ძებნის რეზულტატი:
ჩეხეთი და აშშ რუსეთში „რაიფაიზენ ბანკის“ საქმიანობას იძიებენ
ჩეხეთის ტერორიზმთან ბრძოლის ნაციონალურმა ცენტრმა რუსეთში ავსტრიული Raiffeisen Bank-ის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და მეწარმეთა ასოციაციისგან მიმართვა მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთში ბიზნესის წარმოებით, RBI უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიას აფინანსებს. „ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეს, თუმცა საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია,“ - ამბობს ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენელი. ჩეხეთის ტელევიზიის მონაცემებით, ბანკის მოგება რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის პირველ ნახევარში 9%-ით გაიზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, Raiffeisen რუსეთში ფუნქციონირებას აგრძელებს. ცნობისთვის, „რაიფაიზენ“ ბანკის უცხოური აქტივების შესწავლა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილებამ დაიწყო. უკრიაინამ კი, ავსტრიული ჯგუფი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. Forbes-ის ცნობით, ხსენებულმა ბანკმა 3 ივლისიდან თავისი კლიენტებისთვის ევროში გადარიცხვები 12 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შეაჩერა.
ესტონეთში NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგების ვადა გახანგრძლივდება
ესტონეთისა და ესპანეთის თავდაცვის მინისტრები ჰანო პევკური და მარგარიტა რობლესი ესპანეთის ქალაქ ტოლედოში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ესპანეთის მიერ მიწოდებული NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგება გაგრძელდება. მედიის ცნობით, რობლესი ესტონეთში ესპანურ დანაყოფებს მომავალ კვირას ეწვევა. ესპანეთმა NASAMS-ი ესტონეთში აპრილში NATO-ს აღმოსავლეთ ფრთის გაძლიერების ფარგლებში განათავსა. ვილნიუსის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, საჰაერო თავდაცვის ახალი როტაციული მოდელი შეექმნათ. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს. NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. სიას უკრაინაც დაემატა.
კახა კალაძე: არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ძლიერი წვიმის გამო, ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის გამზირთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი. „ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები.“ კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა. კალაძის თქმით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა „ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ ვერ აუდის. გარკვეული პრობლემებია გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე, იყო პრობლემები გლდანის რაიონში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დატბორილი იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომელიც გამოვიყვანეთ. რამდენიმე ქუჩაზე ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მან მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2722222. ძლიერი წვიმა თბილისში: მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკაონ ქუჩებში გადაადგილებისგან თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული.“ „აქ, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივ ატარებდა. იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ არ მახსოვს ასეთი რამ ბოლო წლებში," - აღნიშნავს კალაძე.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. შეგახსენებთ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პრევენციის მიზნით, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პრევენციის მიზნით, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ირაკლი ბენდელიანმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ბენდელიანის თქმით, თამარაშვილზე ქვათაცვენა დაფიქსირდა და კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი ჯგუფები გადაჰყავს ადგილზე. „ნალექის შედეგად, რამდენიმე უბანში ქვიშა-ხრეში გზაზე ჩამოტანილია, მას შემდეგ, რაც წვიმა გადაიღებს "თბილსერვისი" მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს, რომ დასუფთავდეს. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ხეები მოტყდა. „ეკოსერვისის" სამსახური ჩართულია ახლაც, ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას. ახალ გზაზე, მოსახლეობამ იცის, რომ ბადეებს, ჯებირებს ვაკეთებთ ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ. უშუალოდ გზის შემზღუდავი ჯებირები იყო წაქცეული, რომელიც მაშინვე გასწორდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პრევენციის მიზნით მოხდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დროებით შეზღუდვა. თამარაშვილზე ერთი ლოკაციაა, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა, კონტრაქტორს უკვე გადმოჰყავს ტექნიკა და მთელი ღამე გაგრძელდება სამუშაოები. მთელი ქალაქის მასშტაბით გვექნება მობილიზება, რომ დილით გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს,“ - განაცხადა ბენდელიანმა. კახა კალაძე: არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში - გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით
Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76
რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორი აეროპორტზე (უკრაინიდან 700 კილომეტრში) დრონების თავდასხმის შესახებ იუწყება. მიხაილ ვედერნიკოვის თქმით, რუსი სამხედროები უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას იგერიებენ. „ინციდენტის დაწყებიდან მე პირადად ვარ ადგილზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. „სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტს თავს 10-20 დრონი დაესხა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია,“ წერს Meduza. წინასწარი მონაცემებით, აეროპორტზე თავდასხმის დროს ოთხი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 დაზიანდა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. 334-ე სამხედრო სატრანსპორტო პოლკი ფსკოვის აეროპორტშია განლაგებული. გარდა ამისა, ტელეგრამ არხ Shot-ის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საწვავის ავზსაც. ფსკოვისა და მიმდებარე რეგიონების ცა მთლიანად დაკეტილია - წერს ტელეგრამ არხი Mash-ი. ოთხშაბათს ღამით ფსკოვის აეროპორტში სამოქალაქო რეისები არ განხორციელებულა. „თავდასხმის სამიზნე შესაძლოა, აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობის საცავი იყოს,“ - ციტირებს Meduza ფსკოვის მხარეს. ამავე მედიასაშუალების ცნობით, სხვა ვერსიით კი, სამიზნე შესალოა, იყოს ჩერეხინსკის სამხედრო ბაზა, სადაც განლაგებულია 104-ე სადესანტო თავდასხმის პოლკი, რომელიც 2022 წელს უკრაინის ბუჩის ოკუპაციაში მონაწილეობდა.“
ჩინეთმა რუსეთთან და ინდოეთთან „სადავო ტერიტორიები“ ახალ რუკაზე თავისად აღიარა
ინდოეთმა ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია. აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს. „დღეს დიპლომატიური არხებით ძლიერი პროტესტი დავაფიქსირეთ ჩინურ მხარესთან მის ე.წ. 2023 წლის „სტანდარტულ რუკასთან დაკავშირებით“, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ინდოეთის ტერიტორიაზე. ჩვენ უარვყოფთ ამ უსაფძვლო პრეტენზიებს, ჩინური მხარის ასეთი ნაბიჯები მხოლოდ ართულებს საზღვრების საკითხის გადაწყვეტას," - აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მანამდე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა „ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები“ უარყო.„აბსურდული პრეტენზიების წამოყენება ინდოეთის ტერიტორიაზე, მას ჩინეთის ტერიტორიად არ აქცევს.“ - განუცხადა ჯაიშანკარმა საინფორმაციო არხ NDTV-ს. ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გასულ კვირას, იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან და ხაზი გაუსვა შეშფოთებას სადავო ჰიმალაის საზღვარზე დაპირისპირების შესახებ. ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინდოეთისგან განსხვავებით „ჩინეთის პრეტენზიებს“ ჯერ არ გამოხმაურებია მოსკოვი, რომელიც ასევე „პეკინის „სამიზნე“ გახდა. კეროდ, როგორც რუსული მედისაშუალება RBC წერს, ზემოთ აღნიშული რუკის მიხედვით, მდინარე ამურზე მდებარე დიდი უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. განმარტებით შენიშვნაში პეკინი უთითებს, რომ „რუკა ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად“ არის შედგენილი. 2008 წელს მოსკოვსა და პეკინის მიერ გაფორმებული შეთანხმებით, კუნძული ორ ქვეყანას შორის გაიყო, რაც ექსპერტებმა შეაფასეს როგორც ნიშანი იმისა, რომ მოსკოვს ჩინეთთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის იმედი ჰქონდა. დიდი უსურის კუნძულს დაახლოებით 340 კვადრატული კილომეტრი უკავია. მდებარეობს ხაბაროვსკთან ახლოს, ამურის დაბლობზე, მდინარე უსურის შესართავთან. კუნძულის კუთვნილების შესახებ დავა რუსეთსა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში დაიწყო, 1920-1930-იან წლებში კუნძულზე საბჭოთა ჯარებმა დაამყარეს კონტროლი. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კუნძული რუსეთის იურისდიქციის ქვეშ დარჩა. ჩინეთი კუნძულის სტატუსზე 1964 წლიდან დაობდა, მაგრამ 2008 წლის შეთანხმების შემდეგ, რუსეთსა და ჩინეთს შორის, კუნძულის მფლობელობის შესახებ არავითარი ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
კიევზე რუსეთის ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსული ძალების მიერ დღეს დილით კიევზე დრინებითა და რაკეტებით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო იუწყება. პოპკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა „კიევს გაზაფხულის შემდეგ ასეთი ძლიერი თავდასხმა არ განუცდია. მტერმა განახორციელა მასიური, კომბინირებული შეტევა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით," - აცხადებს პოპკო. მისივე თქმით, რუსებმა თავდპირველად უპილოტო საფრენი აპარატები (წინასწარი მონაცემებით, Shahed-ის დრონები) გამოიყენეს, შემდეგ კი Ту-95мс ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან რაკეტები გაუშვეს. „საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით მტრის 20-ზე მეტი სამიზნე განადგურდა," - აცხადებს სერგეი პოპკო. თავის მხრივ, დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებული სამიზნეების ნამსხვრევები უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე შენობას მოხვდა.
რუსეთი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთმა მოსკოვისა და ტულის ოლქების თავზე საჰაერო სივრცე დრონების თავდასხმის შესახებ ცნობების შემდეგ დახურა. კერძოდ, TASS-ის ცნობით, ბრაიანსკის და ორიოლის ოლქებზე უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობა იყო. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონი დედაქალაქის დასავლეთით, რუზის რაიონში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბრიანკის, ორიოლის, კალუგისა და რიაზანის ოლქებში. იმავე ღამეს განაცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ სამხედრო აეროდრომს ფსკოვის ოლქში და გაანადგურეს ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76. სავარაუდო თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა დახურა საჰაერო სივრცე მოსკოვისა და ტულის ოლქების თავზე. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი 30 აგვისტოს ღამით დაიხურა, ხოლო დომოდედოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებში ფრენები გადაიდო. მოგვიანებით TASS-მა დაწერა, რომ ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა. პარალელურად, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ამტკიცებდა, რომ შავი ზღვის ფლოტის ძალებმა უპილოტო აპარატების თავდასხმები მოიგერიეს. რუსეთმა თავდასხმის მცდელობაში ისევ უკრაინა დაადანაშაულა. შეგახსენებთ, 29 აგვისტოს რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში აეროპორტების დახურვისა და თვითმფრინავების თავდასხმების შესახებ ცნობები გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ეწვია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ჩინეთს ეწვია. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ჯეიმს კლევერლი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჩჟენს შეხვდა. BBC-ის ცნობით, კლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირისპირ მოსაზრებების გაცვლა ქვეყნებს გაუგებრობის თავიდან აცილებაში დაეხმარება. „ორმხრივ ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები და უთანხმოება და მათი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კლევერლიმ. თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთსა და დიდი ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე განვითარდება. ვიზიტის დროს კლევერლი ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან ითან. BBC-ის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია ასევე უკრაინის ომი და კიბერუსაფრთხოება. აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია
ივნის-აგვისტოს პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინეს
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. შესაბამი ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნის-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე: წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას
თბილისის მერის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, „წუხელ 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას.“ „გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქს. ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებული გვყავდა. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა. ამჯერადაც რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. თან წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე: არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით მან აღნიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. „პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ საჭირო ღონისძიებების გატარებას. ეს მიმდინარეობდა მთელი ღამე. დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა - მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზები და გადაადგილება უპრობლემოდ ხდება. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც შეტბორილი იყო თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს, სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გვაქვს. სწორედ ამიტომ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოს ვაწარმოებთ, პირველ რიგში, მსგავს კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი,“ - განაცხადა თბილისის მერმა. გუშინ, 29 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
ევროკომისიის სპიკერის მოადგილე: გაფართოების თარიღზე ორიენტირებულნი არ ვართ
ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმის იდეასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. დანა სპინანტმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მისთვის უცნობია მიშელის გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით შესაძლო რაიმე წინასწარ კონსულტაციებზე. „თარიღზე ორიენტირებულნი არ ვართ, არამედ, ფოკუსირებულნი ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად. ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ რეფორმების მხარდაჭერზე; ინვესტიციებზე, რაც მათ ეკონომიკის ტრანსპფორმაციაში დაეხმარება, რომ დაუახლოვდნენ რეგულატორის მოთხოვნებს, ვიდრე ევროკავშირს შეუერთდებიან,“ - განაცხადა დანა სპინანტმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე. მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა ევროკომისია იმედოვნებს, რომ კანდიდატი ქვეყნები მოტივირებულნი იქნებიან, რომ რეფორმები განახორციელონ.
ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. „საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
თეთრი სახლი: კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილე შესაძლოა, კრემლი იყოს პასუხისმგებელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ „სრულიად ნათელია, რაც მოხდა." „მინდა, შეგახსენოთ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალიან ცოტა რამ ხდება ისე, რომ ამის უკან პუტინი არ იდგეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. და, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციის შიგნით არაეფექტური მუშაობის გამო მოხდა,“ - აღნიშნა ჟან-პიერმა. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა.
რუსეთი აცხადებს, რომ დრონმა ბრიანსკში საგამოძიებო კომიტეტის შენობა დააზიანა
ბრაიანსკის ოლქსში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შენობა დრონმა დააზინაა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქ ბრაიანსკის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. „დღეს ბრაიანსკის თავზე 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანის განადგურების შედეგად ბრიანსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტის შენობაში მინები ჩაიმსხვრა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“ - ამტკიცებენ ადმინისტრაციაში. რუსეთი გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით
თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას მისი ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე ტოვებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, მას მადლობა გადავუხადო 9-წლიანი გაწეული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისთვის და ასეულობით შედეგიანი საქმისთვის. მადლობას ვუხდი მას იმ წლებისთვის, რაც ერთად ვიმუშავეთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ. უცნობია, სად განაგრძობს საქმიანობას ლაშა სამხარაძე ან რა გახდა მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.
ფინეთმა ბომბის 50,500 თავშესაფარი აღრიცხა
ფინეთმა დამბობვისგან დასაცავი თავშესაფრები აღრიცხა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავშესაფრების აღრიცხვის პროცესს ბიძგი მისცა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მისცა. შსს-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 50,500 თავშესაფარი არსებობს, სადაც შეიძლება, საგანგებო მდგომარეობის ან თავდასხმის შემთხვევაში, 4,8 მილიონი მცხოვრები განთავსდეს. როგორც Reuters-ი წერს, მშვიდობიან პერიოდში, ზოგიერთ მიწისქვეშა თავშესაფარში განთავსებულია საცურაო აუზები, სპორტული ცენტრები ან - როგორც ქვეყნის ჩრდილოეთით - სანტა კლაუსის თემატური პარკი. „ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფრების მცირე რაოდენობაში არის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მათ გამოყენებას კანონით მოთხოვნილი 72 საათის განმავლობაში,“ - აღნიშნავენ შსს-ს წარმომადგენლები. თავშესაფრებს თითოეული შენობის მეპატრონე უვლის. ფინეთმა საცხოვრებელი კორპუსების და ოფისების ქვეშ საგანგებო თავშესაფრების აგება სავალდებულო 1950-იანი წლებიდან გახადა, რითაც აიხსნება თავშესაფრების ასეთი დიდი რაოდენობა. ფინეთი NATO-ს წევრი აპრილში გახდა. 5,5 მილიონიან ფინეთს ფართობის მხრივ, ევროპაში მერვე ადგილი უკავია.
ჯონათან ჯანოგლი საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებსა და დიდ ბრიტანეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მხარს უჭერს
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლიმ საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისადმი მხარდაჭერა გამოხატა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას,“- აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი X-ზე (ადრინდელი Twitter-ი) განთავსებულ პოსტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები კი ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს. მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. მთავრობის მეთაურმა ჯონათან ჯანოგლის ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებისა და განმტკიცების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტიიდან გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრები- ჯეფრი კლიფტონ ბრაუნი,შაილეშ ვარა, ჰეზერ უილერი, ჰერიეტ ბოლდუინი, ლორდთა პალატის წევრები - გოდფრი კრომველი, პეტა ბუსკომბე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში - სოფიო ქაცარავა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს - DW
გერმანიის მთავრობა აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს, რაც გერმანიის შს მინსიტრის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას DW ავრცელებს. გერმანიის მთავრობა ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებას უკვე 30 აგვისტოს აპირებს. ფეზერმა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში ხელშეკრულებებზე დაგეგმილი ხელმოწერის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმებები გერმანიაში ჩასვლის მსურველებს მისცემს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საქართველოსა და მოლდოვაში იმ მოქალაქეების სწრაფად დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დოკუმენტის სწრაფი მიღების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ წლის პირველ ნახევარში მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის დამტკიცებული განაცხადების წილი მხოლოდ 0,1 პროცენტი იყო. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს და მოლდოვიას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ემუქრება. ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.