ძებნის რეზულტატი:

ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე: გაეროს ახალმა წინადადებებმა შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გაეროს ახალმა წინადადებებმა შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუსეთში სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ივლისის შეთანხმება „უაღრესად მნიშვნელოვანია“ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისთვის. ფიდანმა ხაზი გაუსვა შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და თურქეთის მზაობა დაადასტურა, ამ მხრივ ძალისხმევაში შეიტანოს წვლილი. „გავაგრძელებთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისა და მშვიდობისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გაეროს ახალმა წინადადებებმა შეიძლება, აღადგინოს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება.“ „ვთვლით, რომ ეს სათანადო ნიადაგს უზრუნველყოფს შეთანხმების აღსადგენად,” - განაცხადა ფიდანმა. ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად, დღეს, 31 აგვისტოს ჩავიდა. ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს  

ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს

ყაზახეთი აცხადებს, რომ ნავთობის საზღვაო გზით გადასატანად ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს. ცენტრალურ აზიაში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ალტერნატივებს ეძებს რუსეთის გავლით მთავარი საექსპორტო მილსადენისთვის, წერს Bloomberg. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კასპიის ზღვის გავლით მიწოდებისთვის, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია KazMunayGas-ის ერთეულმა უკვე გადაწყვიტა, შეიძინოს ორი, შედარებით მცირე ზომის გემი, რომელთა წონა 8000 ტონაა. შავ ზღვაში ოპერირების მიზნით, ასევე იგეგმება კიდევ ორი ​​ნავთობტანკერის შეძენა. წელს ყაზახეთმა უკვე გაიტანა 300 000 ტონა ნავთობი კასპიის ზღვის გავლით და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში გადის და წელს დაახლოებით 1,5 მილიონი ტონის გაგზავნას გეგმავს. აზერბაიჯანში კასპიის ზღვის გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით, ყაზახეთმა ნავთობი პირველად 2023 წლის მარტში გადაზიდა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, დასავლეთის სანქციების ქვეშაა. ევროკავშირის მე-11 პაკეტი სწორედ მესამე ქვეყნების შესაძლო მონაწილეობით სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს გამორიცხავს. რუსეთის სანქციების თავიდან არიდების რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ევროკავშირი აკვირდება და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს.  

ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარე პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის განსაზღვრის იდეით გამოდის. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, ხსენებული გადაწყვეტილება სტიმულს მისცემს ევროკავშირს და კანდიდატ ქვეყნებს, რომ უფრო აქტიურად მოემზადონ გაწევრიანებისთვის. „უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გვერდითი ეფექტი მოჰყვა - გაფართოების პროცესის დაჩქარება - რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო გახდება წევრი, როცა ყველა პირობა შესრულდება. ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დასახვა, რათა პროცესს პოლიტიკური მომენტი მიეცეს. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ათი ახალი წევრის მიღება," - განაცხადა ბორელმა, თუმცა არ დააკონკრეტა ქვეყნები, რომლებსაც ამ ათ სახელმწიფოში მოიაზრებდა. ასეთი ფორმით ბორელი ერთგვარად მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას, რომლის თანახმადაც 2030 წელს ევროკავშირი და კანდიდატი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

რუსეთი ბრიანსკის ოლქზე დრონის შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე დაახლოებით, საღამოს 8 საათზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.  მოსკოვს სავარაუდო თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ უთქვამს.  რუსული ტელეგრამ არხები მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბრაიანსკში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ქალაქის თავზე კვამლი მოჰყვა. დილით, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ბრაიანსკის თავზე სამი თვითმფრინავი მოიგერია.  გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ამ თვეში დრონი 25-ჯერ დაესხა თავს. მისივე შეფასებით, ბევრმა უპილოტო თვითმფრინავმა სამიზნეებს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას „უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება.“ შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.  ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

ზელენსკი: უკრაინა ყველა შედეგს აღწევს თავისი მოქალაქეების ხარისხიანი განათლების წყალობით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო დაწესებულების 125 წლის იუბილე მიულოცა, ნაყოფიერი სასწავლო წელი და რაც შეიძლება მალე გამარჯვება უსურვა. „რაც არ უნდა რთული დრო იყოს, ფაქტი მაინც იგივე რჩება, რომ განათლებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ცოდნა, განათლება, ჩვენი ხალხის კომპეტენცია - კარგ დროს მათ გარეშე თითქმის შეუძლებელია მოგება და რთულ დროს მის გარეშე გამარჯვებები არ არსებობს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აგრესორთან მიმდინარე ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისთვის, რათა სამართლიანობა აღდგეს, ვიღაცის ცოდნა - ზუსტად ცოდნა - უნდა იყოს გამოყენებული. „ცოდნა უნდა იყოს გამოყენებული შედეგების მისაღწევად. კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა, რადგან ათასობით უკრაინელი აცისა და ქალის კომპეტენციამ სრულყოფილად იმუშავა. დაწყებული ჩვენი დეველოპერებიდან და შესაბამისი იარაღისა და რაკეტების მწარმოებლებიდან, დამთავრებული კონკრეტული ჯარისკაცებით, რომლებმაც ეს ოპერაცია შეასრულეს. დრონების ყოველი საბრძოლო გამოყენება ადასტურებს, რომ ყველა იმ ადამიანის განათლებამ, ვინც შექმნა ეს თვითმფრინავები, იმუშავა. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამ დრონებს მართავენ. ახლა გვაქვს საარტილერიო იარაღის წარმოების შესაძლებლობა, რაც აქამდე არასდროს გვქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინის ყოველი ასეთი შედეგი ეხება კონკრეტული უკრაინელი კაცების, კონკრეტული უკრაინელი ქალების განათლებას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  

სერბეთმა ხერსონის რეგიონს 14 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა

რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით დაზარალებული ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებს სერბეთმა 14 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის, მედიკამენტები, სასმელი წყალი, წყლის ფილტრები, საბნები და სხვა დახმარება გადასცა. გადაცემის ღონისძიება 30 აგვისტოს, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით გაიმართა. ცნობისთის, 24 აგვისტოს ბელგრადში უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღსანიშნავად, რამდენიმე საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, სოლიდარობის მარში გაიმართა.  

პირველი ბირთვული ქობინი რუსეთიდან ბელორუსში ჩაიტანეს - უკრაინის დაზვერვის უფროსი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ბელორუსს რუსეთის ფედერაციიდან პირველი ბირთვული ქობინი  გადაეცა. ბუდანოვის განმარტებით, „ეს ფსონების აწევის ინსტრუმენტია.“ მისი განცხადებით, ისკანდერის ტიპის სისტემაზე სწავლებამ, რომლებიც მცირე რაოდენობითაა განთავსებული ბელორუსში აჩვენა, რომ მინსკი სრულიად მოუმზადებელი იყო მათ გამოსაყენებლად, თუმცა, ბელორუსებმა ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს Tochka U-ს რაკეტების გამოყენებაში,“ - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვს მიაჩნია, რომ ვიდრე თავდაცვის ძალები მიიწევენ ოკუპირებული ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. კიევმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.

მედია: მოსკოვის ოლქში „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებულები სამი ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის ოლქის ბოგოროვსკის რაიონში დააკავეს „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებულები, რომლებიც გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამი ადამიანის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი. ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, სამმა „ვაგნერელმა“ გატაცებულები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მოგვიანებით, ისინი დაზარალებულთა ახლობლებს დაუკავშირდნენ და მათგან 5 მილიონი რუბლი მოითხოვეს. ახლობლებმა პოლიციას მიმართეს. ოპერატიული მოქმედებების შედეგად კი, დატყვევებული პირები გაათავისუფლეს. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გატაცებულები ნოგინსკის კერძო სახლში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბოლო დროს მედიაში რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის ომიდან დაბრუნებული Wagner PMC-ის მებრძოლების მიერ მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ. მაგალითად, „ვაგნერელი“ რომელიც ეჭვმიტანილია 10 და 12 წლის გოგოების გაუპატიურებაში, მაისის ბოლოს, ნოვოსიბირსკის ოლქში დააკავეს.  

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ „რეალს“ შეხვდება

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელის გუნდის, „ნაპოლის“ მეტოქეებს შორის არის მადრიდის „რეალი.“ ამავე ჯგუფში არიან პორტუგალიური „ბრაგა“ და გერმანული „უნიონ ბერლინი.“ 32 გუნდი წილისყრის შემდეგ ასე განლაგდა: A ჯგუფი „ბაიერნი“ (გერმანია) „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) „კოპენჰაგენი“ (დანია) „გალათასარაი“ (თურქეთი) B ჯგუფი „სევილია“ (ესპანეთი) „არსენალი“ (ინგლისი) „ეინდჰოვენი“ (ნიდერლანდები) „ლანსი“ (საფრანგეთი) C ჯგუფი „ნაპოლი“ (იტალია) „რეალი“ (ესპანეთი) „ბრაგა“ (პორტუგალია) „უნიონი“ (გერმანია) D ჯგუფი ბენფიკა (პორტუგალია) ინტერი (იტალია) ზალცბურგი (ავსტრია) სოსიედადი (ესპანეთი) E ჯგუფი ფეიენოორდი (ნიდერლანდები) ატლეტიკო (ესპანეთი) ლაციო (იტალია) სელტიკი (შოტლანდია) F ჯგუფი პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) დორტმუნდი (გერმანია) მილანი (იტალია) ნიუკასლი (ინგლისი) G ჯგუფი მანჩესტერ სიტი (ინგლისი) ლაიპციგი (გერმანია) ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) იანგ ბოიზი (შვეიცარია) H ჯგუფი ბარსელონა (ესპანეთი) პორტუ (პორტუგალია) შახტარი (უკრაინა) ანტვერპენი (ბელგია) ჯგუფური ეტაპის განრიგი I ტური – 19/20 სექტემბერი II ტური – 3/4 ოქტომბერი III ტური – 24/25 ოქტომბერი IV ტური – 7/8 ნოემბერი V ტური – 28/29 ნოემბერი VI ტური – 12/13 დეკემბერი პლეი ოფის განრიგი 1/8-ფინალი (წილისყრა 18 დეკემბერს) – 13/14 და 20/21 თებერვალი, 5/6 და 12/13 მარტი 1/4-ფინალი (წილისყრა 15 მარტს) – 9/10 და 16/17 აპრილი 1/2-ფინალი (წილისყრა 15 მარტს) – 30 აპრილი/1 მაისი და 7/8 მაისი ფინალი – პირველი ივნისი, ლონდონი, „უემბლის“ სტადიონი

M1 Abrams-ის ტიპის 10 ტანკი უკრაინაში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავა - Politico

აშშ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემას აჩქარებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წყაროების მიხედვით, 31 დაპირებული „აბრამსის“ ტიპის ტანკიდან 10 უკრაინაში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავა. იტყობინება Politico 31 აგვისტოს. მისივე ცნობით, 10 ამერიკული M1 Abrams-ის ტიპის ტანკი ახლა გერმანიაშია, სადაც საბოლოო რემონტს გადიან და ელოდება გაგზავნას უკრაინაში. „აშშ მზადაა, დააჩქაროს 31 ტანკის მიწოდება უკრაინაში შემოდგომისთვის,” - განუცხადა ამერიკელმა პოლკოვნიკმა, მარტინ ოდონელმა Politico-ს. იმავდროულად, გერმანიაში, აშშ-ის არმიის საწვრთნელ ტერიტორიებზე, დაახლოებით 200 უკრაინელი გადიოდა სწავლებას და ჯარისკაცებმა ახლახან დაასრულეს პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ჰოჰენფელსის საწვრთნელ ზონაში. პენტაგონმა „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინაში გადაზიდვა 7 აგვისტოს დაამტკიცა. Politico წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, ტანკების მიღება მიმდინარე კონტრშეტევას იმპულს შეჰმატებს უკრაინელებს, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევა დაიწყეს.  

პენტაგონმა უკრაინისთვის AMRAAM-ის ტიპის რაკეტები შეუკვეთა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კომპანია Raytheon-ს უკრაინისთვის საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის AMRAAM-ის ტიპის რაკეტები შეუკვეთა. ამერიკული კომპანია Raytheon Missiles and Defense-ი 192 მილიონი დოლარის ღირებულების AMRAAM-ის რაკეტებს სხვადასხვა წყაროდან შეისყიდის. მიწოდების თარიღები და რაკეტების რაოდენობა, რომელთა შეძენაც იგეგმება, არ საჯაროვდება. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტების შეძენა დაგეგმილია 2024 წლის 29 ნოემბრამდე. საჭირო თანხა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფონდიდან გამოიყოფა. AMRAAM რაკეტები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა ტიპის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავის მთავარი საჰაერო იარაღია. რაკეტები ასევე ემსახურება NATO-ს ქვეყნებისა და აშშ-ის სხვა მოკავშირეების მოიერიშე თვითმფრონავებს. ამ ზაფხულის დასაწყისში, პენტაგონმა გამოაცხადა მსგავსი კონტრაქტი AMRAAM რაკეტების შესყიდვაზე, რომლის ღირებულება დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარია.  

რუსეთი დრონებისა და „ამოუცნობი ობიექტის“ შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყებიან. დღეს, პირველი სექტემბრის დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვში დრონის შეღწევა აღკვეთეს. კეროდ, დრონი მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს. სობიანინი ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. მის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი" გაანადგურეს. ტრადიციულად, რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო. დრონებით შეტევის შედეგად სახლის და ადმინისტრაციული შენობის დაზიანების შესახებ რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტიც იუწყება. მისი თქმით, „რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ორი უკრაინული დრონი დაესხა თავს.“ გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმისას დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი. კურჩატოვში კურსკის ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. დღეს დილით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის რაიონში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი. გლადკოვის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ასევე გვიან ღამით „ამოუცნობი ობიექტის“ აღმოჩენის შესახებ აცხაებდა ფსკოვის ოლქის გუბერნატორი, მიხაილ ვედერნიკოვი. ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი მტკიცებით, კრესტის რაიონში ამ ობიექტის „განეიტრალებას“ ასახავდა. ქალაქ ფსკოვის კრესტის რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელზეც 30 აგვისტოს შეტევა იყო. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გასულ ღამით ამ რაიონში რამდენიმე წუთის განმავლობაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. გუშინ, 31 აგვისტოს საღამოს, რუსეთი ბრიანსკის ოლქზე დრონის შეტევის შესახებ იუწყებოდა. შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.  ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია

როლანდ პრაისი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონული დირექტორია

დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს. პრაისი თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ამასთან ერთად, სამივე ქვეყანაში განახორციელებს საკრედიტო პორტფელისა და საკონსულტაციო სერვისების მართვას, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაციას და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობას ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში. „ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხის შემდგომ მხარდაჭერას სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელის პოზიცია ეკავა. როლანდ პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია. ის ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკისა და მომპოვებელი მრეწველობის გლობალურ პრაქტიკაში ენერგეტიკის რეფორმაზე და რეგულირების საკითხებზე პრაისს ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ოპერაციულ მენეჯერს ინდონეზიაში და როგორც მსოფლიო ბანკის ოფიციალურ წარმომადგენელს რუანდაში. ინდონეზიაში ის მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს - 7.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. რუანდაში საქმიანობისას, მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და ასევე გახლდათ ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი. როლანდ პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი იყო. მან რეგიონში თავისი ოთხწლიანი მისია დაასრულა.  

გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების მიზნით კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. გუტერეშის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმების განახლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ინიციატივის შედეგად, სურსათის ბაზრების ფასები უფრო ადეკვატური გახდა და ბევრი ქვეყნის გლობალურ ბაზრებზე წვდომისთვის პირობების შეიქმნა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები შეშფოთებისთვის და ეს გადაწყვეტილებები მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქების უფრო ეფექტური წვდომის საშუალებას იძლევა,“ - ამბობს გუტერეში. გაეროს გენმდივნის თქმით, გაერომ წარადგინა წინადადება, რომელიც შეიძლება, სტაბილური განახლების საფუძველი გახდეს. „არ შეიძლება, გვქონდეს შავი ზღვის ინიციატივა, რომელიც კრიზისიდან კრიზისზე, შეჩერებიდან შეჩერებაზე გადადის. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც მუშაობს და ყველასთვის სასარგებლო იქნება,” - წერს გუტერეში. ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა.  

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ოფისში სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.  ცნობისთვის, ვიზიტებზე მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.  

დღეიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება

დღეიდან, პირველი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება, რის საფუველზეც კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იქნებიან, რომ თავიანთი ფინანსური ანგარიშები მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ახალ უწყებას წარუდგინონ. ამასთან, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგს დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა. კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი გასული წლის ბოლოს დაამტკიცა.  

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. თუმცა მისი თქმით, „იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს.“ „საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. „უპირველესად შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე ძალიან ცხადი და მკაფიოა, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. დღეს კი, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

დღეიდან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება

1-ელი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება. მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოუწევთ  „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს“, - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.  

წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. გარდა ამისა, წელს, ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი - 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თბილისში, გაზზე კომერციული ტარიფი შემცირდა

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) აბონენტებს ბუნებრივი გაზის ტარიფი 11 თეთრით შეუმცირდათ. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე, 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. „შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) მომხმარებელს. აქვე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი კვლავ 0.539708 ლარია. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი,“ – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“