ძებნის რეზულტატი:

ბრიტანელ მედდას 7 ბავშვის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ბრიტანელ მედდას, 33 წლის ლუსი ლეტბის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ჯეიმს გოსმა განაცხადა: „ეს იყო ბავშვთა მკვლელობის სასტიკი, გათვლილი და ცინიკური კამპანია, რომელშიც მონაწილეობდნენ ყველაზე პატარა და ყველაზე დაუცველი ბავშვები.” სასამართლო პროცესის განმავლობაში სხდომაზე დამსწრეებმა მშობლების შემზარავი ჩვენებები მოისმინეს, მათ შორის ერთ შემთხვევაში, როდესაც ლეტბიმ ბიჭის მოკვლა ბავშვის ტყუპი ძმის მკვლელობის შემდეგ სცადა. ყოფილ მედდას 7 ბავშვის მკვლელობისა და კიდევ ექვსის მკვლელობის მცდელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, პირობით ვადამდე გათავისუფლების შანსის გარეშე. ლეტბიმ უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე - პრემიერი რიში სუნაკი ადასტურებს, რომ მთავრობა გეგმავს კანონის შეცვლას, რათა მსჯავრდებულები აიძულონ, დაესწრონ განაჩენს. მხოლოდ სამ სხვა ქალს მიესაჯა ასეთი სასჯელი დიდ ბრიტანეთში - მაირა ჰინდი (რომელიც გარდაიცვალა 2002 წელს), როზმარი უესტი და ჯოანა დენეჰი.  

ერდოღანი იმედოვნებს, რომ პუტინს სექტემბერში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდება. ამის შესახებ მედია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით რუსეთის დადებითი დამოკიდებულება წარმოადგენს. სექტემბერში ინდოეთში G20-ის შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი, გაეროს გენერალური ასამბლეა - აშშ-ში. თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები,” - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამის შემდეგ კი - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართოს. ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე. მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, „უკრაინის კრიზისი“ და „მარცვლეულის შეთანხმება.“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვეოდა.  ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, ივლისში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.  

მოლდოვის შს მინისტრმა განმარტა, რატომ არ შეუშვეს ქვეყანაში გორან ბრეგოვიჩი

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრიან ეფროსმა ორშაბათს განმარტა, თუ რატომ არ შეუშვეს მესაზღვრეებმა სერბი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ჟურნალისტების საპასუხოდ, ეფროსმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასაწყისში, ბრეგოვიჩმა „აჩვენა თავისი პრორუსული შეხედულებები და მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას.“ „იყო სხვა მიზეზები, რომლებიც გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებმა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, აეკრძალათ მოლდოვაში მისი შემოსვლა“, - განაცხადა მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა, რომ ბრეგოვიჩს მოლდოვაში შესვლა 2022 წლიდან აეკრძალა და ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორები „წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი.“ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ხელისუფლებას განმარტებისთვის მიმართა. მათი თქმით, აკრძალვა „არ შეესაბამება სერბეთსა და მოლდოვას შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს" და ამ გადაწყვეტილებამ „სერბეთის საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.“ ცნობისთვის, 2015 წელს ბრეგოვიჩს უარი უთხრეს პოლონეთში ფესტივალში მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ მან ამავე წელს კონცერტი გამართა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.  

უკრაინამ რუსი გენერლის $25 მილიონის ქონება დააყადაღა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) პოლტავის რაიონში დააყადაღა რუსი გენერლისა და მაღალჩინოსნის ვალერი კაპაშინის ქონება, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ გრივნას (25 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგენს. SBU-ს ცნობით, საუბარია 20-ზე მეტ კომერციულ ობიექტზე, მათ შორის პრემიუმ კლასის რესტორნებსა და სასტუმროებზე, ასევე საოფისე ფართზე, სავაჭრო და გასართობ ცენტრებზე, 17 მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, რომლის საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრზე მეტს შეადგენს. „ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს რუსული სტილის სამხედრო ფორმა, საბჭოთა სიმბოლიკა, პროპაგანდისტული ლიტერატურა და ჯილდოები კრემლიდან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გენერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აგრესორი სახელმწიფოს დახმარებისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით მიმდინარეობს. გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი კაპაშინი, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების ფედერალური დირექტორატის უფროსია. ის უკრაინის პოლტავის რეგიონის მკვიდრია.  ხსენებული ქონება გაფორმდა მისი ქალიშვილისა და სიძის სახელზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთში გადავიდნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შჭრის წინა დღეს. მათ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.  

ჯანდაცვის მინისტრი: ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, მთელ მსოფლიოში, „კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს.“ ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს. „განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე - საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო - ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით. ასევე წაიკითხეთ: NCDC: საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული თენგიზ ცერცვაძე: შეინიშნება COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია  

პოლონეთმა სამხრეთ კორეისგან პირველი K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო სისტემა მიიღო

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ვარშავამ სამხრეთ კორეიდან პირველი K239 Chunmoo-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიიღო.   „პირველი კორეული K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო გამშვები ახლახან ჩამოვიდა პოლონეთში. დამონტაჟდა პოლონურ Jelcz-ის სატვირთო მანქანაზე. მეტი გამშვები ჩამოვა ამ წლის ბოლოს,“ - წერს ბლაშჩაკი Twitter-ზე.   2022 წლის ოქტომბერში პოლონეთმა 288 Chunmoo-ს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.   K239 Chunmoo არის სარაკეტო საარტილერიო სისტემა, რომელიც მოძველებული K136 Kooryong-ის ჩანაცვლების მიზნით, 2013 წელს შეიქმნა.

აშშ-მ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელორუსი

აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელორუსი. ამის შესახებ შეტყობინება მინსკში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე განთავსდა. შეტყობინება იწყება იმით, რომ ლიეტუვის ხელისუფლებამ ბელორუსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი დახურა. ამასთან, როგორც ამერიკის მოქალაქეებს ატყობიბენენ, პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ბელორუსთან საზღვრის შემდგომი ჩაკეტვა შესაძლებელია. „განიხილეთ გამგზავრება ლიეტუვასთან და ლატვიასთან დარჩენილი სასაზღვრო გადასასვლელებით ან თვითმფრინავით,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

რომის პაპმა ამერიკელ გენერალ მარკ მილის უმასპინძლა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი მარკ მილი ორშაბათს ვატიკანში შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი.  როგორც მილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომის პაპთან საუბრიდან მან შეიტყო, რომ ის ძალიან შეშფოთებულია ადამიანების დაკარგული სიცოცხლის გამო უკრაინაში, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. „მას ძალიან აინტერესებდა ჩემი მოსაზრებების მოსმენა ომში არსებულ ვითარებაზე და ადამიანურ ტრაგედიაზე, რომელიც დატრიალდა უკრაინაში,“ - განაცხადა გენერალმა. „გასაოცარია 86 წლის პაპის ცოდნის სიღრმე მსოფლიო მოვლენების შესახებ. უბრალოდ იქ ყოფნა, მასთან საუბარი აქტუალურ თემებზე... ნამდვილი პრივილეგია იყო," - აღნიშნა მილიმ. AFP-ს ცნობით, ამავე შეხვედრაზე განიხილეს აფრიკის საკითხიც. ვატიკანს აუდიენციის დეტალები არ გაუსაჯაროებია. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, უკრაინაში მშვიდობისკენ რეგულარულად მოუწოდებს, ხოლო მისი წარმომადგენელი მატეო ზუპი მაისსა და ივნისში ეწვია კიევსა და მოსკოვს. ვატიკანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზუპი მალე პეკინში გაემგზავრება. ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ვატიკანმა მხარი დაუჭიროს კიევის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების გაყვანასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტას. რომის პაპის წარმომადგენელი საუბრობს, რა მიზნით იმყოფებოდა მოსკოვში  

ირანის სამხედრო დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

ირანის სამხედრო დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მოსკოვში ვიზიტისას ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები სახმელეთო ძალებს შორის თანამშრომლობას განიხილავენ. რუსეთმა და ირანმა, რომლებიც დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ქვეშ არიან, სამხედრო და სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს. დასავლეთი ირანს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიყიდვაში ადანაშაულებს, რასაც თეირანი უარყოფს.  

საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი

საბერძნეთი მზადაა, უკრაინის რეკონსტრუქციაში, კონკრეტლად კი,ოდესაში რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული ისტორიული შენობების აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არავის ავიწყდება რუსეთის მიერ მარიუპოლში ჩადენილი დანაშაული, ქალაქში, რომლის მრავალი მცხოვრები ბერძნული წარმოშობისაა. მან ასევე ხაზი გაუსვა კიევისა და სხვა რეგიონების მიმართ განხორციელებულ აგრესიას. „ჩვენ ვგმობთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ ამ სამხედრო დანაშაულებს,“ - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია.  

ზელენსკი: საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადებს

საბერძნეთი დასავლური F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. ინფორმაციისთვის, F-16 არის ამერიკული ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-ის მიერ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის (USAF) შეიქმნა. წარადგინეს როგორც საჰაერო უპირატესობის დღის გამანადგურებელი, თუმცა იქცა ყველა ამინდის პირობებში მრავალფუნქციურ თვითმფრინავად. 4600-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მისი წარმოება 1976 წელს დამტკიცდა.

სერბეთის პრეზიდენტი ერდოღანთან შეხვედრაზე: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თურქეთის კონსტრუქციული ჩართულობის იმედი გვაქვს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი თურქეთთან საუკეთესო ურთიერთობებს შეინარჩუნებს. „ყოველთვის მნიშვნელოვანი ღია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მიმდინარე ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთთან საუკეთესო ურთიერთობების შენარჩუნება,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია სერბეთსა და თურქეთს შორის უკვე კარგი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. „ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, სადაც ჩვენ მსოფლიოს ამ ნაწილში თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აქტორის კონსტრუქციული ჩართულობის იმედი გვაქვს, - აღნიშნა ვუჩიჩმა. ვუჩიჩი ერდოღანს შეხვდა უნგრეთის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნის ფარგლებში შეხვდა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აგვისტოს

ხვალ, 22 აგვისტოს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი - როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. Europetime-ს გარემოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგნოზების მეორე კატეგორიის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განუცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა +33 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონიდან გამომდინარე არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით. თბილისში 22 აგვისტოს მოსალოდნელია +36 გრადუსი. „აღმოსავლეთ საქართველოში +32-27 გრადუსს, თბილისში კი, +36 გრადუსს ველოდებით. +23, +24, +25 აგვისტოს შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში: +31/+36 გრადუსის ფარგლებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +28-33 გრადუსის ფარგლებში დარჩება.  ამ მაღალი ტემპერატურის ფონიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში 22 აგვისტოს მოსალოდნელია +36 გრადუსი, 23 აგვისტოს  +37 გრადუსი, 24 აგვისტოს + 36 გრადუსი. 25 აგვისტოდან ტემპერატურა ნელ-ნელა დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ვფიქრობთ, + 28-33 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება + 28-33 გრადუსი,“ - განუცხადა ნინო წვერავამ Europetime-ს. მოსალოდნელია, რომ შედარებით გრილი ამინდი 28 აგვისტომდე შენარჩუნდება.  

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 აგვისტოს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6192 ლარი, ევრო კი, 2.8547 ლარი ეღირება. 21 აგვისტოს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6219 ლარი ღირდა, ევრო – 2.8487 ლარი. 21 ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი დღეს, 22 აგვისტოს შევა ძალაში.  

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აფრიკაშია

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ჩაშლილი ამბოხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევს.“ „ვაგნერი" სადაზვერვო და სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს, რუსეთს კიდევ უფრო დიდს ხდის ყველა კონტინენტზე, აფრიკას კი - უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება - აფრიკელი ხალხისთვის. ცხოვრებას კოშმარად ვუქცევთ „ისლამურ სახელმწიფოს", „ალ-ქაიდას" და სხვა ბანდიტებს," - აცხადებს პრიგოჟინი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. გარდა იმისა, რომ იბრძოდა რუსეთის რეგულარულ არმიასთან ერთად უკრაინაში ივნისში კრემლის წინააღმდეგ ხანმოკლე აჯანყებამდე, „ვაგნერის“ ჯგუფს ბრალი დასდეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის წამებასა და სასამართლოს გარეშე მკვლელობებში, მალიში, მისი არმიის გვერდით, რომელიც ჯიჰადისტებს ებრძოდა. ასევე - სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 20 ივლისს გამოაცხადა ახალი სანქციები 13 ფიზიკური პირისა და ბიზნესის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობასთან მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში.  

რუსეთზე დრონებით შეტევები გახშირდა

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 აგვისტოს ღამით ორი თავდასხმის დრონი ჩამოაგდო. განცხადებები მოჰყვა ცნობებს იმის შესახებ, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის გამოც მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა. სობიანინმა თქვა, რომ ერთი თვითმფრინავი კრასნოგორსკის თავზე, მეორე კი ჩასცის მახლობლად ჩამოაგდეს. სობიანინის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებშიც ასახულია ნამსხვრევების შედეგად მიყენებული ზიანი. მედიის ცნობით, კრასნოგორსკის თავდასხმამ სამთავრობო შენობის მახლობლად მდებარე 25-სართულიან კორპუსი დააზინა. იტყობინებიან, რომ აფეთქებამ ჩაამსხვრია მინები და დააზიანა მანქანები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმებში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორი უპილოტო თვითმფრინავი ბრაიანსკის ოლქის თავზეც მოიგერიეს. მანამდე, 21 აგვისტოს დილით, რუსეთმა განაცხადა, რომ „მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა.“ მეორე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების რიცხვი იზრდება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ათენის დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას მხარს უჭერს. დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა რუსული აგრესიის ფონზე გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გარდამტეხი მომენტია ევროპისთვის, რაც ქმნის საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ინფორმირებულობის ახალ დონეს ევროკავშირში. „ეს არის კრიტიკული დრო ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დაირღვა კანონები და პრინციპები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროპული უსაფრთხოების სტაბილურ და სავარაუდო წესრიგს ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რევიზიონიზმის დამღუპველ შედეგებს,“ - ნათქვამია დოკუმენტში უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით. დოკმენტში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება.“ ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელის თანდასწრებით, დეკლარაციას უკრაინის, საბერძნეთის, სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.  

საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

უკრაინამ და საბერძნეთმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საბერძნეთში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს NATO-ს წევრი, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები, როგორც ეს NATO-ს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი,“ - ნათქვამია დეკლარაციაში. საბერძნეთი რამდენიმე დღის წინ გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას შეუერთდა. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ, ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადებს. საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი  

პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც ვადაგასულ შოკოლადებს ჰყიდდნენ - საგამოძიებო სამსახური

ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ის რეალიზაციის მიზნით, თბილისის სავაჭრო ქსელში მიჰქონდათ. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს. გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით 8-დან 11 წლამდე ვადით,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ინდონეზიას აშშ-სგან F-15EX-ის ტიპის 24 თვითმფრინავის შეძენა სურს

ინდონეზიის თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა, 24 ერთეული F-15EX-ის ტიპის გამანადგურებლის ჯაკარტისთვის მიყიდვის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტი თავდაცვის მინისტრის, პრაბოვო სუბიანტოს აშშ-ში ვიზიტის დროს გაფორმდა. ტრანზაქცია აშშ-ის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.  მემორანდუმი Boeing-ის სენტ-ლუისის ქარხანაში გაფორმდა. ეს ქარხანა F-15-ს და სხვა საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს. „მოხარული ვართ,  გამოვაცხადოთ ინდონეზიისთვის კრიტიკული F-15EX-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის შესაძლებლობების შესახებ. ეს უახლესი მებრძოლი დაიცავს ჩვენს ერს თავისი მოწინავე შესაძლებლობებით,” - განაცხადა სუბიანტომ. Boeing-მა და თავდაცვის სამინისტრომ გარიგების ღირებულების შესახებ დეტალები არ გაასაჯაროეს.  F-15EX F-15-ის ყველაზე მოწინავე ვერსიაა. ინდონეზიამ ბოლო წლებში თავდაცვის ხარჯები თავისი ფლოტის კაპიტალური შეკეთების მიზნით გაზარდა. პრაბოვომ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ ლოიდ ოსტინმა დაგეგმილი შესყიდვები გასულ წელს ოსტინის ჯაკარტაში ვიზიტის დროს განიხილეს.