ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი უკრაინას ყოველწლიურად, შეიარაღებისა და წვრთნისთვის €5 მილიარდს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ახალ ფონდს შექმნის, საიდანაც 2024 წლიდან 2027 წლამდე კიევს ყოველწლიურად, 5 მილიარდი ევრო შეიარაღებისა და სასწავლო პროგრამებისთვის მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხები ესპანეთში, ტოლედოში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს. ამ დროისთვის უკრაინამ მიიღო 5,6 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა არსებული მექანიზმის საშაულებით მიიღო. ის ევროკავშირის ქვეყნების ხარჯებს ანაზღაურებს. ევროკავშირის კანონმდებლობა საბიუჯეტო სახსრების მესამე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებას კრძალავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის წინადადებით, გაფართოვდება უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების წვრთნა და წლის ბოლომდე 40 000 სამხედრო მომზადდება. ჯოზეფ ბორელის თქმით, მანამდე დასახული მიზანი, რომელიც 2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას ითვალისწინებს, ნოემბრის ბოლოს მიიღწევა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
აშშ-ის კონგრესი: გასულ წელს რუსეთმა თითქმის 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მოიპარა
რუსეთმა გასულ წელს თითქმის 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის კონგრესის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. მოხსენებაში მოყვანილია მონაცემები ამერიკული დაზვერვის ანგარიშიდან, რომელიც თანამგზავრის სურათებსა და ღია წყაროების ინფორმაციას ეყრდნობა. სატვირთო გემები, რომლებიც 2022 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის გადასაზიდად გამოიყენებოდა, თურქეთის სანაპიროს გასწვრივ მიემგზავრებოდნენ, რათა ტვირთები მიეწოდებინათ სირიაში, ისრაელში, ირანში, საქართველოსა და ლიბანის პორტებში, ნათქვამია მოხსენებაში. „ჩვენ ვერ დავადასტურებთ, იცოდნენ თუ არა რუსული ტვირთის მყიდველებმა მარცვლეულის უკრაინული წარმომავლობის შესახებ,“ - ნათქვამია ანგარიშში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური საკვების მიწოდებაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. ამასთან, გაზარდა ფასები და სასურსათო დაუცველობის რისკი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ღარიბ ქვეყნებში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები 2023 წლის დასაწყისიდან შემცირდა. თუმცა სავარაუდოა, რომ სურსათის მსოფლიო ფასებზე შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ შეჩერება გავლენას მოახდენს. ცნობისთვის, უფრო ადრე უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსების მიერ უკრაინული მარცვლეულის ქურდობის ფაქტები არაერთხელ გამოავლინა.
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შტაინამერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პრიგოჟინის სახელით ვიდეო გავრცელდა
„ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებულმა ტელეგრამ არხმა, GREY ZONE ევგენი პრიგოჟინის აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეო გაავრცელა. „მათთვის, ვინც განიხილავს ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ მიდის ჩემი საქმე – ახლა კვირის ბოლოა, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი, ვიმყოფები აფრიკაში. ამიტომ ჩემი ლიკვიდაციის, შემოსავლების განხილვის მოყვარულებს მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა," – ამბობს პრიგოჟინი ჩანაწერში. პრიგოჟინი 22 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოში ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ეს ვიდეოც სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდშია ჩაწერილი. დღესვე The Wall Street Journal-ი პენსიაზე გასული რუსი მფრინავების, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მებრძოლების, ასევე აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, სირიაში, ლიბიაში ან საჰარაში მოგზაურობის დროს იყენებდა თვითმფრინავებს, რომლებიც აღჭურვილი იყო შენიღბვისა და თვალთვალისგან თავის არიდების საშუალებებით. თანამოსაუბრეებმა გამოცემასთან აღნიშნეს, რომ რამდენიმე წლის წინ პრიგოჟინმა და მისმა თანამოაზრეებმა ფრენების შენიღბვის ზომები მოიფიქრეს. კერძოდ, მოსკოვის მახლობლად, ჩკალოვსკის აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავები რთავდნენ ტრანსპონდერებს და რადარებიდან უჩინარდებოდნენ. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს ყალბი პასპორტები ჰქონდათ, ფრენისთვის რეგისტრირებული მგზავრების სიები კი, აფრენამდე იცვლებოდა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრენის შუა პერიოდში შეიძლებოდა, მოულოდნელად შეცვლილიყო დანიშნულების ადგილი. გამოცემის თანამოსაუბრეებმა განმარტეს, რომ ივნისის ბოლოს, ამბოხის მცდელობის შემდეგ, რუსეთში ფრენისას პრიგოჟინმა სამხედრო აეროდრომების გამოყენება შეწყვიტა. მან ასევე შეწყვიტა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავების გამოყენება. „აგვისტოში აფრიკის მიმართულებით მიმავალ ერთ-ერთ რეისზე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა საკუთარი თავი მგზავრების სიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიყვანა,“ - წერს გამოცემა.
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს. კობახიძის თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. „ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი და გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან, ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა.“ „რაც შეეხება რეაგირებას, ერთი, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა, თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. საზოგადოება მეტ-ნაკლებად, ალბათ, გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი ეროვნულ კრებას ხვალ გადადაგომის თაობაზე წინადადებით მიმართავს, ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო კვირებში საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ძალებთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთკავშირის შემდეგ, ორი დღის წინ მიიღო, საბოლოოა. მთიანი ყარაბაღის ბლოკადის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების შემდეგ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ივლისში „უკიდურეს ზომას“ მიმართა და სტეფანაკერტში მჯდომარე აქციას შეუერთდა. 17 ივლისს არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „ექსტრემალური ნაბიჯის“ გადადგმა გადაწყვიტა, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ყარაბაღის ჰუმანიტარულ კრიზისს. 2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამჟამად ყარაბაღის მოსახლეობა ელექტროენერგიის, საწვავის, სურსათის, მედიკამენტების მწვავე დეფიციტის პირობებში ცხოვრობს. ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 15 აგვისტოს დაფიქსირდა შიმშილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
ჩინეთის ახალი რუკა ინდოეთის შემდეგ, ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა გააკრიტიკეს
ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული ახალი „სტარდარტული რუკა“ უარყვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ორშაბათს ჩინეთმა გამოაქვეყნა თავისი რუკა, რომელიც მოიცავს სამხრეთ ჩინეთის ზღვის დაახლოებით 90%-ს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სადავო წყლებს, სადაც ყოველწლიურად, 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ივაჭრება. ჩინეთმა რუსეთთან და ინდოეთთან „სადავო ტერიტორიები“ ახალ რუკაზე თავისად აღიარა ფილიპინებმა ხუთშაბათს მოუწოდა ჩინეთს,, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები დაიცვას. თავის მხრივ, მალაიზიამ განაცხადა, რომ დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა ჩინეთს. მალაიზიის საგარეო უწყებამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხს რთული და სენსიტიური უწოდა. Reuters-ი წერს, რომ პეკინის მიერ წარმოდგენილი რუკა განსხვავდება იმისგან, რაც 2009 წელს გაეროს წარუდგინა. ახალ რუკას უფრო ფართო გეოგრაფიული არეალი აქვს. უახლესი რუკის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ტაივანი „აბსოლუტურად არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი." შეგახსენებთ, რუკასთან დაკავშირებით პროტესტი ასევე გამოხატა ინდოეთმაც. ეს ქვეყანა მომდევნო კვირას დიდი ოცეულის სამიტს უმასპინძლებს და როგორც მედია წერს, სამიტს არ დაესწრება ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. „ჩინეთის პოზიცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის მკაფიო იყო. ჩინეთის კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად ახლებენ და ყოველწლიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ტიპის სტანდარტულ რუკას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები ამას ობიექტურად და რაციონალურად შეხედავენ,“ - განაცხადა თავის მხრივ ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს პეკინის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს. ჩინეთის ახალ რუკაში პეკინი პრეტენზიას „რუსეთის ტერიტორიაზეც“ აცხადებს.
კიევი უკრაინული შორი რადიუსის იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ იუწყება
სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ უკრაინული წარმოების შორი დისტანციის იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მან სამიზნეს 700 კილომეტრიდან დაარტყა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენეტმა განაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ მას კონფერენციაზე აცნობეს. „მოვისმინე მთავარსარდლის მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების შესახებ. ჩვენი წინსვლა არ ჩერდება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. კიევმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს მოსკოვში ხვდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და მის თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შორის პირისპირ შეხვედრა მოსკოვში დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, მოგვიანებით მინისტრები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრების შემდეგ ლავროვი და ფიდანი პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ. ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს უახლოეს მომავალში ელიან ასევე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომლის გამართვის თარიღის შესახებ მედიაში განასხვავებული ცნობები ვრცელდება. 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
ვარჰეი: ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია. ოლივერ ვარჰეის ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ ჰკითეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „თუკი ეს არის საბჭოს გზავნილი, რომ საბჭოს სურს, გადადგას საბოლოოდ დიდი ნაბიჯი გაფართოებისკენ, ეს მისასალმებელი ამბავია. რა თქმა უნდა, ევროკომისია ყოველთვის მზადაა, წარადგინოს ინიციატივა, რომელიც ჩვენ იქამდე მიგვიყვანს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ვადების საკითხი, ვფიქრობ, ეს უფრო ნებისა და, რა თქმა უნდა, დაპირების შესრულების საკითხია – ევროკავშირის მხრიდან, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის მხრიდან. ევროკომისია მზად არის, წარადგინოს ინიციატივა ამ მიზნის მისაღწევად და ამას თქვენ უკვე ოქტომბერში ნახავთ, როდესაც ჩვენ გვსურს, წარვადგინოთ არსებითი წინადადებები, მათ შორის, ზრდის გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა უკვე განმარტა ბრატისლავაში, რომ ჩვენ დავაჩქარებთ არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციასაც, ევროკავშირში ხალხისა და ეკონომიკების რეალურ ინტეგრაციას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. რომელი ქვეყნები არიან ყველაზე მეტად დაახლოებული ევროკავშირთან და რომელი ქვეყნები გაწევრიანდებიან ევროკავშირში პირველი, ამ შეკითხვის საპასუხოდ, ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ყველაზე ახლოს ისინი არიან, რომლებიც პირველები შეასრულებენ პირობებს. „ამდენად, მოვუწოდებ ყველა მათგანს, დააჩქარონ თავიანთი სამუშაო. ვფიქრობ, ახლა ყველა მათგანს აქვს ყველაფერი და მათ ყველაფერი ექნებათ მაგიდაზე ოქტომბერში. ვიმედოვნებ, ამ ევროპული შეთავაზებით დაინტერესებული იქნება არამხოლოდ ერთი, არამედ ყველა მათგანი,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
სამეფო საზღვაო ძალები დიდი ბრიტანეთის მახლობლად მდებარე წყლებში რუსული გემების გადაადგილებას აკვირდება
სამეფო საზღვაო ძალების ხომალდები და სამეფო საჰაერო ძალების (RAF) საპატრულო თვითმფრინავები დიდი ბრიტანეთის მახლობლად მდებარე წყლებში, რუსულ გემების გადაადგილებას კოორდინირებული მონიტორინგის ოპერაციის ფარგლებში აკვირდებიან. ბრიტანულმა მხარემ რუსული გემების მოძრაობა ინგლისის არხში, ჩრდილოეთ ზღვასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში შენიშნა. „ბრიტანული წყალქვეშა Hunter-ის კლასის ფრეგატი და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი შესანიშნავი დუეტია დაკვირვებისა და მონიტორინგისთვის. ეს იძლევა მუდმივი მეთვალყურეობის საშუალებას ზღვიდან და ჰაერიდან, ძლიერი სისტემების კომბინაციის საფუძველზე," - აცხადებს სამეფო საზღვაო ძალები. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოს დილით, შავ ზღვაში, რუსულმა გემმა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი გაუხსნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელიც იზმაილის პორტისკენ მიემართებოდა.
ზელენსკი აცხადებს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ 2024 წელს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ომის პირობებში ჩატარდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ომის პირობებში გაიმართება. „2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, ვერ მივატოვებ სახელმწიფოს, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ." ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეარხ, RTP-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის 31 მარტს უნდა გაიმართოს. „თუ ეს არჩევნებია, მაშინ უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე, რათა სამხედროებმა ხმის მიცემა შეძლონ. ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან. მინდა, რომ პროცესი იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ეს მოხდა არჩევნებზე, როცა პრეზიდენტი გავხდი,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ივლისის ბოლოს, BBC-ის კითხვას, ჩატარდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წელს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ კანონის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან დროს, როდესაც არ არის საომარი მოქმედებები. ზელენსკიმ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება ომის დროს შესაძლებელია, თუ უკრაინას დასავლეთი დაეხმარება.
ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მოლაპარალებების მიზანი, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაა. „ჩვენ განვიხილავთ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისა და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის შექმნის საკითხებს. გარდა ამისა, დღის წესრიგში იქნება სიტუაცია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში. მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს (სერგეი ლავროვს) სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა. ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად ჩავიდა.
მედია: ისრაელი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
ისრაელი და აშშ უახლოეს თვეებში მასშტაბური სამხედრო წვრთნებს გამართვენ. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. ისრაელი და აშშ უახლოეს თვეებში ერთობლივი სამხედრო წვრთნებს გამართავენ მისივე ცნობით. ერთ-ერთი წვრთნების სცენარი ითვალისწინებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის იმიტაციას. ასევე, ისრაელისა და აშშ-ის სამხედროები შეიმუშავებენ საომარი მოქმედებების ჩატარებას ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე. ამასთან, მოსალოდნელია, რომ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად, აშშ ისრაელში განათავსებს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას და სხვა ტიპის იარაღს.
ზელენსკი: დაახლოებით, 160 F-16 გვჭირდება ცის დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძლიერი საჰაერო ფლოტი რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას არ მისცემდა, ამისთვის კი, უკრაინას 160 F-16-ის ტიპის თვითმფრინავი სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდებიან, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება. „დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. სულ დაახლოებით, 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რომ ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას არ მისცემდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ პორტუგალიურ არხთან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა. ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად. ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი აცხადებს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.
უკრაინა დონეცკის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტს იძიებს
გამოძიების სახელმწიფო ბიურომ დონეცკის ოლქში ორი MI-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევისას ექვსი სამხედრო დაიღუპა. უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვერტმფრენების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას და ფრენისთვის მომზადების წესებს. ასევე შეისწავლიან რუსეთის მიერ დივერსიის მოწყობის შესაძლებლობას. გამოძიების თანახმად, 29 აგვისტოს დონეცკის ოლქის, კრამატორსკის რაიონში სამხედრო ვერტმფრენები მი-8 ჩამოვარდა. თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა. დაიღუპა ექვსი სამხედრო მოსამსახურე - თვითმფრინავის ეკიპაჟი. სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამოძიების სახელმწიფო ბიურო. დანაშაულის წინასწარი კლასიფიკაცია: ფრენის წესების დარღვევა ან მათთვის მომზადება (სსკ-ის 416-ე მუხლი). სამშაბათს, 29 აგვისტოს, დონეცკის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენი გაურკვეველ ვითარებაში ჩამოვარდა. კიევის დასავლეთით ორი უკრაინული სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, სამი პილოტი დაიღუპა ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავების შეჯახებაზე: ყველა გარემოება გაირკვევა
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება. პრეზიდენტი ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა პირველ სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება. მანამდე, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შტაინამერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
აშშ ტაივანს სუვერენული ქვეყნებისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარებას პირველად გადასცემს - CNN
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტაივანისთვის სამხედრო დახმარება პირველად დაამტკიცა იმ პროგრამის მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ, სუვერენული ქვეყნებისთვის გამოიყენება. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. პაკეტი სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ნაწილია და მისი ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პირველი ტრანსფერი დაადასტურა. გასულ წელს მიღებული აქტის თანახმად, აშშ-ის მთავრობას უფლება აქვს, რომ კუნძულისთვის 2023 წლიდან 2027 წლამდე, ყოველწლიურად, 2 მილიარდი აშშ დოლარი სამხედრო გრანტის სახით დახარჯოს. ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
იარაღის ბრიტანულმა მწარმოებელმა, BAE Systems-მა უკრაინაში ოფისი გახსნა
გაერთიანებულ სამეფოს იარაღის უდიდესმა მწარმოებელმა BAE Systems-მა უკრაინაში ოფისი გახსნა, რათა შიდა მწარმოებლებთან პარტნიორობით, იარაღის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინაში დასამზადებელ იარაღებს შორისაა L119, რომელიც NATO-ს სტანდარტების 155 მმ-იან საბრძოლო მასალებს იყენებს. უკრაინულმა ძალებმა უკვე აითვისეს ლონდონის მიერ გასულ წელს გაგზავნილი L119-ის ტიპის ჰაუბიცები. უკრაინა NATO-ს სტანდარტების საარტილერიო ჭურვების წარმოებას გააფართოებს 30 აგვისტოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი BAE Systems-ის ხელმძღვანელს ჩარლზ ვუდბერნს და კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა კომპანიას ოფისის გახსნისთვის. „საუკეთესო იარაღი, რომელიც ამჟამად ჩვენს ჯარისკაცებს ეხმარება უკრაინის დაცვაში, უნდა იყოს წარმოებული უკრაინაში. საკუთარი იარაღის წარმოების განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია," - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი: მაქსიმალურად ვზრდით იარაღის წარმოების მოცულობას შეხვედრაზე სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და BAE Systems-მა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს კომპანიის გადაწყვეტილებას, განავითაროს იარაღის წარმოება უკრაინაში. ლონდონში დაფუძნებული BAE Systems უმსხვილესი თავდაცვითი კონტრაქტორია ევროპაში. კომპანია მომხმარებელს იარაღების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორის M2/M3 Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანებს, Typhoon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, Archer-ის ტიპის საარტილერიო სისტემებს, Challenger 2-ის ტიპის ტანკებს, M777-ის ტიპის ჰაუბიცებსა და სხვა იარაღს. „ძლიერი მოთამაშეები" შემოვლენ უკრაინის იარაღის ბაზარზე,“ - ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 28 აგვისტოს გააკეთა.
სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ყოფილ მღვდელს რუსეთის არმიაზე „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ყოფილ მღვდელს, იოან კურმოიაროვს რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ამბების გავრცელების საქმეზე კოლონიაში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მღვდლისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. კურმოიაროვმა წელიწადზე მეტი პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც Youtube-ზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც მღვდელი უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებებს განიხილავდა. „მშვიდობისმყოფელები სამოთხეში იქნებიან, იცით? და ის, ვინც აგრესია გააჩაღა, ის სამოთხეში ვერ მოხვდებიან, რაც არ უნდა იღონოთ,“ - ამბობდა მღვდელი ვლადიმერ პუტინის მისამართით. „ჩვენ, როგორც მოწამეები, სამოთხეში წავალთ და ისინი კი უბრალოდ ჩაძაღლდებიან," - ისმოდა ამავე ვიდეოში. სასამართლოში 55 წლის კურმოიაროვმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მან პუბლიკაციები "როსკომნადზორის" თხოვნით წაშალა. თავისი განცხადებები კი იმით ახსნა, რომ ტრავმირებული იყო იმ იდეით, რომ მართლმადიდებლები „უკრაინის ომის ორივე მხარეზე იღებენ მონაწილეობას და იტანჯებიან." 2017 წელს მან 9 მაისს წმინდა გიორგის ლენტით მისალოცი სურათი გამოაქვეყნა, ერთი კვირის შემდეგ კი, 16 მაისს, უკრაინაში საჯარო სივრცეში წმინდა გიორგის ლენტის ჩვენება აიკრძალა. კურმოიაროვის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, თუმცა სასამართლოს წინაშე წარდგენის ვადის გასვლის გამო, საქმე მოგვიანებით დაიხურა. 2018 წლის დასაწყისში კურმოიაროვი (უკრაინის ქალაქი ტულჩინი) ტულჩინის ეპარქიის მღვდელმთავრების სიიდან გარიცხეს. ამასთან, ეპარქია ამტკიცებდა, რომ წმინდა გიორგის ლენტის შესახებ ეპიზოდს მის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონდა. იმავე წელს კურმოიაროვმა უკრაინა დატოვა და ნოვოსიბირსკის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველების მასწავლებლად დასაქმდა. მან რუსეთში, კუბინკის ტაძრის სივრცეში საბჭოთა სიმბოლოების არსებობა გააკრიტიკა, რის შემდეგაც მსახურება აეკრალა.