ძებნის რეზულტატი:

ინდოეთი, იაპონია, აშშ და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ინდოეთი, იაპონია, შეერთებული შტატები და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სწავლება ხაზს უსვამს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოების დროს. ვიცე-ადმირალმა კარლ თომასმა, აშშ-ის საზღვაო ძალების მეშვიდე ფლოტის მეთაურმა, ხუთშაბათს სიდნეიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წვრთნები რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ოთხი ქვეყნის ერთად მოქმედების უნარების გაუმჯობესებას ემსახურება.  ოთხი ქვეყნის გემებს შეუერთდება ავსტრალიური F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე P-8 სათვალთვალო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები. ავსტრალია მალაბარის წვრთნებს აშშ-ს, იაპონიისა და ინდოეთის ჩართულობით, 2020 წლის ნოემბერში შეუერთდა. წვრთნები, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, თანდათან გაიზარდა და უფრო მეტად კომპლექსური გახდა.  

გერმანია ისლანდიაში მოიერიშე თვითმფრინავებს გზავნის

გერმანიის საჰაერო ძალებმა, ისლანდიაში წვრთნების ჩასატარებლად, (Rapid Viking 2023) მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნეს. სწავლება პირველ აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს სრულდება.NATO-ს ცნობით, სწავლება აჩვენებს გერმანიის მზადყოფნას და უნარს, სწრაფად განათავსოს საჰაერო ძალები ნებისმიერ ადგილას.  

გერმანია პოლონეთის ტერიტორიაზე, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს წლის ბოლომდე დატოვებს

გერმანია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში სარაკეტო სისტემა Patriot-ის სამ დივიზიონს წლის ბოლომდე დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლონური სააგენტო ავრცელებს. პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ხსენებულ საკითხზე გერმანიასთან შეთანხმების მიღწევა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა. კერძოდ, წლის ბოლომდე პოლონეთი მზად იქნება, მოახდინოს გერმანული Patriot-ის ტიპის სისტემების ინტეგრირება ქვეყნის ერთიან საჰაერო თავდაცვაში. უკრაინის საზღვრის მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად, სამი გერმანული დივიზიონი 2023 წლის იანვრიდან განლაგდა. გასული წლის ნოემბერში რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა.  

სტანო: თუ ბიზნესის კეთება გსურთ, რუსეთი შესაფერისი ადგილი არ არის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მიღებული ყველა ზომა პარტნიორებთან, უცხოელ ინვესტორებთან და კომპანიებთან მიმართებით, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალე პოტენციური ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი. „რუსეთი აკეთებს ყველაფერს თავისი ამჟამინდელი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რითაც მსოფლიო საზოგადოებაში აძლიერებს მისი, როგორც არასანდო ეკონომიკური და ბიზნეს პარტნიორის იმიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი გარე სამყაროსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის: თუ ნამდვილად გსურთ რაიმე ბიზნესის კეთება, რუსეთი ამის ადგილი არ არის,“ - განაცხადა პიტერ სტანომ. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა მას არაერთი სანქცია დაუწესა. კიევი სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებს.  

მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს

ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლების ნაწილი განცხადებით მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას პროტესტით გამოეხმაურა. „ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა," - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: იაკი კაბე გვანცა ჯობავა ლაშა ბუღაძე რატი მუჯირი ნინა სურამელაშვილი რატი ამაღლობელი დარეჯან კიკოლიაშვილი გია გოკიელი გიორგი შონია შორენა ლებანიძე ბუბა კუდავა მაკა კასრაძე ნათია გიორგაძე ნათია ორმოცაძე მაშო სამადაშვილი თაკო ლონდარიძე ელენე ჯაფარიძე თამარ კორკოტაშვილი დალილა გოგია მანანა მათიაშვილი ანი მილაშვილი თინა მამულაშვილი თეკლა ქველაძე თაკო კიკვაძე ნატო გორდელაძე დათო გორგილაძე რუსუდან რუხაძე ნატო ალხაზიშვილი მაია ბადრიძე მაია ცირამუა ეკატერინე ტოგონიძე ივა ფეზუაშვილი შოთა იათაშვილი ნატო კვარაცხელია ბექა ადამაშვილი ინგა ჟღენტი ბელა ჩეკურიშვილი ლელა კურტანიძე მაია კუდავა ზვიად კვარაცხელია თამთა მელაშვილი ბესო სოლომანაშვილი ირაკლი სოლომანაშვილი მაგდა ნოვაკოვსკა კოკა ქამუშაძე ნიკოლოზ აგლაძე ზურა პაპიაშვილი ბათუ დანელია თეონა დოლენჯაშვილი ნინია ნადირაძე ქეთი ქანთარია მაია ლიპარტელიანი სალომე ბენიძე გიორგი ხარაიშვილი ირინე ჭოღოშვილი მაიკო დანელია ლელა კოდალაშვილი ია ჯინჭარაძე ნინი ელიაშვილი სოფიო კუბლაშვილი მაკო ჯანჯიბუხაშვილი მაია ალუდაური მაკა ლდოკონენი ზაალ ანდრონიკაშვილი გაგა ნახუცრიშვილი თორნიკე სიბაშვილი ანა კოპალიანი თამარ კვიჟინაძე ეკა ქევანიშვილი ლელა დუმბაძე ნიკა ლაშხია ლანა კალანდია ირაკლი ლომოური ხათუნა თავდგირიძე სანდრო ნავერიანი ნუკა ღამბაშიძე ანი ყიასაშვილი მარიამ კვიციანი ამირან რამიშვილი თინათინ ბერიაშვილი ტორესა მოსი წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 განცხადების ავტორების თქმით, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.“ „ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა."

ესტონეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

ესტონეთი უკრაინას დამატებით, სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. პაკეტში შედის მცირე ზომის იარაღი და საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური აცხადებს. მისი თქმით, ყველამ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა დააჩქაროს სამხედრო დახმარება და გაზარდოს საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობები. მინისტრის თქმით, ესტონეთმა უკრაინას უკვე გაუწია 400 მილიონ ევროზე მეტი (441 მილიონი დოლარი) მოცულობის სამხედრო დახმარება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტს შეადგენს.  

უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა

10 აგვისტოს უკრაინის საზღვაო ძალებმა სამოქალაქო გემებისთვის ახალი დროებითი მარშრუტების შესახებ გამოაცხადა. დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. „თუმცა, რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე და ნაღმების რისკები ყველა მარშრუტზე რჩება,“ - განაცხადა საზღვაო ფლოტმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის გემები დაიშვებიან, რომელთა მფლობელები ან კაპიტნები ოფიციალურად ადასტურებენ მზადყოფნას ამ პირობებში ნაოსნობისთვის. განცხადების თანახმად, უკრაინამ ეს მარშრუტები უკვე შესთავაზა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, რომელმაც თავისუფალი კომერციული ნავიგაციის შესახებ უკრაინის უფლება აღიარა, ეს უფლება გარანტირებულია საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობით. „დერეფანი იქნება ძალიან გამჭვირვალე, ჩვენ დავაყენებთ კამერებს გემებზე და იქნება მაუწყებლობა, რათა დავანახოთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მისია და არ აქვს სამხედრო დანიშნულება“, - განუცხადა Reuters-ს უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ოლეჰ ჩალიკმა. საზღვაო ფლოტმა არ დააზუსტა, შეთანხმებული იყო თუ არა ახალი მარშრუტები მოსკოვთან.  

გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ - საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარე

საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რიკოთი დაკეტილია, არასწორია. მისი ინფორმაციით, რიკოთზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, დილის 6 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე გიორგი წერეთლის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს რიკოთის უღელტეხილი დაკეტილია. რიკოთის საგზაო მონაკვეთზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი. „იცით, რომ გზის 149-ე კმ-ზე, თოვლის დნობის შემდეგ, არსებული (ძველი) გზიდან 200 მეტრის ზევით, აღმოჩენილი იქნა, ნაპრალები. შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ. გავაფართოვეთ გზა, გავაფართოვეთ ბუფერული ზონა და ამის შემდეგ დავაწესეთ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება. დღეს ეს რეჟიმი არის შემდეგნაირი - დილის 7 საათიდან საღამოს 9 სააათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე - მოძრაობენ უკვე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები,“ - განაცხადა შოვის სტიქიის ზონაში მყოფმა გიორგი წერეთელმა მედიასთან. მის კომენტარს საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ადამიანების მიერ გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ. „ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება. რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაო გეგმაზომიერად მიმდინარეობს.“ „გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება. მთლიანობაში, რიკოთის უღელტეხილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. ესენია: მსოფლიოს ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათივე მეთვალყურეობის ქვეშ შერჩეული იქნა საპროექტო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ნდობის საპროექტო ორგანიზაციები არიან. აღნიშნული დონორი ორგანიზაციების მიერ მოხდა პროექტის ხელახლა გადახედვა, რევიზია, რომელმაც დადებითი დასკვნა გასცა. ამაში მონაწილეობდა არაერთი სპეციალისტი და გამოცდილი ადამიანები – ბრიტანელები, ავსტრალიელები, იტალიელები. შესაბამისი დონორი ორგანიზაციების წესით მოხდა ყველა კომპანიის შერჩევა,“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა. მისივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოს მწარმოებელი ჩინური კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტია გაფორმებული, სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებოდნენ. „მათთან კონტრაქტი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან ყველა პროცედურა შეთანხმდა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა. „რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2019 წლიდან მიმდინარეობს. 97 ხიდი, 51 გვირაბი შენდება.“ გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა  

კიმ ჩენ ინმა „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა და გენშტაბის უფროსი შეცვალა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ არმიის უფრო ძლიერი საშუალებებით აღჭურვაა საჭირო, რომ მტრის სამხედრო ძალა შეაჩეროს და ომის შემთხვევაში გაანადგუროს. კიმ ჩენ ინმა არმიის გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოუწოდა „სამხედრო ინდუსტრიას“, დააჩქარონ სხვადასხვა ტიპის იარაღისა და აღჭურვილობის მასობრივი წარმოება.“  

მონტენეგროს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად პროდასავლური ლიდერი წარადგინა

10 აგვისტოს მონტენეგროს პრეზიდენტმა, იაკოვ მილატოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პროდასავლური პარტიის ლიდერი, 36 წლის მილოიკო სპაიჩი წარადგინა. ახლა მას 90 დღე აქვს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. სპაიჩი და მილატოვიჩის ლიდერობით, მოძრაობამ - „ახლა ევროპა" (PES), ივნისის ვადამდელ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. მონტენეგროს დიდი ხნის მმართველმა, მილო ჯუკანოვიჩმა, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და სამი ათეული წლის შემდეგ გადადგა. მონტენეგრო NATO-ში 2017 წელს გაწევრიანდა და 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს მხარი დაუჭირა.  

მედია: როტერდამში რეკორდული, 600 მილიონი ევროს ღირებულების 8 ტონა კოკაინი ამოიღეს

ნიდერლანდების მებაჟეებმა როტერდამის პორტში 8064 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს, რაც დღემდე ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა. ამის შესახებ ტელერადიომაუწყებელი NOS-ი იუწყება. კოკაინი 13 ივლისს აღმოაჩინეს, თუმცა მის შესახებ გამოძიების ეტაპზე, ახლა გახდა ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 600 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკი ბანანის კონტეინერში აღმოაჩინეს. კონტეინერი ეკვადორიდან წამოიღეს და როტერდამში პანამის გავლით ჩაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ივლისში იტალიის ხელისუფლებამ დააკავა კოკაინის რეკორდული პარტია - 5,3 ტონა, რომელიც გემებით გადაიტანეს სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე.  

აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ

აზერბაიჯანი უერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც განაღმვის სექტორში უკრაინელ ექსპერტებს გაწრთვნიან. უკრაინული მედიის ცნობით, განაღმვის სფეროს ექსპერტები აზერბაიჯანიდან, უკრაინელებს მოამზადებენ. ამის შესახებ მედია უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის კომენტარზე დაყრდნობით წერს. კიევში გამართულ შეხვედრაზე მარდალიევის ხელმძღვანელობით დელეგაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი სწავლების ორგანიზება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბოჰდან დრაპიატისთან განიხილა. „ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. საუბარია არამხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ, საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული,"- განაცხადა მარდალიევმა. აზერბაიჯანული მხარე ასევე დაჰპირდა უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს მექანიზებულ განაღმვის მანქანას. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ბაქომ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 15 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი. აზერბაიჯანი, რომელიც იზიარებს რუსეთთან საზღვარს, ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას მოსკოვთან.  

შინდისის გმირების ისტორია

დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 11 აგვისტო ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი 2008 წლის ომიდან. სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რუსული საბრძოლო შენაერთის  მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. ამ ბრძოლაში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა. ესენი არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა, ახმეტა ხუციშვილმა, ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა; დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ-დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ჭირისუფალთ. „მოდით, ბიჭებო, მე გადაგარჩენთ_დაიძახა უმცროსმა სერჟანტმა, ალექსანდრე ონიანმა, თავისი ნათლული, რომან ზოიძე, რომელიც დაჭრილი, სისხლისგან იცლებოდა, გულში ჩაიკრა და ლოცვა დაიწყო; მას დანარჩენმა დაჭრილებმაც ავაყოლეთ ხმა.. ერთად ვამბობდით’’მამაო ჩვენოს’’… სწორედ ამ დროს მოგვადგნენ რუსები.. ალეკო ონიანს, რომელსაც ერთადერთი ყუმბარა ჰქონდა დარჩენილი, დაიყვირა_ტყვედ არ ჩაგბარდებითო, გახსნა და გულზე მიკრულ თავის ნათლულთან ერთად, თავი აიფეთქა…’’_იხსენებს შინდისის ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენილი კაპრალი, თენგიზ ცანავა. ალეკო ონიანმა, თავის დაჭრილ ნათლულ, რომან ზოიძესთან ერთად, თავი აიფეთქა, მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა. ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს. 5 ჯარისკაცი კოლონის პირველივე მანქანაში მოკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, ასეული ებრძოდა. არქივი შინდისის გმირების ასეთ ისტორიას ინახავს: „ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. „მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა“ მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება. მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა. აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა. „ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - ჰყვებიან შინდისელები. როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი – მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს: „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები... ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ.” მიხეილ დვალიშვილი ვანში, სოფელ მუქედში დაიბადა. მისი სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ აისრულა. „17 აგვისტომდე არ ვიცოდი, რომ დაღუპული იყო. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომ მისი საფლავი მაქვს დღეს. მუხათგვერდში, თავის ძმებთან ერთადაა……აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, სახლში იყო ჩამოსული_ უცნაური მომეჩვენა_ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, მაგრამ იმ დღეს ყველას განსაკუთრებული სითბოთი გვექცეოდა… ერთ საღამოს მთხოვა, დედი, ამაღამ იავნანა მიმღერე ისე, როგორც ბავშვობაშიო… გაოცებულმა შევხედე, შევცბი.. ტანში საშინელი სიცივე ვიგრძენი, აუხსნელმა შიშმა შემიპყრო… ვუმღერე იავნანა.. იმ დღის მერე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ მინახავს… არც სხეული გამთბობია’’.... ამბობს მარო ზოიძე, შინდისელი გმირის, რომან ზოიძის დედა. სტატიაში გამოყენებულია კვირის პალიტრის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მასალები 2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გმირების დაღუპვის ადგილას ერთგვარი მუზეუმი მოაწყვეს, სადაც 17 გმირის პირადი ნივთები, ჩაფხუტები, იარაღი, ქართული სამხედრო ფორმის დამწვარი ნაწილები ინახება. შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  

პოლონეთის შეიარაღებული ძალები მისი კუთვნილი „ვერტმფრენის ინციდენტს“ განმარტავს

ერთ-ერთმა პოლონურმა ვერტმფრენმა, ბელორუსთან სასაზღვრო ზონაში ფრენისას, რაკეტის დეტონატორი დაკარგა, იტყობინება პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობა. 8 აგვისტოს, საბრძოლო გაფრენების დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენს რაკეტის დეტონატორი აკლდა - ის პატრულირებისას დაიკარგა. სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრენა სასაზღვრო ზოლის გასწვრივ შესრულდა და საცხოვრებელ ტერიტორიებს არ მოიცავდა, ხოლო დეტონატორი აღჭურვილია დაცვის მექანიზმით და არ წარმოადგენს საფრთხეს გარემოსთვის. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters  

მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარია

მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს უკიდია.  თუმცა უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, რომ თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგეს.  სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ვიდეო და ფოტო-მასალა, რაც ადასტურებს, რომ ცეცხლი დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.  მოსკოვის მერი 9 აგვისტოსა აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. მოსკოვი დრონების თავდასხმის სამიზნე იყო 10 აგვისტოსაც. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

პენტაგონი: აშშ 155 მმ-იანი ჭურვების წარმოების თვეში 80 000-მდე გაზარდას გეგმავს

პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს 155 მმ-იანი ჭურვების წარმოება თვეში 80 000-მდე გაზარდოს, იმ საჭიროების გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. „საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინას 2 მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი გავუგზავნეთ. ჩვენ ასევე უზრუნველვყავით 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოების სწრაფი ზრდა თვეში 14 000-დან დაახლოებით 24 000-მდე და მომავალ წელს ვგეგმავთ თვეში 80 000-ზე მეტის წარმოებას," - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. რაიდერის თქმით, ბრძოლის ველზე ეს საბრძოლო მასალა სწრაფად იხარჯება და მარაგები შეუზღუდავი არ არის, თუმცა, შეერთებული შტატები, წარმოების გარდა, ასევე ურთიერთობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას აღნიშნული ჭურვები მიაწოდონ. შეგახსენებთ, რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაღებული სამხედრო დახმარება ჯამში 43,7 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.  

ჯო ბაიდენი: ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთს, ეკონომიკური პრობლემების გამო, „შენელებული მოქმედების ბომბი“ უწოდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ,” - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, ჩინეთს ზიანი მიაყენოს და პირიქით, ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს. უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა. 10 აგვისტოს კი, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს.  

დუდა: რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული. „მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ შეხედულებაზე. ამდენად, გადაწყვეტილების მისაღებად ერთზე მეტი ადამიანია საჭირო," - აღნიშნა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტისთვის უფრო შემაშფოთებელია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხე. „თუ საუბარია ბირთვული საფრთხეების შესახებ, ბევრად უფრო მაშფოთებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. ვშიშობ, უფრო სავარაუდოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ბირთვული ავარიის მსგავსი იქნება. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ატომურ სადგურზე აფეთქების საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე," - აღნიშნა ანდჯეი დუდამ. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters  

აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია

დიდი ბრიტანეთი განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ტექნოლოგიის სფეროში ინვესტიცია გარკვეულწილად აიკრძალა. ლონდონი აცხადებს, რომ აგრძელებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების შეფასებას. „დიდი ბრიტანეთი ყურადღებით განიხილავს ამ ახალ ზომებს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ზოგიერთ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების შეფასებას,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა. ბაიდენმა 10 აგვისტოს მოაწერა ხელი  აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. შეზღუდვა შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს. აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალ ეკონომიკურ ალიანსს ქმნიან  

შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, კვლევებისას ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია განისაზღვრა. „გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი დაემატა. აღებულ სინჯებში 59 პარამეტრის მნიშვნელობები ისაზღვრება. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. კვლევების მონაცემები საჯაროა,“ -  წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შედეგები ანალოგიური პასუხით ბოლოს 29 ივლისს გამოქვეყნდა.