ძებნის რეზულტატი:

ექვსი ქვეყნის ელჩებმა ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის, ინდონეზიის, შვედეთის, ჩილეს, კოლუმბიისა და პერუს ახალი ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. ზელენსკი ხაზს უსვამს ხსენებულ ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხს. მან დიპლომატებს და მათ მიერ წარმოდგენილ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის ელჩ მარტინ იეგერთან შეხვედრისას ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის გერმანიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსული აგრესიის მოგერიებაში. მან ხაზი გაუსვა გერმანიის როლს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. ინდონეზიის ელჩთან არიეფ მუჰამედ ბასალამასთან საუბრისას მადლიერება გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რასაც ადასტურებს ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს ვიზიტი 2022 წლის ივნისში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა უკრაინის მონაწილეობა G19-ის სამიტში გასული წლის ნოემბერში ინდონეზიის პრეზიდენტის მოწვევით, სადაც სახელმწიფოს მეთაურმა წარადგინა მის მიერ ინიცირებული ყოვლისმომცველი მშვიდობის ფორმულა. მან მადლობა გადაუხადა ინდონეზიას მისი წარმომადგენლის მონაწილეობისთვის ჯედაში, სადაც მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილეს.  შვედეთის ელჩ მარტინ ობერგთან საუბრისას ზელენსკიმ შეაქო ამ ქვეყნის ეფექტიანი სოლიდარობა უკრაინის მიმართ.  

აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა

აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება მათ თხოვნას უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. „გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან და უკრაინელი მფრინავების კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადებასთან დაკავშირებით," - აღნიშნულია ბლინკენის წერილში, რომლის შინაარსს Reuters-ი გაეცნო. 11 ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში, დანიაში დაიწყოს. უკრაინა აქტიურად ცდილობს პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას, რომ რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს. Washington Post-ის ცნობით, პირველი ექვსი უკრაინელი მფრინავის მომზადება 2024 წლის ზაფხულამდე არ დასრულდება. უკრაინელ სამხედროებს ჯერ ინგლისური ენის გაკვეთილები უწევთ დიდ ბრიტანეთში, რათა ისწავლონ თვითმფრინავების ფრენისთვის საჭირო ტერმინოლოგია, ხოლო თავად საბრძოლო მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის იანვრისთვის დაიწყება.  

თურქეთი რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვაში ესკალაციის გამოწვევას თავი აარიდოს

თურქეთმა ტვირთის გადამზიდ გემ Sukra Okan-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც შავ ზღვაში ესკალაციას იწვევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ცენტრის (DMM) განცხადებაშია ნათქვამი. „რუსული მხარე სათანადოდ იყო გაფრთხილებული მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა შავ ზღვაში,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამავე დროს, ცენტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გემის მფლობელი და ეკიპაჟი თურქები იყვნენ, Sukra Okan-ი ამ ქვეყნის დროშით არ მიცურავდა. გარდა ამისა, ინციდენტი საერთაშორისო წყლებში მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თურქული მხარის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 13 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიღმა გაუხსნა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი სავაჭრო გემებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი გაეროს შუამავლობით დადებული  „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. ამის შესახებ Alarabiya წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა „საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ ავტომატური იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი (Sukru Okan) ხომალდის კაპიტანმა შემოწმების მიზნით შეჩერების მოთხოვნას არ უპასუხა.“ გემი შეამოწმეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო. უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთმა განაცხადა, რომ გემი უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა. Alarabiya-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გემი ბულგარეთის სანაპიროსთან იყო და რუმინეთის პორტ სულინასკენ მიემართება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ „უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინის პორტების დე-ფაქტო ბლოკადას უტოლდება, რაც უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და მზესუმზირის გატანას შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეასრულა პარალელური შეთანხმება, რომელიც მისი სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის წესებს ამსუბუქებს,“ წერს Alarabiya სტატიაში ქვესათაურით: შავი ზღვა ომის ზღვარზე? ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის.“ „კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ოდესიდან გასული პირველი სატვირთო გემი დროებითი დერეფნის გავლით ბოსფორის სრუტემდე ჩავიდა

ოდესიდან გასულმა პირველმა სატვირთო გემმა უკრაინის მიერ სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით, ბოსფორის სრუტეს მიაღწია. ეს პირველი გემია, რომელმაც უკრაინის მიერ შექმნილი დროებითი საზღვაო დერეფნით ისარგებლა მას შემდეგ, რაც რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გავიდა.  დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. განახლება: კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამასთან, ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი აგნე ბილოტაიტე აცხადებს, რომ ახლა რთული სათქმელია ბელორუსთან საზღვრის სრული ჩაკეტვის შემთხვევაში, ავტომატურად დაიხურება თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელთან და მთელმა გუნდმა განიხილა არა მხოლოდ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა, არამედ სხვა ვარიანტებიც, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვა, რადგან შეიძლება იყოს სხვადასხვა საფრთხე და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა ბილოტაიტემ. „ამ ეტაპზე უნდა ვთქვა, რომ რეალური საფრთხეები არ გვაქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ არის გარკვეული რისკი, რომ შესაძლოა, იყოს სხვადასხვა სახის პროვოკაცია“, – განაცხადა მინისტრმა. ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს გამართავს შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო, ხუთი კომპანია 4 მილიონამდე ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო აცხადებს, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხი ეხება – 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.   „კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს,“ - აცხადებენ სააგენტოში.  სააგენტოს განცხადებით, მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.  

გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

დღეს, 18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს, ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა. 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის პირველ აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა. „უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს,“ წერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო Facebook-ზე.  

მედიის ცნობით, ნოვოროსიისკის პორტის სატვირთო ტერმინალში ძლიერი ხანძარია

ნოვოროსიისკის (რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორია) სატვირთო ტერმინალში მასშტაბური ხანძარია. ამის შესახებ ტელეგრამ არხი Shot-ი წერს.  ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე მუშაობს. ცეცხლი 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, იუწყება კრასნოდარის ტერიტორიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური. იწვის ხის პაკეტები ტვირთის შესანახად. იწვის ხის პალეტები.  

„საქსტატი“ - II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა

„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. „2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა. 2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 44.9 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 14.5 პროცენტს და 18.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.9 პროცენტული პუნქტით. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.1 და 2.0 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძარი ჰავაიზე: მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - BBC

კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ჰერმან ანდაიამ გადადგომის მიზეზად „ჯანმრთელობის მდგომარეობა“ დაასახელა.  უფრო ადცრე ჰავაის კუნძულის მცხოვრებლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ხანძარზე უფრო ძლიერ სასწრაფო რეაგირებას მეტი ადამიანის გადარჩენა შეეძლო. „მაუის სისტემა კუნძულის ირგვლივ 80 სირენას (გამაფრთხილებელი სისტემა, რედ.) მოიცავს, ტესტირება ყოველი თვის პირველ დღეს ხდება, თუმცა ხანძრის დღეს ისინი დუმდნენ,“ - წერს BBC. მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს. მან განმარტა, რომ სირენები ძირითადად ცუნამის დროს გამოიყენება. „საზოგადოება დატრენინგებულია იმისათვის, რომ თუ სირენა ჩაირთვება, უფრო შემაღლებული ადგილი მოძებნონ. იმ ღამეს რომ სირენა ჩაგვერთო, ვშიშობ, ხალხი მთებისკენ წავიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ცეცხლის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ,“ - განაცხადა ანდაიამ 17 აგვისტოს CNN-ის ცნობით. ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 111 ადამიანი. 1000-ზე მეტი დაკარგულად რჩება.  

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ყაზბეგში ღვარცოფის ადგილას დამცავი ღონისძიებების გატარების რეკომენდაცია გასცა

გარემოს ეროვნული სააგენტო დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების შესწავლის შემდეგ აცხადებს, რომ „17 აგვისტოს ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, „ღვარცოფის გავლა“ დაფიქსირდა. სააგენტოს ცნობით, უწყების გეოლოგებმა „ადგილზე არსებული გეოდინამიკური პირობები შეაფასეს, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი: გერგეტსა და სტეფანწმინდაში მეწყერი ჩამოწვა, ტერიტორია იწმინდება „გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მომზადდება საბოლოო დასკვნა, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება.“  

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კანარის არქიპელაგზე, კუნძულ ტენერიფეზე ხანძარმა უკვე 2,6 ათასი ჰექტარი გაანადგურა. ოთხშაბათის შემდეგ 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რეგიონის ლიდერმა ფერნანდო კლავიომ ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ ხანძარი „უკონტროლო იყო". მან მეტი ადამიანის ევაკუაცია არ გამორიცხა. „ეს არის ალბათ ყველაზე რთული ხანძარი, რაც ჩვენ გვქონდა კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში,” - განუცხადა კლავიომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მობილიზებულია 370-ზე მეტი პერსონალი და 17 სახანძრო თვითმფრინავი. ტენერიფეზე ტემპერატურა 30c გრადუსამდე მერყეობდა , რაც საშუალოზე მაღალია წელიწადის ამ დროისთვის. წელს ტყის ხანძრები სოფლიოს მრავალ ნაწილში, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაში, ჰავაიზე, კანადასა და ევროპაში მძვინვარებს.  

ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი-სიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი-სიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, ევაკუაცია უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო თავდასხმის შესახებ მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება.

II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2% რუსეთიდან გამოიგზავნა - საქსტატი

საქსტატის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 2.6 პროცენტისათვის - რუმინეთი, 2.3 პროცენტისათვის - თურქეთი, 1.0 პროცენტისათვის - ჩინეთი, 1.0 პროცენტისათვის - ბელორუსი, 0.5 პროცენტისათვის - ყაზახეთი. .2023 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20.0 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5 პროცენტისათვის - სომხეთი, 8.5 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.3 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი. 2023 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.3 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.7 პროცენტისათვის ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის - იტალია, 6.0 პროცენტისათვის - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 8.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილიაწარმოადგენს, 3.5 პროცენტისათვის - ჩინეთი, 2.1 პროცენტისათვის - თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტისათვის - ამერიკის შეერთებული შტატები. საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29.6 პროცენტი მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 23.6 პროცენტი - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14.1 პროცენტი - საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 57.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 15.9 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 12.2 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.8 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (24.9 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (9.1 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (54.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (22.8 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (8.7 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (5.7 პროცენტი). 2023 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (32.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (19.0 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.6 პროცენტი). საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6 პროცენტს შეადგენს. „2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 402 გემი, რომელთა 31.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 30.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 29.9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 8.2 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება. 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 3.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 50.0 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი. 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 48.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 32.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 19.4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირმა გაზის საცავების 90% შეავსო - ლაიენი

ევროკავშირმა გაზის საცავების 90% დაგეგმილ ვადაზე ადრე შეავსო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. „ეს დაგვეხმარება უსაფრთხოდ ვიყოთ ამ ზამთარში რუსული გაზის გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ პარალელურად მუშაობას უფრო მრავალფეროვან ენერგომომარაგებაზე მომავლისთვის,“ წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. 2022 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ, 15%-ით შეამცირონ გაზის მოხმარება 2022-2023 წლების ზამთრის გადასატანად. ამ მცდელობებმა შეამცირა გაზის მოთხოვნა თითქმის 18%-ით, დანაზოგის ნახევარი კი შინამეურნეობებზე მოდიოდა. რუსეთის ფედერაციის გაზზე უარის კომპენსაციის მიზნით, ამ ზაფხულს გერმანიამ LNG ტერმინალების მშენებლობის დაჩქარება დაამტკიცა. 2022 წლის 30 მაისს ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ევროკავშირის ოპერატორებს აეკრძალათ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების დაზღვევა და დაფინანსება. ევროკავშირმა ასევე აკრძალა ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი. მან, ამასთან, შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაც შეზღუდა. ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ აძლევს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას. 2022 წლის 15 მარტს კი, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადება აკრძალა. მან, ამასთან, დააწესა ექსპორტის კომპლექსური შეზღუდვები ენერგეტიკის სფეროში გამოყენებულ აღჭურვილობაზე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე.  სანქციების 2022 წლის 8 აპრილს დაწესებული  მეხუთე პაკეტით აიკრძალა ყველა ფორმის რუსული ქვანახშირის იმპორტი. ეს აკრძალვა რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიური შემოსავლის სახით 8 მილიარდ ევროს დაკარგავს.  2022 წლის 6 ოქტომბერს მიღებული სანქციების მერვე პაკეტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში იმის საფუძველი შემოიტანა, რომ დაწესდეს ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე და დამატებითი შეზღუდვები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებაზე. მძიმე სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც რუსეთი გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა - შოლცი იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე - ენერგეტიკის მინისტრი

მედია: რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მახლობლად უკრაინის დროშა დაკიდეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, დროშა ელექტროგადამცემი ხაზებიდან დაკიდეს და მოგვიანებით, ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. ნიჟნი ნოვგოროდი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რუსეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 400 კმ-ში მდებარეობს.  

„სოკარი" და „ვისოლი" საწვავის ფასის გამო დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ხუთი მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიიდან ორი - "სოკარი" და "ვისოლი" საწვავის ფასის გამო დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ. დაჯარიმებულ "გალფს", "რომპეტროლსა" და "ლუკოილს" პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ. „მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ სასამართლო ინსტანციებს, რადგან ცალსახად არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით იმ შინაარს, რომელიც მოცემულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში", - აცხადებენ „ვისოლში" რადიო თავისუფლების ცნობით, და დამატებით განმარტავენ, რომ "2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად.“ კონკურენციის სააგენტოს პოზიციას არ ეთანხმებიან "სოკარშიც": "იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ". გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების გამო კონკურენციის სააგენტომ 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი კომპანია დააჯარიმა. შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - 450 590 ლარით; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარით; შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 073 859 ლარით; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - 718 986 ლარით; შპს „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარით.

ავსტრიის ყოფილ კანცლერს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს

ავსტრიის ყოფილ კანცლერს სებასტიან კურცს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს. CNN-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ავსტრიის პროკურატურის ეკონომიკური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა გააკეთა. 2020 წლის ივნისში სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის Öbag-ის ხელმძღვანელის, თომას შმიდის დანიშვნაში მის როლთან დაკავშირებით, კურცი ავსტრიის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, თუმცა მის მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის დანიშვნის პროცესში ჩართული იყო. Twitter-ზე განთავსებული პოსტით, კურცმა პროკურატურის ბრალდებებს სიყალბე უწოდა. სასამართლო პროცესი 18 ოქტომბერს გაიმართება.  

მოლდოვას სურს, უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დაეხმაროს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დახმარება კონფლიქტის დაწყების დღიდან შესთავაზა. ამჟამად მოლდოვა ცდილობს, იპოვოს გამოსავალი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს დააკმაყოფილებს და კიევს დაეხმარება. სანდუ ახლა უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ სიტუაციას „კომპლექსურ საკითხს“ უწოდებს. „ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას,“ - აღნიშნა სანდუმ RFI-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, მოლდოვა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალს ეძებს. ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი, როგორც სანდუმ აღნიშნა, არის სწრაფი ინვესტიციები სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურაში, რათა სიმძლავრე გაიზარდოს. „უნდა ვაღიაროთ, რომ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა მოლდოვის რესპუბლიკაში საკმარისად არ არის განვითარებული. ახლა, უკრაინიდან ამ დიდი მოცულობის გამო, სიტუაცია უფრო გართულდა," - აღნიშნა სანდუმ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის რიგ მეზობლებთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების მოძიება შეძლონ.