ძებნის რეზულტატი:
შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ
„17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის - ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი,“ - განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიას შინდისში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ. ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი,“ - განაცხადა ბურჭულაძემ. დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეც. „ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან გმირებს, შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.“ „ეს ბრძოლა იყო თავგანწირვის, ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.“ „იცით თქვენ, ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა, შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, და მათ ოჯახებს მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის. იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა. ამ დროს სულ 17 კაცი, ერთი ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ესაა მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე კომენტარის დროს მან იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი გააკრიტიკა. მისი თქმით, „მაშინ, როცა ეს გმირი ბიჭები იბრძოდნენ თავდადებითა და თავგანწირვით, ამ დროს ქვეყნის სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი.“ 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა. მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. გაეცანით სტატიას შინდისის გმირების ისტორიაზე
„ვნუკოვოს“ აეროპორტის საჰაერო სივრცე დაიხურა
რუსეთის მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო სივრცე დაკეტილია, იტყობინება Alarabiya რუსულ მედიაზე დაყრდნობით. აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „ვნუკოვოს“ აეროპორტის რაიონში საჰაერო სივრცე დაიკეტა; გადადებულია რეისები“. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მომხდარი სავარაუდოდ, დრონით თავდასხმას უკავშირდება. მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს", მუშაობა 10 აგვისტოს ღამითაც შეჩერებული იყო. 11 მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში ძლიერი ხანძარი იყო.
კიევში აფეთქებების ხმა ისმის, კლიჩკო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს
უკრაინის დედაქალაქ კიევში პარასკევს რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოაცხადა. მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს. საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები გაუშვა კიევის რეგიონში. „აფეთქებები ქალაქში. დარჩით თავშესაფრებში!” დაწერა კლიჩკომ Telegram-ზე. მისი თქმით, ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა დაშავებულები არ არიან. Reuters-ის ჟურნალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, მაგრამ ადგილმდებარეობის დაზუსტება ვერ შეძლეს. თავის მხრივ, ეროვნული ტელემაუწყებელი Suspilne აკონკრეტებს, რომ აფეთქებები ვინიცისა და ხმელნიცკის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში ფიქსირდება. ხმელნიცკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვა აქაც მუშაობს.
შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა გაიზარდა
შოვის სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნაპოვნია ერთი ცხედარი. შესაბამისი განცხადება მედიასთან გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის 11 დაკარგულის ძებნა გრძელდება. დაღუპულად ამ დროისთვის ითვლება 22 ადამიანი. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.
კიევში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისია, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე გახდა
კიევში განთავსებული ირლანდიელი დიპლომატები რუსულ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის სამიზნე გახდნენ. კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა, ოსიან სმიტმა დაადასტურა, რომ ირლანდიის დიპლომატიური მისია კიევში იყო ერთ-ერთი იმ 22 უცხოური საელჩოდან, რომელიც ამ ზაფხულის დასაწყისში ჰაკერების ჯგუფის სამიზნედ იქცა. ეს ჯგუფი ცნობილი როგორც - „Cozy Bear“ და დაკავშირებულია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან. სმიტმა განმარტა, რომ ჰაკერების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მათ ირლანდიური მისიის სისტემებში ვერ შეაღწიეს. „მე დარარწმუნა საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა, რომ მათ წარმატებით შეაჩერეს თავდასხმა და რომ ზიანი არ მიგვიღია. ამის შესახებ დეპარტამენტმა ასევე აცნობა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს,“ - განმარტა მინისტრმა. თავდასხმის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პოლონელ დიპლომატს მისი მანქანის პოტენციური მყიდველი დაუკავშირდა და ავტომობილის იმაზე დაბალი ფასი შესთავაზე, ვიდრე დიპლომატს თავდაპირველად ჰქონდა მითითებული. გაირკვა, რომ ფასი რუსმა ჰაკერებმა შეცვალეს. წვდომა კი, ამ მანქანის რეკლამის გამოყენებით შეძლეს. გასულ წელს ირლანდიამ კიბერუსაფრთხოების სფეროში უკრაინას ერთი მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერა გაუწია. უკრაინის დედაქალაქში საელჩოების სისტემაში შეღწევის მცდელობა კიბერუსაფრთხოების კომპანიის Palo Alto Network-ის 42-ე განყოფილების მკვლევრებმა გამოავლინეს. კიბერდანაშაულის დეტალებზე მათ გასულ თვეში ისაუბრეს.
DRI: „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე სოფლები პრაქტიკულად დაცლილია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები - განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები მოინახულეს. „ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ამჟამად მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სოფლების მოსახლეობისგან დაცლაზე წუხილს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია,“ - წერს ორგანიზაცია. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქიდან 25-კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 600-ზე მეტი კომლია და 1,300 მოსახლე ცხოვრობს. გამყოფი ხაზი გალის რაიონის სოფელ ფიჩორსა და განმუხურს შორის გადის. სოფლებს შორის არსებული „გადასასვლელი პუნქტი“ 2017 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. „საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს მცხოვრები სამი ოჯახის კარ-მიდამოს ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ნაწილი კი- ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია; ფაქტია, რომ 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი საგუშაგოების მზაობა ან/და პრევენციული ღონისძიებები რუსული საგუშაგოებისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მკვეთრად მოდუნებულია; გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, თითოეულ საგუშაგოზე მხოლოდ ერთი პირი მორიგეობს. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგუშაგოები ფორმალურია და შინაარსობრივად გაუქმებული, ვინაიდან საოკუპაციო ძალებისგან საფრთხეს თითქოს აღარ მოელიან; უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მსგავსი მოდუნება გაკვირვებას იწვევს,“ - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
ძებნის არეალი ფართოვდება - შოვის სტიქიის მე-9 დღე
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. დღეს, 11 აგვისტოს, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებით, რიონის კალაპოტში ცხედარი იპოვეს. „მდინარეზე მონიტორინგი სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ხორციელდებოდა. ახლა უკვე ვსაუბრობთ პერიმეტრის გაზრდაზე. ამ დროისთვის მონიტორინგი 30 კმ-იან პერიმეტრზე მიმდინარეობს. დღის ბოლოდან კი, ან ხვალ დილიდან, 54 კმ-იან პერიმეტრზე გავალთ - ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია,“ განუცხადა მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა. ამასთან, მდინარეში რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა: „ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას.“ თემურ მღებრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მდინარეში სამძებრო სამუშაოში უკვე ნავებია ჩართული. „ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა. ნავების საშუალებით მივდივართ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ფეხით მიუდგომელია,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. დღესვე, ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა განაცხადა, რომ შოვის სტიქიის ზონაში სამუშაო არეალი გაფართოვდა და მიმდინარეობს ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა. „ავტომობილების გარკვეული ნაწილი, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი, გამოყვანილია და ეტაპობრივად ხდება სხვა ავტომანქანების გამოყვანა. არეალი გაფართოვდა, მათ შორის, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიმდინარეობს სამუშაო,“ - აღნიშნა მერმა. ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.
დრონების შეტევისა და ხანძრის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვში, კარამიშევსკაიას სანაპიროსთან აფეთქება მოხდა
მოსკოვში 11 აგვისტოს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. უფრო ადრე კი, „ვნუკოვოს“ აეროპორტის საჰაერო სივრცე დაიხურა. მანამდე ძლიერი ხანძარი იყო. მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში. სამივე ამ შემთხვევას დრონების თავდასხმას უკავშირებენ. რაც შეეხება უკანასკნელ აფეთქებას, ტელეგრამ არხ „ბაზას“ და ტელეარხ 360-ის ცნობით, მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, კარამიშევსკაიას სანაპიროს მიდამოში დრონის მსგავსი ობიექტი ჩავარდა. აფეთქების ხმა გაიგო მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკის მოსახლეობამაც, რომელიც კარამიშევსკაიას სანაპიროდან 20 კილომეტრში მდებარეობს. დრონის მსგავსი ობიექტი ასევე იპოვეს ნოვორიჟსკოეს გზატკეცილთან. რუსეთი დრონებით შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია ინფორმაციისთვის, დღეს, 11 აგვისტოს, კალუგის ოლქში ხანძარი, გუბერნატორმა მეხის ჩავარდნას დაუკავშირა.
ლუკაშენკო: არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, აცხადებს, რომ ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს. „ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, პირველ რიგში, აღმოსავლეთის - რუსეთის, ჩინეთის ხარჯზე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ევროკავშირი - ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება დაიკარგოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ინფორმაციისთივის, მედიამ 9 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს. ასევე 9 აგვისტოს გავრცელებული ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნიდა. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
სამანტა პაუერი შოვის სტიქიაზე: USAID-ი თანამშრომლობს მხარდაჭერისთვის
USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი შოვის სტიქიას ეხმაურება. „ვფიქრობ იმ ადამიანების ოჯახებზე, რომლებიც საქართველოში, რაჭის რეგიონში გამანადგურებელი მეწყერის დროს დაიღუპნენ. დიდი მადლობა მამაც მაშველებსა და მოხალისეებს, სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. მხარდაჭერისთვის USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან,“ - წერს სამანტა პაუერი Twitter-ზე. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.
ISW: კრემლი ინტერნეტ გიგანტ Yandex-ის „კრიპტო-ნაციონალიზაციას“ ისახავს მიზნად
ISW: კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს რუსული ინტერნეტ გიგანტის Yandex-ის კრიპტო-ნაციონალიზაციას, რათა გააძლიეროს კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. რუსული ინტერნეტკომპანია Yandex, სავარაუდოდ, ცდილობდა ბალანსის დაცვას კრემლსა და მის უცხოურ მმართველ ორგანოებს შორის, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, კრემლთან ბრძოლას აგებს, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო განახლებაში. „როგორც ჩანს, კრემლი აიძულებს Yandex-ს, დისტანცირება მოახდინოს საერთაშორისო შვილობილი კომპანიებისგან, მათ შორის Yango Israel-ისგან, რათა დაემორჩილოს მკაცრ რუსულ კანონებს მონაცემთა გამჟღავნების შესახებ - მოითხოვს რა Yandex-სგან, მიაწოდოს მომხმარებლის მონაცემები რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB). ზოგიერთი რუსული წყარო ვარაუდობს, რომ Yandex-ის კორპორატიული განვითარების მრჩეველმა, ალექსეი კუდრინმა მცდელობის მიუხედავად ვერ გადააქცია Yandex-ი ეროვნულ კერძო კომპანიად, რომელსაც პუტინის პირადი ბანკირი, იური კოვალჩუკი აკონტროლებდა,“ - წერს ISW. 10 აგვისტოს Yandex-ის დამფუძნებელმა, არკადი ვოლოჟმა საჯაროდ პირველად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ფინეთმა და ნორვეგიამ Yandex-ს მონაცემების რუსეთში გადაცემა აუკრძალეს - Reuters ინფორმაციისთვის, ფინეთის ხელისუფლებამ Yandex-ის აქტივების კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არკადი ვოლოჟი 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. Yandex-ის განცხადებით, მაშინ ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და განაცხადა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.
Chinook-ის ტიპის ვერტმფრენების შეძენის შემდეგ, გერმანიას NATO-ში სიდიდით მეორე ფლოტი ექნება
Chinook-ის ტიპის საფრენი აპარატის შეძების შემდეგ, გერმანიას (აშშ-ის შემდეგ) NATO-ში სიდიდით მეორე ფლოტი ექნება. ამის შესახებ საჰაერო ძალების უფროსმა განაცხადა. Reuters-ი გასულ თვეში წერდა, რომ გერმანია 60 ერთეულ Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს Boeing-ისგან (BA.N) შეიძენდა. პაკეტის ღირებულება, მათ შორის, თვითმფრინავისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფასი, 8,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. თითქმის 50 ვერტმფრენი განთავსდება აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰოლზდორფ/შონევალდეს მხარეში, სადაც დამატებით, 1000 ჯარისკაცი განლაგდება „შონევალდე შეასრულებს უნიკალურ საკვანძო როლს საჰაერო ძალებისთვის, მთელი ბუნდესვერისთვის და გერმანიის უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა ინგო გერჰარცმა.
ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელები გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. ამის შესახებ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელებად უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და რომლებსაც ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ. „ჩვენი გადაწყვეტილებაა, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას ნიშნავს ომი და ომის დროს ცინიზმი თუ მექრთამეობა, სახელმწიფოს ღალატია,“ – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 23 ივლისს გამოცემული განკარგულებით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. კომისია უკრაინის ყველა რეგიონში სამხედრო კომისარიატების მუშაობას შეამოწმებს.
საპატრიარქო შოვის სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას ემიჯნება
საქართველოს საპატრიარქო შოვის ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, „თავი შეიკაონ არასწორი შეფასებებისაგან.“ „დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკაონ არასწორი შეფასებებისაგან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს,“ - ნათქვამია განცხადებაში. დეკანოზმა დავით ისაკაძემ შოვის სტიქია ერთი წლის წინ ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. მისი ქადაგებიდან ამონარიდი გავრცელდა, რომლის თანახმად, „ფესტივალის 3 დღის განმავლობაში, „ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა.“
სურსათის ეროვნული სააგენტო შოვზე: ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყულ ცხოველებს სრული წესების დაცვით დამარხავენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. „სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია სალიკვიდაციო სამუშაოში ჩართულ სტრუქტურებთან და სამსახურებთან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე ან რისკი არ არსებობს. დაღუპული ცხოველების დამარხვა სრული ვეტერინარული წესების დაცვით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოს ჩაატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც ზედამხედველი ორგანო, ჩართულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ზედამხედველობას გაუწევს, რომ გამორიყული ცხოველები სრული წესების დაცვით დაიმარხოს,“ - განაცხადა ვასილ ბასილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.
შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნაპოვნია კიდევ ორი ცხედარი. ერთი ცხედარის პოვნის შესახებ დღეს, 11 აგვისტოს დილით გახდა ცნობილი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. ამ დროისთვის სულ 9 ადამიანს ეძებენ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. ძებნის არეალი ფართოვდება - შოვის სტიქიის მე-9 დღე
ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი კომპანიის განცხადებით, დაგეგმილია კომპლექსის აღდგენა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა
ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი შპს „ნეო სითი დეველოპმენტმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალედაუბრუნდება. 7 აგვისტოს, „ნეო დეველპპმენტსა“ და „შპს ლაგუნა ვერეს" შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. „ტრანზაქციის დასრულების შემდგომ ლაგუნა ვერე გადავა კომპანიის მფლობელობაში. დაგეგმილია საცურაო კომპლექს „ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად. კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს," - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის ავიახაზებმა ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო
მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან სომხეთის ავიახაზებმა ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით ფრენები დაიწყო. იუწყება სომხეთის საერთაშორისო აეროპორტების პრესსამსახური. ფრენები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
აშშ ირანის მიერ დაკავებული ხუთი ამერიკელის ციხიდან გათავისუფლებას ადასტურებს, სანქციების შემსუბუქებას კი, უარყოფს
ამერიკის შეერთებულმა შტატების ინფორმაციით, ხუთი ამერიკელი, რომლებიც ირანმა უსამართლოდ დააკავა, ციხიდან გაათავისუფლეს. თეთრი სახლი ადასტურებს, რომ სიამაკ ნამაზი, ემად შარგი, მორად ტაჰბაზი და მეოთხე ამერიკელი, რომლის ვინაობა საჯაროდ არ არის ცნობილი, ხუთშაბათს გადაიყვანეს თეირანის ცნობილი ევინის ციხიდან. მეხუთე ამერიკელი, რომლის ვინაობაც ასევე საჯაროდ არ არის ცნობილი, უკვე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. თავის მხრივ, ირანის მისიამ გაეროში, თეირანის ევინის ციხიდან ამერიკელი პატიმრების გადაყვანა დაადასტურა. მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი გათავისუფლება „მესამე მხარის“ შუამავლობით გახდა შესაძლებელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანის ციხიდან ხუთი ამერიკელის გათავისუფლება „პოზიტიური ნაბიჯი“ და პროცესის დასაწყისია, რომელიც მისი მოლოდინით, ამჟამად უკვე შინაპატიმრობაში მყოფების შეერთებულ შტატებში დაბრუნებით დასრულდება. ბლინკენმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები ირანს სანქციების შემსუბუქებას არ შესთავაზებს.
6 დასავლური ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
ექვსი დასავლური ქვეყანა, საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავს ეხმაურება. გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი წევრის - შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ალბანეთის, იაპონიის და მალტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ და დღეს უკრაინის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს. საქართველოს შესახებ საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექვსი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს დემოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადება ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ სხვა ქვეყნის დიპლომატების თანდასწრებით წაიკითხა. მან დაგმო რუსეთის „სასტიკი შეჭრა და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე, მოსკოვის „ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ." ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ „ბორდერიზაციის“ პროცესს, სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადასასვლელი პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელშეშლას თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებას. საბჭოს წევრები დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ „დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.“ ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს წესდების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რაც ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. ამასთან, ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუშვას.