ძებნის რეზულტატი:

ლიეტუვაში სამხედრო წვრთნები - Ferce Wolf დაიწყო

ლიეტუვაში,იონავის, კაუნასისა და პრიენაის რაიონებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საველე ტაქტიკური სწავლება - „Ferce Wolf“ გაიმართება. ინფორმაციას ლიტვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, წვრთნები 16-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.   მებრძოლებს ტაქტიკური მარშის, დაზვერვის სხვადასხვა სახეობას, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის წარმოების და სხვა თავდაცვით ამოცანებს შეასწავლიან.   „წვრთნებში პროფესიონალი სამხედროები, წვევამდელები, თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებული მოხალისეთა გასამხედროებული სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.    

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.  

Red Wings-ის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამ შემთხვევაში საქმე სახიფათო მომსახურების გაწევის მუხლით, ხოლო მანამდე მომსახურების არასათანადო შესრულების მუხლით აღიძრა. ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ ტექნიკური გაუმართაობის გამო ავიაკომპანიის კუთვნილი სამი "ბოინგ 777-დან" ორი მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად ფრენები მრავალი საათით გვიანდებოდა. ამას ბევრი რეისის დაგვიანება მოჰყვა. ტურისტები თურქეთის ქალაქ ანტალიაში ერთ დღეზე მეტხანს შეყოვნდნენ. Red Wings-ის მგზავრების გადასაყვანად რამდენიმე რეისის შესრულება ავიაკომპანია Икар-ს მოუწია. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ხარვეზები გამოასწორეს და 16 აგვისტოდან ფრენებს დაგეგმილი გრაფიკით შეასრულებენ. დღეს, 16 აგვისტოს კი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Red Wings-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღძრა, რომ 13 აგვისტოს ავიაკომპანიამ ანტალიიდან მგზავრების ჩამოსაყვანად გაგზავნა გაუმართავი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე არ მუშაობა კონდიციონერი, რამაც მგზავრთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზული ხიფათი შეუქმნა. ავიაკომპანიას ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. აშშ-სა და ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის სამოქალაქო ავიაციას. ევროპულ და ამერიკულ მწარმოებლებს ეკრძალებათ რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიყიდვა და რუსული ავიახაზებისთვის, მათ შორის "ბოინგისა" და "ეარბასის" თვითმფრინავებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. რუსეთი იძულებულია, მიმართოს ე.წ. „კანიბალიზაციას“ - რაც ძველი თვითმფრინავების დაშლას ნიშნავს, მისი ნაწილების სხვა თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებისთვის გამოსაყენებლად,“ - წერია სტატიაში. ცნობისთვის, ავიაკომპანია Red Wings-ი თვითმფრინავ Sukhoi Superjet 100-ით, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებებით დაფრინავს.  

სარჯველაძე: თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, უნდა მოხდეს დეოკუპაცია

საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია. ასე პასუხობს „ქართული ოცნების" წევრი „ბლექ სი არენის" სცენაზე ბენდ The Killers-ის კონცერტთან დაკავშირებულ ინციდენტზე დასმულ შეკითხვას. რაც შეეხება კონცერტზე მისულ მსმენელთა რეაქციას, IPN-ის ცნობით, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ცალკე საკითხია და არ ჰგონია, რომ "ცალკეული რეაქციები გადაჭარბებულად უნდა შეფასდეს." „თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას - უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია - ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება! მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს - იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. Black Sea Arena: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ბოდიშს ვიხდით .  

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო ვიზიტით ბელორუსში იმყოფება

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ 16 აგვისტოს ბელორუსში ჩავიდა. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BELTA ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. BELTA-ს ცნობით, ბელორუსში შეხვედრებისას განიხილება სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. ლი ასევე ეწვევა რამდენიმე სამხედრო ობიექტს. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთსა და ბელორუში ჩადის 15 აგვისტოს ლი შაგფუ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, მოსკოვში შეხვდა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა გამოვიდა გაფრთხილებით „დასავლეთის სავარაუდო მცდელობებსთან მიმართებით, გამოიყენონ ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად.“ მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მცდელობები „რა თქმა უნდამ მარცხით დასრულდება.“ ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს სამხედრო კავშირები, ჩაატარეს ერთობლივი პატრულირება და სამხედრო წვრთნები. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აპრილში მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და პირობა დადო, რომ გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას. ივლისში, პეკინში ლი შანგფუ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელს შეხვდა.   CNN: საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრების შემდეგ, პეკინი მოსკოვს არწმუნებს, რომ უკრაინის ომში „მიუკერძოებელი“ რჩება   შეგახსენებთ, ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებში ჩინეთის მონაწილეობა პროდუქტიული ნაბიჯია. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში ჩინეთი თავს იკავებს მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოსკოვმა უკრანაში ომი დაასრულოს. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში რაც შეეხება ბელორუსს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

NATO-ს ქოლგა და „ტერიტორიული პრობლემები“ - რა განაცხადა ალიანსის მაღალჩინოსანმა

საერთაშორისო მედიაში განხილვის თემაა NATO-ს მაღალჩინოსნის სიტყვები, რომლის თანახმად, „უკრაინას შეუძლია, დაუთმოს ტერიტორიები რუსეთს, წევრობისა და ომის დასრულების სანაცვლოდ.“ NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის თქმით, ეს შეიძლება, გამოსავალი იყოს არსებული სიტუაციიდან. ამ სიტყვებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა, კიევის მკაცრი რეაქცია და გაბრაზება მოჰყვა. „ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება, იყოს უკრაინის ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ, NATO-ს წევრობის მიღება“, - განუცხადა იენსენმა ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომისშემდგომი სტატუსის შესახებ დისკუსიები დიპლომატიურ წრეებში გრძელდება. უფრო კონკრეტულად, მედიაში 15 აგვისტოს გავრცელდა  NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის სიტყვები, რომლითაც ის ასევე განმარტავდა, რომ უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს, როდის და რა პირობებით სურს მოლაპარაკება რუსეთთან.  „მე არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს შესაძლო გამოსავალი,“ განმარტა იენსენმა. ალიანსის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა განმარტება, შესაბამისად, უცნობია მეტი დეტალი, თუ რას გულისხმობდა იენსენი. თუმცა ამ საკითხზე NATO-ს პოზიციები არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ყველა ქვეყანა საკუთარ მომავალს თავად ირჩევს. კამათის გამომწვევ შეფასებასთან დაკავშირებით, კომენტარები კეთდება საქართველოშიც. „საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ, ალტერნატივა ჰქონდეს,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ 16 აგვისტოს მედიასთან საუბრისას. „ამიტომ ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ყველას მხედველობაში აქვს მისაღები, რომ, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს საქართველო ვერ შეუერთდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწევს ამის მხედველობაში მიღება, ვინც ისაუბრებს საქართველოს ან უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის ზუსტად სირთულე, თუმცა გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის შემოთავაზებების გაკეთება, თუ ჩავთვლით ამას შემოთავაზებად, არის კატეგორიულად მიუღებელი,“ – განაგრძო სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხსენებული მიდგომა მიუღებელია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ NATO-ში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. „ტერიტორიის გაცვლა NATO-ს ქოლგაზე? უცნაურია,“ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი NATO-ს მაღალჩინოსნის განცხადებას. „ეს ნიშნავს რომ, მიზანმიმართულად წავიდეთ დემოკრატიის დაკარგვაზე, გლობალური კრიმინალის წახალისებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სავალდებულო გადაცემაზე სხვა თაობებისთვის,“ – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ განიცადა გამანადგურებელი მარცხი, ომი აუცილებლად დაბრუნდება და გაგრძელდება. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი განახლება: NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა უკრაინასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეცდომა უწოდა. განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს ეხებოდა.“ „მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა,“ – განაცხადა სტიან იენსენმა.

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ქეთევან დუმბაძეს "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშვნას ულოცავს

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ქეთევან დუმბაძეს "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშვნას სპეციალური წერილით ულოცავს. ერთობლივ წერილს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქვეყნებს. „კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქეთევან დუმბაძეს წარმატებას ვუსურვებთ. ქეთევან დუმბაძე ლიტერატორებისა და მწერლების დიდი ოჯახის წევრია. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მინდობილ საქმეს მთარგმნელობით კოლეგიასა თუ სატელევიზიო ჟურნალისტიკის სფეროში. როგორც ავტორი და პროდიუსერი, ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა. ქეთევან დუმბაძე მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ლიტერატურული სფეროს მრჩევლად და არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა თანამედროვე ლიტერატურის, წიგნისა და ავტორთა პოპულარიზაციისთვის. პროექტით „ცოცხალი წიგნები“, უკვე აღიარებულ თუ ახალბედა ავტორებთან ერთად, მან საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა. თანამედროვე ავტორები უკვე მერვე წელია ხვდებიან საზოგადოებას, მკითხველებს, ახალგაზრდებს საქართველოს ყველა კუთხეში, უნივერსიტეტებში, სახლ-მუზეუმებში, სკოლებში. ამავე პროექტის წიაღში შეიქმნა „მწერლის თეატრიც“, რომელიც თავდაპირველად მარჯანიშვილის თეატრში იმართებოდა, ახლა კი თუმანიშვილის თეატრში იმართება. ამავე პროექტით ქართველი ავტორები მონაწილეობენ ლიტერატურულ ფესტივალებში იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, ისრაელში, თურქეთში, ხვდებიან ქართულ სათვისტომოებს, საკვირაო სკოლებს, მონაწილეობენ მთარგმნელობით ვორკშოპებში. ქართველი ავტორების არაერთი კრებული გამოიცა უცხოეთში, რომელთა თარგმანის ხელშეწყობაც სწორედ „ცოცხალი წიგნების“ მეშვეობით ხორციელდება. ქეთევან დუმბაძის ინიციატივით შეიქმნა 120-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მწერლის ვიდეო პორტრეტი და უნიკალური ვიდეო ფონდი. ასევე შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ჭაბუა ამირეჯიბზე, მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად. სახელმწიფო ლიტერატურული კონკურსები („ლიტერა“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში, „მუზა“) მისი უშუალო ინიციატივით ან აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა. და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია: ნებისმიერ პროექტში, კონკურსში, ფესტივალსა თუ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ქეთევან დუმბაძეს არასოდეს შეურჩევია ხელოვანები მათი პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით. ზემოთქმული მხოლოდ ნაწილობრივი აღნუსხვაა იმ საქმეებისა, რაც ქართული მწერლობის წინსვლისთვის ქეთევან დუმბაძეს დღემდე გაუკეთებია. საყოველთაოდ ცნობილია ქეთევან დუმბაძის საუკეთესო პიროვნული თვისებები - სიკეთე, გულისხმიერება, ურთიერთობის იშვიათი უნარი... სხვადასხვა თაობის უამრავ ქართველ მწერალს პირადად უგრძნია მისი გამორჩეული ყურადღება და გულისხმიერება. ვულოცავთ ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებას ქართული კულტურის სასიკეთოდ,“ - ნათქვამია წერილში. განცხადება და ხელმომწერთა სია - სრულად. ქეთევან დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება, იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა. „მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე,“ - აცხადებდა ის რამდენიმე დღის წინ. რატომ დაუჭირა მხარი უცხოური აგენტების შესახებ კანონს, ქეთევან დუმბაძემ ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში.“ ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს. განცხადების ავტორების თქმით, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.“ მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ, ორგანიზაციის სახელით განცხადება გავრცელდა, რომელშიც საუბარია, რომ „პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის რიგი პროექტების თავისუფალ მართვას.“  

სამხედროებმა ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების სამხედროებმა გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.  

ევროკომისია: რუსეთისა და ბელორუსის პროგრამებისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული €135 მილიონი, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებას მოხმარდება

ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვისთვის გაწერილ პროგრამებს მოხმარდეს. ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისარმა, ელისა ფერეირამ განმარტა, რომ რუსეთთან და ბელორუსთან თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის შედეგია. „მოხარული ვარ, რომ თანხები, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა დაგეგმილი, ახლა ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვას მოხმარდება. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეგიონებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან,“ - განაცხადა ფერეირამ. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე კონკრეტულად, დაფინანსება მხარს დაუჭერს შემდეგ აქტოვობებს: სოლიდარობის ხაზებისა და ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ჯანდაცვის სერვისების, საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, სოციალური ინკლუზიის სქემების, ასევე უკრაინისა და მოლდოვის საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ევროკომისიამ რუსეთთან და მის მოკავშირე ბელორუსთან თანამშრომლობის პროგრამები შეაჩერა და მათთვის განკუთვნილი €26 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადასცა. 2023 წლის 16 აგვისტოს გამოცხადებული ამავე გადაწყვეტილებით, 2021-2027 წლებისათვის დარჩენილი დაფინანსებაც იმავე წესით გადანაწილდება. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

ტასმანია ავსტრალიის პირველი შტატია, სადაც ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკა აკრძალეს

ტასმანიის შტატის მთავრობის ცნობით, ტასმანია ავსტრალიის პირველი შტატი გახდა, სადაც ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკა აკრძალეს. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კანონმდებლობა მოიცავს სვასტიკების გამოყენებისა და ნაცისტური მისალმების აკრძალვას. კანონდარღვევის პირველ შემთხვევაში სამი თვით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული.  „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლენას ჩვენს საზოგადოებაში და მოხარული ვარ, რომ პირადად ვუძღვებოდი ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც დაგვეხმარება უფრო უსაფრთხო და მზრუნველი საზოგადოების შექმნაში,“ - განაცხადა ტასმანიის გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ელის არჩერმა. კანონი სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს შევა ძალაში. ტასმანიის კანონპროექტი პირველია ავსტრალიაში, რომელიც ნაცისტურ მისალმებას კრძალავს, მაგრამ სვასტიკა შარშან აიკრძალა ვიქტორიას შტატში. ფედერალური მთავრობა ასევე განიხილავს კანონს, რომელიც ნაცისტური სიმბოლოების და ატრიბუტების გაყიდვასა და საჯარო ჩვენებას აკრძალავს. ავსტრალიური მაუწყებლის, ABC-ის ცნობით, ავსტრალიაში  ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან ძალადობის შემცველი მუქარები გაზრდილია LGBTQ თემის მისამართით.  

СNN-მა ყირიმის ხიდზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა CNN-ს მიაწოდეს ექსკლუზიური კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია 17 ივლისს ყირიმის ხიდის საყრდენზე მომხდარი თავდასხმა. კიევმა პირველად, ოფიციალურად აღიარა თავისი უშიშროების ძალების მონაწილეობა ამ თავდასხმაშიც. Exclusive: Video footage shows the moment Ukraine used an experimental drone to attack a Russian bridge, as its security services warn more assaults will follow.https://t.co/OAPg67JR6b pic.twitter.com/yHmHZTn7I6 — CNN (@CNN) August 16, 2023 უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროებმა CNN-ს მიაწოდეს ასევე ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომლებზეც დრონების აფეთქების მომენტი ჩანს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა CNN-ს განუცხადა, რომ თავდასხმისას საზღვაო დრონი Sea Baby გამოიყენეს. მალიუკის თქმით, ამ დრონების საშუალებით განხორციელდა თავდასხმა ყირიმის ხიდზე, ასევე, იერიში რუსეთის სადესანტო ხომალდ Оленегорский горняк-და და ტანკერ Сиг-ზე. უკრაინამ ოფიციალურად ივლისში დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში. მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი ადვოკატები აშშ-ში სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ

ამერიკის საელჩოს ინფორაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სასწავლო ტური უისკონსინის შტატში შედგა. „საქართველოში მართლმსაჯულებისა და დაცვის ხელმისაწვდომობის გაძლიერებისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან. ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიულ განვითარებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზეა მიმართული. ახლახან დავასრულეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სასწავლო ტური უისკონსინის შტატში, სადაც ქართველი ადვოკატები სემინარებსა და სასამართლო პროცესებს დაესწრნენ. აშშ-ის საელჩო: ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სასწავლო ტური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით განხორციელდა,“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.  აშშ-ის საელჩო: ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მოვამზადეთ  

ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა

ლიეტუვამ ოთხშაბათს გადაწყვიტა, რომ ბელორუსის საზღვართან მდებარე თავისი ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახუროს. იუწყება Associated Press-ი.  ლიტვის მთავრობამ განაცხადა, რომ ტვერეციუსსა და სუმსკასში გადასასვლელები დაიკეტება და მოძრაობა გადაინაცვლებს მედინინკაის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომელიც ლიეტუვის ექვსი გამშვები პუნქტიდან ყველაზე დიდია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიეტუველები რუსეთთან დაკავშირებული „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელორუსში ყოფნაზე სულ უფრო მეტად გამოთქვამენ შეშფოთებას. პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.  

კობახიძე: რეალურად, დავით ჯელაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ დისშვილი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა. „მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბრი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, დათო არის გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა, რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისშვილი გაეყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას გამოვლი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული..." განუცხადა კობახიძემ მედიას. მას მის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენეს, რომლის თანახმადაც, „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს; საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი; გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა, ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.“ „იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც მე პირველად ვნახე. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელებში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო დადებული. ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო ატვირთული. მან პირადად მომიყვა ისტორია, თუ რა გადახდა. სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ჯელაძეს „გული ვატკინე“ (რაც მან თქვა). ეს არის ძალიან დასანანი..." - განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას. „მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით,“ - აცხადებდა კობახიძე 14 აგვისტოს, რასაც სტიქიას გადარჩენილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედით ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა - „ეს როგორ შეძელი“. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე როგორ შეძლო გადასვლა ბავშვით, წარმოუდგენელიაო - მართლა წარმოუდგენელია, როგორ გავაკეთეთ ეს მე და მაშომ. იმ ადგილზე გაჩერება შეუძლებელი იყო ისეთი ლაფი იყო. მიწის სუსტი მასა იყო. იქ რომ გაჩერებულიყო, წამიერად ჩაიძირებოდი და დაიხრჩობოდი. ვფიქრობდი, რომ მეორე მხარე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვეწეოდა, არ გადაგვივლიდა ზემოდან. ვჩქარობდი, არ ვიცი როგორ გავაკეთე. რომ ვიხსენებ, რა ისტორია გადაგვხდა თავს და ამ დროს, ირაკლი კობახიძე გამოდის სიტყვით და ამბობს, ტყუილს იძახიო, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, “- განაცხადა ჯელაძემ. მისივე თქმით, სტიქიას გადარჩენილებს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. უფრო ვრცლად - შოვის სტიქიას გადარჩენილი 3 აგვისტოზე

ჩეხეთმა აშშ-სთან ხელშეკრულება დაამტკიცა და საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის განთავსება გაამარტივა

ჩეხეთის რესპუბლიკამ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია დაასრულა. შეთანხმების თანახმად, სამხედრო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება და გამარტივდება აშშ-ის ჯარების განთავსების პროცესი ჩეხეთის ტერიტორიაზე. ამასთან, აშშ-ის ნებისმიერ განთავსებას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც დასჭირდება ჩეხეთის მთავრობისა და პარლამენტის თანხმობა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს, დოკუმენტი ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოებს ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებისთვის. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან ერთად, ხელშეკრულებას 23 მაისს, ვაშინგტონში მოაწერა ხელი. აშშ-ს მსგავსი შეთანხმებები NATO-ს 24 სხვა წევრ ქვეყანასთანაც, მათ შორის პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან აქვს.

თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას

შსს-ს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს. დამაზუსტებელ კითხვას მღებრიშვილმა უპასუხა: „ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება.“ ხვალიდან იწყება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და აქტიური სამძებრო სამუშაო.“ „ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად ჩვენ უკვე მთლიანად გვაქვს ტერიტორია შემოწმებული. დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს, ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, რისი საშუალებაც ნიადაგის გამო ამ დრომდე არ მოგვეცა. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი. უკვე ნიადაგი მყარია და ხვალ დილიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ სამძებრო სამუშაოს. როგორც მოგეხსენებათ, მდინარე რიონის და მდინარე ჭანჭახის ხეობებში 54 კილომეტრიანი მონაკვეთის გადამოწმება მიმდინარეობს, როგორც მცურავი, ისე კინოლოგების საშუალებებით. ასევე, მდინარის კალაპოტში მეხანძრე-მაშველებიც გადაადგილდებიან ფეხით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგი. რაც შეეხება მონაცემებს, სტატისტიკა დღეს სამწუხაროდ არ შეცვლილა. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი. დაკარგულების რაოდენობაა შვიდი. რამდენიმე ადამიანზე ველოდებით დნმ-ის პასუხებს. ასევე პროზექტურაში, ადამიანის ორი ფრაგმენტია, რომლის იდენტიფიცირების პასუხსაც ველოდებით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.  

უკრაინა და რუმინეთი ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე შეთანხმდნენ

უკრაინის მთავრობამ რუმინეთთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის დასავლეთ ზაკარპატიის ოლქში ახალი სასაზღვრო პუნქტის შექმნას ეხება. გადასასვლელი პუნქტი იმოქმედებს დასავლეთ უკრაინის სოფელ ბილა ცერკვასა და ჩრდილოეთ რუმინეთში სიგეტუ მარმაციეის შორის. ორ დასახლებას ჰყოფს მდინარე ტიზა, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვარს აყალიბებს. 6 ივნისს უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ევროკავშირს მიმართოს დაფინანსებისთვის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული სერვისებისთვის, რაც აუმჯობესებს კავშირს მის დასავლელ მეზობლებთან. ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის ადინა ვალეანის თქმით, უკრაინის შესვლა CEF-ში, პირდაპირ გააუმჯობესებს მის კავშირს ევროკავშირთან და მთავრობას საშუალებას მისცემს, მოითხოვოს დაფინანსება ისე ინფრასტრუქტურისთვის, როგორიცაა სასაზღვრო გადაკვეთის პუნქტები. „ეს არის კონკრეტული ნაბიჯი სოლიდარობის გზების შემდგომში გასაძლიერებლად და უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა ვალეანმა. ევროკომისიამ სოლიდარობის გზების სამოქმედო გეგმა 2022 წლის მაისში წამოიწყო იმისთვის, რომ რუსეთის მიერ მისი პორტების ბლოკადის შემდეგ, სარკინიგზო, საავტომობილო და შიდა წყლის გზებით, უკრაინის ექსპორტისთვის ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტები შეიქმნა. მარშრუტები გაივლის უკრაინის დასავლელ მეზობლებს - რუმინეთს, პოლონეთსა და მოლდოვას. WSJ: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით მარშრუტების განვითარებაზე, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

NAEC - ის განცხადებით, ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს

სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით. საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე და 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს.ბ.-თვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. „აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა. დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღესრულებინა 28 ივლისს შემოსული სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია დაინიშნა და ჩატარდა 2023 წლის 25 ივლისს და ამ სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია,“ - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა. 2 აგვისტოს შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ წარადგინეს, შესაბამისად, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.“ მოგვიანებით, NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. აბიტურიენტის უფლებებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს.

ჩეხეთმა რუს ოლიგარქ ბორის ობნოსოვს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსული ჰოლდინგის, „ტაქტიკური სარაკეტო იარაღის" ხელმძღვანელ ბორის ობნოსოვს, მის ქალიშვილსა და სიძეს, რომლებიც პრაღაში ცხოვრობენ, სანქციები დაუწესა. სანქციების სიის მიხედვით, როსტისლავ ზორიკოვი მეუღლე ოლგასთან ერთად პრაღაში ცხოვრობს, სადაც მილიონობით დოლარის უძრავ ქონებას ფლობს. ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა ივლისში განაცხადა, რომ ზორიკოვი ქალაქში 100 მილიონზე მეტი ჩეხური კრონის (4,5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ქონებას მათ შორის, ძვირადღირებულ პენტჰაუსს ფლობს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანახმად, როსტისლავ ზორიკოვი ჩეხეთში ფლობს ასევე კომერციულ უძრავ ქონებას. გარდა ამისა, ზორიკოვის ოჯახი ფლობს მდიდრულ მანქანებს რუსეთსა და ევროპაში. თხუთმეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას, ევროპის საბჭოსა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიმდინარე წლის ივლისში მიმართა ობნოსოვისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით. ინიციატივის ავტორის, პეტარ ტანევის თქმით, მიმართვის მიზეზი გახდა ნავალნის თანამოაზრეების მიერ ჩატარებული გამოძიება პრაღაში ობნოსოვების ოჯახის კუთვნილი მდიდრული უძრავი ქონების შესახებ. „პროცესის დაჩქარების მიზნით, ევროპარლამენტარებმა შეიმუშავეს ეს მოთხოვნა, ისინი ვალდებულნი არიან, ეს საკითხი განიხილონ რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ტანევმა. ევროპარლამენტარები თავიანთ მიმართვაში ევროკომისიას, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში სთხოვდნენ, სანქციების რეესტრში შეეყვანათ ბორის ობნოსოვი და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ქალიშვილი ოლგა ზორიკოვა და სიძე როსტისლავ ზორიკოვი. მანამდე ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტ რაუშანმა აცხადებდა, რომ ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან ერთად განიხილავს ეროვნული სანქციების სიაში პრაღაში მცხოვრები როსტისლავ ზორიკოვის ჩართვის შესაძლებლობას. ცნობისთვის, ჩეხეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია ასევე პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი ევტუშენკოვი. სანქციების სიაში შესვლა ნიშნავს, რომ ინდივიდს აკრძალული აქვს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა. ის ასევე ექვემდებარება აქტივების გაყინვას და ჩეხური სისტემების მეშვეობით ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას. ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებს ჯამში 350 მილიონი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა. გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუს ბიზნესმენს დაუწესა სანქციები. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

მედიის ცნობით, ბულგარეთი უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება

ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართული შეხვედროს დროს გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებები. ამის შესახებ მედია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. როგორც აღინიშნა, ბულგარეთი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, „რომელიც რუსეთის აგრესიას უპირისპირდება, ასევე პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში.“ „ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, ბულგარეთი შეუერთდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას სულ 15 ქვეყანა შეუერთდა. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.