ძებნის რეზულტატი:
უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების მორიგი პარტია მიიღო
უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო. გერმანიის მთავრობის ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა. გერმანიამ აქამდე უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა (ერთი მაისში, მეორე ივნისში). ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს გადასცა დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81 გამწევი, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 13 მილიონ ტყვიაზე მეტი და საველე ჰოსპიტალი. 25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ გერმანიამ უკრაინას ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ისთვის განკუთვნილი რაკეტები პირველად გადასცა
რუმინეთი და ნიდერლანდები F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ
რუმინეთმა და ნიდერლანდებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტების მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცენტრი რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება. რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სასწავლო გარემო, ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არამხოლოდ რუმინელი პილოტებისთვის, არამედ, მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნებისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდებმა გამოავლინოს უკრაინის ერთიანობა და მისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავები რუმინეთში მომზადებას გაივლიან, F-16-ის თვითმფრინავების სამართავად,“ - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა. თავის მხრივ, რუმინეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალები რამდენიმე F -16-ის ტიპის თვითმფრინავს რუმინეთში 86-ე საავიაციო ბაზაზე განათავსებენ. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.
აშშ-ის პორტები უკრაინას საზღვაო ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება
„უკრაინის საზღვაო პორტების ორგანომ“ (USPA) სამხრეთ ლუიზიანასა და ნიუ ორლეანის პორტებთან (აშშ) თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. პორტები პორტის ინფრასტრუქტურის ტექნიკური დაგეგმვის, განვითარების, მშენებლობის, ადმინისტრირების, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სფეროებში ითანამშრომლებენ. USPA-ს პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში ოდესის საზღვაო პორტთან თანამშრომლობა შეთანხმდა. „მსოფლიოში მარცვლეულის ორი წამყვანი ექსპორტიორი, შეერთებული შტატები და უკრაინა ამაყობენ თავიანთი როლით მსოფლიოს საკვებით უზრუნველყოფაში. ეს მემორანდუმი ამტკიცებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მათი თავისუფლების დაცვაში და ქმნის ალიანსს ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, რომელიც ფოკუსირებულია ჩვენს საერთო მიზანზე, ვემსახუროთ მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში და შევქმნათ ეკონომიკური კეთილდღეობა ჩვენი თემებისთვის,“ - განაცხადა სამხრეთ ლუიზიანის პორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ მეთიუსმა. 2023 წლის ივლისში მარცვლეულის გარიგების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთმა ოდესისა და დუნაის პორტებზე თავდასხმების სერია დაიწყო. უკრაინის აგრარული საბჭოს მონაცემებით, ამ თავდასხმების შედეგად, დაახლოებით, 270 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ბოლო ცნობები „მარცვლეულის შეთანხმებაზე,“ ამ ბმულზე ნახეთ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. 28 აგვისტოს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.
უკრაინამ და ნორვეგიამ სატვირთო გადაზიდვების გამარტივების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და ნორვეგიამ ხელი მოაწერეს სატვირთო გადაზიდვების გამარტივების შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქონლის გადამზიდველებს ორ ქვეყანას შორის უნებართვოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. ახალი სისტემა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება და სულ მცირე 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც ორმხრივ ვაჭრობაზე, ასევე, საქონლის ტრანზიტზე სხვა ქვეყნებში. „ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ვაფართოებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც გამარტივებული რეჟიმი გვექნება, ამჟამად ასეთი სულ 35 ქვეყანაა," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სერჰი დერკაჩმა. აქამდე უკრაინულ ტვირთმზიდებს ნორვეგიაში მხოლოდ კონკრეტული ნებართვით შეეძლოთ გამგზავრება. სექტემბრიდან მათ საჭირო ნებართვის გარეშე შეუშვებენ, ევრო-5-ის სტანდარტის დაცვით. (ევრო-5 სტანდარტი ამკაცრებს მოთხოვნებს გამოყენებული საწვავის ხარისხზე, რაც შესაძლებელს ხდის გაზარდოს გარემოსდაცვითი უსაფრთხოება და გააუმჯობესოს ამ ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავების მუშაობა, რედ.) ამ კლასიფიკაციის დასადასტურებლად გადამზიდავებმა სერთიფიკატი უნდა წარადგინონ.
რუსეთის განცხადებით, მოსკოვისა და ბრიანსკის ოლქებს დრონები ისევ უტევდნენ
რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოსკრესენსკის ურბანულ რაიონში დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. „დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა,“ - წერს მერი. სობინიანის თქმით, მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“. დღეს დილით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა ტრადიციულად გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროებით შეზღუდა თვითმფრინავების მიღება და გაშვება. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 30 აგვისტოს საღამოს რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ბრაიანსკის ოლქის თავზე ორი უკრაინული თვითმფრინავი, ერთი რაკეტა კი - ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდო. რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ამტკიცებდა, რომ ფრთოსანი რაკეტა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. მისმა „მრჩეველმა“ ოლეგ კრიუჩკოვმა დაამატა, რომ ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით
BBC: რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ ყირიმში წელს დრონებით 190-ზე მეტი თავდასხმა მოხდა
BBC-ის ცნობით, რუსეთის ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მიმდინარე წელს, დრონებით 190-ზე მეტი თავდასხმა მოხდა. გამოცემა Verify-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც 2023 წლის დასაწყისიდან ადევნებს თვალყურს რუსულ მედიაში დრონებით თავდასხმების შესახებ გავრცელებულ ცნობებს. როგორც BBC წერს, 30 აგვისტოს ღამის თავდასხმები რუსეთის ექვს ოლქზე ერთ დღეში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა, რაც წლის დასაწყისიდან რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულა. ამ დროის მონაცემებით, 2023 წელს დრონებით თავდასხმები კონცენტრირებული იყო ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. 2023 წელს შავ ზღვაში რუსეთის ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ბაზებზე და ყირიმის ხიდზე, დრონების გამოყენებით ათამდე თავდასხმა განხორციელდა. BBC წერს, რომ დრონებმა მოსკოვის ოლქსაც მიაღწიეს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 450 კილომეტრშია. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთზე ბირთვული დარტყმის იმიტაცია მოაწყო
ჩრდილოეთ კორეის არმიის გენერალურმა შტაბმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ორი მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე ბირთვული დარტყმების იმიტაციისთვის. ფხენიანის განცხადებით 30 აგვისტოს, აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებთან ერთად ჩაატარეს სამხედრო წვრთნა, რომელიც „აჩვენებს მათ განზრახვას, ჩრდილოეთ კორეაზე მიიტანონ პრევენციული ბირთვული დარტყმა.“ ამის საპასუხოდ კი, ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით გაუშვა 2 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. ფხენიანის ინფორმაციით, რაკეტები პირობითი სამიზნის თავზე, 400 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. თავის მხრივ, სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს ზღვაში ჩავარდა ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული, მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. „კიმ ჩენ ინი აშკარად ავლენს ჩვენზე სამხედრო თავდასხმის განზრახვას საბაბად სამხრეთ კორეა-აშშ-ის წვრთნების ყოველწლიური თავდაცვითი წვრთნების გამოყენებით,“ - ნათქვამია სეულის განცხადებაში. კიმ ჩენ ინმა „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა და გენშტაბის უფროსი შეცვალა
სტოლტენბერგი: უკრაინელები წინ მიიწევენ, მათ უნდა ვენდოთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-ის ეთერში ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ. „მათ შეუძლიათ რუსეთის ძალების შეტევების უკუგდება,“ - ამბობს სტოლტენბერგი. „მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, ნაღმური ველების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას აწვდიან უკრაინას, მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებები თავად უკრაინელებზეა. „ბოლოს და ბოლოს, უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე მათ მეთაურობაზე არის დამოკიდებული რთული და მძიმე გადაწყვეტილებები. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ უკრაინელები კვლავ და კვლავ აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს. უნდა ვენდოთ მათ. რჩევებს ვაძლევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად უკრაინელები იღებენ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები ინდურ ბიზნესს პირველად შეეხო - მედია
ინდოეთის მთავრობამ შეერთებულ შტატებს სთხოვა, განბლოკოს $26 მილიონი, რომელიც ინდურ ალმასის კომპანიებს ეკუთვნის. მანამდე ეს აქტივები სანქცირებულ რუსულ ალმასის კომპანია ALROSA-სთან სავარაუდო სავაჭრო კავშირების გამო გაიყინა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიურო წერს. აქამდე ინდურ ბიზნესს რუსული კომპანიების წინააღმდეგ დასავლური სანქციები პირდაპირ არ შეხებია. ამასთან, Reuters-ის ადრინდელი გამოძიების თანახმად, ინდური ალმასის კომპანიები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცდილობდნენ გადაეხადათ ბრილიანტების შესაძენი თანხა. Reuters-მა მაშინ ვერ დაადგინა, გადაირიცხა თუ არა ამ კომპანიების მიერ გადახდილი თანხა რუსული ALROSA-ს კუთვნილ ანგარიშებზე თუ სხვა მიმღებებზე. ALROSA ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ინდოეთი კი, მსოფლიოში ალმასის გადამუშავებისა და ექსპორტის უმსხვილეს ობიექტებს ფლობს. ისინი „უხეშ ბრილიანტებს“ მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ყიდულობენ. ამ თვის დასაწყისში Reuters-მა ასეევ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი მოსკოვთან რუსული ხორბლის შეღავათიან ფასებში იმპორტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Sky News: ბენ უოლესმა თანამდებობა დატოვა
ბენ უოლესმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ცვლილებების წინ დატოვა. შესაბამის ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. შესაბამისი წერილით მან რიში სუნაკს უკვე მიმართა. ბენ უოლესმა 16 ივლისს დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებდა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკრაინულ დრონებთან გამკლავება უჭირს
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული გუშინდელი მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვი სავარაუდოდ, თავის საჰაერო თავდაცვას გადახედავს. მისივე თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბევრმა მიზანს მიაღწია, რაც დიდი ალბათობით, ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება. „რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლავდეს ამ თავდასხმებს,“ - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში. უწყების შეფასებით, რუსეთის ფსკოვისა და სოლცის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი თავდასხმები ადასტურებს, რომ უკრაინას აქვს დრონები, რომლებსაც მნიშვნელოვან მანძილზე წვდომის უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ადრინდელი რეაგირება დარტყმებზე, შეიძლება ეფექტიანი აღარ იყოს. „სავარაუდოდ, რუსეთს მოუწევს, განიხილოს საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატება აეროდრომებზე, რომლებიც, მისი აზრით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან,“ - წერს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ბოლო ცნობებში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, გუშინდელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის ხელისუფლება გუშინ იუწყებოდა ქვეყნის 6 რეგიონში დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებოდა. უკრაინის დაზვერვამ მოგვიანებით, 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
საქსტატი: ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. საქსტატის ცნობით, კლების ტენდენცია დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში დაფიქსირდა.
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1-ელ, 3, 4 და 21 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე, „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ შეზღუდვის პერიოდში, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.
პატიმრობში მყოფ იგორ სტრელკოვს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა სურს
FSB-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი, რომელიც რუსეთში ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. სტრელკოვმა თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე უკეთესად თავს ერთდროულად რამდენიმე სფეროში თვლის. მისი თქმით, პუტინი ზედმეტად სანდო და კეთილია და ასევე ჰყავს ბევრი მილიარდერი და ბიზნესმენი მეგობარი, რომლებსაც უარს ვერაფერზე ეტყვის. მან სამხედრო სფეროში თავის უპირატესობასაც გაუსვა ხაზი. ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი ივლისში დააკავეს. სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში სექტემბრის ბოლომდე მაინც დარჩება. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა
დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები გაიხსენეს. სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 5-კილომეტრიანი გარბენიც მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Agile Spirit 2023 - ში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედროები. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სერტიფიკატები და კოინები გადაეცა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც ჩატარდა.
დიდ ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა. „ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა,“ - წერს შეპსი სოციალურ ქსელში. დღეს, 31 აგვისტოს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ბენ უოლესმა თანამდებობა დატოვა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ბენ უოლესმა 16 ივლისს დაადასტურა, რომ მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებდა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხი ისევ შეამოწმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 15 და 19 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი ჩააატარა. შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. „გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბოლოს 22 აგვისტოს განაცხადა, რომ 5 და 9 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხი შეამოწმა. როგორც სააგენტო აცხადებდა, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
იტალიურ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ქართველმა ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა იტალიურ „ტორინოსთან“ კონტრაქტი გააფირმა. ინფორმაციას სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. საზონოვი ტურინული გუნდის შემადგენლობაში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ტორინოს“ საფეხბურთო კლუბი თბილად მიესალმება საბა საზონოვს, „ყოველთვის Forza Toro!” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში. საქართველოს ნაკრების მცველი იტალიაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა სამი მილიონი ევროა. საზონოვი 2021 წლის ივლისში მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 44 მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ში 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“. გიორგი კვერნაძე კი, „ფროზინონეს“ ახალი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ივლისში გახდა.
იოჰანესბურგში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა
იოჰანესბურგის ცენტრში ხანძრის შემდეგ 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლება ამბობს, რომ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი ხუთსართულიან შენობაში. სასწრაფო დახმარების სამსახურმა BBC-ს განუცხადა, რომ ხანძარმა შენობა გაანადგურა. მეხანძრეებმა შენობის მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს, ცხედრების ძებნა გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ძირითადად აფრიკელი მიგრანტები იყვნენ. იოჰანესბურგი მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქია სამხრეთ აფრიკაში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებს
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში გასულ კვირას სტუმრობდა. ვიზიტისას მან რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგური მოინახულა და დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხსოვნის კედელთან პატივი მიაგო. მისი ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად, დიდი ბრიტანეთი 245 მილიონ დოლარს გამოყოფს. „მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას," - აცხადებს გრანტ შეპსი.