ძებნის რეზულტატი:

ჩეხეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, პეტრ კუბერნატმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პეტრ კუბერნატმა პეტრ მიკისკა შეცვალა.  საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კავშირები ინტენსიურად ვითარდება, რაც გამოიხატება ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკაში. „ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ურთიერთობათა კიდევ მეტად გაღრმავების პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, განათლების სფეროებში. ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტებისადმი. მან ასევე გამოხატა მზაობა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას,“- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

2008 წლის ომის მე-15 წლისთავზე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ალბანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, მალტის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე დახურული შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი წევრის - შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ალბანეთის, იაპონიის და მალტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ და დღეს უკრაინის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს. საქართველოს შესახებ საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექვსი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს დემოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  განცხადება ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ სხვა ქვეყნის დიპლომატების თანდასწრებით წაიკითხა. მან დაგმო რუსეთის „სასტიკი შეჭრა და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე, მოსკოვის „ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ." ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ „ბორდერიზაციის“ პროცესს, სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადასასვლელი პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელშეშლას თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებას. ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს წესდების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რაც ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს. ამასთან, „ამერიკის ხმის“ ცნობით, საბჭოს წევრები დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ „დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.“ განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. ამასთან, ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუშვას.

აშშ-მ რუს ოლიგარქებს, მიხაილ ფრიდმანსა და პეტრ ავენს სანქციები დაუწესა

11 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქიები გააფართოვა. სიაში გამოჩნდნენ Alfa-Bank-ის დამფუძნებლები, მიხაელ ფრიდმანი და პიოტრ ავენი, ასევე Alfa Group-ის ყოფილი მსხვილი აქციონერები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი. ფრიდმანი და ავენი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მოხვდნენ. აშშ-ის სანქციების ქვეშაა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირიც. სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკური პირებსა და კომპანიებს აქტივებს გაუყინავენ. ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება და მათთვის მომსახურების გაწევა. ოთხივე ბიზნესმენს სანქციები დაუწესეს კანადამ, ავსტრალიამ, შვეიცარიამ და ახალი ზელანდიამ. ეს ქვეყნები მათ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევენ. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები

ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება. „საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება," განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს, ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში, მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით. „ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს – ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ  ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც  ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში. დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი. მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ. ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ  გადასახადების გადახდა არ მოუწევთ  ექსპორტის მიმართულებით. საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი, განაცხადა ამავე ინტერვიუში ღარიბაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. ამავე ინტერვიუდან: ირაკლი ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

პოლონეთში მატარებელი სატვირთოს დაეჯახა

პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა. დალანოვეკის მახლობლად ავარიის შედეგად დაშავებულთაგან, ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ექიმებისა და მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დაშავებულთა შორის იყვნენ მატარებლის მგზავრები და მძღოლი, თუმცა უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე სატვირთო მანქანაში. პოლიციის სპიკერმა განმარტა, რომ როგორც სატვირთო მანქანის, ასევე, მატარებლის მძღოლი ავარიის დროს ფხიზლები იყვნენ. მისივე განმარტებით, ავარია გამოწვეული იყო იმით, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ნიშანს არ დაემორჩილა. შემთხვევის გარემოებების დასადგენად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეჯახების შემდეგ სატვირთო მანქანა ამობრუნდა. ვაგონი რელსებიდან გადავიდა.  

ერდოღანი შოვის სტიქიის გამო საქართველოს უსამძიმრებს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვის სტიქიისას ადამიანების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს,” - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.

დავითაშვილი: მჯერა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა

„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება,“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა. პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას. „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს. ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში - აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარიანობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართება.  

რუსი ოფიცერი ლიეტუვაში თავშესაფარს ითხოვს - BBC

რუსმა ლეიტენანტმა ივან კოროლევმა არალეგალურად გადაკვეთა ლიეტუვის საზღვარი და ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ BBC წერს. ლიეტუვაში შესვლის შემდეგ კოროლევმა ქვეყნის დედაქალაქ ვილნიუსამდე მისვლა მოახერხა, რის შემდეგაც 10 აგვისტოს ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტში გაგზავნეს. მან BBC-ის კორესპონდენტთან დაკავშირება შეძლო. „3 აგვისტოს გადავწყვიტე რუსეთის ფედერაციის დატოვება იმის გამო, რომ არ მინდოდა მონაწილეობა მიმეღო იმ სისხლიან ომში, რომელიც ჩემმა სახელმწიფომ გააჩაღა“, - განუცხადა კოროლევმა BBC-ს. ოფიცერი ამტკიცებს რომ ვიდრე ის მონაწილეობდა რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, არასოდეს ყოფილა რუსეთის ფარგლებს გარეთ. მისი, როგორც „საველე საარტილერიო საწყობის აღრიცხვისა და ოპერატიული დეპარტამენტის საწყობის უფროსის მოადგილის“ თანამდებობა გულისხმობდა უკრაინაში მებრძოლი ჯარების საბრძოლო მასალის მომარაგებას, განაცხადა კოროლევმა. BBC აზუსტებს, რომ კოროლევის განცხადებები ამჟამად ვერ გადაამოწმა. არტილერიის ოფიცრის განცხადება ლიეტუვის ხელისუფლებამ განსახილველად მიიღო, რის შემდეგაც, ის ბელორუსის საზღვრიდან შორს, ქალაქ პაბრადში მდებარე მიგრაციის ცენტრში გადაიყვანეს. რუსეთიდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის სათხოვნელად, უკრაინაში მიმდინარე შეჭრის გამო, რამდენიმე რუსი ოფიცერი გაიქცა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა, რომ „პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს.“ პრემიერ–მინისტრის თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ასევე მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით დაინტერესებულია. „გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია. ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია! სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება! ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება! პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ივლისის ბოლოს ჩავიდა. შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებებს იწყებს

უკრაინის დელეგაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაზე, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკება დაიწყო. გაერთიანებული სამეფო გახდა მეორე ქვეყანა შეერთებული შტატების შემდეგ, რომელთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. „გაერთიანებული სამეფო ავლენს თავის ლიდერობას და მაგალითს უკრაინის მხარდაჭერისა და ყველაზე თამამი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. უკრაინელი ხალხი აფასებს უკვე გაწეულ დახმარებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც გამარჯვებამდე, ასევე გამარჯვების შემდეგ,“ აღნიშნა ერმაკმა. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.  

აშშ არ გამორიცხავს, რომ თავის ტერიტორიაზე უკრაინელი მფრინავები F-16-ის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს

„ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, როგორც ვთქვი, ხელმძღვანელობენ ამ ძალისხმევას. მაგრამ თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში,“ განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უკრაინული მედიის ცნობით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ F-16-ის შეძენა მრავალეტაპიანი პროცესი იქნება და აშშ მზადაა, დაეხმაროს მოკავშირეებს „რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ეს პროცესი.“ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას. მანვე აღნიშნა, რომ ისეთი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, როგორიცაა F-16, გარკვეული დრო სჭირდება. „ეს არ არის მხოლოდ რეალური საჰაერო ხომალდის გადაცემის ფუნქცია, არამედ ტრენინგი, პილოტების შესაბამისი მომზადება და ყველა ტექნიკური უზრუნველყოფის, ლოგისტიკისა და მხარდაჭერის ორგანიზება, რაც აუცილებელია თქვენს ფლოტში თანამედროვე თვითმფრინავების არსებობისთვის, როგორიცაა F-16. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამდენად, ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.  

მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს

მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ, ორგანიზაციის სახელით განცხადება ვრცელდება, რომელშიც საუბარია, რომ „პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის რიგი პროექტების თავისუფალ მართვას.“ ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს „მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი. საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი. ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების - მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი. მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ,“ - წერია განცხადებაში. მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს

ISW-ის შეფასებით, უკრაინულ ძალები ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვან წინსვლას აღწევენ

11 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები, რომლებიც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს, ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა რობოტინის ჩრდილოეთ გარეუბანს მიაღწიეს. ეს ადგილი ქალაქ ორიხივიდან სამხრეთით, 10 კილომეტრში, ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 11 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები გვიჩვენებს, რომ უკრაინული ძალები ასევე წინსვლას აღწევენ უროჟაინოეს დასახლებაში, რომელიც დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ზონის გასწვრივ მდებარეობს. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევას ბახმუტის, ბერდიანსკის (დონეცკი-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო ზონა) და მელიტოპოლის (ზაპოროჟიეს ოლქი, დასავლეთ ნაწილი) მიმართულებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. კიევი ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.  

გუბერნატორი: ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაო ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა. „24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ. ვინაიდან, გვიან ღამით ცუდი ხილვადობა იყო, სამუშაო შეჩერდა დილამდე. დილით კი, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით და დრონებით დაათვალიერეს ხეობა და მნიშვნელოვან ქვათაცვენას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სამძებრო სამუშაო დილიდან განახლდა,“ - განაცხადა მარგველიძემ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 24 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.  

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გეგმიური წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და „გრადლარი“-ს ბატარეასთან ერთად, მასში მხარდამჭერი ელემენტების სახით 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონიც იყო ჩართული. „სწავლების დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური გადაადგილებისა და წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს. წვრთნები ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მონაწილე პირადი შემადგენლობის შეფასებას მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებლები აწარმოებდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა

სომხეთმა „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და არცახში „ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. შესაბამისი განცხადება სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, მჰერ მარგარიანმა გააკეთა. სომხეთის მთავრობა „გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას ითხოვს. „2023 წლის 15 ივნისიდან აუცილებელი საქონლის, მათ შორის საკვების, მედიკამენტების და საწვავის მწვავე დეფიციტია. აზერბაიჯანმა მთლიანად დახურა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიზანმიმართულმა შეფერხებამ ხალხის საარსებო წყაროს უკიდურესი ზიანი მიაყენა. ძირითადი საკვებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო, 2 000-მდე ორსული ქალი, 30 000-მდე ბავშვი, 20 000 მოხუცებული და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იბრძვის არასრულფასოვანი კვების პირობებში გადარჩენისთვის,“ – ნათქვამია სომხური მხარის წერილში.  

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენაზე: სტიქიის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განაცხადებით, ბუბისწყლის კალაპოტში სტიქიის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, ამ ეტაპზე ეს პროცესები საფრთხის შემცველი არ არის. „მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის,“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. გუბერნატორი: ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 24 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.

ოკუპირებული ყირიმის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა - უკრაინული მედია

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ხიდის გარშემო 12 აგვისტოს აფეთქება მოხდა. ასევე, უკრაინული მედიის თანახმად, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ხიდთან კვამლი ამოდის.   დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ოკუპირებული ყირიმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ქერჩის სრუტეზე ორი რაკეტა გაანადგურა და რომ ყირიმის ხიდი არ დაზიანებულა.   ტელეგრამ არხ Mash-ის ცნობით, ხიდზე მოძრაობა მორიგი დარტყმის საფრთხის გამო შეჩერდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქსიონოვს ციტირებს, რომელიც ირწმუნება, რომ მოძრაობა მალე აღდგება.  მანამდე, 12 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში ღამით, 20 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ბოლო თვეებში, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიასა და რუსეთის შიგნით თავდასხმები გახშირდა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

ოფიციალური პირების თქმით, ჰავაის კუნძულ მაუის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. BBC-ის თანახმად, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ოფიციალურად ეს ტყის ხანძარი გახდა აშშ-ის შტატის ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე რაიონში ცდილობენ, მათ შორის არის ისტორიული ქალაქი ლაჰაინა, რომელიც მთლიანად განადგურებულია. BBC-ის ცნობით, კუნძულ მაუიზე ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი. მედიის ცნობით, ბეზოსი 100 მილიონ დოლარს (79 მილიონი ფუნტი) გაიღებს ხანძრის მსხვერპლთა დასახმარებლად. ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მის გავრცელებას ქარმა და მშრალმა ამინდმა შეუწყო ხელი. მაუი სიდიდით მეორე კუნძულია ჰავაის კუნძულებში - 1885,5 კმ² ფართობით, ხოლო -  მე-17 აშშ-ის კუნძულებს შორის. მაუი ჰავაის შტატის ნაწილია და ასევე მაუის საგრაფოს უდიდესი კუნძულია. ამავე საგრაფოს ეკუთვნის ასევე კუნძულები ლანაი, კაჰოოლავე და მოლოკაი. ოთხ კუნძულს ერთად უწოდებენ მაუი-ნუის.  

რუსეთში, კალინიგრადის ოლქში Su-30 სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Su-30 სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. „ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. ეკიპაჟი დაიღუპა,“ - ნათქვამია განცხადებაში. წინასწარი ცნობებით, ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.