ძებნის რეზულტატი:

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი იანვარ-ივლისში 6.4%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი იანვარ-ივლისში, 17,6 მლნ ტონამდე გაიზარდა, რაც 6,4%-იანი ზრდაა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 23 076,5 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურზე 10,2%-ით მეტია. ნავთობის მთლიანი მოცულობის 76,3%  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) საექსპორტო ნავთობსადენით გადაიზიდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ცნობით, BTC-ის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 2,6 მილიონი ტონიდან 2,9 მილიონ ტონამდე გაიზარდა. აზერბაიჯანმა BTC-ით გაიტანა ნავთობის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 76,3%, რამაც 2023 წლის იანვარ-ივლისში 23,07 მლნ ტონა შეადგინა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს  

ყაზახეთმა აზერბაიჯანს შუა დერეფნის განვითარების განახლებული საგზაო რუკის პროექტი წარუდგინა - მედია

ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ აზერბაიჯანს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების განახლებული საგზაო რუკის პროექტი წარუდგინა. მას TITR-ის მონაწილეები მოაწერენ ხელს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან. მედიის ცნობით, დოკუმენტი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ინსტრუქციები საფუძველზე, ივნისში გამართული შეხვედრის შედეგების შემდეგ შემუშავდა. მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, მარატ კარაბაევმა, რომელიც ყაზახეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია საგზაო რუკის შესახებ. „რუკა ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროპისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირის შესახებ EBRD-ის ანალიტიკურ ანგარიშშია ასახული,“ - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ) იდენტიფიცირებულია, როგორც ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. მისივე თანახმად, CTCN-ს აქვს შემდგომი განვითარების უდიდესი პოტენციალი, რადგან ის იძლევა არამხოლოდ სატრანსპორტო ქსელის განვითარების საშუალებას, არამედ, ასევე შეუძლია, მხარი დაუჭიროს რეგიონულ განვითარებას ცენტრალურ აზიაში. „ამ რეგიონს აქვს ვრცელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც შესაძლოა, შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისა და პროექტების კოორდინირებული განხორციელების საფუძველი გახდეს“, წერია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.  ასევე გაეცანით: ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს

ბრიტანულმა გამანადგურებლებმა შოტლანდიის ჩრდილოეთით ორი რუსული ბომბდამშენი შეაკავეს

დიდი ბრიტანეთის ცნობით, მისმა გამანადგურებელმა (Typhoon) საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შოტლანდიის ჩრდილოეთით, NATO-ს პატრულირების არეალში რუსული საზღვაო საპატრულო ბომბდამშენი შეაკავეს. „თვითმფრინავები გაიგზავნა, რათა გზა ჩაეჭრათ ორი რუსული შორი დისტანციის ბომბდამშენისთვის ამ დილით; აკვირდებოდნენ მათ შეტლანდის კუნძულების ჩრდილოეთით მოძრაობისას. ჩვენ მზად ვართ, დავუპირისპირდეთ ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს,“ - განაცხადა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰეპიმ. შეგახსენებთ, დღესვე დანიისა და ნიდერლანდების F-16-ებმა NATO-ს საჰაერო სივრცისკენ მიმავალ ორ რუსულ ბომბდამშენს გზა ჩაუჭრეს. ბრიტანულმა მოიერიშეებმა NATO-ს საჰაერო სივრცის სიახლოვეს, სამ რუსულ თვითმფრინავს გზა 21 ივნისსაც ჩაუჭრეს. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა. NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა 17 აპრილსაც დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა.  „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაშინ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა. 26 აპრილი - ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს მოიერიშეებმა სამ რუსულ თვითმფრინავს, ბოლო 10 დღეში დაბრკოლება მეორედ შეუქმნეს

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის სატრანზიტო შესაძლებლობების გაორმაგებას გეგმავს

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად, 2 მილიონი ტონიდან 4 მილიონამდე გეგმავს. ამის შესახებ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სორინ გრინდეანუმ განაცხადა. მინისტრის განცხადება ქალაქ გალაცში, აშშ-ის, ევროკავშირის, მოლდოვის, რუმინეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მხარეებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გზები განიხილეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ ცალმხრივად შეწყვიტა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაჩქარდეს,“ - განაცხადა გრინდეანუმ და ხაზი გაუსვა იმ ბოლოდროინდელ თავდასხმებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის პორტებზე განხორციელდა. რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - Bloomberg რაც შეეხება დუნაის ტრანზიტს, მინისტრის თქმით, სულინის არხი რჩება ერთადერთ სიცოცხლისუნარიან მიმართულებად და ამიტომ მისი სიმძლავრის ოპტიმიზაციაა საჭირო. „ეს ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრა მიგვიყვანს იმ ზომებამდე, რომლებსაც მივიღებთ უკრაინიდან რუმინეთის გავლით შემოსული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდის მიზნით,“ - განაცხადა მინისტრმა. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

აშშ უკრაინას დამატებით, $200 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარებას უგზავნის

აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონმა გამოაცხადა. პაკეტშია საბრძოლო მასალები Patriot-ისა HIMARS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე, ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა და სისტემები; 155მმ და 105მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, 120 მმ-იანი სატანკო საბრძოლო მასალა. სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მომსახურება და სხვა აღჭურვილობა.   Reuters-ი  8 აგვისტოს წერდა, რომ აშშ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფას იწყებს მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა.   პენტაგონის მონაცემებით, 25 ივლისის მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,7 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვისთვის მადლობას უხდის: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი საერთო გამარჯვებისკენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მადლობას უხდის ახალი სამხედრო მხარდაჭერისთვის. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter გვერდზე გავრცელდა. „მადლობას ვუხდი ჯოზეფ ბაიდენს, აშშ-ის კონგრესსა და ამერიკელ ხალხს ახალი, 200 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საარტილერიო საბრძოლო მასალები, ნაღმების გამწმენდი სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს. კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი საერთო გამარჯვებისკენ!“ წერს ზელენსკი.   აშშ-მ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონმა გამოაცხადა.  

მედია: თურქეთში მიმავალი BBN Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის აკრძალულ ზონაში აღმოჩნდა

ოსლოდან ანტალიაში მიმავალი BBN Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ( Airbus A320-200) 25 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის სამაუწყებლო კომპანიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, Flightradar24-ის თანახმად, რუმინეთის თავზე ფრენისას თვითმფრინავის პილოტები უამინდობის გამო იძულებული გახდნენ, მარშრუტი შეეცვალათ და შესულიყვნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, რომელიც ომის შემდეგ დაკეტილია. „ჩვენ გვესმის ინციდენტის შედეგად გამოწვეული შეშფოთების და აქტიურად მივიღებთ ზომებს მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად,“ - აცხადებენ ავიაკომპანიაში. თვითმფრინავს 180-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია. თვითმფრინავი თურქული Freebird Airlines-ის მიერ იყო დაქირავებული. ეს არის კომპანია, რომელიც ჩარტერულ რეისებს თურქეთის მიმართულებით ახორციელებს, შესაბამისად, ფრენაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს ოპერატორი იყო.  

მოლდოვა დსთ-ს კიდევ ერთ შეთანხმებას ტოვებს

მოლდოვის მთავრობამ დსთ-ს ფარგლებში განიარაღების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო კომისიის შესახებ შეთანხმების დენონსაციის პროექტი დაამტკიცა. მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ აღნიშნა, რომ 1992 წელს გაფორმებული ხელშეკრულება რესპუბლიკისთვის არ არის აქტუალური. მისი თქმით, 1994 წელს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოლდოვა არ მონაწილეობს დსთ-ს ფარგლებში სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვაში. გარდა ამისა, მოლდოვას რესპუბლიკა იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს და ახორციელებს საერთაშორისო დოკუმენტებს განიარაღების სფეროში. კერძოდ, ევროპაში პირობითი შეიარაღებების შესახებ დოკუმენტს. მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მოლდოვის პარლამენტმა 9 ივლისს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დენონსაციის შესახებ ყველა კანონი პარლამენტს ახლა უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზის მიწოდება დროებით 12500 აბონენტს შეუწყდება

დიღმის მასივში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით გაზის მიწოდება ხვალ დროებით 12500 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, დიღმის მასივში ტექსელის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ძველი გაზსადენიდან ქსელის სრულიად ახალ, პოლიეთილენის მილზე გადაერთება. აღნიშნული სამუშაოს გამო ხვალ, 15 აგვისტოს, 23:00 საათიდან 16 აგვისტოს 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება დიღმის მასივის I კვ-ში მდებარე კორპ. # 1ა, 1ბ, 2ა, 2ბ, 3ა, 3ბ, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 14ა, დიღმის მასივის II კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5ა, 5ბ, 6ა, 6ბ, 7ა, 7ბ, 8, 8ა, 9, 9ა, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, დიღმის მასივის III კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 1ბ, 2, 2ა, 3, 4, 5, 6ა, 6ბ, 6გ, 6ვ, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, რობაქიძის ქ. 7, 7-2, 7-3, 7-4, 7-5, 7-6, 7ა-6, დიღმის მასივის IV კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, დიღმის მასივის V კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 17-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მასივის VI კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 16-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22ა, 22ბ, 23, აკაკი ბაქრაძის ქ. 15, 16 (იგივე მარშალ გელოვანის გამზ. 1, 1-1ა), მარშალ გელოვანის გამზ. 53-ში მდებარე შპს „ცერერას“ საცხოვრებელი კორპუსის, გრიგოლ რობაქიძის ქ. 31-ში (დიღმის მასივის კვ. VI, ნაკვ. 28/017) მდებარე შპს „ნიუ გრუპს“, ახმეტელის ქ. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, აკაკი ბელიაშვილის I ჩიხი 1-ში მდებარე შპს „კარკასს“, აკაკი ბელიაშვილის I ჩიხი 3 (იგივე დიღმის მასივის III კვ. ატს-სა და რესტორან „ბაბილოს“ შორის), ევგენი მიქელაძის ქ. 9ა-ში მდებარე შპს „ბაუსტარი მმ“-ს, ევგენი მიქელაძის ქ. 11, მიქელაძის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და ავტოსადგომის მიმდებარედ) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე და აკ.ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „ვეფხვი“, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, შპს „პლაზა მენეჯმენტი“, ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“, შპს „ნიუ ტექნიკი“, შპს „მეგა პლაზა“, შპს „ენერჯი“, შპს „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, ვასილ ნინუა, შპს „აისლენდი“, შპს „222“, კონსტანტინე ნათიშვილი, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა, შპს „მტკვრისპირი“, შპს „ბი ემ სი გორგია“, მთავარანგელოზთა ეკლესია, შპს „იფქლი დიღომი“, საფეხბურთო კლუბი „დინამო“, შპს „ჯორჯია 444“, სს „მამული“, სკოლა # 140, შპს „ალმა“, ი.მ. დეა სესიტაშვილი, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო“, შპს „ჯითი გრუპი“, შპს „რომა-2010“. შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“, შპს „ელეგანსი“, შპს „სენდმონოპოლი“, შპს „ო-ეს-ბი გრუფი“, ნინო გრძელიშვილი, ფიზიკური პირი როლანდი ლომსაძე, შპს „თბილისის მწვანე სკოლა“, გოჩა კაკაურიძე, შპს V&S Brothers, დავით დუგლაძე, შპს „კახელები ბელიაშვილზე“, ლალი გოჩელაშვილი, სს „ფორ სიზ თრეიდინგი“, ი/მ გიორგი ლაგვილავა და სხვა,“  – აცხადებენ კომპანიაში. მისივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 16 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე დასრულდება.  

გერმანია უკრაინისთვის ყოველწლიურად, $5,5 მილიარდის მოცულობის დახმარების გამოყოფას გეგმავს

გერმანია 2027 წლამდე უკრაინისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს (5,5 მილიარდი დოლარი) მოცულობის დახმარების გამოყოფას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა 14 აგვისტოს განაცხადა. გერმანიის ფინანსთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით 14 აგვისტოს ჩავიდა. უკრაინის ფინანსთა მინისტრ, სერხი მარჩენკოსთან ერთად, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ლინდნერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო მხარდაჭერის გარდა, ბერლინის დახმარება უკრაინისთვის, ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებასაც. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, გერმანიის მხარდაჭერამ 22 მილიარდი ევრო (24 მილიარდი დოლარი) შეადგინა,“ - განაცხადა მინისტრმა. უფრო ადრე, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ღირებულება სავარაუდოდ, დაახლოებით, 17 მილიარდ ევროს შეადგენს.  

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. აქტივისტები შოვის სტიქიაზე ხელისუფლების რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევენ. აქციაზე, რომელიც საღამოს 9 საათზე დაიწყო, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დააკავეს სოფი მესხი და კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი. მისივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე დაკავებიდან 2 საათში გაათავისუფლეს. მათი დაკავების საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა გახდა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ. შს მინსიტრის განცხადებით, 3 აგვისტოს ვერტმფრენები ცუდი ამინდის გამო სტიქიის ზონაში „თითქმის ორი საათის განმავლობაში ღრუბლებს უვლიდნენ, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ.“ გომელაურის თქმით, ვერტმფრენმა დღის განმავლობაში იმუშავა. მან მის მიერ 13 აგვისტოს გაკეთებული განცხადება დღეს, 14 აგვისტოს განმარტა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში, ღამის განმავლობაში დრონები მუშაობდნენ. კრიტიკოსები ხელისუფლებას ღამით ვერტმფრენის არგამოყენების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როცა სტიქიის პირველ დღეს, დაზარალებულების ოჯახის წევრები დახმარებას და მეწყერში მოყოლილი ადამიანებოს გამოყვანას ითხოვდნენ, ხელისუფლებას ადეკვატურად უნდა ემოქმედა. კობახიძე შოვის სტიქიაზე: მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი

მღებრიშვილი: ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაო, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. „ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაო ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის (15 აგვისტო) ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით, 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

ზელენსკი: დრონების წარმოების გაზრდა „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავების წარმოების გაზრდა, ისევე როგორც მათი მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეტევითი ოპერაციების დროს. „ცხადია, უკრაინული თვითმფრინავების წარმოება - Leleka, Fury და ა.შ., ისევე როგორც პარტნიორებისგან მოწოდება და ყველა სახის იმპორტი, უნდა გაიზარდოს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. მედია: გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს 14 აგვისტოს, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კამპანიამ უკრაინული ძალებისთვის 10,000 თვითმფრინავისთვის სახსრების მოზიდვის მიზნით, ამ პროცესის წამოწყებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. უკრაინა Sirko-ს ტიპის დრონების სერიულ წარმოებას იწყებს  

მაჰაჩყალაში გლოვის დღე გამოცხადდა

დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი დაშავდა. აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი. აფეთქებისგან გამოწვეულმა ხანძრის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ხანძარი ლიკვიდირებულია. მიზეზი უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.  

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა

კრასნოდარის მხარეში, ყუბანში საწვრთნელი სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის სასწავლო რეისს ასრულებდა და დაშვებისას ჩამოვარდა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. სამხედრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა, რასაც ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, 12 აგვისტოს, რუსეთში, კალინიგრადის ოლქში Su-30 სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. 23 თებერვალს ბელგოროდის ოლქში Su-25 ჩამოვარდა, პილოტი გარდაიცვალა.  

გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს

უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი აცხადებს. Luna NG უპილოტო საჰაერო სისტემა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავთან ერთად, სახმელეთო კონტროლის სადგურისგან შედგება. სისტემაში ასევე შედის გამშვები კატაპულტი, დამატებითი უსაფრთხოებისა და სწრაფი შეკეთების აღჭურვილობა. გერმანული მედია 13 აგვისტოს წერდა, რომ გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის.  

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა

ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კუბლაშვილის ახლობლები ადასტურებენ. ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. 2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად. 2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.  

თბილისში კიდევ 30 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 15 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი შეემატება. „ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ,“ - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის ინფორმაციით, ვაკის რაიონში 5 ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში - 4, დიდუბეში - 4, ნაძალადევში - 2, ჩუღურეთში - 2, მთაწმინდაზე - 3, ისანში - 4, გლდანში - 1, სამგორში - 3, კრწანისში - 2, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით. თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.  

პოლონეთი სამხედრო რეფორმას იწყებს

პოლონეთი თავისი არმიის რეფორმირებას იწყებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესის ფარგლებში არმიის სამეთაურო-კონტროლის სისტემა უნდა შეიცვალოს. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ცვლილებები ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამეთაურო სისტემის სტანდარტიზაციის აუცილებლობის გამო ხდება. რეფორმები მოიცავს გაერთიანებული ძალების სარდლობის შექმნას და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობის რესტრუქტურიზაციას. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.  

კალაძის თქმით, ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალ დამცავ ბადეს მოაწყობს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო. „გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა შესაბამისი სამუშაო და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ დამატებით სამუშაოებს. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, საჭიროა სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა. პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაგეგმილი სამუშაოს გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაო საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ქვათაცვენის ამსახველი ფოტო მოქალაქემ სოციალურ ქსელში 14 აგვისტოს გაავრელა. თბილისის მერიის ცნობით, დაზიანდა ერთი ავტომანქანა. არავინ დაშავებულა.