ძებნის რეზულტატი:

NATO-ს ხომალდებისა და მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ავიამზიდის მონაწილეობით, ხმელთაშუა ზღვაში წვრთნები გაიმართა

NATO-ს ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო წვრთნების სერიაში მსოფლიოს ყველაზე  მოწინავე, ამერიკულ ავიამზიდთან ერთად, სწავლება Sage Wolverine-ში იყო ჩართული. ინფორმაციას NATO ავრცელებს.  წვრთნების მიზანს საბრძოლო უნარების დახვეწა და თავსებადობის გარზდა წარმოადგენდა. სწავლების მონაწილეებმა რეგიონში კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ ერთგულება დაადასტურეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ საბერძნეთის, იტალიის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები. წვრთნებში ჩართული იყო თურქული ფრეგატი TCG Gokceada (F-494), საბერძნეთის საზღვაო ძალების ფრეგატი HS Elli (F450) და ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების გამანადგურებელი HMS Duncan (D37). გემებს შეუერთდა იტალიური წყალქვეშა ნავი, ამერიკული კრეისერი და ასევე, საბერძნეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები, აშშ-ის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და სხვადასხვა საზღვაო ვერტმფრენი. წვრთნების ეპიცენტრში იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი და უახლესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford, თავისი F/A-18 თვითმფრინავებითა და სადესანტო ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავით. მან თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები ერთდროულად 20-მდე თვითმფრინავის გაშვებით აჩვენა. წვრთნები ორი აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობდა.  

მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა

კრემლის გავლენისგან თავისუფალი რუსული მედიასაშუალება Meduza წერს, რომ BRICS-ის მთავარი სამიტის წინ გამართულ ფორუმზე პუტინის ვიდეომიმართვა გადაიცა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი გახმოვანებული იყო. მედიის ცნობით, ჟურნალისტებისთვის გაურკვეველი დარჩა, რა გახდა ამ უცნაური პრეცედენტის მიზეზი. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმართვის ორიგინალი ვერსიაა ატვირთული. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა BRICS-ის სამიტზე დასწრებაზე და მის ნაცვლად იოჰანესბურგში სერგეი ლავროვი ჩავიდა.  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს  

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, რათა ხვალ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდეს. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს. „დაბრუნდით კიევში, რათა აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მოძმე უკრაინელ ერთან ერთად. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე მას დასჭირდება!" დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ლიეტუვის პრეზიდენტი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც უკრაინისთვის დახმარების და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნება განხილული. 23 აგვისტოს, უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. თანამედროვე დროში უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა პირველად, 1990 წლის 14 მარტს ლვოვის ოლქის სტრიის მერიაზე აღიმართა. კიევში ეროვნული დროშა მერის ოფისის თავზე 1990 წლის 24 ივლისს აღმართეს. „რუსული აგრესიის დაწყებისთანავე უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. წლევანდელი ეროვნული დროშის დღე უკრაინაში მასობრივი შეკრების გარეშე აღინიშნება რუსეთის თავდასხმების მუდმივი საფრთხის გამო,“ - წერს უკრაინული მედია.  

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა. „მძიმე გულით ვიუწყებით საქართველოში ჩვენი მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების შესახებ. ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი). ამ წარმოუდგენლად რთულ დროს, ღრმად ვუთანაგრძნობთ ნიკის ოჯახს, მათ გვერდით ვდგავართ და თანადგომას ვუცხადებთ. მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე. მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა ცხოვრება გაეროს განვითარების პროგრამის წყალობით შეიცვალა. საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში ნიკ ბერესფორდმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თავმდაბლობამ და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის წევრთა გულებში. ნიკ ბერესფორდის უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის სხვა წარმომადგენლობებისთვის მთელ მსოფლიოში, სადაც ის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა: კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალში, აღმოსავლეთ ტიმორსა თუ ნიუ იორკში. სიცოცხლეში, ნიკი ბევრისთვის მეგობარი და მისაბაძი მაგალითი იყო; სიკვდილის შემდეგ, მისი ხსოვნა შთაგონების წყარო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი სამყარო შევქმნათ ყველასთვის,“ - წერია UNDP Georgia-ს Facebook გვერდზე განთავსებულ ცნობაში.  

უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს

23 აგვისტოს უკრაინის ყველა მოქალაქე ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. თავად დღესასწაული შედარებით ახალია და უკრაინის მეორე პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ბრძანებულებით 2004 წლის 23 აგვისტოს დაწესდა.  უკრაინის ეროვნული დროშა უმაღლესმა რადამ 1992 წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ოფიციალურ სიმბოლოებში ლურჯი და ყვითელი ელემენტების კომბინაცია 1 256 წელს გამოიყენეს. კერძოდ, ლვოვის დაარსების დღეს და ქალაქის გერბს ლურჯ ფონზე ოქროს ლომი ამშვენებდა. „რუსული აგრესიის დაწყებისთანავე უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. წლევანდელი ეროვნული დროშის დღე უკრაინაში მასობრივი შეკრების გარეშე აღინიშნება რუსეთის თავდასხმების მუდმივი საფრთხის გამო,“ - წერს უკრაინული მედია. უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.წელს, უკრაინის შუაგულში (Pechersk hills) აღმართეს სპეციალური დროშა, რომელიც თავდაცვის მთელ ხაზს გადიოდა და რომელზეც უკრაინელი დამცველები ხელმოწერებს და სურვილებს ტოვებდნენ.„ამ დროშაზე გამოსახულია სპეციალური სიტყვები და ხელმოწერები, რომლებსაც განსაკუთრებული ადამიანები ტოვებენ. ესენი არიან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი დამცველები, ჩვენი მეომრები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, უკრაინელებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკრაინისთვის. ეს დროშა იყო ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე. ჩერნიგოვიდან ოდესამდე, უკრაინის თავდაცვის მთელი ხაზის გასწვრივ, სხვადასხვა საბრძოლო ბრიგადასა და ქვედანაყოფებში,“- განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.  

ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით დაიხურა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს. დროებით დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი. ხანძრის ჩაქრობას რვა თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი და 1 100 მეხანძრე ცდილობს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ხანძრების დროს 83 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. ხანძრების გამო საკუთარი სახლებიდან ცხრა სოფლის მოსახლეობა ჯამში – 1 251 ადამიანი გაიყვანეს. ევაკუაცია განხორციელდა ჩანაქკალეს სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო პუნქტიდან და ადგილობრივი უნივერსიტეტის კამპუსიდანაც.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსულ არმიას ოკუპირებულ ყირიმში მხოლოდ ერთადერთი გრძელი მარშრუტი შემორჩა

ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება. უკრაინის ამ დასკვნას დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც იზიარებს. უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედროები მხოლოდ არმიანსკის გავლით გზას ენდობიან, რომელიც დამატებით ლოგისტიკურ სირთულეებს ქმნის. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საბორნე ხიდებზე მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, რუსულ არმიას მხოლოდ ერთადერთი „გრძელი“ მარშრუტი შემორჩა. რუსი სამხედროები უკრაინის სამხრეთის საზღვარზე საბორნე გადასასვლელების მოწყობას განაგრძობენ. „აგვისტოში უკრაინის მიერ მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, საეჭვოა, რომ ეს ინფრასტრუქტურა მძიმე ტექნიკის და საბრძოლო მასალის არსებით დატვირთვას გაუძლებს,“ - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

200-ზე მეტი გემი პანამის არხის ორივე მხარეს საცობშია გაჭედილი

პანამის არხის სიახლოვეს, საცობში 200-ზე მეტი გემია ჩარჩენილი. უპრეცედენტო ნაკადი გემების გავლას აფერხებს. ინფორმაციას Businessinsider-ი ავრცელებს. პანამის არხის ორივე მხარეს, 200-ზე მეტი გემი დიდ საცობშია გაჭედილი. ზოგიერთი ხომალდი სამ კვირაზე მეტია, მოძრაობის გახსნას ელოდება. საცობში ძირითადად ტვირთამზიდი ან გაზის გადამზიდავები არინ. Wall Street Journal-ის ცნობით, გემების გაჭედვის მიზეზი უპრეცედენტო გვალვა გახდა. პანამის არხი ჩვეულებრივ, შეერთებული შტატების კონტეინერების ტრაფიკის 40%-ს უზრუნველყოფს. საცობი სამომხმარებლო საქონლის მიწოდების შენელებას იწვევს. ხელისუფლებამ შემდგომი შეზღუდვები ლიმიტი დააწესა,  მათ შორი მსხვილი გადამზიდავებისთვის. 2021 წლის ზაფხულში, უზარმაზარი საკონტეინერო გემი Ever Given, სუეცის არხში ექვსი დღით გაიჭედა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაზიდვის მარშრუტი გადაკეტა.  

უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან

ოთხშაბათს, 23 აგვისტოს და ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან. კიევში ელოდებიან ევროპარლამენტარებსაც. ესტონეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დელეგაციის მიზანია უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს და თავად დამოუკიდებლობის დღეს. დეპუტატებთან და მთავრობასთან შეხვედრებზე განიხილება უსაფრთხოების ვითარება და უკრაინის დახმარება მიმდიანარე ომის დროს. ასევე განიხილება რუსეთის პასუხისგებაში მიცემის საკითხი და აგრესიით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 25-კაციანი დელეგაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს და საპარლამენტო კომისიების ხელმძღვანელებს შეხვდება. დაესწრება უკრაინის პარლამენტის სხდომას. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინას და სხვა ოფიციალურ პირებს.  ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე მიიღებს მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტში, რომელიც კიევში გაიმართება. დეპუტატები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, გოსტომელის აეროდრომს და კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ირპინის აეროდრომს მოინახულებენ. დელეგაციაში არიან სტუმრები ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და ევროპარლამენტიდან. კიევში დღეს პირველად ჩავიდა პორტუგალიის პრეზიდენტი. უკრაინას ასევე სტუმრობს ლიეტივის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. ომში მყოფ ქვეყანაში ვიზიტით ასევე იმყოფება უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინა ნოვაკი. მანამდე უკრაინას ეწვია ნიდრელანდების თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, კაისა ოლონგრენი და უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მოდელი წარუდგინა.  

პორტუგალიის პრეზიდენტი უკრაინაში პირველად ჩავიდა

უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელუ და სოუზა ჩავიდა. ის ომის შედეგად განადგურებულ ქალაქ ბუჩას ეწვია. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ეს პორტუგალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მარსელო რებელუ და სოუზას თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი უკრაინისთვის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ გრძელდება კონტრშეტევა, რომელიც მისი სუვერენიტეტის დასტურია. პორტუგალიის პრეზიდენტი კიევში რკინიგზით ჩავიდა. მის დელეგაციაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა თანამდებობების პირები შედიან. უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან  

მიხეილ სარჯველაძე მედვედევის განცხადებაზე: ვერ შევურიგდებით ოკუპაციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს ქვეყნის დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას. სარჯველაძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური. „საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური. აქედან გამომდინარე ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს მშვიდობიანი გზით აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორიები და მასზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი," - განაცხადა სარჯველაძემ. კითხვას, ელოდება თუ არა საგარეო უწყებისგან ოფიციალური განცხადების გავრცელებას, სარჯველაძე პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. "მთლიანად, მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა ახლა მაშინ გავაკეთო განცხადება და ყველას სახელით ვთქვა, უკლებლივ ყველასი და ყველასგან, ვისაც შესაძლებლობა მიეცემა და ვისაც კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად იგივე პასუხს მიიღებთ ვინც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას - კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან," - განაცხადა სარჯველაძემ. მისივე თქმით, ვერავინ გამოკვეთს, რომ ხელისუფლებას მსგავს განცხადებებთან შემრიგებლური დამოკიდებულება აქვს. რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს. რუსეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავამდე სამი დღით ადრე, 23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად $245 მილიონს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად, დიდი ბრიტანეთი 245 მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. უკრაინის ენერგეტიკული სისტემა  გასულ ზამთარში რუსეთის მასობრივმა თავდასხმებმა სერიოზულად დააზიანა. ამან კიევი უფრო დამოკიდებული გახადა მის მოძველებულ ატომურ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ომამდე ქვეყნის სიმძლავრის ნახევარს აწვდიდნენ. უკრაინა ამჟამად მისი ოთხი აქტიური ატომური სადგურიდან სამს აკონტროლებს.  

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო - ჯანდაცვის სამინისტრო

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. „ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რა რეკომენდაციებს გასცემს ინფექციონისტი კურორტებზე დამსვენებელთათვის

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. მისივე თქმით, ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა ზაფხულის სეზონისთვის ჩვეულია. ინფექციონისტმა განმარტა, რომ დიარეული დაავადებების დროს ბევრი თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, რაც არასწორია. ბუწაშვილის თქმით, დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, ამ დროს კი, გამოსავალი ბევრი სითხის მიღებაა. „კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, განსაკუთრებით კურორტებზე. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი ის, რომ ბევრი ადამიანი იყრის ერთად თავს და ნაწლავური ინფექცია მარტივად ვრცელდება. მეორეა ის, რომ გადატვირთული საკვები ქსელები, სავარაუდოდ, კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სიცხეში საკვებზე მარტივად მრავლდება მიკროორგანიზმები. როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში.“ ინფექციონისტის რჩევაა, მოვერიდოთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ვართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები. „როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება. თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა. თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით. ასევე ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.  

მედია: რუმინეთისა და შავი ზღვის თავზე NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

20 აგვისტოს რუმინეთისა და შავი ზღვის ცაზე NATO-ს რეკორდული რაოდენობის სადაზვერვო თვითმფრინავი დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია Adevarul.ro Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეთა თვითმფრინავები ოკუპირებულ ყირიმში რუსებს ყველა სატრანსპორტო საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს, რაც უკვე დიდი ხანია ხდება, მაგრამ 20 აგვისტოს რეკორდული რაოდენობის ფრენები დაფიქსირდა. როგორც მასალაშია ნათქვამი, თავდაპირველად ეს იყო ორი Boeing E-3 Sentry, რომლებიც პარალელურად დაფრინავდნენ რუმინეთის თავზე NATO 11 და NATO 12-ის აღმნიშვნელი ნიშნებით. მოგვიანებით, ცაზე შენიშნეს აშშ-ის საზღვაო ძალების Lockheed EP-3E Aries II-ს ტიპის თვითმფრინავი, კოდით XC12, რომელიც საათობით დაფრინავდა დუნაის დელტის გარშემო, ზოგჯერ კი - შავ ზღვაზე. თავის მხრივ, უკრაინის საზღვარზე პატრულირება განხორციელდა Bombardier Challenger 650 ARTEMIS-ის თვითმფრინავით, რომლებიც დიდი რაოდენობით სენსორებითა და კომპიუტერებით არის აღჭურვილი. ეს საშუალებას აძლევს მას, მტერი ასობით კილომეტრში აკონტოლოს.  ეს თვითმფრინავი კერძო საკუთრებაშია და მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე სამხედრო პერსონალი არ ჰყავს, პენტაგონის ექსპერტები მის სენსორებს სატელიტის საშუალებით უკავშირდებიან და მონაცემებს რეალურ დროში აგროვებენ. წყაროების თქმით, სერვისის მფლობელი კომპანიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს პენტაგონი ფარავს. ასევე შავი ზღვის თავზე დაფიქსირდა Northrop Grumman RQ-4B Global Hawk-ის დრონი - FORTE10, რომელსაც აქვს მრავალი ელექტრო-ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორი, ასევე მაღალი სიზუსტის რადარი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ერთ დღეს 100 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აკონტროლოს. თვითმფრინავების ზუსტი რეკორდული რაოდენობა წყაროს მითითებული და დაკონკრეტებული არ აქვს. ინფორმაციისთვის, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აძლიერებს, რაც მათ შორის NATO-ს წევრი რუმინეთის შეშფოთებას იწვევს. NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით  

კელი დეგნანის თქმით, ერთობლივი წვრთნები დიდი შესაძლებლობაა ურთიერთთავსებადობისა და სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2023“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი წვრთნები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. „ვიმყოფებით ვაზიანის აეროდრომზე, სადაც იმართება ყოველწლიური სწავლება „მტკიცე სული“, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, აშშ-ის თანახელმძღვანელობით. სწავლებაში 21 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. დღეს დავესწარით საჰაერო დესანტირებას. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩავატაროთ წვრთნები ერთად და გავაუმჯობესოთ ურთიერთთავსებადობა, გამჭვირვალობა, ასევე, ყოველწლიური სწავლებებით ავიმაღლოთ მზადყოფნის დონე, რაც უფრო აძლიერებს ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. ამაღელვებელი იყო 180 ამერიკელი მედესანტეს ხილვა. აშშ-ის 173-ე სადესანტო ქვედანაყოფი საქართველოშია და მონაწილეობს წვრთნებში - „მტიცე ცული 2023.“ ეს არის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. დიდი მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს ამ მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა კელი დეგნანმა. „მტკიცე სული 2023“ წვრთნები საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა C-17 მრავალფუნქციური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო სწავლება განხორციელა. დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ. Agile Spirit 2023 NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 21 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023“ დაიწყო  

ფინეთი უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას ამზადებს

ფინეთის ხელისუფლება უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.    მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა უკვე ამზადებს დახმარების მე-18 პაკეტს.   „ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ გამოვაცხადებთ ამ კვირის ბოლოს,“ - განაცხადა ორპომ.   მისივე განცხადებით, ფინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, სამომავლოდ, ფინეთი ელის უკრაინის რეკონსტრუქციაში აქტიურ მონაწილეობას და უკვე ამზადებს ამ სფეროში თანამშრომლობის გეგმას.   „აქ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, განსაკუთრებით, დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის სფეროში,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.

ოკუპირებულ ყირიმში რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 Triumph-ი განადგურებულია - უკრაინის დაზვერვა

23 აგვისტოს, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ ოლენოვკას მახლობლად, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დიდი და საშუალო დისტანციის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 Triumph გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინულ მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქებისას მთლიანად განადგურდა თავად ინსტალაცია, მასზე დამონტაჟებული რაკეტები და პირადი შემადგენლობა. რუსეთის არსენალში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. „მტრის არსენალში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მტკივნეული დარტყმაა დამპყრობლების საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს ოკუპირებულ ყირიმში შემდგომ მოვლენებზე,“ - აღნიშნა სადაზვერვო სამსახურმა.  

უკრაინა და მოლდოვა საზღვრის ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდნენ

უკრაინა და მოლდოვა საზღვრის ერთობლივ კონტროლზე თანხმდებიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინა და მოლდოვა სახელმწიფო საზღვარზე ერთობლივ კონტროლს უზრუნველყოფენ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ შესაბამის შეთანხმებას მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, დორინ რესეანთან შეხვედრაზე მიაღწიეს. მოლდოველი ოფიციალური პირი უკრაინას ეწვია. „ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი პროგრესი ლოგისტიკის განვითარებაში იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“ შავ ზღვაში. სწრაფი გადაწყვეტილება დნესტრზე ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, საგუშაგოების განვითარებასთან დაკავშირებით, სარკინიგზო კავშირები - ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,“ - განაცხადა შმიგალმა.  მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის შემდგომი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. „ჩვენ მადლობელი ვართ სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მოლდოვის დელეგაციის დღევანდელი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი კონტაქტების შემდგომ განვითარებას და პროდუქტიულ დიალოგს", - აღნიშნა შმიგალმა.  

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ქართული მხარის ინფორმაციას გაეცნო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, აჯა ლაბიბისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. „ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამასთან, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ 2023 წელს, ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.