  

ჩეხეთმა პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ანგარიშები გაყინა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ჩეხეთის ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში, რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვის კუთვნილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Savoy Westend-ი დააყადაღა. დაბლოკილია ევტუშენკოვის კომპანიების ანგარიშები. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი რუსი პოლიტიკოსები, მხატვრები და ბიზნესმენები. ახლა სასტუმრო Savoy Westend-ი ემსახურება მხოლოდ იმ ვიზიტორებს, რომლებმაც ცხოვრების საფასური ივნისის ბოლომდე გადაიხადეს. Unian-ის ცნობით, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება კარლოვი ვარში დაახლოებით 20 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ევტუშენკოვმა კორპორაცია AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2022 წლის აპრილში დატოვა. გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუს ბიზნესმენს დაუწესა სანქციები. უკრაინის სასამართლომ რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება დააყადაღა რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს გადაეცა  

უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს იწყებენ

ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს მომავალ კვირას დაიწყებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს გარანტიები ძალაში იქნება, ვიდრე უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, რაც უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა. „ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ომი გრძელდება და ჩვენჯერ არ შეგვიძლია ალიანსში შესვლა, ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სანდო გარანტიები გარდამავალი პერიოდისთვის," - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, G7-ის დეკლარაციას უკვე შეუერთდა ათზე მეტი ქვეყანა და თითქმის ყოველ კვირას უერთდებიან ახალი ქვეყნები. ერმაკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი წინაპირობაა თემების, რეგიონების და მთელი უკრაინის აღდგენისა და განვითარებისათვის. ვილნიუსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი