ძებნის რეზულტატი:
ავსტრალია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს შეიძენს
ავსტრალია შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაზრდელად, 1,3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (833 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Tomahawk-ის ტიპის 200-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის შეძენის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ავსტრალია აშშ-სა და ბრიტანეთთან ერთად, ერთ-ერთი იქნება, რომელსაც მსგავსი ფრთოსანი რაკეტები ექნება. „ჩვენ ვდებთ ინვესტიციას იმ შესაძლებლობებში, რაც ჩვენს თავდაცვის ძალებს სჭირდება, რათა დავიცვათ ავსტრალიელები იმ რთულ სამყაროში, სადაც დღეს ვცხოვრობთ,“ - განაცხადა მინისტრმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Tomahawks-ის გაყიდვა მარტში დაამტკიცა, მაგრამ იმ დროს არ მიუთითა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ან მოლაპარაკებები დასრულდა. Tomahawks-ის მოქმედების მანძილი 1500 კმ-ია (932 მილი). ავსტრალია აცხადებს, რომ მას სჭირდება თავდაცვის ძალების განახლება, რადგან ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო სფეროში ყველაზე მასშტაბურ დონეზე გაძლიერებას განაგრძობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების პოტენციურ მიყიდვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AH-64E Apache შვეულმფრენების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. 12 მილიარდ დოლარამდე გარიგების შესახებ პენტაგონმა განაცხადა. პენტაგონში განმარტეს, რომ NATO-ს წევრმა პოლონეთმა Apache-ის ტიპის 96 ვერტმფრენი და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა, მათ შორის 1,844 Hellfire რაკეტა და 508 Stinger რაკეტა მოითხოვა. პენტაგონის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ შესაძლო გარიგების შესახებ კონგრესს ორშაბათს აცნობა. მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებისა, შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ან მოლაპარაკებები დასრულებულია. პენტაგონმა განაცხადა, რომ Boeing-ი (BA.N) და Lockheed Martin-ი (LMT.N) მთავარი კონტრაქტორები არიან. „თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ჩემი შეთანხმების თანახმად, პროცედურების დასრულებამდე და შეძენილი ვერტმფრენების პოლონეთისთვის მიწოდებამდე, აშშ-ს არმია საკუთარი რესურსებიდან გადმოგვცემს ვერტმფრენებს“, - განაცხადა თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 22 აგვისტოს. აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) თავის განცხადებაში მიუთითა, რომ ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რამდენიმე ტიპის რადარის, 210 ძრავის, პილოტებისთვის ღამის ხედვის მოწყობილობების, ასევე AGM-114R2 Hellfire, JAGM-ის, Stinger-ის რაკეტების მიწოდებას. პაკეტის ჯამური ღირებულება 12 მილიარდ დოლარს შეადგენს. „აშშ-ის არმია პოლონეთს Apache-ის ტიპის შვეულმფრენებს საკუთარი რესურსებით გადასცემს, 96 შვეულმფრენის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე“, განაცხადა 6 მაისს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბლაშჩაკმა ვაშინგტონში, პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ. მეზობელ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთმა თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტად აქცია.
ონის მერის მოადგილის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ტერიტორია სრულად დამუშავებულია
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა. „გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა. გარდა ამისა, სამძებრო სამუშაო როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები,“ - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა. შერაზადიშვილის თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 28 ადამიანი. 5 დაკარგულს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 5 და 9 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხი შეამოწმა. როგორც სააგენტო აცხადებს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. „კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლოს შედეგები სააგეტომ 11 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. მან მოლაპარაკებებს ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი უწოდა. „კარგი საუბარი გაეროს წესდების პატივისცემასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე. ჩვენი ერების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, რაც ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. სერბეთ-უკრაინის ურთიერთობებს ართულებს ბელგრადის მეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადგან სერბეთმა უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ დაწსებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამავდროულად, ვუჩიჩმა უკრაინას „მეგობრული ქვეყანა" უწოდა და დაადასტურა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის სუვერენული ტერიტორიებია. სერბეთის პრეზიდენტმა 7 ივნისს განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინამ შუამავლების მეშვეობით მიიღოს. FT-სთან ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობდა, რომ მისთვის ცნობილია აშშ-ის მთავრობის ცნობების შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინაში შუამავლების მეშვეობით აღმოჩნდა და რომ სერბეთი არ აპირებს ამის შეჩერებას.
BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვი ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა. 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ჩატარდება. რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგის ძირითადი თემები ორგანიზაციის გაფართოებისა და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ სამიტზე გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყნის წარმომადგენლობაა მიწვეული. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა
მალიარის თქმით, უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ, დაიწყეს მოქალაქეების ევაკუაცია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ, მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ანა მალიარის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რაბოტინოში ბრძოლით შეაღწიეს და საპასუხოდ რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ სოფელს. „47-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებმაც სოფელ რაბოტინოში შეაღწიეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. უკრაინელი მებრძოლები დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს აწარმოებენ და მტერს ანადგურებენ. საპასუხოდ, რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ რაბოტინოს არტილერიით. ბრძოლა გრძელდება,“ - აღნიშნა მალიარმა.
რა შემთხვევაში მოამზადებს აშშ უკრაინელ მფრინავებს
პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნებში, თუ იმაზე მეტი მფრინავის მომზადება იქნება საჭირო, ვიდრე ევროპელებს შეუძლიათ მოამზადონ. მისი თქმით, მფრინავების საერთო რაოდენობას, რომლებსაც წვრთნები დასჭირდებათ, უკრაინელები დაადგენენ. „აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების წვრთნაში, თუ მათი რიცხვი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მოამზადონ. ეს არის პირობა. თუ დანია და ნიდერლანდები უხელმძღვანელებენ წვრთნებს და მათ უბრალოდ არ ექნებათ შესაძლებლობა, მოამზადონ იმდენი მფრინავი, რამდენის გაგზავნასაც უკრაინა აპირებს, მაშინ ჩვენ დავეხმარებით," - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.
პაკისტანის საბაგიროს ინციდენტი: რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხევში საბაგიროში ჩარჩენილი რვა ადამიანის, მათ შორის ექვსი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ჯგუფი სკოლისკენ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა, რის შედეგადაც კაბინა 274 მ (900 ფუტი) სიმაღლეზე გაჩერდა. ადგილზე სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ადგილობრივი მედიასაშუალება Dawn.com იტყობინება, რომ რვა მგზავრი პირველი ვერტმფრენის მისვლამდე სულ მცირე ოთხი საათის განმავლობაში იყო ადგილზე. სამაშველო მისიას ძლიერი ქარი ართულებს. განახლება: ადგილიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საბაგიროს კაბინაში საათების განმავლობაში, დილის 07:15 საათიდან იმყოფებოდნენ. ამჟამად გონდოლაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რჩება.
უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი ზაკარპატიის ოლქში 22 აგვისტოს დილით ჩავიდა. უნგრეთის პრეზიდენტი ზაკარპატიის ოლქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს. კატალინ ნოვაკი უკრაინაში ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტის წინა დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ იყო გამოცხადებული. უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა - მედია საინფორმაციო პორტალ Telex-ი წერდა, რომ ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავიდოდა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავდა წმინდა სტეფანეს დღეს. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერთი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა
შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ ნაპოვნია 29 ცხედარი. 4 დაკარგულს ეძებენ სამძებრო სამუშაოში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების შესახებ აფრთხილებს
საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს. საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: AspropyrgoElefsinaPlaka #Dikella #Makris & #New_Chile Βοιωτία / ViotiaΚύθνος / Kithnos Ίασμος / Iasmos „საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.“
მოლდოვის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, დორინ რესიანი სამ მინისტრთან ერთად, მოლდოვაში ვიზიტით ჩადის. დელეგაციაშია სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მინისტრი, ვლადიმირ ბოლია, ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ანდრეი სპინუ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩანი. ორშაბათს უკრაინაში ასევე ჩავიდა უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი. მან ვიზიტი ზაკარპატიიდან დაიწყო, საიდანაც კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება. ორშაბათს, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბალკანეთის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ. მის ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ათენის დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
ირანმა ახალი დრონი შექმნა
ირანმა ახალი დრონი Mohajer-10 შექმნა. ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ დრონი ფრენის გაუმჯობესებული დიაპაზონითა და ხანგრძლივობით გამოირჩევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Mohajer-10-ს 2 000 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლია. მის მიერ გადაზიდული ტვირთის სიმძიმემ შესაძლოა, 300 კილოგრამამდე მიაღწიოს, რაც ორჯერ აღემატება Mohajer-6-ის მაჩვენებელს. აშშ ირანას რუსეთისთვის Mohajer-6-ის მიწოდებაში ადანაშაულებს. რუსეთმა და ირანმა, რომლებიც დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ქვეშ არიან, სამხედრო და სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს.
ევროკომისიამ უკრაინას მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში €1.5 მილიარდი გადასცა
ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი 1,5 მილიარდი ევროს ტრანში გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდნტმა განაცხადა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ,“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. ის დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის საბერძნეთში შეხვდა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება. „გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად და ეკონომიკური დახმარების უზრუნველსაყოფად,“ - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.
უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისში 32-მეტრიანი დროშა გაშალეს
23 აგვისტოს მშვიდობის ხიდთან გაიმართა უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი „ფლეშმობი.“ უკრაინის 32-მეტრიანი დროშა უკრაინის ეროვნული ჰიმნის ფონზე გაშალეს. „32 სიმბოლური ციფრია, და ნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს. ჩვენ ერთად გავშლით 32 მეტრის სიგრძის დროშას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ უკრაინა 32 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მათ შორის მეგობრების წყალობით მთელი მსოფლიოდან,“ - ამბობენ ფლეშმობის ორგანიზატორები, რომლებიც აანონსებდნენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტვივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ფლეშმობი 23 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია ქართულ-უკრაინული პლატფორმა.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი ერევანს, თბილისსა და ბაქოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა. ბელგიელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ვიზიტის მიზანია სამხრეთ კავკაიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა. „ერევანში, თბილისსა და ბაქოში ვიწყებ ოთხდღიან მოგზაურობას, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ვიზიტის მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და ჩვენი გამაერთიანებელი კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა,“ – წერს ჰაჯა ლაჰიბი.
მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023“ დაიწყო
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 22 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ირაკლი ჭიჭინაძემ და საერთაშორისო წვრთნებისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა საველე ტაქტიკურ მართვის პუნქტში გადაინაცვლეს და წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციები დეტალურად გაიარეს. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. წელს წვრთნებში NATO-ს წევრი და პარტნიორი 22 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, მათ შორის სწავლებაში პირველად მონაწილეობს იორდანია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იაპონია. მონაწილე ორგანიზაციები არიან: მრავალეროვნული დივიზია - სამხრეთ-აღმოსავლეთი (MND-SE), ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის ბრიგადა (LITPOLUKR Brigade) და ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი (MNMPBAT NATO). წელს Agile Spirit 2023 უწყებათშორისი სწავლების სტატუსიც შეიძინა, რადგან სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი - დასავლეთი NATO-ს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად კომბინირებულ სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებთან ერთად ფოთში, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალში ჩაატარებს. გარდა ამისა, Agile Spirit 2023-ის ფარგლებში პირველად მოხდება მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG) შეფასება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში. Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.
კულებას თქმით, კიევს აქვს ყველა შანსი, რომ ფინეთისა და საქართველოს პრეცედენტისგან განსხვავებული სამშვიდობო პირობები მიიღოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევს აქვს ყველა შანსი, მიიღოს ისეთი სამშვიდობო პირობები, რაც სსრკ-ფინეთის ომის, რუსეთ-საქართველოს ომის ან 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიღებულისგან განსხვავდება. უკრაინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კიევი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ სანტანდერში, მენენდეს პელაიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპის მომავლის შესახებ ონლაინ ლექციის დროს განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მიმართ გამოხატულ საერთაშორისო მხარდაჭერას მაღალი შეფასება მისცა. აღნიშნა, რომ ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიომ ისწავლა წარსულის შეცდომებზე.“ შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა უკრაინასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეცდომა უწოდა. განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს ეხებოდა.“ „მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა,“ – განაცხადა სტიან იენსენმა. მანამდე საერთაშორისო მედიაში განხილვის თემა იყო NATO-ს მაღალჩინოსნის სიტყვები, რომლის თანახმად, „უკრაინას შეუძლია, დაუთმოს ტერიტორიები რუსეთს, წევრობისა და ომის დასრულების სანაცვლოდ.“ NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის თქმით, ეს შეიძლებოდა, გამოსავალი ყოფილიყო არსებული სიტუაციიდან. ამ სიტყვებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა, კიევის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამ თემაზე დისკუსია კიევისადმი NATO-ს გენმდივნის მხარდამჭერი გზავნილით დაიხურა. იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება ხელსაყრელი პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის
უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებთ, ლუქსემბურგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. „მადლობას ვუხდი ლუქსემბურგს და მის ხალხს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ იდეალებსა და ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის ინტერესებს,“ - აცხადებს ზელენსკი. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.