ძებნის რეზულტატი:

ისრაელმა უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტი გადასცა

ისრაელმა უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტი გაუგზავნა. გადაცემული დახმარების სხვა დეტალები უცნობია. „ისრაელმა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე ტონა მედიკამენტი მიაწოდა. ღონისძიება დღეს კიევში, უკრაინაში ისრაელის ელჩის მოადგილის, ლირონ ფინკელშტეინის და უკრაინელი ოფიციალური პირების მონაწილეობით გაიმართა,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მაიკლ ბროდსკიმ. ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე  

Reuters: უკრაინაში შვედურ SKF-ის ქარხანას რაკეტა მოხვდა, დაიღუპა სამი ადამიანი

შვედური საკისრების მწარმოებელი SKF-ი აცხადებს, რომ მის ქარხანას ლუცკში, უკრაინაში ღამით რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც სამი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „წუხელ, უკრაინის ქალაქ ლუცკზე თავდასხმა მოხდა და ჩვენი ქარხანა მოხვდა ამ თავდასხმაში. ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამი კოლეგა დაიღუპა,“ - განაცხადა SKF-ის სპიკერმა, კარლ ბიერნშტამმა. ცნობისთვის, სამრეწველო საკისრების მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელს უკრაინაში დაახლოებით 1100 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა ლუცკის ქარხანაში მუშაობს. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო.  

ცივი ომის შემდეგ, პოლონეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა

ცივი ომის შემდეგ, ვარშავაში პოლონეთის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა. გამოფენილ აღჭურვილობას შორის იყო შეერთებული შტატებისგან შეძენილი M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებსი, სამხრეთ კორეული K2-ის ტიპის ტანკები და K9-ს თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე, HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებები, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და პოლონური წარმოების Borsuk-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა აღჭურვილობა. „15 აგვისტო არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, რომ პატივი მივაგოთ ვარშავის ბრძოლაში გამარჯვებულ გმირებს და მადლობა გადავუხადოთ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს შესანიშნავი დღეა ჩვენი ძალის დემონსტრირებისთვის, იმის დასანახად, რომ ჩვენ შევქმენით ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეფექტიანად დაიცავს ჩვენს საზღვრებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. პოლონეთმა პირობა დადო, რომ გააორმაგებს არმიის ზომას და წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 4%-ს დახარჯავს თავდაცვაზე.  

ჩრდილოთ მაკედონია უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიას უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციასთან მიერთებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ ჩრდილოეთ მაკედონიის, რომ შეუერთდა G7-ის დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მხარდასაჭერად და გახდა მე-15 ქვეყანა, ვინც ეს გააკეთა. ვაფასებ პრემიერ-მინისტრ, დიმიტარ კოვაჩევსკის პირად ძალისხმევას ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გასაძლიერებლად,“ - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. საბერძნეთი უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.  

ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებს ჯამში 350 მილიონი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა

ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა. ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რადეკ მატულამ განაცხადა. ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. მან დაარწმუნა უკრაინა, რომ პრაღა მხარს უჭერს კიევის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. „ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშაა, 14 მილიარდ გრივნაზე მეტს შეადგენს (347,36 მილიონი ევრო),”- განაცხადა მატულამ უკრაინის აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, ოლენა დუმასთან შეხვედრისას. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

The Killers-ის კონცერტი მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ბლექ სი არენაზე შეკრებილ მსმენელთა ნაწილმა ტერიტორია პროტესტის ნიშნად დატოვა. ინცინდენტი The Killers-ის კონცერტზე მოხდა. რადიო თავისუფლების ცნობით, აუდიტორიის პროტესტი გამოიწვია ჯგუფის სოლისტის, ბრენდან ფლაუერსის მიერ დარბაზიდან სცენაზე დრამერის აყვანამ, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა. დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები: „რუსეთი ოკუპანტია." თავად მუსიკოსმა კი, განაცხადა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის „დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს. მოქალაქეების გრაკვეულმა ჯგუფმა Facenook-ზე დაწერა, რომ დარბაზს ტოვებდნენ. ქართული მუსიკალური ბენდი, რომელიც დღეს ბლექ სი არენაზე The Killers-ის შოუმდე უკრავდა, მომხდართან დაკავშირებით წერს: „ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ.უნდა იცოდე სად ჩადიხარ! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!" - წერს ბენდი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, The Killers-ის კონცერტებზე ბილეთების ფასი 100-დან 500 ლარამდე იყო.  

ზელენსკი: უკრაინა სამხედრო წარმოებას კიდევ უფრო გაზრდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებით, უკრაინა სამხედრო წარმოებას ამჟამინდელ პირობებშიც კი ზრდის. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას გააკეთა. „ყოველდღე უნდა გვახსოვდეს, რომ წინა ხაზზე ჩვენი მეომრების ნაბიჯები უსაფრთხოებას და დაცულობასთან დააახლოებს ჩვენს ყველა ქალაქებსა და სოფლებს. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ რეგიონებმა იმუშაონ თავდაცვისთვის. კერძოდ, ჩვენ უკვე ვზრდით სამხედრო წარმოებას, თუნდაც არსებულ პირობებში. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით მას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავების წარმოების გაზრდა, ისევე როგორც მათი მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეტევითი ოპერაციების დროს.  

ლატვია ბელორუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის

საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის. ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა. ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ “ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.. ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან. ლატვიური მხარე აღნიშნავს, რომ არალეგალური იმიგრანტების ნაკადის ორგანიზებაში ბელორუსი ოფიციალური პირების მზარდი ჩართულობა ფიქსირდება. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.  

Black Sea Arena: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ბოდიშს ვიხდით

Black Sea Arena The Killers-ის კონცერტზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე, არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია," - წერია კომპანიის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში. The Killers-ის კონცერტი მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა The Killers-ის გარდა, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ასევე დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.  

ტრამპის საქმის განსახილველად ჯორჯიის შტატში ახალი მოსამართლე დაინიშნა

აშშ-ის ყოფილი პრეზოდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამარლის საქმეს, 2020 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობის საქმეზე ჯორჯიის შტატში, მოსამართლე სკოტ მაკაფი განიხილავს. მაკაფი მანამდე ფულტონის ოლქის პროკურორის ფანი უილისის კაბინეტში მუშაობდა. მაკაფი მოსამართლედ მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის ბრაიან კემპის მიერ. მაკაფი მოსამართლე გახდა მას შემდეგ, რაც 2021 წლიდან მსახურობდა გენერალურ ინსპექტორად, იძიებდა ჯორჯიის შტატში აღმასრულებელი ორგანოების თაღლითობისა და გაფლანგვის საქმეებს. მანამდე ის საოლქო პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა. ტრამპი ბრალდებებს უარყოფს. ორწლიანი გამოძიების შემდეგ, აშშ-ის ჯორჯიის შტატის საოლქო პროკურორმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ოლქში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა. ეს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის მეოთხე საქმეა.  

რუსეთი აცხადებს, რომ კალუგის ოლქს დრონები უტევდნენ

რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის კალუგის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს. უწყების განცხადებით, „თავდასხმის მცდელობას" ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. „დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 05:00 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა კალუგის ოლქზე სამი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს," - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს თვითმფრინავი კალუგას რეგიონში, რომელიც მოსკოვს ესაზღვრება. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს შეტევაში მონაწილეობას. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი უკრაინისთვის დამატებით, $24,1 მილიარდის გამოყოფას

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგებს. ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას,“ – აცხადებს ბლინკენი. ენტონი ბლინკენის თქმით, მომდევნო კვირაში წელიწად-ნახევარი გავა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, წელიწად-ნახევარი უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვებიდან, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენებიდან, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში კი, უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მოსკოვს კი, მძიმე სანქციებს უწესებს.  

უკრაინის დამცველებმა სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს - მალიარი

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა , რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება. „უროჟაინოე გათავისუფლდა. ჩვენი დამცველები ამაგრებენ ახლად დაკავებულ პოზიციებს," - წერს მალიარი თავის ტელეგრამ არხზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ იტყობინება წინსვლას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებით. ამაზე მიუთითებდა ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. მოგვიანებით, ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს. მალიარი: ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული  

თურქეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

თურქეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა - სიცხე თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკიმ განაცხადა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, ქალაქ სარიჯაკაიაში იყო. „თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოვუწოდებ ყველას, ყურადღებით იყვნენ ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დასახული მწვანე განვითარების მიზნების შესაბამისად,“ – წერს ოჟასეკი. წინა რეკორდი დაფიქსირდა 2021 წლის 20 ივლისს, როდესაც ტემპერატურა ქალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, პორტუგალიაში ორშაბათს, 7 აგვისტოს, წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ლისაბონის მახლობლად, ქალაქ სანტარემში მეტეოროლოგიური სადგურის წინასწარი მონაცემებით, 7 აგვისტოს ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა - 46,4 ° C. საბერძნეთში ასევე დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ივლისში - 46°C. ძლიერი სიცხეებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის იტალიაში.  

ესტონეთმა შესაძლოა, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა შეუზღუდოს

ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა დროებით აეკრძალებათ. უახლოეს მომავალში სამინისტრო კოალიციურ პარტნიორებს და საზოგადოებას პროექტს წარუდგენს. ახლა ესტონეთში მცხოვრებ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ. შემდეგი ასეთი არჩევნები ესტონეთში 2025 წელს გაიმართება. კანონპროექტი ამტკიცებს, რომ დღევანდელ პირობებში, ესტონეთში რუსების ასეთი უფლება საფრთხეს უქმნის შიდა მშვიდობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან ესტონეთი არ იძლევა გარანტიას, რომ ადგილობრივი რუსები „თავისუფლები არიან თავიანთი ქვეყნის გავლენისგან." შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ესტონეთმა ან ევროპარლამენტმა აგრესორებად აღიარეს, უნდა აეკრძალოთ ხმის მიცემა ადგილობრივ არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ლიეტუვაში ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ 1164 ბელორუსი და რუსი აღიარეს.   

დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა დატოვა

ოდესის პორტი პირველმა გემმა დატოვა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დროებითი დერეფნის ამოქმედების შესახებ განაცხადა. სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა. „JOSEPH SCHULTE-ის საკონტეინერო გემმა (ჰონკონგის დროშა) ოდესის პორტი დატოვა და დროებითი დერეფნის გასწვრივ მოძრაობს, რომელიც სამოქალაქო გემებისთვის შეიქმნა,“ ნათქვამია უკრაინის თემების, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ტელეგრამ არხზე განთავსებულ ინფორმაციაში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დერეფანი ძირითადად გამოყენებული იქნება გემების ევაკუაციისთვის, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დროს უკრაინის პორტებში ჩორნომორსკში, ოდესასა და პივდენში იყვნენ. სამინისტრომ განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის (No6) ბრძანების თანახმად, უკრაინის შავი ზღვის საზღვაო პორტებში სამოქალაქო გემების გადაადგილების დროებითი მარშრუტები 2023 წლის 8 აგვისტოდან ამოქმედდა. უკრაინამ ეს მარშრუტი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასაც (IMO) წარუდგინა. IMO-ს საბჭო აღიარებს უკრაინის საერთაშორისო უფლებას და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო კონვენციები. ბოლოს გემმა ოდესის პორტი მარცვლეულის გარიგების ფარგლებში, 16 ივლისს დატოვა. მარცვლეულის გარიგებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

WSJ: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით მარშრუტების განვითარებაზე, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ თურქეთთან, უკრაინასთან და მის რამდენიმე მეზობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით ალტერნატიული გზები გააფართოოს. The Wall Street journal-ის ცნობით, შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის შესაძლებლობების გაზრდას მდინარე დუნაის გავლით თვეში ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტისთვის. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სორინ გრინდეანუმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად, 2 მილიონი ტონიდან 4 მილიონამდე გეგმავს. მინისტრის განცხადება ქალაქ გალაცში, აშშ-ის, ევროკავშირის, მოლდოვის, რუმინეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მხარეებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გზები განიხილეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ ცალმხრივად შეწყვიტა. დუნაის გასწვრივ უკრაინის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მცდელობების პარალელურად, თურქეთი და გაერო ცდილობენ, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებაში“ დააბრუნონ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ დუნაის სანაპიროზე განლაგებულ უკრაინულ პორტებში მიმავალი გემების დასაცავად, შეერთებული შტატები ყველა შესაძლებლობას, მათ შორის, სამხედრო ვარიანტსაც განიხილავს. სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს „მარცვლეულის შეთანხმება“ მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება - ჰუმენიუკი

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.   „ლოგისტიკა გართულებულია და შენელებულია. გზები მაინც არსებობს, რომლებსაც გამოიყენებენ, თუმცა ეს მარშრუტები გადატვირთულია, რადგან იგივე მიმართულებებია გამოყენებული როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებებისთვის,“ - განმარტა ჰუმენიუკმა.   მისი თქმით, მტერი ხიდების რემონტისთვის ჯგუფების შექმნას ცდილობს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია.   „ეს ნიშნავს, რომ პონტონური გადასასვლელები, როგორც ალტერნატივა, უსაფრთხო არ არის", - აღნიშნა ოპერატიული სარდლობის - სამხრეთის ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა.   ცნობისთვის, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ქერჩის ხიდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს 12 აგვისტოს იუწყებოდა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

სახალხი დამცველი NAEC-ისგან აბიტურიენტისთვის გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე და 2023 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს.ბ.-თვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. შესაბამის ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო, უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება, გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. 27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა. 2 აგვისტოს შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ წარადგინეს, შესაბამისად, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.“ მოგვიანებით, NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. აბიტურიენტის უფლებებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს.  

უკრაინაში 1153 ბავშვი დაკარგულად ითვლება

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ 16216 ბავშვია ნაპოვნი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენის ოფისის პრესსამსახური იტყობინება. „ბავშვების ძებნის სახელმწიფო პორტალის - „ომის ბავშვები“ მიხედვით, 2023 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში 1153 ბავშვი დაკარგულად ითვლება, ხოლო ნაპოვნია  - 16 216 ბავშვი.“ ICC-ს წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ლუკაშენკოს აქტიურ მონაწილეობას ადასტურებს - Telegraph შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით დეპორტაციაში არაერთხელ დაადანაშაულეს, რაც რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით დასტურდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მაგალითად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთში უკანონოდ დეპორტაციის პრაქტიკა ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე არსებობდა. გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია დაგმო