ძებნის რეზულტატი:

თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ბერბოკმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტი გააუქმა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა თვითმფრინავის პრობლემების გამო, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე ერთკვირიანი ვიზიტი გააუქმა. იგეგმებოდა, რომ ბერბოკი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კომერციული რეისით გაფრინდებოდა, მაგრამ მოგზაურობა ბოლო მომენტში გაუქმდა. აბუ დაბიდან აფრენის მეორე მცდელობისას, ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავს შეექმნა იგივე პრობლემები, როგორც პირველი აფრენისას. თვითმფრინავის კაპიტანმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავსტრალიაში ფრენა ამ თვითმფრინავით განხორციელებულიყო. აბუ დაბიში იძულებითი გაჩერების დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მის კოლეგასთან.  გასულ წელს ბერბოკს ცუდი ამინდის გამო, ასევე მოუწია ბრიტანელ კოლეგასთან, ჯეიმს კლერლისთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება.  

შსს-ს განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. უწყება აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. მღებრიშვილი: ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას სამძებრო სამუშაოში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.  

საქსტატი: საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2 097.9 მლნ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებზე 1.7-ჯერ მეტია, 2022 წლის წინასწარ მონაცემებს კი, 4.9 პროცენტით აღემატება. ამასთან, საქსტატმა დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლიდან. ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 38.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 20.8 პროცენტით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზე - ესპანეთი 17.2 პროცენტით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), მესამეზე - ნიდერლანდები 9.4 პროცენტით (196.2 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 43.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6 პროცენტია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5 პროცენტი), მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი).  

TOP-10 ინვესტორი საქართველოში

2022 წლის სტატისტიკით საქართველოს №1 ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. საქსტატის მიერ 15 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 437.0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.  

ოკუპირებულ აფხაზეთში, მკვლელობაში „მსჯავრდებული“ იზოლატორიდან გაიქცა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 13 აგვისტოს გაქცეული გურგენ კირაკოსიანის დასაკავებლად, სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Apsnypress იუწყება. დრანდის იზოლატორიდან გაქცეული გურგენ კირაკოსიანი მკვლელობისთვის 15-წლიან სასჯელს იხდიდა. საქმე ეხება თებერვალში ჩადენილ დანაშაულს. კირაკოსიანმა დანაშაული აღიარა. 2023 წლის თებერვალში მას ოკუპირებული სოხუმის რაიონულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.  

ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ც.ტ. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. „ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა. სასამართლომ ც.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ბულგარეთის 3 მოქალაქე დააკავეს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაკავებულებს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ბულგარეთის მოქალაქეები თებერვალში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების „უკანონო განზრახვით“ ფლობა ედებათ ბრალად. დოკუმენტები მოიცავს პასპორტებს, პირადობის მოწმობებს და სხვა დოკუმენტებს დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკისთვის. გარდა ამისა, ბულგარეთის სახელმწიფო დოკუმენტების თანახმად, ისინი მუშაობდნენ ლონდონის საარჩევნო კომისიებში, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მიერ ბულგარეთის არჩევნებში ხმის მიცემას უწყობდნენ ხელს. განახლება: ლონდონში ბულგარეთის საელჩომ რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურს განუცხადა, რომ დიპლომატიურ მისიას არ აქვს ინფორმაცია ბულგარეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ. „ჩვენი საელჩო და საკონსულო სამსახური არ იყვნენ ინფორმირებული ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ასეთი სახელების მქონე ადამიანების დაკავებაზე," - განუცხადა ელჩმა მარინ რაიკოვმა ჟურნალისტებს. ბულგარელი დიპლომატის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიძლება, არ აცნობოს უცხოურ საელჩოებს მომხდარის შესახებ, თუ დაკავებულები ამას ითხოვენ. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყება ამ საქმეს ჯერ კიდევ სწავლობს.

ბაქოში მედიკამენტების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა, კომპანია ექსპორტს საქართველოშიც გეგმავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბაქოში მედიკამენტების მწარმოებელი ქარხნის გახსნას დაესწრო. ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და შპს „დიამედის განვითარების ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აიტენ გულიევამ ალიევს შესრულებული სამუშაო გააცნეს. ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის დაფინანსებაში (20%) აზერბაიჯანის საინვესტიციო კომპანია OJSC მონაწილეობდა. კომპანიას დაგეგმილი აქვს თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა, მათ შორის საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებში. ქარხანაში 100 ადამიანია დასაქმებული.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს განცხადებით, 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. „ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან. გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველ იერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა. ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საპატრიარქო შოვის სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება.  

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭომ სომხეთის მოწოდების საპასუხოდ საგანგებო სხდომა 16 აგვისტოს დანიშნა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას დაესწრება ნიუ-იორკში. სომხეთის მთავრობა „გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას ითხოვდა. კერძოდ, სომხეთმა „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და არცახში „ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით 12 აგვისტოს მიმართა. ბაქო მთიანი ყარაბაღის ბლოკადას უარყოფს და ალტერნატიულ მარშრუტზე მიუთითებს.  

ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს

თურქეთი მიიჩნევს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებისმიერი ალტერნატიული გზა, განსაკუთრებით მდინარე დუნაიზე მდებარე პორტების გავლით, ვერ ჩაანაცვლებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას. ამის შესახებ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი, რუშენ ჩეტინი აცხადებს. „მარცვლეულის დერეფნის დახურვის შემდეგ, გადატვირთულია მოძრაობა, რადგან ყველა გემი კონცენტრირებულია ისმაელის, რენისა და კილიას ირგვლივ - ესენია პორტები, რომლებიც უკავშირდება მდინარე დუნაის შესართავს,“ -  აღნიშნა თურქეთის ოფიციალურმა პირმა. მისი განმარტებით, ტექნიკრად შეუძლებელია მარცვლეულის ტრანსპორტირება იმ მარშრუტებით, რომლებსაც ზოგიერთი, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ალტერნატივად მიიჩნევს. „ეს შეუძლებელია, რადგან ეს არის მდინარის პორტები. დიდი გემები კი, იქ ვერ შედიან," - განაცხადა ჩეტინმა. მან ხაზი გაუსვა სიტუაციის გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე როგორც შავი ზღვის რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებში. 2 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას „მარცვლეულის შეთანხმება“ განიხილა. მხარეები შეთანხმდნენ პუტინის თურქეთში ვიზიტზე. მოგვიანებით, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინის ვიზიტი უკვე ამ თვეში გაიმართება. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

შვედეთი უკრაინას $300 მილიონზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

შვედეთის მთავრობა უკრაინას 3,4 მილიარდი კრონის (314 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა. „უკრაინელებს ძალიან სჭირდებათ დახმარების ახალი პაკეტები, პირველ რიგში საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ეს არის საბრძოლო მასალა ადრე მიწოდებული შვედური აღჭურვილობისთვის, ძირითადად CV 90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანისთვის. ასევე - Archer-ის ტიპის საარტილერიო იარაღისთვის.“ 2022 წლის თებერვლიდან შვედეთმა უკრაინას 2,16 მილიარდი დოლარი გამოუყო, საიდანაც 1,67 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებაზე მოდის.  

დანილოვი: რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი

ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს და რა სცენარს სთავაზობენ მათ, ეს საკითხი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში განიხილა  „ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი,“ - აღნიშნა დანილოვმა. დმიტრო კულება: საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საჭიროებაზე ხმები გაქრეს  

რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - მედია

თურქეთმა 2016 წელს  მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ Hurriyet თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემას თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დაკავებული ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია - FETO-ს მხარდამჭერია. თურქეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სტამბოლში დააკავეს. თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის დეკემბერში, გამოფენის - „რუსეთი თურქების თვალით“ გახსნაზე გამოსვლისას მოკლეს. კარლოვის მკვლელობის განაჩენი 2021 წლის მარტში გამოცხადდა. სასამართლომ ხუთ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რვა მსჯავრდებულს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ექვსი ბრალდებული გამართლდა. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.  

უკრაინელ ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს სახელმწიფომ $206 მილიონის ქონება ჩამოართვა

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ 206 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები ჩამოართვა უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს, რადგან მის კუთვნილ Regional Gas-ს დაქვემდებარებული კომპანიის კიდევ სამ მენეჯერს სახელმწიფოსგან გაზის ქურდობაში დასდეს ბრალი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კერძოდ, ბრალი წაუყენეს AT Kryvorizhgas-ის გამგეობის თავმჯდომარეს, AT Volyngas-ის საბჭოს თავმჯდომარეს და AT Chernihivgas-ის საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც 5,5 მილიონი დოლარის, 3,5 მილიონ დოლარზე მეტის და 6 მილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენებს სახელმწიფოს. მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სახელმწიფომ სამ ეჭვმიტანილს 6,7 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა. ამ დროისთვის საქმეზე ბრალი 15 პირს, მათ შორის, კომპანია Regional Gas-ის მფლობელს აქვს წარდგენილი, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელები უკვე პატიმრობაში არიან.

მოცვის ნერგებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, ბულგარეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 49 280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, გამოვლენილია მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა (გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები).  

ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება, უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს - მედია

ლატვიის რკინიგზა უკვე შემოდგომაზე იქნება მზად, რომ უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. შესაბამის ინფორმაციას Delfi ავრცელებს. ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, რომ ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა. „მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო. ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ,“ - განაცხადა პლიავნიექსმა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ზელენსკიმ მელიტოპოლის მიმართულებაზე სამხედროების პოზიციები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა. მან სამხედროების პოზიციები მოინახულა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ პრეზიდენტის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი შეხვდა დანაყოფ „ტავრიის“ ჯარების ჯგუფის მეთაურს, ალექსანდრე ტარნავსკის და რამდენიმე დანაყოფის, მათ შორის, 47-ე და 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო მოიერიშე ძალების 46-ე საჰაერო-მობილური ბრიგადის განლაგებები და მართვის პუნქტები დაათვალიერა. „დღეს მელიტოპოლის მიმართულებაზე ჩვენს დამცველებთან ჩვენი სამუშაო და შეხვედრები გავაგრძელეთ. ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის სახელობის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადამ მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში, და ამჟამად თავდასხმით ოპერაციებს აწარმოებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ბრიგადის მეთაურთან ყველაზე პრობლემური საკითხები განვიხილეთ. მადლობა, მებრძოლებო, თქვენი სამსახურისთვის! მადლობა მტრის მოგერიებისთვისა და ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის!” - წერს ზელენსკი.  

შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადასტურებს შსს. 7 დაკარგულის ძებნა გრძელდება. შსს-ს ბოლო განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია.   შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

უკრაინა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთსა და ბელორუსს მასში მონაწილეობის უფლებას მისცემენ

უკრაინა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარიზის (საფრანგეთი) ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთსა და ბელორუსს მასში მონაწილეობის უფლებას მისცემენ. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა 340 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი მოკლა, გაანადგურა ან დააზიანა 343 სპორტული ობიექტი, ყოველდღიურად, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს რაკეტებითა და თვითმფრინავებით უტევს. როგორც შმიგალმა განაცხადა, უკრაინა მოელის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და აგრესორს ოლიმპიადიდან მოხსნის. მისივე თქმით, უკრაინის გარდა, 34 ქვეყანა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარიზის ოლიმპიადას. „გაჩნდა ძლიერი საერთაშორისო კოალიცია სამართლიანი სპორტისთვის, მათ შორის 35 სახელმწიფო," - აღნიშნა შმიგალმა. უფრო ადრე უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა, რომ უკრაინელი სპორტსმენები მიიღებენ 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ იქ რუს და ბელორუს სპორტსმენებს დაუშვებენ, ოღონდ - ნეიტრალური სტატუსით. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.