ძებნის რეზულტატი:
მედია: ნეიტრალური ქვეყის, ირლანდიის შეიარაღებული ძალების 30-მდე წევრი უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის
ირლანდიის შეიარაღებული ძალების 30-მდე წევრი უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნებს ჩაატარებს. იუწყება Irish Times-ი. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. განცხადებაში ქვეყნის მთავრობა განმარტავს, რომ დუბლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღს არ აწვდის. „ირლანდიის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ხასიათდება სამხედრო ალიანსებში, ერთობლივ თუ ორმხრივ თავდაცვის შეთანხმებებში ჩვენი არმონაწილეობით,“ - ნათქვამია განცხადებაში. „ჯარისკაცების საბაზისო სამხედრო მომზადება, მათ შორის, წვრთნები არ იმოქმედებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე,“ - განაცხადა მთავრობამ. ირლანდიელმა სამხედროებმა ნაღმების გაწმენდასა და ბომბების განადგურებაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა მაისში დაიწყეს. ახლა კი, ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები იწყება.
Bloomberg: „მკაცრი ხაზის“ მომხეეები პუტინისგან შოიგუს შეცვლას და სრულ მობილიზაციას მოითხოვენ
რუსეთის უსაფრთხოების სფეროში „მკაცრი ხაზის“ მომხეეები თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებას და უკრაინაში გაცილებით უფრო აგრესიულ საომარ მოქმედებებს მოითხოვენ. როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის „ელიტის" წარმომადგენელთა ნაწილი პუტინის ქმედებებით უკმაყოფილოა, მის ალტერნატივას ვერ ხედავს და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემხრობა. Bloomberg-ი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „მკაცრი ხაზის“ მხარდამჭერებს ასევე სურთ, რომ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. სააგენტოს წყაროთა თანახმად, ომის გარდა, პუტინს განსაკუთრებით აშფოთებს რუბლის კურსის და ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემები და სურს, რომ 2024 წლის არჩევნების წინ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია, რასაც რუბლის გაუფასურების შეჩერება სჭირდება.
კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ
კინემატოგრაფისტები კინოცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ბოიკოტს უცხადებენ და ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას აღარ მიიღებენ „მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში.“ კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას, ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვა. „ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს, ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.“ განცხადებაზე ხელმომწრები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით. "სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას. დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!" - ნათქვამია განცხადებაში.
კოსოვო უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდა
კოსოვოს უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ალბინ კურტი Twitter-ზე წერს. მისი შეფასებით, უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და რუსეთის ლიდერების პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელია მშვიდობისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოსოვო მზადაა ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანოს“. კურტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის „უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, რჩება საფრთხედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.“ ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“
სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფო ჯაფარიძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. მისი თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა. „ხვალიდან, ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით. მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი. მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მოგვიყვანს გამარჯვებამდე,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ მედიასთან. ნიშნავს თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რომელშიც ჩართულია თავად მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეიძლება ასეც ითქვას. „დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით). „საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივლისში, 4 938.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 177.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 620.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი),“ - წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კელი დეგნანი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც მალე მისიას ასრულებს, „გულწრფელად იმედოვნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.“ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არის დემოკრატიის ჩარჩოს შენების პროცესში, რომელიც არის კომპლექსური და უნდა იყოს ძლიერი, მედეგი და დამოუკიდებელი. „აშშ ძალიან ამაყია, რომ სწორედ ამაში ეხმარება საქართველოს ბოლო 30 წელია. არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის წახალისებაში, ბაზრების დივერსიფიკაციასა და რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებაში, არამედ იმაში, რომ საქართველომ შექმნას ძლიერი, მედეგი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს პროცესი არასდროს მთავრდება, რისი მოწმეებიც ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 247 წელია ვმუშაობთ დემოკრატიაზე და საკეთებელი კიდევ არის.როგორც ვთქვი, საქართველომ საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა 20-25 წლის განმავლობაში. საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ფოკუსი ერთსა და იმავეზე - მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, არა თავიანთ კერძო ან მცირე ჯგუფის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რაც არის მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, მართალი ხართ, ეს ნიშნავს ყურადღების მიქცევას იმაზე - რა სურთ ადამიანებს.“„საქართველოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მრავალ ქართველს სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს: ფერმერი, მასწავლებელი, სტუდენტი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერები. მე რაც მათგან მესმის, მათ სურთ სტაბილურობა, სურთ კეთილდღეობა, სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობები და სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი ბიზნეს-იდეები განახორციელონ, სურთ თანაბარი პირობები ამ იდეების გასავითარებლად; მათ სურთ სამართალი - დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელიც იქნებოდა მოქნილი და გამჭვირვალე; მათ სურთ სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ბრალდებები, რომლებიც ახლდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების უმრავლესობას - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს და რომლებიც შეეხება კანდიდატების დაშინებას, ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერთა დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებას. ეს არ არის ახალი ტაქტიკები, მაგრამ ეს ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო. შეკითხვა: მომავალმა ელჩმა რობინ დანიგენმა ისაუბრა არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების მნიშვნელობაზე. რა იქნებოდა თქვენი რჩევა მომავალი ელჩისთვის არჩევნებთან მიმართებით?„ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი.აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არამხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც. მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს - მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია - აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. 2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება,“ - აღნიჩნა ელჩმა.
კელი დეგნანი: ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელსაც მისია მალე ეწურება, აცხადებს, რომ საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას. „მრავალი წელია, საქართველო ჩინეთთან საქმიანობას აწარმოებს და ახალი არაფერია ეკონომიკურ ურთიერთობებში. ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას. ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არამხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში. ვთვლი, რომ ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო. როგორც შევნიშნე, საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული - ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს. ასე რომ, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს აქვს ჩინეთთან გარკვეული ხანია, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ჩინეთის მიერ მსოფლიოს უფრო ავტორიტარიზმისკენ რეფორმირების მცდელობას, წინააღმდეგობაშია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილიც არის საქართველო და რომლითაც ის ისევე სარგებლობს, როგორც ჩვენ ყველანი. ამან მოიტანა მეტი კეთილდღეობა, მოიტანა სტაბილურობა და მშვიდობა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, სიღარიბიდან ამოიყვანა მილიარდობით ადამიანი და უზრუნველჰყო დამოუკიდებლობა და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც, ვიცი, სიახლე არ არის საქართველოსთვის, არამედ მისი გენეტიკური კოდის ნაწილია. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ევროპული ორიენტაცია. ღირებულებები, რომლებიც ქართველებს საუკუნეებია აქვთ, იგივე ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენ და ევროპელები ვიზიარებთ. სწორედ ეს გვაქცევს ასეთ ახლო პარტნიორებად და მეგობრებად, ბუნებრივ მეგობრებად და პარტნიორებად. ვინაიდან, ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს. მეეჭვება, ამ ღირებულებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იზიარებდეს საქართველოსთან,“- განაცხადა კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი
ონის მერის მოადგილის თქმით, შოვის სტიქიის დროს დაკარგულებს 36 ლოკაციაზე ეძებენ
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაო გრძელდება. „ძენა როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაო“, - განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა მედიასთან. შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 28 ადამიანი. 5 დაკარგულს ეძებენ.
უკრაინის დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 3 კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ და გასული კვირის განმავლობაში კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. მალაირის თქმით, ამ მიმართულებით გათავისუფლებული მთლიანი ტერიტორიის ფართობი 43 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. მისივე აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია განსაკუთრებით რთულია ქალაქ კუპიანსკის მახლობლად. „მძიმე ვითარებაა კუპიანსკის მიმართულებით. მტერი არ ტოვებს წინსვლის გეგმას და დამატებითი ძალების მობილიზებას ახორციელებს. დარწმუნებული ვართ ჩვენს დამცველებში, მაგრამ იქ მათთვის ძალიან რთული ვითარებაა,“ - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თოყაევს სურს, ყაზახეთსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ვიეტნამის ლიდერ ვო ვან ტუონგთან მოლაპარაკებები გამართა. თოყაევი ჰანოიში ჩავიდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ენერგეტიკის, სატრანსპორტო-ლოგისტიკის, აგროინდუსტრიული და კულტურულ-ჰუმანიტარული სექტორების თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს,“ - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თოყაევმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის ეკონომიკური წარმატება სერიოზულ საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და ვიეტნამს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 2023 წლის ექვს თვეში 600 მილიონ დოლარს მიაღწია. წლის ბოლომდე კი, ამ მაჩვენებლის ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.
კელი დეგნანი: აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის არის უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ოდესმე ყოფილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო. „ფაქტი, რომ ამერიკელ და ქართველ სამხედროებს აქვთ ერთობლივი წვრთნები, ვარჯიშები, მსახურობენ ერთად, თავს წირავენ ერთად, არის ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშანი. ეს შენდებოდა წლების, ათწლეულების განმავლობაში და ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაძლიერდა საქართველოს თავდაცვის ძალები, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ძალები, სასაზღვრო დაცვის ძალები, სამართალდამცველები. ეს არის ამ სექტორებში აშშ-ის საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგი. როგორც აღვნიშნე, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ეროვნულ გვარდიასთან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებზე და ასევე მოიცავდა უფრო ფართო მედეგობასაც. ვიტყოდი, რომ საქართველო გაცილებით ძლიერია საკუთარი საზღვრების დაცვის უნარის თვალსაზრისით,“ - უპასუხა ელჩმა რადიო თავისუფლების შეკითხვას, არის თუ არა საქართველო უფრო დაცული, ვიდრე იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე. საკმარისად აქტიურია თუ არა საქართველოს მთავრობა აშშ-სთვის საკუთარი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, წარდგენის კუთხით? კელი დეგნანმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ჩვენ მივყვებით საქართველოს მთავრობას. მზად ვართ ნებისმიერი გზით მხარი დავუჭიროთ საქართველოს. ვფიქრობ, ყველა ძალიან მგრძნობიარეა იმ ვითარების მიმართ, რომ საქართველო არის რუსეთის მეზობელი, უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეჭვგარეშეა, რომ ახლანდელ გარემოში რუსეთი ემუქრება საქართველოს, ზეწოლას ახდენს მასზე, როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას, იმავე ბელორუსის მიერ [საქართველოს] ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხით ან სხვა გზით. ვფიქრობ, ყველა ძალიან მგრძნობიარეა ამ რეალობის მიმართ და ჩვენ მივყვებით საქართველოს მთავრობას: რისი გაკეთებაც კომფორტულია საქართველოს მთავრობისთვის ამ ძალიან რთულ ვითარებაში, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ. თუმცა, სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება. ახსენეთ ჩვენი რეგულარული შეხვედრები. რეგულარული განხილვა ამერიკელი და ქართველი სამხედროების მიერ წვრთნებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციაზე, საბჭოთა ეპოქის მოწყობილობების ახლით შეცვლაზე - ეს ყველაფერი მიმდინარეობს მრავალი წელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები იყვნენ საკმარისად ძლიერები დაიცვან საკუთარი ქვეყნის საზღვრები. ეს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს მრავალეროვნული წვრთნა - Agile Spirit („მტკიცე სული“), რომელიც მალე გაიმართება. თუკი საქართველო მხოლოდ მონაწილეობდა ამ წვრთნებში, ახლა ის ავიდა იმ დონეზე, რომ შეუძლია Agile Spirit-ის მსგავსი მრავალეროვნული წვრთნების ორგანიზება და მასპინძლობა. ელჩი დეგნანი „მტკიცე სული 2021"-ის დასკვნით ღონისძიებაზე: ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მტრები შევაჩეროთ ეს საკმაოდ რთული და კომპლექსურია. მთელი ეს თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნა და ვარჯიში გამიზნულია საქართველოს დახმარებისთვის, რომ მეტად მომზადებული იყოს NATO-ს წევრობისთვის. ეს ყველაფერი მიმართულია სწორედ მზადყოფნის იმ წერტილის მიღწევისკენ, რაც არის NATO-ში გაწევრიანება და საქართველოს საზღვრების დაცვა.“
ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩადის - მედია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ ვახშამს დაესწრება. უკრაინუილი მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეარხი N1 იუწყება. ვახშამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს. მას ასევე დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი. მაღალი რანგის პოლიტიკოსები მაქსიმოსის სასახლეში შეხვდებიან, რომ რეგიონის ევროპული მომავალი, ბალკანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები განიხილონ.
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე ესპანეთის გუნდი ანგარიშით 87-0 დაამარცხა. ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ მეტოქეს 14 უპასუხო ლელო გაუტანა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი შემდეგ შეხვედრას დიდ ბრიტანეთთან 23 აგვისტოს გამართავს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა. „თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს,“ - აცხადებენ უწყებაში. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართება და მასში 12 ქვეყნის ( საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი, ფიჯი) გუნდი მონაწილეობს. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ მონაწილეობს.
25 აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს
Europetime-თან გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი, ნინო წვერავა აცხადებს, რომ ხვალ, 22 აგვისტოს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი - როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. ნინო წვერავას თქმით, დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა +33 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონიდან გამომდინარე არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით. „აღმოსავლეთ საქართველოში +32-27 გრადუსს, თბილისში კი, 36 გრადუსს ველოდებით. 23, 24, 25 აგვისტოს შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში + 31 - 36 გრადუსის ფარგლებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +28-33 გრადუსის ფარგლებში დარჩება. ამ მაღალი ტემპერატურის ფონიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში 22 აგვისტოს მოსალოდნელია +36 გრადუსი, 23 აგვისტოს + 37 გრადუსი, 24 აგვისტოს + 36 გრადუსი. 25 აგვისტოდან ტემპერატურა ნელ-ნელა დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ვფიქრობთ, +28-33 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება +28-33 გრადუსი,“ - განუცხადა ნინო წვერავამ Europetime-ს. მოსალოდნელია, რომ შედარებით გრილი ამინდი 28 აგვისტომდე შენარჩუნდება.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
21 აგვისტოს ქართველი გენერლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი, გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი. მათ ეროვნულ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ქართველი გენერლის ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წელს გადმოასვენეს და მშობლიურ მიწას 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს. გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.
ფრანგულმა ენერგოკომპანიამ 1,3 გიგავატი სიმძლავრის ატომური რეაქტორის გათიშვა გაახანგრძლივა
ფრანგულმა ენერგოკომპანია EDF განაცხადა, რომ სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში 1,3 გიგავატი სიმძლავრის (Golfech 2) ატომური რეაქტორის დახურვა გაახანგრძლივა. მდინარის წყალმა, რომელიც რეაქტორის გასაგრილებლად გამოიყენებოდა, ზედმეტად ცხელი ამინდის გამო მაქსიმალურ ტემპერატურას გადაააჭარბა. გარდა ამისა, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, აურელიენ რუსომ BFM TV-ს განუცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ სამხრეთ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში „წითელი დონის განგაში" ამოქმედდეს, მოსალოდნელი უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო. EDF-მა სამი ბირთვული რეაქტორის გათიშვის აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ ივლისში გამოაცხადა.
უნგრეთის ენერგეტიკული კონგლომერატი გაზს თურქული BOTAS-ისგან შეიძენს
უნგრული ენერგეტიკული კონგლომერატი MVM თურქული ენერგეტიკული კომპანია BOTAS-ისგან დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი (მკმ) ბუნებრივი აირის შეძენას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო გაზსადენებისა და ნავთობსადენების კომპანია BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შეთანხმებას კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა თურქეთის დელეგაციის უნგრეთში ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი. კომპანიის თანახმად, შეთანხმება მომავალი წლიდან თურქეთიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყებას ითვალისწინებს. Reuters-ის ცნობით, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ექსპორტს მილსადენების საშუალებით ევროპულ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. „BOTAŞ-მა და უნგრულმა სახელმწიფო კომპანიამ MVM CEEnergy-მა გააფორმეს ბუნებრივი გაზის ექსპორტის შესახებ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად და ბუნებრივი გაზის სფეროში საკვანძო როლის ხედვის რეალიზებით, “- აცხადებენ კომპანიაში.
რა უპირატესობის მოპოვებას ელოდება უკრაინა F-16-ის მიღებით და რას შეცვლის დასავლური ავიაგამანადგურებელი
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპკერის, იური იგნატის განმარტებით, უკრაინაში დასავლური წარმოების თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ. იგნატის თქმით, თვითმფრინავები ევრო 2012-ის ფარგლებში უკრაინაში დაეშვნენ და უკრაინელი პილოტები მას უკვე იცნობენ. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპკერის თქმით, ტრენინგები 2018 წელსაც ჩატარდა, როდესაც უკრაინელ პილოტებს გამოცდილება გაუზიარეს. ის ხაზს უსვამს, რომ დასავლურ F-16-ის ტიპის მებრძოლებს შეუძლიათ, შეცვალონ მოვლენების მიმდინარეობა საკონტაქტო ხაზზე, რადგან საჰაერო ფარი სახმელეთო ოპერაციების წარმატების გასაღებია. „მე ვთქვი, რომ ჩვენ მოვიგებთ ომს (F-16-ებით). ჩვენ მაშინვე არ გავიმარჯვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ F-16-ებს შეუძლიათ, შეცვალონ მოვლენების მიმდინარეობა; მათ შეუძლიათ, მოგვცენ ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება: საჰაერო უპირატესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - ამბობს იგნატი. ის აღნიშნავს, რომ მაგალითად, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით რვა-ცხრა რუსული მებრძოლია, რომლებიც ამ წამებში მართვად საჰაერო ბომბებს და საავიაციო რაკეტებს უშვებენ“. „ისინი ამის გაკეთებას ვეღაც შეძლებენ. საჰაერო უპირატესობა არის წარმატების გასაღები ადგილზე; ჩვენ ყველამ უნდა გვესმოდეს ეს,“ - განმარტა იგნატმა. ამასთან, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. „უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა," - ამბობს იგნატი. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. ინფორმაციისთვის, F-16 არის ამერიკული ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-ის მიერ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის (USAF) შეიქმნა. წარადგინეს როგორც საჰაერო უპირატესობის დღის გამანადგურებელი, თუმცა იქცა ყველა ამინდის პირობებში მრავალფუნქციურ თვითმფრინავად. 4600-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მისი წარმოება 1976 წელს დამტკიცდა.
ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
ირანის საპარლამენტო კომისიამ ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებული კანონის დარღვევისთვის გამკაცრებული სასჯელი დაამტკიცა. ახალი კანონების მიღების შემთხვევაში, ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ახალი კანონი კონსერვატიული სასულიერო პირებისგან შემდგარ საზედამხედველო ორგანოს, კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს წარედგინება. CNN-ის ცნობით, კანონპროექტი, რომელიც70 მუხლისგან შედგება, ითვალისწინებს ბევრად უფრო დიდ ჯარიმასა და ხანგრძლივ პატიმრობას ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან. ირანის ამჟამინდელი კანონმდებლობით, ჩაცმულობის კოდექსის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 დღიდან ორ თვემდე ვადით, ან ჯარიმით 50 000-დან 500 000-მდე ირანული რიალის ოდენობით (1-დან 10 ევრომდე). კანონების ახალი პაკეტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე, ასევე ჯარიმას 360 მილიონ ირანულ რიალამდე (7 800 ევრო). ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა. საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგაც, ირანში ჰიჯაბის ტარების მოთხოვნისადმი შეწინააღმდეგებას ბევრი ქალი აგრძელებს.