ძებნის რეზულტატი:
მედია: ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რომლის დროსაც მარცვლეულის შეთანხმების საკითხები განიხილება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Yeni Şafak-ი ერდოღანის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. თანამოსაუბრეების თქმით, ანკარა იცავს თავის პოზიციას, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე მარცვლეულის საზღვაო ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის შექმნა არ არის კარგი იდეა. ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით არ სახელდება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდება. ამის შესახებ მედია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით 21 აგვისტოს წერდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამის შემდეგ კი - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართოს. ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე. მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, „უკრაინის კრიზისი“ და „მარცვლეულის შეთანხმება.“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვეოდა. ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, ივლისში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.
დანილოვის თქმით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას
ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის წინ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, სამხედრო გზით გაათავისუფლებს ყირიმს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას. დანილოვის თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობები მშვიდობიანად ვერ იცხოვრებენ და ომი შთამომავლებს გადაეცემა. „ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ. მეტიც, ჩვენ გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით - თუ აგრესორ ქვეყანას არ ესმის, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, სხვა გზა არ გვაქვს,“ - აღნიშნა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარდა სხვა გზა არ შეიძლება, არსებობდეს. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენის სამიტზე
სააპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ მედიის შეკითხვების საპასუხოდ განმარტავ, რატომ არ იყო საქართველოს არცერთი წარმომადგენელი ათენის სამიტზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს. „ქართული ოცნების" წევრმა განაცხადა, რომ შეხვედრა „პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს“. „ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა (შეხვედრა, რედ.) აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს. ეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა... რაც შეეხება მოლდოვას, ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო
ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა ბერბოკმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
მედიის ცნობით, უკრაინამ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ქონება ჩამოართვა
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლომ დააკმაყოფილა. უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონება ჩამოართვა. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია SV-25TL-ს ტიპის საჰაერო სტარტერზე, რომელიც ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მედია განმარტავს, რომ სტარტერი უკრაინული კომპანიის Motor Sich-ის მიერ წარმოებული ძრავისთვის არის განკუთვნილი. ბელორუსის მედია ვარაუდობს, რომ ეს ის კომპონენტებია, რომლებიც სამინისტრომ უკრაინიდან იყიდა ან სარემონტოდ გაგზავნა სრულმასშტავიანი ომის წინ. ZN.UA-ს ცნობით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროსა და რუსული კომპანია ვოლგა-დნეპრის ქონების ნაციონალიზაციის შესახებ სარჩელი შეიტანა. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
ტაილანდის ყოფილი პრემიერი 15-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს
ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრი, ტაქსინ შინავატრა 15-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს. ყოფილი პრემიერი 2006 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. ის ბოლოს ტაილანდს 2008 წელს ეწვია და სასამართლოს წინაშე წარსდგა. პოლიტიკოსი დააპატიმრეს, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, საბოლოოდ დატოვა ქვეყანა. სასამართლომ შინავატრა დაუსწრებლად გაასამართლა რიგი ბრალდებებით, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და კორუფციის საქმეებზე. აეროპორტში შინავატრას მისი მხარდამჭერები დახვდნენ. მანამდე შინავატრას მხარდაჭერილი კანდიდატი ქვეყნის პრემიერი გახდა. პოლიტიკოსის უმცროსმა ქალიშვილმა, პატონგტარნ შინავატრამ განაცხადა, რომ მამა პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა. თუმცა The New York Times-ის ცნობით, ბევრ ტაილანდელ ამომრჩეველს ამის არ სჯერა. პოლიტიკოსი უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები წაუკითხეს, რის შემდეგაც, შინავატრა ციხეში გადაიყვანეს. მედია აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი ასაკის გათვალისწინებით, შეწყალებას მოითხოვს. შინავატრას ტაილანდის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2001 წლიდან 2006 წლამდე ეკავა. 2006 წელს სამხედროების ჯგუფმა, რომელსაც სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ხელმძღვანელობდა, გადატრიალება მოახდინა, როდესაც შინავატრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა. BBC წერს, რომ არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტაქსინ შინავატრამ ქვეყანაში ჩასვლამდე გარიგება დადო, რომელიც მას ხანგრძლივი პატიმრობისგან თავის არიდების შესაძლებლობას მისცემს.
რვა უკრაინელმა პილოტმა დანიაში F-16-ებზე წვრთნები დაიწყო
დანიამ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის რვა უკრაინელი მფრინავის წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია დანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა
იტალიელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი სალვატორე ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. კუტუნიო ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას Ansa ავრცელებს. სალვატორე ტოტო კუტუნიო ტოსკანის რეგიონის ქალაქ ფოზდინოვოში დაიბადა. კარიერა დაიწყო როგორც დრამერმა, თუმცა მალევე ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც მის სიმღერებს ასრულებდა. ასევე წერდა სიმღერებს პოპულარულ ამერიკელ-ფრანგ მომღერალ ჯო დასენისთვის, მათ შორისაა მისი ყველაზე ცნობილი სიმღერები "L'été indien", "Et si tu n'existais pas", "Le Jardin du Luxembourg". კუტუნიომ დაწერა ასევე დალიდას "Laissez moi danser", რომელიც გამოსვლიდან სულ მალე პლატინის ჩანაწერი გახდა. კუტუნიო მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავის ჰიტით "L'Italiano (Lasciatemi Cantare)", რომელიც შესულია ალბომში "I Grandi Successi". მან ორჯერ მოიგო სანრემოს სიმღერის ფესტივალი. არის ევროვიზიის 1990 წლის კონკურსის გამარჯვებული (სიმღერით - Insieme:1992). იტალიელი მომღერალი საქართველოშიც იმყოფებოდა. მან კონცერტი ბათუმსა და თბილისში 2007 და 2012 წლებში გამართა.
მონტენეგრო უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ დეკლარაციას შეუერთდა
მონტენეგრო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი ათენში უკრაინა-ბალკანეთის სამიტის ფარგლებში შეხვდა მონტენეგროს პრეზიდენტს, იაკოვ მილატოვიჩს და მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ხსენებულ დეკლარაციას ბოლო დღეების განმავლობაში შეუერთდნენ საბერძნეთი, კოსოვო, ბულგარეთი, ლუქსემბურგი. ჩრდილოეთ მაკედონია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა მონტენეგროს დახმარება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში, მშვიდობის გლობალური სამიტის წინ, რომლის ჩატარებაც კიევს შემოდგომაზე სურს. ზელენსკიმ და მილატოვიჩმა ასევე განიხილეს უკრაინასა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობა და, კერძოდ, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საკითხი. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
საბერძნეთში ხანძარი სამხედრო აეროდრომს უახლოვდება
ხანძარი ათენის მახლობლად მდებარე ქალაქ ელეფსინაში სამხედრო აეროდრომს უახლოვდება. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები სასწრაფოდ გაგზავნეს, რათა ცეცხლი აეროდრომზე არ გავრცელდეს. ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში ტყის ხანძარი მეოთხე დღეა, მძვინვარებს. სახანძრო სამსახურის ცნობით, ჩეხეთი, ხორვატია, გერმანია და სერბეთი ათენის დახმარებას აპირებენ. სტიქიის გამო ქალაქ ალექსანდროპოლისის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ახალშობილები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებიც. საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების შესახებ აფრთხილებს
საგარეო უწყება ათენის სამიტზე: ძირითადი თემა არ ყოფილა ევროკავშირის გაფართოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ეძღვნებოდა ომის თემას და ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოების საკითხი. როგორც ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა განმარტა, ათენში გამართული სამიტი იყო არაფორმალური და არ იყო ევროკავშირის ღონისძიება. „21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ – ბერძნული მხარის. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ იყო უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიიჩნევა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული,“ – განაცხადა ყარაულაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენის სამიტზე ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო
საგარეო უწყება ათენის სამიტზე: ევროკავშირის ღონისძიება არ იყო, ძირითადი თემა არ ყოფილა ევროკავშირის გაფართოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ომის თემას ეძღვნებოდა. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა განმარტა, რომ ათენში გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის ღონისძიება. მისი ვიდეოკომენტარი Europetime-ს საგარეო უწყების პრესსამსახურმა მიაწოდა. „21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ – ბერძნული მხარის. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ იყო უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიჩნეულია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად შეიძლება, ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებულნი. ეს უკვე გარკვეულ პრაქტიკად იქცა,“ – განაცხადა ყარაულაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენის სამიტზე ათენის სამიტზე 11-მა ქვეყანამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო
სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უწყების განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამ ეტაპისთვის, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ევროკავშირის მიერ ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს რვა ქვეყანა შეუერთდა
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს კიდევ რვა ქვეყანა შეუერთდა. სანქციებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდნენ. შეზღუდვებს ასევე დააწესებენ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები – ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, როგორც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები. „ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭომ სასანქციო სიას ბელორუსში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუარესების გამო, 38 ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დაამატა.
პაკისტანში საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანი გადაარჩინეს
BBC-ს ცნობით, პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან რვავე ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამაშველო გუნდი შეაქო. „ჩინებული გუნდური მუშაობა აჩვენეს სამხედროებმა, სამაშველო განყოფილებებმა, რაიონის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ“, – წერს ჰაკ კაკარი Twitter-ზე. პაკისტანის საბაგიროს ინციდენტი: რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
იაპონიის საზღვაო ძალები აშშ-სა და კანადასთან ერთად, კურილის კუნძულებთან წვრთნებს პირველად ატარებს
პირველად იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები (MSDF) აშშ-სა და კანადის საზღვაო ფლოტებთან ერთად, წვრთნებს კურილის კუნძულების სანაპიროებთან ატარებს. იაპონური პრესის ცნობით, წვრთნების მიზანია, წარმოაჩინოს იაპონიის ერთიანობა მოკავშირეებთან პოტენციური რუსული საფრთხის ფონზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც MSDF-ის გემი კურილის კუნძულებთან წვრთნებში ერთვება. იაპონიის საზღვაო ძალების პრესრელიზში ნათქვამია, რომ იაპონიას, კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი პირობაა თავისუფალი და ღია წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. როგორც BBC წერს, წვრთნები (Noble CHINOOK) ჰონშუს კუნძულის სამხრეთ ნაწილამდე ტარდება. წვრთნები 21 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ იაპონური საზღვაო ფლოტის ხუთი ხომალდი, მათ შორის იაპონური ფლოტის ფლაგმანი, Hyuga-ს კლასის გამანადგურებელი. შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელი Benfold, კანადამ - Halifax-ის კლასის ფრეგატები და სხვა. მოკავშირეები ყურადღებას ამახვილებენ საწვრთნელ ამოცანებზე, როგორიცაა ზედაპირული სამიზნეების ძებნა და განადგურება და ვერტმფრენების დაშვება ერთმანეთის გემებზე, იტყობინებიან წყაროები წვრთნების შტაბში. ასევე გაეცანით: იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კურილის კუნძულები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტი შესაძლოა, საფრანგეთში გაიმართოს
საფრანგეთი მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის მასპინძელ ერთ-ერთ ადგილად განიხილება. ამის შესახებ საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა. ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, სერიოზულად იმუშაოს მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტის - „აღდგენა და შესაბამისობა რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებასთან“ განხორციელებაზე. „საფრანგეთის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას აცნობა, როგორც კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარადგინა ეს ფორმულა. პარიზი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეცედენტები (რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურების დაკავება და კრემლის მიერ ბირთვული შანტაჟი) საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, რადგან მან შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს,“ - განაცხადა ელჩმა. ომელჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკრონი სრულად უჭერს მხარს უკრაინულ ფორმულას მშვიდობისთვის, რის გამოც ფრანგები საუბრობენ მის ყველა პუნქტის განხორციელებაში დახმარების სურვილზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს, 2 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ზელენსკი მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის მოწვევის ინიციატივით გასული წლის დეკემბერში გამოვიდა. მან მშვიდობის უკრაინული ფორმულა G20-ის სამიტზე, გასული წლის ნოემბერში წარადგინა.
"მოსკოვი-სიტის" შენობას დრონი შეეჯახა
რუსეთის დედაქალაქში, ბიზნესცენტრ „მოსკოვი-სიტის" ცათამბჯენების რაიონზე, სადაც არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული საცხოვრებელი აპარტამენტებია განთავსებული, დრონით შეტევა იყო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით, დრონ მშენებარე შენობას მოხვდა და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. რუსული მხარე ისევ ამტკიცებს, რომ არავინ დაშავებულა. შენობასთან უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების ამსახველი ვიდეოკადრები ტელეგრამ-არხმა, Mash-მა გაავრცელა. ტრადიციული შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. „23 აგვისტოს, ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა, სამი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, მესამე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და კონტროლის დაკარგვის შემდეგ „მოსკოვი-სიტის" კომპლექსის მშენებარე შენობას შეეჯახა," - აცხადებენ უწყებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
ტაივანი აშშ-სგან Abrams-ის ტიპის ტანკების პირველ პარტიას მომავალი წლისთვის ელოდება - მედია
ტაივანი M1A2T Abrams-ის ტიპის ტანკის პირველ პარტიას მომავალი წლისთვის ელოდება. ტაივანის მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა. თავის მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაივანი 2024 წელს 38 ტანკს, 2025 წელს - 42 ტანკს, 2026 წელს კი - 28-ს ელოდება. Abrams-ის ტიპის ტანკების შეძენა ტაივანის ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ სანაპიროზე თავდაცვითი შესაძლებლობებისა და თავდაცვის გაძლიერებაამ,“ - წერს ტაივანური მედია. მისივე ცნობით, სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არმიის ოფიცერთა ჯგუფი, აშშ-ში სატანკო და ტექნიკური სწავლების გავლის მიზნით უკვე შეირჩა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი ტაივანში ინსტრუქტორებად დაბრუნდებიან.
აშშ ჩინეთს ეკონომიკური „გამჭვირვალობის შემცირების“ გამო აკრიტიკებს
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადი ეკონომიკური მონაცემების შესახებ ანგარიშების გამჭვირვალობის შემცირებისთვის აკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მიერ გამჟღავნებულ მონაცემებში ნაკლები გამჭვირვალობა დაინახა. მისი განმარტებით, ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული მონაცემების ღიაობისა და გამჭვირვალობის დონე ახალგაზრდების უმუშევრობისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ შემცირდა, ხოლო კერძო ფირმებს ჩინეთის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება არ შეუძლიათ. სალივანმა ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ საშუალებით „იძულებითი" დაკრედიტების პრაქტიკაზე მიანიშნა. მისი თქმით, ინდოეთში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა მომავალი სამიტის დროს, ბაიდენი ხელს შეუწყობს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკრედიტო შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს „სანდო ალტერნატივა." აღსანიშნავია, რომ ეს კომენტარი ვაჭრობის საკითხებში მდივან, ჯინა რაიმონდოს პეკინში ვიზიტამდე კეთდება. ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მესამე ვიზიტი ჩინეთში ბოლო თვეების განმავლობაში. სალივანმა განმარტა, რომ პეკინში ვიზიტის დროს რაიმონდო მკაფიოდ განაცხადებს, რომ აშშ არ ისწრაფვის ჩინეთთან დაპირისპირებისკენ. სალივანის განმარტებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და მდგრადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა ვიზიტის დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხი იქნება. შეგახსნებთ, სახელმწიფო მდივან, ემტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.